პარტიზანული ხელოვნება ოლიმპიადაზე: ჩინელი დისიდენტი პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს აპროტესტებს

ბადიოსაო თავისი ნამუშევრის გვერდით. 2018 წელი. მისი გამოფენა იტალიის ქალაქ ბრეშიაში 2021 წლის ნოემბერში კინაღამ ჩაიშალა ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნებისა და მუქარის გამო. „ჩემთვის ეს ცენზურა ღირსების მედალია“, - თქვა მან.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას თან უამრავი კრიტიკა ახლავს - ბევრის აზრით, ჩინეთის მიერ თამაშების მასპინძლობა პრობლემაა, ამ ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ჩინეთის მასპინძლობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ცნობილი ჩინელი ხელოვანი და დისიდენტი, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს და რომლის ვინაობაც ცნობილია მხოლოდ ფსევდონიმით - ბადიოსაო. ის ცდილობს ოლიმპიური სპორტის სახეობების გამოსახულებები იმგვარად გადააკეთოს, რომ ხაზი გაუსვას ჩინეთის მთავრობის ქმედებებს.

ეს გამოსახულებები ერთი შეხედვით წააგავს პეკინის ოლიმპიადის სარეკლამო ბილბორდებს, თუმცა, ვინც დააკვირდება, დაინახავს, რომ ჩინელი ჰოკეისტი ტიბეტელ ბერს ასისხლიანებს; სნოუბორდისტი სათვალთვალო კამერაზე დგას; ბიატლონელი უიღურს ესვრის; კერლინგის დისკო კი სინამდვილეში კორონავირუსია.

35 წლის ბადიოსაო ხელოვნების ამ პარტიზანულ კამპანიას პეკინთან დაპირისპირებისთვის იყენებს. ჩინეთი ცდილობს, გლობალური სპორტული ღონისძიება დასავლეთის კრიტიკის საპირწონედ გამოიყენოს და ამტკიცოს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ინკლუზიურ პოლიტიკურ მოდელს აშენებს.

„ჩემი, როგორც ხელოვანის ამოცანაა, რამე ვიღონო, რომ ჩინეთის მიმართ გამოჩენილი ეს ყურადღება მივმართო იმისკენ, რაც უნდა გაიგონოს მსოფლიომ და რის დაფარვაც სურს მთავრობას“, - უთხრა ბადიოსაომ რადიო თავისუფლებას. „ცხადია, ეს ის არ არის, რის თქმაც ჩინეთის მთავრობას სურს მსოფლიოსთვის. მათ ურჩევნიათ გაავრცელონ იდეა, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველა ბედნიერია“.

ბადიოსაო ათ წელზე მეტია, რაც ჩინეთის მთავრობასა და ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს აკრიტიკებს. ის დასცინის ჩინეთის ცენზურას შინ და მსოფლიოში, ხაზს უსვამს დასავლეთის დუმილს და ნათელს ჰფენს პეკინის მიერ ჰონკონგის აქტივისტებზე თავდასხმას.

ბოლო დროს კი ის ძირითადად მილიონი უიღურის, ეთნიკური ყაზახისა და ქვეყნის სხვა მუსლიმი უმცირესობების მიმართ მოპყრობას აშუქებს. ჩინეთს საერთაშორისო უფლებადამცველები და რამდენიმე დასავლური მთავრობა ბრალს სდებს, რომ უიღურების მიმართ გენოციდს ახორციელებს - საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებს და მათ კულტურულ და რელიგიურ იდენტობას ანადგურებს.

ჩინელი სპორტსმენები ოლიმპიური ცეცხლით ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. „ეს არის პროპაგანდა. ამის აღწერის სხვა გზა არ არსებობს“, - ამბობს ბადიოსაო

პეკინი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ბანაკები რელიგიურ ექსტრემიზმთან გასამკლავებლადაა საჭირო. ჩინეთმა მთავარ სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ასანთებად უიღური ათლეტი შეარჩია, სახელმწიფო ტელევიზიამ კი ეს იმის მტკიცებულებად მოიყვანა, რომ პეკინი უიღურებს არ დევნის.

„ეს პროპაგანდაა, სხვას ვერაფერს დაარქმევ, - თქვა ბადისაომ, - ჩინეთი ოლიმპიადას სწორედ ამისთვის იყენებს. უნდათ მსოფლიოს აჩვენონ, რომ აქ ყველა იღიმის და მთელი ეს მტკიცებულება და მონაყოლი ტყუილია“.

ხელოვნება და ცენზურა

ჩინეთში დიდი ხანია, რაც ცენზურა ამ ქვეყნის კულტურის განუყოფელი რეალობაა. აზრის თავისუფალი გამოხატვის ისედაც ვიწრო სფერო კიდევ უფრო დავიწროვდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს სათავეში სი ძინპინი მოვიდა. ხელოვნების ნიმუშები და მთლიანი გამოფენები უფრო და უფრო ხშირად იბლოკება ჩინეთის ხელისუფლების მიერ - იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი პოლიტიკური ხასიათის.

ცენზურა ბოლო წლებში საზღვრებს გასცდა. ახლა ჩინეთი თავის ეკონომიკურ ძლევამოსილებას და პოლიტიკურ გავლენას სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად იყენებს.

ბადიოსაომ ეს საკუთარ ტყავზე გამოცადა.

ბადიოსაოს პლაკატები 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის შესახებ, ჩინეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პროტესტის ნიშნად.

მისი გამოფენა იტალიის ქალაქ ბრეშიაში 2021 წლის ნოემბერში კინაღამ ჩაიშალა ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნებისა და მუქარის გამო.

„ჩემთვის ეს ცენზურა ღირსების მედალია“, - თქვა მან.

იტალიის გამოფენა შეეხებოდა ჩინეთში ტაბუდადებულ ან, სულაც უკანონო არაერთ საკითხს - 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე ხოცვა-ჟლეტას, ან სი ძინპინის ფოტოს, სადაც ის ვინი პუჰს არის შედარებული - მსგავსი გამოსახულება ინტერნეტ-მიმის სახით გავრცელდა, რასაც ჩინეთის ხელისუფლების რისხვა მოჰყვა - ჩინეთის ინტერნეტში ამ მიმს ვერსად ნახავთ.

„ჩემთვის ხელოვნება საუბრის დაწყების საშუალებაა, - თქვა ბადიოსაომ, - მან შეიძლება გამოიწვიოს ხალხი, მათი პროვოცირება მოახდინოს, რომ ყურადღება მიაქციონ იმას, რაც მნიშვნელოვანია“.

თებერვლის დასაწყისში ბადიოსაოს პლაკატები პრაღის ქუჩებშიც ნახეს ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ წარწერებით.

ბადიოსაო წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ვინაობა საიდუმლოდ შეენარჩუნებინა, რადგან ჩინეთის მთავრობის შურისძიებას უფრთხოდა. თუმცა, 2018 წლის ოქტომბერში მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა - ჩინეთმა მისი ვინაობა დაადგინა. ბადიოსაოს ოჯახის წევრები დააკავეს და დაკითხეს. ხელოვანს ახლა გაწყვეტილი აქვს კონტაქტი ნათესავებთან, რათა მათ დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას.

შემდეგ ის ნელ-ნელა გამოვიდა ჩრდილიდან და 2019 წლის დოკუმენტურ ფილმში სახეც გამოაჩინა. ბოლო დროს ის უფრო ხშირად ჩნდება საჯარო სივრცეში, თუმცა ჩინეთის ხელისუფლება ამის გამო უფრო ხშირად იღებს სამიზნეში მის შემოქმედებას.

„ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგობას ახლა უფრო ვგრძნობ, ვიდრე არასდროს, - თქვა ბადიოსაომ, - მუქარა დღითი დღე უარესი ხდება. ხშირად ვიღებ სიკვდილის მუქარას და ჩემი ნამუშევრების გამოფენაც უფრო და უფრო რთულდება [ჩინეთის ჩარევის გამო]“.

ჩინეთის პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ჩინეთში გამოხატვის თავისუფლების ისედაც მცირე სივრცე კიდევ უფრო შემცირდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

დასავლეთში ბევრი მთავრობა და კორპორაცია ცდილობს ჩუმად დარჩეს, როდესაც საქმე უიღურების წინააღმდეგ კამპანიას ან ჰონკონგის დემონსტრაციების დარბევას შეეხება, რათა პეკინის კეთილგანწყობა შეინარჩუნონ და შეინარჩუნონ წვდომა ჩინეთის ფინანსურ ბაზარზე.

ბადიოსაო იმედოვნებს, რომ ოლიმპიური პოსტერების მსგავსი კამპანიები მცირე როლს მაინც შეასრულებს ჩინეთის მთავრობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში.

„პოლიტიკოსებისა და კორპორაციებისგან განსხვავებით, ხელოვანებს მოგება ან პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ აბრმავებთ, - ამბობს ბადიოსაო, - ხელოვნება კარგი საშუალებაა, რომ ჩინეთის შესახებ სიმართლე ვუთხრათ ყველანაირ ადამიანს და ეს იმგვარად გავაკეთოთ, რომ საინტერესო და საგანმანათლებლო იყოს“.