პარტიებში თანამდებობებზე ქალების შეფარდება მამაკაცებთან განსაკუთრებით დაბალია

საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში გენდერული რანგირება მესამედ გამოიკვლია აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა. მისი დასკვნით, პარტიებს, რომლებიც წინა, 2014 წლის ანგარიშშიც მოხვდნენ, ბიუჯეტში ინსტიტუციური ცვლილება არ შეუტანიათ მიუხედავად იმისა, რომ მათი დაფინანსება სწორედ წამახალისებელი ზომის, გენდერული ბონუსის გამო გაიზარდა.

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის თემურ ჯვარშეიშვილის განმარტებით, ახალ კვლევაში ყურადღება გამახვილდა იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში ხმების 3%-ზე მეტი მიიღო. ასეთია ხუთი პარტია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, და „ლეიბორისტული პარტია“. თემურ ჯვარშეიშვილი განცხადებით, „კვლევა შედგება პარტიების საარჩევნო, ინსტიტუციონალური და პროგრამული კომპონენტებისგან და თითოეული თავის მხრივ რამდენიმე ინდიკატორს მოიცავს, რათა შეფასება მაქსიმალურად ზუსტი იყოს“.

ასევე ნახეთ გენდერული უთანასწორობა პოლიტიკურ პარტიებში

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის თემურ ჯვარშეიშვილის განცხადებითვე, კვლევით გამოვლენილი ძირითადი ტენდენცია აჩვენებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სიებში ქალთა წარმომადგენლობა გაცილებით მაღალია ვიდრე მაჟორიტარულში, ქალების შეფარდება მამაკაცებთან კი განსაკუთრებით დაბალია მერობის კანდიდატებს შორისა. თვალსაჩინოა ისიც, რომ ქალები პარტიების საარჩევნო სიაში ბოლო ადგილებს იკავებენ. კვლევის თანახმად, ხუთი პარტიიდან არც ერთს არ აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი გენდერული საკითხებისათვის. პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე ყველაზე მეტი ქალი ჰყავს „პატრიოტთა ალიანსს“ დაახლოებით 30 %, ხოლო ყველაზე ცოტა 12, 5 % „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება პროგრამულ კომპონენტს, გენდერული თანასწორობა პარტიის რეგულაციებსა და პროგრამებში „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაბრად აქვთ ასახული.მათზე დაბალი მონაცემი აქვს „ქართულ ოცნებას,“ ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ მსგავსი საკითხები რეგულაციებსა და პროგრამებში საერთოდ არ გააჩნიათ. კვლევის მიხედვით გენდერული თანასწორობის ჯამური ინდექსით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 17 % „ქარულ ოცნებას“ აქვს, ყველაზე მაღალი- 29% „ნაციონალურ მოძრაობას“ , „ლეიბორისტებისა“ და „ევროპულ საქართველოს“ ინდექსი კი ერთნაირია და 26%-ს შეადგენს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დაგენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძრვანელი ირაკლი შენგელია, მიიჩნევს, რომ „კვლევა რეალობას ასახავს და აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება და ხელოვნური მექანიზმების ამოქმედება, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავის საქმიანობაში მეტი ქალი ჩართონ და ქალები აირჩიონ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობზე“.

პოლიტიკურ პარტიებში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად საზოგადოების ინფორმირებას მიიჩნევს საჭიროდ ქუთაისის საკრებულოს წევრი, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხ ნიჟარაძე. იგი ეთანხმება კვლევის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, ამომრჩეველი მხარს უჭერს უფრო ხშირად მამაკაც მაჟორიტარ კანდიდატს, ვიდრე მათ ქალ კონკურენტებს. „ყველგან უნდა შეუწყონ ქალს ხელი, რათა ისინი პოლიტიკაში მოვიდნენ, რადგან ქალს გაცილებით მეტი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია“

ასევე ნახეთ მაღალი ხელფასები კაცებს, დაბალი პოზიციები ქალებს

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის კვლევის „გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში“ ავტორთა რეკომენდაციით პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანერგონ ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო გენდერულ ბიუჯეტირებას, არამედ ხელს შეუწყობენსპეციალური ზომების შემოღებას, რათა ქალები თანასწორად იყვენენ წარმოდგენილნი პოლიტიკურ ასპარეზზე.

ასევე ნახეთ ვის ეშინია და ვის რატომ არ უნდა ეშინოდეს ფემინიზმის საქართველოში?