პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დეკრეტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და 115 მომხრით მხარი დაუჭირა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო.
პარლამენტმა ცალკე უყარა კენჭი საგანგებო მდგომარების დროს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კანონპროექტს და 115 მომხრით არც ერთის წინააღმდეგ ისიც დაამტკიცა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.
საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა:
- იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.
- საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა.
- დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.
- საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
- იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
- მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
- აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.
- მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.
- საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, 15 საათზე გამოაცხადა.
უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის დეკრეტი.
დეკრეტი მოიცავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა განხორციელდეს.
21 მარტის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 48 შემთხვევაა დარეგისტრირებული.
21 მარტს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.