პარლამენტის წინ საპროტესტო კარვების აღების შემდეგ ატრაქციონები დადგეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მას შემდეგ რაც თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა საპროტესტო კარვები აიღეს, მინი ატრაქციონები დადგეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების კარვები, #სირცხვილიას საპროტესტო ატრიბუტიკა და ბანერები პარლამენტის წინ დაახლოებით 1 საათის წინ აიღეს და ტერიტორია წყლის მანქანებით მორეცხეს, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტის წინ ამ დრომდე იმყოფებიან აქტივისტები და სამართალდამცველები. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე, რომელიც პროტესტს გამოხატავდა კარვების მინი საბავშვო ატრაქციონებით ჩანაცვლების გამო, პოლიციის მანქანით ადგილიდან გაიყვანა.