პარლამენტის უკანა მხარეს სპეც. საშუალება გამოიყენეს, დემონსტრანტებს სცემეს

პოლიცია სპეც.საშუალებას იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ

პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება ისევ დაიძაბა.

პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად არიან შეკრებილები, სპეციალური საშუალება გამოიყენეს, - სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

ამასთან, პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე დემონსტრანტს.

„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი სახეში მუშტს ურტყამს ერთ-ერთ დემონსტრანტს.

მოგვიანებით „ფორმულას“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდოდ, იგივე სპეცრაზმელი სხვა დემონსტრანტსაც ურტყამს სახეში მუშტს.

იმავე ადგილას კიდევ რამდენიმე დემონსტრანტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

პოლიციელები ცდილობენ, პარლამენტის უკანა შესასვლელი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლოს.

განახლება: შსს-მ მოგვიანებით დაადასტურა სპეც.საშუალების გამოყენება, თუმცა გამოყენებული ნივთიერების ტიპი, როგორც წინა შემთხვევებში, არც დღეს დაუზუსტებია.

შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ სხვადასხვა საგანი ესროლეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებს შსს.