პარლამენტი ქუთაისს - პრეზიდენტობის კანდიდატთა ნაწილის დაპირება

პარლამენტის შენობა ქუთაისში

ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრი, სპორტის სასახლე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, მეორე მუსიკალური სასწავლებელი, ე.წ. კეჩის ბაზრობა, ცენტრალური ბაზარი, ქალაქის მთავარი ბულვარი და სკვერები - ეს ქუთაისის ის ადგილებია, სადაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა ნაწილი შეხვდა ამომრჩევლებს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელებს, მათ შორის ზოგიერთი კანდიდატი უკვე რამდენჯერმე.

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტი ქუთაისს - პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის დაპირება

პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდა, დევნილთა პრობლემების გადაჭრა, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულთა ლეგალურად დასაქმებაში დახმარება და სტუდენტების დაფინანსება ის საკითხებია, რომლებზეც კანდიდატები ხშირად საუბრობენ. თუმცა მათი ნაწილი ქუთაისელ ამომრჩეველს ძირითადად საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ჰპირდება. აგვისტოს შემდეგ, ქუთაისში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მიერ მხარდაჭერილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ის პრეზიდენტობის კანდიდატადაც ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან წარადგინეს. ვაშაძემ ამომრჩეველთან ერთ-ერთი შეხვედრა სპორტის სასახლეშიც გამართა, პარლამენტის თბილისში დაბრუნება კი სპეციალურ ბრიფინგზეც გააპროტესტა და ქუთაისელ ამომრჩეველს დაჰპირდა ქალაქში პარლამენტის სრულყოფილად ფუნქციონირების გაგრძელებას:

გრიგოლ ვაშაძე

„პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში და ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, მათ ხელისუფლებაში ყოფნისთვის დიდი დრო დარჩათ და გადატანას მოასწრებენ, ძალიან ცდებიან. მათი ხელისუფლებაში ყოფნა უკვე განსაზღვრულია წამებით და წუთებით. პარლამენტს აუცილებლად სრულფასოვნად დავაბრუნებთ ქუთაისში ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული, ეს ქალაქი ბუნებრივად არსებობს, შექმნილია იმისთვის, რომ იყოს საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი“.

პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ქუთაისში წარადგინა „ევროპულმა საქართველომაც“. სპორტის სასახლეში ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ბაქრაძემ ქალაქში რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ქალაქის საჭიროებებზე:

დავით ბაქრაძე

„ქუთაისი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქი, ქუთაისის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ქუთაისში პერსპექტივის განცდის შექმნა და ქალაქის წინსვლა უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი კეთდება. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქალაქში შესაბამისი პოლიტიკური კამპანიის ჩატარებას“.

ქუთაისს ფუნქციის დაბრუნებას დაჰპირდა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამომრჩევლებს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდა. უფრო ადრე ზურაბიშვილმა ქუთაისიდან დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება. სალომე ზურაბიშვილმა თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს და ქუთაისს აღუდგეს თავისი ფუნქცია. ზურაბიშვილმა ქუთაისს უწოდა „საქართველოს კულტურის დედაქალაქი“:

„ქუთაისი უნდა გახდეს ხელახლა საქართველოს კულტურის დედაქალაქი, სხვა ვერ შეეჯიბრება ამაში. ამ კუთხით მე ვიქნები კულტურის პრეზიდენტი, არ შევენაცვლები მთავრობას, მაგრამ ამ დედაქალაქის პრეზიდენტი ვიქნები, როგორც კულტურის დედაქალაქის და თქვენ გვერდით ვიქნები ჩემი ჩართულობით“.

კახა კუკავა

ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მხარდაჭერაზე ისაუბრა საარჩევნო ბლოკის „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ ე.წ. კაჩის ბაზრობაზე მოვაჭრეებთან შეხვედრისას. კუკავა დარწმუნებულია, რომ მისი საარჩევნო პროგრამა ამომრჩევლის საჭიროებებს შეესაბამება:

„ქუთაისში უნდა დარჩეს საქართველოს პარლამენტი, სრულად და არა ისე ნახევრად, როგორც ახლა არის და მეტიც, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი გადმოტანილი იქნეს თბილისიდან ქუთაისში, ამით მოიგებს თბილისიც, სადაც ცხოვრება უკვე შეუძლებელია და მოიგებს ქუთაისიც“.

ამომრჩეველს ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლის დარბაზში შეხვდა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. მან ქუთაისს „აღმაშენებლის ქალაქი“ უწოდა და განაცხადა, რომ აქ ჩაეყრება საფუძველი მომავალ, ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოს. ნათელაშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა:

შალვა ნათელაშვილი

„მოვახდენ პოლიტიკის სრულ დეოლიგარქიზაციას, არცერთი მილიონერი არ იქნება პოლიტიკაში. სამაგიეროდ მილიონერები და მილიარდერები​ გადაინაცვლებენ ეკონომიკაში და ისინი შექმნიან სამუშაო ადგილებს, გადაიხდიან ბიუჯეტში თანხას, ამის შემდეგ კი რაც მოგება ექნებათ, მათი იყოს, არავინ ეცილება“.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საჭიროებასა და აუცილებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება ამომრჩევლებთან შეხვედრაზე პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჯაფარიძესთან გამართული შეხვედრის მონაწილეთა დიდი ნაწილი სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ:

„ბევრი პრობლემაა ქვეყანაში. მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ხელისუფლებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სათავეშია, არ გააჩნია ხედვა, თუ საით წაიყვანოს ქვეყანა. ჩემი აზრით, თუ პრეზიდენტი იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთი მხრივ ხედვა და მეორე მხრივ, სურვილი აქვს რომ იომოს, ბევრი რამის შეცვლა იქნება შესაძლებელი. მგონია, რომ ამჟამად ქვეყანაში მარტო „გირჩი“ და მე ვართ“.

ქუთაისი

ამომრჩეველს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა თემურ შაშიაშვილმა. მან რამდენიმე შეხვედრა ქალაქის სხვადასხვა სკვერში გამართა და თავის დროზე, კანდიდატობისთვის ხელმოწერების შეგროვებაც აქ დაიწყო. გასულ შაბათს შაშიაშვილმა ბოდიშის მოხდით დაიწყო ნინოშვილის სკვერში გამართული ბრიფინგი:

„ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომ მე არ ვიცოდი, თუ ამ მდგომარეობაში იყო მოსახლეობა. ხალხის მარწუხებიდან დახსნა შეუძლია მხოლოდ ხალხს, ოღონდ ბატონებო, ვინც სახლში გაკითხავთ, ვინც გეუბნებათ ხმის მიცემას, ვინც ამ პლაკატებს აკრავს, ვინც ფულს გთავაზობთ თუ გაძლევთ, ყველა თქვენი მტერია, იცოდეთ!“

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ქუთაისში შეხვედრები მხოლოდ რამდენიმემ გამართა.