პარლამენტი უკან დაბრუნდა - რა დაუჯდა ქვეყანას „გეოგრაფიის შეცვლის მცდელობა“?

2018 წლის 27 დეკემბერს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გახსნიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ბოლო სესია ჩაატარა.

- პარლამენტმა მუშაობა დაასრულა შენობაში, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 330 მილიონი ლარი დაუჯდა.

- ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გამოცხადებისთვის 2009 წელს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა.

- 2019 წლიდან პარლამენტი ისევ თბილისში ბრუნდება.

მაშინდელი ხელისუფლების იდეა პარლამენტის ქუთაისში გადატანით სახელისუფლებო შტოების ე.წ. დეცენტრალიზაცია იყო. საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მაშინ ასე ახსნა: „ჩვენ ვცვლით ქვეყნის გეოგრაფიას“. თუმცა პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეას მაშინვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

„არა დეცენტრალიზაცია, არამედ დეკონცენტრაცია“ უწოდა მაშინ ამ პროცესს თვითმართველობის საკითხების მკვლევარმა დავით ლოსაბერიძემ და ეს, მისი სიტყვებით, ნიშნავდა არა რეალურ დეცენტრალიზაციას, არამედ „ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი განყოფილებების შექმნას“. მაგრამ პარლამენტის შენობის მშენებლობა ქუთაისში უკვე დაწყებული იყო. გადაწყვეტილება კი საბოლოო.

როგორ იწყებოდა მშენებლობა ქუთაისში

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ასაშენებლად ჯერ ადგილი მოათავისუფლეს და ფაშიზმზე გამარჯვების 46 მეტრიანი მემორიალი ააფეთქეს. მემორიალის ავტორი არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილია. სწორედ მისი პროექტით აიგო ტრიუმფალური თაღი, რომელზეც განთავსებული იყო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტალური პანო.

მემორიალის დემონტაჟი ტრაგედიით დასრულდა - აფეთქების დროს ბეტონის ნამსხრევები დედას და მისი 11 წლის გოგონას მოხვდა. ორივე დაიღუპა. მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, განაცხადა, რომ ტრაგედია, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია.

პარლამენტი ქუთაისში მაინც აშენდა. 4200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, მთლიანად შუშის კონსტრუქციაში მოქცეული შენობა ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დიეგო კაბომ დააპროექტა.

2012 წლის 21 ოქტომბერს კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალარჩეულ პარლამენტს პირველ სხდომაზე სიტყვით სწორედ ქუთაისში მიმართა.

რა დაუჯდა ქვეყანას შენობა, სადაც პარლამენტმა 6 წელი იმუშავა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას წლები ცდილობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ მოიპოვეს ფინანსური ინფორმაცია, რომლიდანაც ჩანს, თუ რა დაუჯდა ქვეყანას ქუთაისის პარლამენტის შენობა. გოგა თუშურაშვილი იხსენებს, რომ დასაწყისში დაახლოებით 73 მილიონი ლარი დაიხარჯა ქუთაისის მერიის გავლით, დანარჩენი თანხა, დაახლოებით 250 მილიონი ლარი კი დაიხარჯა სახელმწიფო მომსახურების ბიუროს გავლით - ამ თანხის მობილიზებას ეს კომპანია ახერხებდა სახელმწიფო ქონების გაყიდვით.

საერთო ჯამში, IDFI-ს დათვლით, სახელმწიფოს ქუთაისის პარლამენტის შენობა დაუჯდა დაახლოებით 326 მილიონი ლარი, საიდანაც 144 მილიონი ლარი დაიხარჯა პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 181 მილიონი ლარი სახელმწიფო ქონების გაყიდვით მოგროვდა. მთლიანობაში კი ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობისთვის გადარიცხულია 347 194 772 ლარი.

რა დაჯდა თბილისის პარლამენტის შენობის განახლება?

2012 წლიდან თბილისშიც გრძელდებოდა პარლამენტის შენობის რემონტი. აქტიურად დაიწყო საუბარი პარლამენტის ისევ თბილისში გადმოტანაზე. ამ აზრს ჰყავდა როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგენი. ქუთაისში პარლამენტის ადგილზე დატოვების მოთხოვნით რამდენიმე აქციაც გაიმართა. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება მაინც შეცვალა. თბილისში პარლამენტის შენობის განახლებას 23 მილიონი ლარი დასჭირდა.

რა უჯდებოდა ბიუჯეტს 150 პარლამენტარის ქუთაისში სიარული და იქ ცხოვრება?

ქუთაისის პარლამენტის ფუნქციონირებისათვის წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტი ხარჯავდა 2,5 მილიონ ლარს. პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისინფორმაციით დეპუტატები ქუთაისში ჩასვლის დროს დამატებით სამივლინებო ხარჯებს არ იღებდნენ - ამისათვის მათ ჰქონდათ ხელფასი, თუმცა ეს ხელფასი მოიცავდა ქუთაისში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს. ანუ, როგორც გოგა თუშურაშვილი განგვიმარტავს, 2018 წლამდე პარლამენტარებს ჰქონდათ სადეპუტატო უფლებამოსილების დანამატი და დაახლოებით 600 ლარამდე ბინის ქირის ხარჯი, თუმცა, 2018 წლიდან ეს თანხები ერთიან სარგოში გაერთიანდა, რაც მათ ხელფასთან ერთად ერიცხებოდათ.

გოგა თუშურაშვილი მთავარ კრიტიკულ კითხვა დღეს ასე სვამს:

- რამდენად რაციონალურად მოხდება უკვე ყოფილი პარლამენტის შენობის განკარგვა?

-ხომ არ იქნება ეს წყალში გადაყრილი 330 000 000 ლარი?

ქუთაისელების პროტესტი - „დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში“

ქუთაისის მოსახლეობა მათი ქალაქისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევას საპროტესტო აქციით შეხვდა. ხალხი პარლამენტის ქუთაისში მუშაობაზე დიდ იმედებს ამყარებდა - მომსახურების სფეროს და ზოგადად,ქუთაისის განვითარების იმედი ჰქონდა, სამუშაო ადგილე ბის შექმნის, ინვესტორების მოზიდვის.

„პროტესტი არ უნდა შეჩერდეს და ქუთაისს შეუნარჩუნდეს განვითარების ლოგიკური წყარო. თავი არ უნდა მოვიტყუოთ აქ გადმოტანილი ნებისმიერი სამსახურით. ეს ყველაფერი არის იგივე ტყუილი, როგორიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა“, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

რა იქნება პარლამენტის შენობაში?

თუ ხელისუფლების გეგმები ისევ არ შეიცვალა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტის შენობაში „დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება“ - დეკემბრის დასაწყისში ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გაავრცელა და თქვა, რომ თბილისის მსგავსად ახლა ქუთაისსაც ექნება ერთიანი მომსახურების ცენტრი.


პარლამენტის ბოლო დღე ქუთაისში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაშია 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. პარლამენტის რეგლამენტში კი წერია, რომ პარლამენტის ადგილი იქნება თბილისი. 27 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქუთაისის პარლამენტს ასე დაემშვიდობა:

„ძალიან შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა. სამწუხაროა, რომ ვტოვებთ მას“ - შემდეგ კი დეპუტატებმა ქუთაისის პარლამენტში ბოლო სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.