პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ივლისს

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვაც დაიწყო

„ქართულ ოცნებაში“ გუშინ საღამოს სხდომა გაიმართა, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, ისინი საარჩევნო კოდექსმა შეკრიბა, რომელიც გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ჩვენ, ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეფუძნება საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თბილისში კაცმა ქალის დაწვა სცადა

თბილისში კაცმა ქალის დაწვა სცადა. თავდამსხმელი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა ქალი, სხეულის დამწვრობით, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ქალს სხეულის 37%-ის დამწვრობა აქვს მიღებული, ძირითადად ქვედა კიდურებზე.

„პაციენტი გამთენიისას შემოიყვანა 112-ის ბრიგადამ, მას ქვედა კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ამჟამად კონტაქტურია და ადეკვატურია, თუმცა ეს დამწვრობისთვის არის ზოგადად დამახასიათებელი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია“, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

დღეს ევროკავშირი საქართველოსთან საზღვარს ხსნის

დღეიდან ევროკავშირმა საზღვრები ისევ გახსნა. მიმოსვლა დასაშვებად გამოაცხადა კიდევ 15 ქვეყანასთან, რომელთა შორის საქართველოც არის. მიუხედავად ამისა, საქართველო საზღვრების გახსნას ჯერ არ ჩქარობს.

ჩამონათვალში საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

რაც შეეხება ჩინეთს, მასთან მიმოსვლა სურვილის თანხვედრის შემთხვევაში აღდგება.

ევროკავშირის საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა. ევროკომისიამ თავიდანვე განაცხადა, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

იმის ფონზე, რომ საქართველომ რეგულარული ავიარეისების განახლება გადაავადა, საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ჩარჩენილი მიგრანტები მთავრობისგან სპეციალური ავიარეისების დანიშვნას ითხოვენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ აქციაც გამართეს.

წაიკითხე მეტი.

მეცნიერებმა "პოტენციურად" საშიში გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს ჩინეთში

ახალი სახეობის გრიპი, რომელსაც აქვს ეპიდემიად ქცევის პოტენციალი, მეცნიერებმა ჩინეთში გამოავლინეს. იუწყებიან, რომ ვირუსი ახლახან გამოჩნდა და ღორებშია გავრცელებული, მაგრამ მეცნიერების დაკვირვებით, შესაძლოა, რომ ადამიანსაც შეეყაროს.

„ბი-ბი-სის“ თანახმად, მკვლევრები შეშფოთებული არიან იმით, რომ შესაძლოა ვირუსის შემდგომი მუტაცია, რის გამოც იგი იოლად შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური პანდემია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გრიპი ჯერ არ წარმოადგენს უშუალო პრობლემას, მეცნიერები ამბობენ, რომ მას აქვს ძლიერი შემგუებლობისა და ადამიანების დაავადების „ყველა ნიშანი“, რის გამოც საჭიროა საფუძვლიანი მონიტორინგი.

გარდა ამისა, ვინაიდან ეს ვირუსი ახალია, ადამიანებს შესაძლოა მის მიმართ ჰქონდეთ ძალიან დაბალი იმუნიტეტი, ან საერთოდ არ ჰქონდეთ.

წაიკითხე მეტი.

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც რუსეთის უშიშროებასთან დააკავშირეს

რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ფიგურირებს, შესაძლოა ასევე იყოს დაკავშირებული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ).

Bellingcat-ის თანახმად ეს კაცი არის რომან დავიდოვი.

მისი მეშვეობით გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მინიმუმ სამი მათგანი ეჭვმიტანილია საზღვარგარეთ მომხდარ შეკვეთილ მკვლელობებში. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანულ ჯგუფ Bellingcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსულ The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში.

გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ მისი სახელი და მონაცემები გამოგონილია. მასზე 2019 წელს გაიცა საზღვარგარეთის პასპორტი, მანამდე კი ასეთი მონაცემების მქონე ადამიანი რუსეთის სახელმწიფოს მონაცემთა ბაზაში არ არსებობდა. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისათვის, რომ რომან დავიდოვს იმავე დღეს მიეღო გადაკეთებული პასპორტი, როდესაც კრასიკოვმა მიიღო.

ზელიმხან ხანგოშვილი, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის მოაბიტის რაიონში მოკლა თავდამსხმელმა, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გერმანიის საგამოძიებო უწყებას მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. მაგრამ გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, დაკავებულის სახელი და გვარია ვადიმ კრასიკოვი, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ადრე მსახურობდა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმში და მონაწილეობას იღებდა რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში.

გერმანიის პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში განცხადებულია, რომ რუსეთის მოქალაქე ბერლინში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

წაიკითხე მეტი.

რა სახის მუტაცია განიცადა კორონავირუსმა - გახდა ის უფრო ადვილად გადამდები?

ცოტა ხნის წინ, 12 ივნისს ამერიკის სკრიპსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ბაზისური სამეცნიერო კვლევის პირველადი შედეგები, რომელიც კორონავირუსის SASR COV-2-ის მოლეკულურ შესწავლას ეფუძნება. კვლევის ამ შედეგების შესახებ სტატიები რამდენიმე გამოცემაშიც დაიბეჭდა, მათ შორის იყო "ვაშინგტონ პოსტიც".

მეცნიერთა ჯგუფი დაასკვნის, რომ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განცდილი მუტაციით გაძლიერდა ვირუსის გადაცემის უნარი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, 30 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში“. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო, პაატა იმნაძესთან გადაემოწმებინა, გულისხმობდა თუ არა ის სწორედ სკრიპსის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

თუმცა, თუ მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ აღწერილ სამუშაოს და პაატა იმნაძის მიერ ვირუსის მუტაციის აღწერას შევადარებთ ერთმანეთს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარი სწორედ ამ მიგნებაზეა.

როგორც ვირუსოლოგი მაია ბუწაშვილი, ამერიკელი მეცნიერების კვლევის საფუძველზე განმარტავს, ის იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და შეიძლება მეტად გადამდები გახდეს. მაგრამ ეს არის კვლევა, რომელიც დამატებით ბევრ კვლევას საჭიროებს, სანამ მასზე მყარი, საყოველთაო დასკვნა გაკეთდება. მით უფრო, ჯერჯერობით, დასკვნა არ გაკეთებულა ადამიანთა პოპულაციასთან მიმართებით. წაიკითხე მეტი ნინო ხარაძის სტატიაში.

რა არის „დიპფეიკი“, რამდენად მარტივია გასაკეთებლად და რატომ შეცვლის უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ რამეს.