„პარაშას“ ბოლო რეისი - როგორ დაიხრჩვნენ პატიმრები

პრედივინსკის ნაპირი

1942 წლის 13 ოქტომბერს მდინარე ენისეიზე დაიმტვრა ბარჟა „N46“, რომლითაც ნორილსკში პატიმრები გადაჰყავდათ. ერთი ვერსიით, გემი „მიწაზე დაჯდა“ და დაზიანდა. მეორე ვერსიით, პატიმრებმა თავად გამოჭრეს კედელი გასაქცევად.

ესკორტმა პატიმრები მაშინვე არ გაათავისუფლა, ამის გამო ბევრი დაიხრჩო, სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაცემებით, 26 კაცი. თუმცა თვითმხილველები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.

კრასნოიარსკის მხარეში, ოქტომბერში ენისეიზე ნაოსნობა მიზანშეწონილი არ იყო. მდინარეში წყალი კლებულობდა და გემი შესაძლოა „მიწაზე დამჯდარიყო“, მაგრამ ხელმძღვანელობამ დაიჟინა და ბარჟა „N64“, ზედ 1500 პატიმრით, კრასნოიარსკიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა. ბარჟაზე ლითონის მილებიც ეწყო - ნორილსკის კომბინატის ასაშენებლად.

ბარჟა უნდა გამოებათ გემისთვის „ივან პაპანინი“. ენისეიზე მას უფრო ძლიერი გემი „კლიმ ვოროშილოვი“ გადაიბარებდა.

გემები ენისეიზე

ამ ბარჟას ხალხი „პარაშას“ ეძახდა, რადგან დასაბანი ადგილი არ ჰქონდა და ყარდა. პატიმრებისთვის ნარები ტრიუმში იყო მოწყობილი, თან ისე, ვერც გაიმართებოდი. საჭმელად დღეში ცოტა პური და მარილიანი თევზის ნაჭერი ჰქონდათ, ისიც ყველას არა. თოფებითა და ტყვიამფრქვევით შეიარაღებული ესკორტი გემბანზე დარაჯობდა.

ბოლომდე დატვირთული „პარაშა“ კრასნოიარსკს ხეირიანად ვერც გასცდა, რომ გემი მიწაზე დაჯდა. გზა მეორე დღეს გააგრძელა, თუმცა იმ ღამეს პატიმრებმა შეამჩნიეს, რომ ტრიუმში წყალი ჟონავდა.

წყლის დონე სულ უფრო მატულობდა. პატიმრებმა გისოსებისკენ გადაინაცვლეს, მაგრამ ესკორტი კარის გაღებას აყოვნებდა. არ იცოდნენ ასეთ შემთხვევაში რა უნდა ექნათ. მათი ინსტრუქტაჟის მიხედვით, ყველაზე უარესი საგანგებო სიტუაცია სწორედ პატიმრების გაქცევა იყო.

წყალმა გემბანს მიაღწია. ვინც ცურვა არ იცოდა, მალევე დაიხრჩო. ბევრი მაშინ დაიღუპა, როდესაც კიბეზე ასვლას ცდილობდა. პატიმრები ერთმანეთს ქელავდნენ და ქვევით ყრიდნენ. ვინც ზედა ნარების დაკავება მოახერხა, გადარჩა.

ამასობაში კაპიტანმა ბარჟის ნაპირზე გაყვანა შეძლო. ტრიუმი გახსნეს და გადარჩენილები ზევით ამოვიდნენ. ბევრი შიშველი იყო, საყოველთაო ჭყლეტასა და ზედახორაში ტანსაცმელი შემოხეოდათ. რომ არ გაყინულიყვნენ, სურსათის კარვებში შედიოდნენ და პურსა და თევზს ჭამდნენ. დაცვა არ ეწინააღმდეგებოდა.

შემდეგ გადარჩენილები აიძულეს დაღუპულების ცხედრები ტრიუმიდან ამოეტანათ.

ქალაქ ნორილსკში, რომელიც რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს, პატიმრები კრასნოიარსკიდან ჩაჰყავდათ, კრასნოიარსკში კი მატარებლებით სხვადასხვა რეგიონიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს ნორილსკის შრომა-გასწორების კოლონიაში დიფთერიით 7 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა კრასნოიარსკის „მემორიალის“ ხელმძღვანელი ალექსეი ბაბი ამბობს, რომ 30-40-იან წლებში პატიმრებს ნორილსკის ბანაკში უფრო კარგი პირობები ჰქონდათ, ვიდრე სხვა ბანაკებში. მეტალურგიული კომბინატის მშენებლობისთვის საბჭოთა ხელისუფლება კვალიფიციურ მუშახელს საჭიროებდა.

„ნორილსკის ბანაკი საზარელი ადგილი იყო, მაგრამ პატიმრებს ეპყრობოდნენ ისე, როგორც პატრონი ეპყრობა საქონელს. გასავათებამდე არ უნდა მიეყვანათ, მუშაობის თავი უნდა ჰქონოდათ. ხელმძღვანელი თავიდანვე ჩეკისტი არ იყო, მეტალურგი გახლდათ. ამიტომ, პირობები აქ უფრო კარგი იყო, ვიდრე სხვა ბანაკებში“ , - ამბობს ბაბი.

ნორილსკის ბანაკის პატიმრებს ამ ფოტოსთვის საგანგებოდ ჩააცვეს.

თუმცა ნორილსკამდე ჩასასვლელი გზა იყო ხიფათიანი. ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობდა მუშახელი დანიშნულების ადგილამდე მიეყვანა და ნიკელის წარმოება დაეჩქარებინა. ნიკელი ფართოდ გამოიყენებოდა სამხედრო ინდუსტრიაში, ნაწილობრივ ტანკების დასამზადებლადაც.

პატიმრები კი ძირითადად ენისეის სანაოსნო ტრანსპორტით მიჰყავდათ.

რამდენი კაცი დაიღუპა „N46“ ბარჟაზე, ამასთან დაკავშირებით ერთი აზრი არ არის, არც კატასტროფის მიზეზებზე. საგაზეთო სტატიებში ორი ვერსია განიხილებოდა. პირველი ვერსიის მიხედვით, ბარჟა დინებამ მარჯვნივ გაიტაცა და პრედივინსკის რაიონში ქვებს წამოედო. წითელი ბუი სახიფათო მონაკვეთზე მიანიშნებდა, მაგრამ ბარჟამ მაინც გარისკა და... ნაპირს შეეჯახა.

გემთმშენებლობა პრედივინსკში

მეორე ვერსიით, პატიმრებმა თავად გამოჭრეს კედელი გასაქცევად. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ გემბანზე ლითონის მილები ეწყო, რის გამოც ბარჟა წყალში ჩვეულებრივზე ღრმად ჩაეშვა და ღრმულიდან წყალი შემოვიდა.

„ნორილსკის ბანაკში პატიმრების 40 პროცენტი პოლიტიკური მოტივით იჯდა, დაახლოებით ამდენივე - ყოფით საკითხებზე, 20 პროცენტი სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ. სრულიად დასაშვებია, რომ მართლაც გაქცევას ცდილობდნენ. მაგრამ ენისეი უზარმაზარი მდინარეა, გაიქცე და მერე ნაპირამდე გაცურო, თან ოქტომბერში - ეს სასოწარკვეთილი კაცის გეგმაა. წლების შემდეგ მომხდარი საერთოდ ლეგენდად იქცა. მაგალითად, ამბობდნენ, რომ სახალხო კომისარიატს საგანგებოდ გადაჰყავდა პატიმრები ენისეით, რომ ისინი შიგ ჩაეხრჩო. მაგრამ ამას რა აზრი უნდა ჰქონოდა? ასე ნორილსკს ვერ ააშენებდნენ“, - ამბობს ალექსეი ბაბი.

ერთ-ერთი გადარჩენილი ნიკოლაი ზალიპუხინი ირწმუნებოდა, რომ ბარჟაზე 26 კი არა, დაახლოებით 380 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები ტრიუმიდან ნაპირზე გადმოიტანეს ამოსაცნობად. ბევრი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ვერც ამოიცნეს.

მხარეთმცოდნე ვალენტინ ხარჩუკი ამბობს, რომ გაურკვეველია სად დაკრძალეს გარდაცვლილები. მოხუცები ჰყვებოდნენ, რომ ისინი საერთო საფლავში ჩამარხეს, პრედივინსკში. იქვე სასაფლაო იყო, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და ეს სამარხიც მოიყოლა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ კატასტროფის შემდეგ ხშირად ესმოდათ სასაფლაოსკენ მიმავალი ურმების ჭრიალი. „ვიღაცამ იმ ადგილას ჯვარი და მის ზემოთ სახურავი გააკეთა. მაგრამ ის მალე გაქრა“, - ამბობს ხარჩუკი, - „ახლა იქ აღარანაირი ნიშანი აღარ არის შემორჩენილი“.