პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდან 15 კილომეტრში იგეგმება ჰესის, "სამყურისწყალი 2"-ის, აშენება, რომლის სიმძლავრე 27 მეგავატი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში უნდა დაიწყოს. ეს ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია და მათი ნაწილი ამბობს, რომ ჰესის აშენებას არ დაუშვებენ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ბირკიანში „ხადორი 3“-სეწინააღმდეგებიან. პანკისელები ამბობენ, რომ ჰიდროელექტროსადგური ხეობისთვის როგორც ეკოლოგიურად, ასევე ჯანდაცვის კუთხით დამაზიანებელი იქნება. შიშობენ, რომ მათ სასმელი და სარწყავი წყალიც შეუწყდებათ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰეს "სამყურისწყალი 2"-ის მშენებლობა უნდა დაიწყოს, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა პერიოდულად იკრიბება და ამ თემაზე დეტალურად მსჯელობენ. ამბობენ, რომ კონკრეტულად ამ ჰესის შესახებ მათ ჯერ არ შეხვედრიან მშენებელი კომპანიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებთანაც უამრავი შეკითხვა აქვთ. პანკისელთა ნაწილი ამბობს, რომ რასაც არ უნდა დაჰპირდნენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. იმასაც გვეუბნებიან, რომ ხეობაში ორი ჰესი, უკვე დიდი ხანია, მუშაობს, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა, მაგალითად, ელექტროენერგიის გადასახადზე არანაირი შეღავათით არ სარგებლობს.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პანკისში მოსახლეობას შეხვდა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი. მან განაცხადა, რომ ადგილობრივების გამოკითხვას იწყებენ იმის შესახებ, არიან თუ არა თანახმა ჰესი აშენდეს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ გამოკითხვის შედეგად გაირკვევა ჰესის აშენების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და განისაზღვრება შემდგომი გეგმაც.
სოფელ ჯოყოლოში ჰესი "სამყურისწყალი 2" კომპანი „ფერიმ“ უნდა ააშენოს. ეს ის კომპანიაა, რომელიც 5-მეგავატიანი ჰესის აშენებას გეგმავს ასევე პანკისში, სოფელ ბირკიანში. კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილი გვეუბნება, რომ მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა დიდია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის დასამტკიცებლად, რომ ჰესი არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც ერთ ადამიანს. იორდანიშვილის თქმით, არ იგეგმება კაშხლის აშენება, როგორც ამას მოსახლეობა ამბობს.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, პანკისის მოსახლეობა ჰეს „ხადორი 3“-ის მშენებლობას აპროტესტებს. ამის გამო მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოსახლეობა და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ, როცა ხეობაში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მიჰყვა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მოსახლეობა კი ძალოვანებს ქვებითა და ხელკეტებით დაუპირისპირდა. იმ დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ხეობაში ვითარების დარეგულირებას შეეცადა შს მინისტრი გიორგი გახარია. მაშინ გახარიამ თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90 % იქნება მომხრე.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია: პანკისთან მიმართებით შეცდომა დავუშვით
„ხადორი სამის“ მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია.კახეთში დაგეგმილი კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ამ შემთხვევაში ლაპარაკია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურზე, სადაც სოფლიდან, დაახლოებით, 5-7 კილომეტრში მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის, მშენებლობა იგეგმება. სამუშაოები იქაც შეჩერებულია.