2018 წელს, როცა პირველად ვეწვიეთ პავლე ჯაფარიძეს პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი, „ნიკალა“ არ არსებობდა. იყო მხოლოდ „ქლორიანი წყლის მიმზიდველობა“, და ლექსებიც იყო.
სიახლის სურვილმა უბიძგა პავლე ჯაფარიძეს, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, რაჭაში, განსაკუთრებით ცივ წყალში განსაკუთრებით დიდხანს ცურვის გამო, „პოსეიდონა“ შეარქვეს, შეექმნა ადგილი, სალონი, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ და ქართულ კერძებსაც (თავიდან მხოლოდ ხინკალზე იყო ფიქრი) შეექცეოდნენ.
ადრე „პოსეიდონამ“, ახლა ჰანოვერში გახსნა თავისუფლების მოყვარულთა თავშეყრის ადგილი, სადაც ადრე საბჭოთა რესტორანი იყო სახელწოდებით „კა-გე-ბე“. იქ იკრიბებოდა ჰანოვერის რუსულენოვანი საზოგადოება, საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანები. პაპუნა ჯაფარიძემ მათ „იმპერიული სალოცავი ადგილი წაუქცია“.
Your browser doesn’t support HTML5
პავლე ჯაფარიძემ მწვრთნელობა ადრე დაიწყო. ადრევე დაამთავრა გერმანიაში აკადემია და მწვრთნელის კარიერასაც მიჰყვა ხელი. ადრეო, ამბობს და ამიტომაცაა, რომ დღესაც თამაშობს, წყალთან კონტაქტს ასე იოლად ვერ დათმობდა.
„უნიონ მაგდებურგის“ წყალბურთელთა მწვრთნელი იყო ბოლოს, გუნდისა, რომელსაც მის ხელში არნახული წარმატება ხვდა წილად.
მანამდე ავარჯიშებდა ჰამბურგის „პოსეიდონს“, ქემნიცის, კრეეფელდის, ასევე ლააცენის გუნდებს; თამაშობდა ჰანოვერის კლუბებში, მათ შორის „ვასპო 98“-ში.
პავლე 22 წელია, უცხოეთში ცხოვრობს, აქედან 13 წელიწადი გერმანიაშია, გერმანულენოვანი მწვრთნელია, ასე ვთქვათ, მაგრამ სპორტსმენები უკვე აღარ სჯერდებიან ერთ ქვეყანას და პავლეც ასეა. თუმცა ბოლო წლებში გერმანია ამჯობინა ყველაფერს და ამას აქვს მიზეზები: ვაჟი დიმიტრი, რომელიც გერმანიაში დაიბადა და იქ იზრდება, და ამას ახლა დაემატა „ნიკალა“, რომელიც ამ ეტაპზე მისახედია.
Your browser doesn’t support HTML5
პავლე მოგიყვებათ, როგორ დაამარცხა ეს „ურჩხული“, რომელიც „კა-გე-ბეში“ ბოგინობდა, როგორი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ ეს საბჭოთა ნოსტალგიის სივრცე გარდაექმნა, „დეოკუპაცია მოეხდინა“ და სულ სხვა რამისთვის ჩაეყარა საფუძველი.
პაპუნა ჯაფარიძე სპორტსმენია, ასე მითხრა, როცა ვკითხე, ვინ ხარ-მეთქი. მე მას ვიცნობ, როგორც სპორტსმენს და პოეტს, ბევრი ლექსის ავტორს.
ლექსები დავწერო? რომ არ მეწერება?
გისოსებს ვამტვრევ და ცის შუქი მამშვიდებს,
ჩამპალმა სურნელმა კედლები გაახმო.
ლექსებმა დამწეროს, თუ ლექსი მე ვწერო?
დაკარგულ სამყაროს ზოდები ვაჩუქო?
ბერლინის ქალებმა გული რომ იჯერონ
დაკარგეს ვარდებმა სურნელი ქალაქში
იები აფრინეთ მთებიდან მაშ, ჩქარა:
პასტორალურ მიჯნაზე ვდგავარ და
იდაყვებს ვილოკავ მხატვრული ელფერით
იხატა, იწერა დადგმები არა და,
სად არის სცენარი?
სდუმს ისევ მარაბდა.
ქართველებმა მხარი აუბეს, ხელოვანებმა ნამუშევრები აჩუქეს, ეწყობა კონცერტები. რა შეიცვალა პავლეში „ნიკალას“ გახსნით? წყალბურთის თამაშსა და გამარჯვებას მიზანი აქვს, ჯანმრთელობა და სიხარული, სწრაფვა და საერთოდ, წყლის ძალა, რომელიც გადმოდის შენზე. ნიკალამ რა მოიტანა?
ამ სიახლემ, „ნიკალამ“ ენერგია მოუტანა და ეს მოძრაობის სტადიაა, პროცესში ვარ, ჯერ არაფერი გამომსვლია, მიდის შრომა, რომ გამომივიდესო - ესაა პავლე ჯაფარიძის სიტყვები დღეს.
ხუთი წლის წინ, „სულით თავადს და ფეტიშისტს, მხოლოდ აუზის ქლორი იზიდავდა“ და რაჭაში, მდინარეში შესვლა ენატრებოდა. ისე, სულ ადრე თბილისის „ზვიგენებში“ დაიწყო. დღეს ჰანოვერშია - „ნიკალაში“.