პაველ ლატუშკა: „რუსეთს დღეს ბელარუსიც ოკუპირებული აქვს“

პაველ ლატუშკა

„პუტინი და ლუკაშენკო ეს ორი დიქტატორია, რომლებიც ერთად ყოფნისთვის არიან განწირულნი, მათთვის უცხოა ადამიანის უფლებები, თავისუფლება, დემოკრატია და ხელისუფლების ცვლილება. ისინი ყურს არ უგდებენ საკუთარ გარემოცვას, მათთვის უცხოა კრიტიკა, რადგან თვლიან, რომ თვითონ ყველაფერი ყველაზე კარგად იციან, სწამთ, რომ თავადვე მიიღებენ გენიალურ გადაწყვეტილებებს. მათი მთავარი მიზანია ძალაუფლებას რაც შეიძლება დიდხანს ჩაებღაუჭონ.“ - ეუბნება ბელარუსის ყოფილი კულტურის მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პაველ ლატუშკა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება: კიდევ რას უნდა ველოდოთ ამ ალიანსისგან?

ლუკაშენკო და პუტინი თვლიან, რომ გენიალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მათთვის კრიტიკა უცხოა“პუტინს სურს, 2024 წლის არჩევნებისთვის რუს ხალხს წარუდგეს როგორც ტრიუმფატორი, რომელმაც სამი ქვეყანა გააერთიანა...

პაველ ლატუშკა: მგონი, ყველა ვხედავთ, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს - ისინი გეგმავენ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ - ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერს იღონებენ უკრაინის ოკუპირებისა და დამორჩილებისთვის. ბელარუსი პუტინმა ფაქტობრივად უკვე ჩაიგდო ხელში - ლუკაშენკომ მას ყველაფერი ჩააბარა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თანაც ამავდროულად ცდილობს მომრიგებლის მანტია მოისხას, მაგრამ ეს შეუძლებელია - რადგან ლუკაშენკო დღევანდელობის მუსოლინია - მან ბელარუსის ტერიტორიიდან ნება დართო რუსებს, უკრაინას დასხმოდნენ თავს. ჯერ-ჯერობით არ დასტურდება ბელარუსის სახმელეთო ძალების შეჭრა უკრაინაში, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ისინი საზღვარზე არიან და საბრძოლო მზადყოფნაში.

რადიო თავისუფლება: ადრეც გვისაუბრია და მახსოვს, მითხარით, რომ თუ ლუკაშენკო გაბედავდა და ბელარუსის სუვერენიტეტს პუტინს გადაულოცავდა, ბელარუსები მასობრივად გამოვიდოდნენ ქუჩაში. სად არის დღეს ეს ხალხი?

პაველ ლატუშკა: საქმე იმაშია, რომ დრო გავუშვით ხელიდან და ეს ევროპისა და ამერიკის სტრატეგიული შეცდომაა. მაშინ როცა ასიათასობით ბელარუსი გამოდიოდა აქციებზე, ევროკავშირსა და აშშ-ს ვევედრებოდით, მძიმე სანქციები დაეკისრებინათ ლუკაშენკოს რეჟიმისთვის. ასე არ მოხდა, და ლუკაშენკომ ეს ორი წელი სათავისოდ გამოიყენა: პირწმინდად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება. ბელარუსში არ არსებობენ არც პოლიტიკური პარტიები და არც პოლიტიკური ლიდერები, ყველა ან ციხეშია გამოკეტილი, ან გაქცეული. 1100 პოლიტიკური პატიმარი გვყავს... ბელარუსში არ არის თავისუფალი მედია, არ არის არაფერი, რაც ხალხს აქტიურად მოქმედებისკენ უბიძგებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, კვირას საპროტესტო აქციებზე მაინც გამოვიდა ხალხი და 1000 ადამიანია დაკავებული.

რადიო თავისუფლება: ამ ტემპებით, როდის უნდა ველოდოთ ბელარუსისა და რუსეთის ე.წ. ერთობლივ სახელმწიფოს?

პაველ ლატუშკა: დაუშვებელია, რომ ეს მოხდეს, ამიტომ გვჭირდება გარანტიები ევროპიდან და აშშ-დან, რომ ბელარუსის სუვერენიტეტს დაიცავენ და ძალისხმევა მათი მხრიდან, ჩვენ კი უზრუნველვყოფთ იმას, რომ ბელარუსში სამოქალაქო წინააღმდეგობა დაიწყება ლუკაშენკოსა და პუტინის ამ გეგმის წინააღმდეგ. მათი სტრატეგიის მიხედვით, უკრაინის დამორჩილების შემდეგ, ბელარუსის და რუსეთის საზიარო პარლამენტს შექმნიან - პუტინს სურს, კონტროლის ყველა სადავე ეჭიროს ხელში და 2024 წლის არჩევნებისთვის რუს ხალხს წარუდგეს როგორც ტრიუმფატორი, რომელმაც სამი ქვეყანა გააერთიანა.

რადიო თავისუფლება: რა შედეგები მოჰყვება რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ რეფერენდუმს?

ბელარუსი პუტინმა ფაქტობრივად უკვე ჩაიგდო ხელში - ლუკაშენკომ მას ყველაფერი ჩააბარა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თანაც ამავდროულად ცდილობს მომრიგებლის მანტია მოისხას...

პაველ ლატუშკა: ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია და არანაირი უფლება არ აქვს, რეფერენდუმები ატაროს. მაგრამ ფუნქციურ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ ლუკაშენკო ახორციელებს თავის სცენარს, რომლის მიხედვითაც ეროვნულ საბჭოს შექმნის და მისი თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდება, ბელარუსს კი კრემლის ხელდასხმით ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ამ სცენარს წინ უნდა აღვუდგეთ.

რადიო თავისუფლება: რას აკეთებს ამ ყველაფრის ფონზე ბელარუსის ოპოზიცია?

პაველ ლატუშკა: პირველ რიგში, აქტიურად მოვუწოდეთ ბელარუსებს, კვირას აქციებზე მოსულიყვნენ. ათიათასობით ადამიანი გამოვიდა სხვადასხვა ქალაქში. აქციები გრძელდებოდა გუშინაც. ამ მომენტისთვის უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი ბელარუსის მოქალაქეები აყალიბებენ მოხალისე ბატალიონებს, რომელიც იბრძოლებენ უკრაინის დასაცავად - უკვე ბევრი ბელარუსი შეუერთდა ამ ბატალიონებს და მათი რიცხვი სულ უფრო გაიზრდება. ტარდება აქციები სარკინიგზო მიმოსვლის დასაბლოკად.

რადიო თავისუფლება: პროტესტების დროს ოპოზიციის ლიდერი ციხანოუსკაია აცხადებდა, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია პუტინის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა?

პაველ ლატუშკა: დღეს ეს არარეალურია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის და ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვს ბელარუსი, რაც სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. ამას ვერ შევეგუებით.