ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ პირველად გთავაზობთ საუბარს ქართულ ლიტერატურულ პრემია “საბაზე” და ამ პრემიის ორგზის ლაურეატზე, ახალგაზრდობის საყვარელ და ჩვენი გადაცემის ერთ-ერთ ფავორიტ ავტორზე, პოეტ პაატა შამუგიაზე. პაატა შამუგია ხმაურით შემოვიდა ლიტერატურაში თავისი “ანტიტყაოსნით”. ჩვენი საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად "ვეფხისტყაოსნის", უფრო კი მისი ინტერპოლატორების პაროდიისთვის. ავტორს ძალიან უსიამოვნო შეფასებების მოსმენაც მოუხდა. მალე “საბას” პრემია წამოეწია, შემდეგ – მეორე და ძველი ლანძღვა-გინება ქება-დიდებით შეიცვალა. როგორია შამუგიას დამოკიდებულება კონვენციური ლექსისადმი, რაა თანამედროვე მის პოეზიაში, რატომ უყვარს სიტყვათა თამაში ავტორს, რაა “შიზოგადოება” – დიაგნოზი თუ გულისტკივილი?.. – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.