„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს“, - განაცხადა 15 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მაჟორიტარების ჩამნაცვლებელი დელეგატებიც წარადგინა.
2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნებზე არ მოუპოვებია. ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებით, ეს მით უმეტეს შეუძლებელია ახლა. GORBI-ს კვლევის შედეგებს ისინი "ზღაპრებად" თვლიან.
ამ დღეებში ისიც ბევრმა გაიხსენა, რომ წინა წლებში GORBI-ს მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევები არ მართლდებოდა.
„ოცნება“ ოპოზიციას განადგურებულად თვლის, თუმცა ამავე კვლევის თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი სამ ოპოზიციურ ცენტრს აქვს, ხოლო ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით - მეოთხესაც.
„ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სურს
იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, საპარლამენტო არჩევნებში მინიმუმ 113 მანდატი უნდა მოიპოვოს და ის დამოუკიდებლად შეძლებს კონსტიტუციის შეცვლასაც კი.
„ოცნება“ ამის სურვილს უკვე დიდი ხანია გამოხატავს, მაგრამ GORBI-ს ბოლო კვლევით - ვერ აგროვებს 113 მანდატს.
„მე გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის, ოპოზიციას გამოსდის 43 მანდატი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 6 მანდატი გვაკლია ამ მონაცემებით საკონსტიტუციო უმრავლესობამდე“, - წინასაარჩევნო კვლევის არითმეტიკა 15 აგვისტოს მედიას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა და იქვე დაამატა, რომ მმართველი პარტია მიზანს მაინც მიაღწევს მაქსიმალურად მობილიზებითა და სწორი კამპანიის წარმართვით.
ამისათვის კი „ოცნება“ დელეგატების ინსტიტუტის ამოქმედებას გეგმავს. კობახიძემ 22 დელეგატი უკვე წარადგინა, ითქვა რომ სულ იქნება 30 - ყველა ოლქში.
დელეგატები რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან და მათი საშუალებით მმართველი პარტია გეგმავს მაჟორიტარული სისტემის „სერიოზული უარყოფითი მხარეების“ კომპენსირებასა და ამომრჩევლებთან პირდაპირი კავშირის დამყარებას, რასაც მანამდე მაჟორიტარები აკეთებდნენ.
„ოცნებას“ მეტი ხმა სჭირდება და ეგულება.
„ვფიქრობ, 60%-ზე კიდევ უფრო მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს“, - უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ „ქართული ოცნების“ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ GORBI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შესახებ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ - ხალხი ხმას მმართველ პარტიას მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის აძლევს და ეს კვლევებშიც აისახება.
„მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს... იქ ნათქვამია, რომ არის +/-3% ცდომილების შესაძლებლობა - მე ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება პლუს“, - ეუბნება ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ბექა ოდიშარია, რომელიც ფიქრობს, რომ დაჯგუფების ფონზე ოპოზიციის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება. თუმცა კვლევაში ოპოზიცია ისედაც შექმნილი ჯგუფების მიხედვით არის წარმოდგენილი.
საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
ამ შეკითხვაზე პასუხების მიხედვით კვლევის მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 59,3%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13,1%;
- კოალიცია „ლელო“ / „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ / „თავისუფლების მოედანი“ - 5,8%;
- კოალიცია „ახალი“ / „გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ - 5,5%;
- საქართველოსთვის“ - 4,8;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%;
- „ევროპული საქართველო“ - 2,2%;
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2,1%;
- სხვა - 4,2%.
„გამორიცხულია, რომ „ოცნებას“ დღეს ასეთი რეიტინგი ჰქონდეს. ასეთი რეიტინგი არც არასდროს ჰქონია და მით უფრო დღეს ვერ ექნება... რა ფაქტორია საერთოდ ისეთი, რის გამოც „ოცნებას“ ამომრჩეველი ხმას მისცემს?!", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ზედმეტია წარმატებებსა და ეკონომიკურ წინსვლაზე ლაპარაკი, მაშინ, როცა "ყველაფერი ძვირდება, ხალხი ქვეყნიდან გარბის".
"ერთადერთი, ამომრჩევლებს ["ოცნება"] აშინებს იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება და იქნება რეპრესიები და ომიო. თურმე, დასავლეთი გამხდარა ჩვენი ნომერი პირველი მტერი და არა რუსეთი“, - ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საქართველოში ყველა ხელისუფლება წინასაარჩევნო კვლევებს იყენებდა „პროპაგანდის მიზნით“ და არა რეალობის შესაფასებლად და ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი დღეს 35%-ზე მეტი არ იქნება.
2012 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს თუ გადავხედავთ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არასოდეს ყოფილა 59%.
- 2012 წელს იყო - 54,97%
- 2016 წელს - 48,68%;
- 2020 წელს - 48,22%
GORBI-ს კვლევა ოპოზიციისთვისაც არადამაჯერებელია.
„დაჩის ზღაპრები" - ასე უწოდებს მას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ერთობის წარმომადგენელი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე და დასძენს, რომ ასეთ კვლევებს ძალა არ შესწევთ, შეცვალონ არჩევანი, რომელსაც, მისი თქმით, ხალხთან შეხვედრების დროს ხედავენ:
„ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ევროპისგან, აშშ-ისგან იზოლირებულ ქვეყანაში, სადაც არც სამუშაო ადგილია, უფრო მეტი სიღარიბეა და უფრო მეტი ქართველი გარბის ქვეყნიდან, თუ ევროკავშირის წევრ ერთიან საქართველოში, სადაც ქართველებს აქვე, საქართველოში აქვთ ცხოვრების ის პირობები, რისთვისაც უწევთ ქვეყნის და ოჯახების დატოვება“, - ამბობს მანჯგალაძე.
ბოლო ორი დღეა, ბევრი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევები წლების განმავლობაში არ მართლდებოდა და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებისგან.
მაგალითად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ:
- „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა – 56%;
- ცესკოს შედეგებით [პროპორციულ ნაწილში] – 48,22%.
იმავე არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდმა კოალიციამ 8%-ით მეტი აიღო, ვიდრე ეს „გორბის“ კვლევაში იყო:
- „გორბის“ მიხედვით – 19,9%;
- ცესკოს მონაცემებით - 27,18%.
კიდევ რას აჩვენებს GORBI-ს კვლევა და სხვა კვლევები
„ქართული ოცნება“ ხშირად აცხადებს, რომ ოპოზიცია სრულად განადგურებულია, მაგრამ ამ ბოლო კვლევის თანახმად, სამი ოპოზიციური ძალა ლახავს 5%-იან ბარიერს. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ (13,1%); „ლელო“ / „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ / „თავისუფლების მოედანი“ (5,8%); „ახალი“ / „გირჩი - მეტი თავისუფლება“ / „დროა“ (5,5%).
ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ (4,8%), კვლევის თანახმად, ახლოს დგას 5%-თან და ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მასაც აქვს.
ამ ეტაპისთვის „გახარია საქართველოსთვის“ არავისთან გაერთიანებულა. პარტია ხშირად აცხადებს, რომ 5%-იანი ბარიერის პრობლემა მათ საერთოდ არა აქვთ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ივლისის მიწურულს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართული ოცნება / ხალხის ძალას - 32,4%-იანი მაჩვენებელი აქვს.
- ერთიანობას: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს - 17,3%;
- ძლიერ საქართველოს: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს - 12,8%;
- საქართველოსთვის - გიორგი გახარიას - 11,2%;
- კოალიცია ცვლილებებისთვის- ახალი/გირჩი/დროას - 9,9%.
პროდასავლური ოპოზიციური ძალების რეიტინგი, ჯამში, თითქმის 19%-ით აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს.
ასევე ნახეთ რა აჯობებდა და რა ხდება - ოპოზიციის განლაგება და კვლევის შედეგებიმანამდე ოპოზიციური პარტიების დაკვეთითაც ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ / “ხალხის ძალის“ რეიტინგი – მცირედით აღემატება 30%-ს; ხოლო ოპოზიციური პარტიები ჯამში აგროვებენ "ოცნებაზე" მეტ ხმას.
ამ კვლევის თანახმად, თითქმის 57% ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს; ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას თითქმის 31% ემხრობა.