აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა სამ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“ და ის ამოქმედდა.
„აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ქართველი ხალხი სურვილს“, - თქვეს 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები პირველად დაუწესდათ. სავიზო სანქციები შეეხოთ ასევე სამართალდამცავებს, კერძო პირებსა და სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც. სია ამ დრომდე უცნობია და ეს კიდევ უფრო ზრდის ინტერესს - ჩამონათვალში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს.
ღიმილის მომგვრელია, უსამართლოა, არასერიოზულია
6 ივნისს, როდესაც პირველი სანქციები გამოაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ „საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს კურსი, რომელსაც ამჟამად მისდევს“ და „გადახედოს ქმედებებს“, მაგრამ თუკი არაფერი შეიცვლება, სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება.
ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ სანქციების პირველი ეტაპი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ არის გამოცხადებული - „ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის“ ფარგლებში.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ მიმდინარეობს ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა საქართველოს ხელისუფლებასთან“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
„ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის - მათ ოჯახის წევრებზე, მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლების შელახვაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებასა და საქართველოს მთავრობის მითითებით დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე“, - 6 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგი მეთიუ მილერმა საქართველოს თემით გახსნა.
ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებსმაგრამ, ჩანს, რომ „ოცნება“ არ აპირებს გამოიყენოს სტრატეგიული პარტნიორის მიერ მიცემული კიდევ ერთი შანსი.
„არავის არ ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ეს არის არასერიოზული, რაც ხდება და . ჩვენი პოლიტიკა გაცხადებული გვაქვს... არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და გაიმეორა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი მესიჯი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან „უნდა გადაიტვირთოს სტრატეგიული ურთიერთობა“.
„მორიგი შეცდომა“ - ასე შეაფასა სანქციები ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. მან ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს „ძალიან ძვირფასი და აგურ-აგურ ნაშენები“ უწოდა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ამ ურთიერთობებს „ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა“ „ქალბატონი დეგნანის [აშშ-ის ყოფილი ელჩი] მმართველობის პერიოდმა“. და მაინც, წულუკიანი იმედოვნებს, რომ - საბოლოოდ ყველაფერი ისე იქნება, როგორც „ოცნებას“ უნდა:
„სტრატეგიული პარტნიორობა არის სახეზე, მაინც. ამას ვერაფერი ვერ დაარღვევს, მე ამის მჯერა და მწამს და იმედი მაქვს, რომ იმაზე მალე დადგება დრო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, როდესაც ამ ურთიერთობების განახლება თუ გადატვირთვა დაიწყება.
დასანანია, რომ ამ სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ამ მომენტის მომწიფება და დადგომა დროში კიდევ უფრო გადაავადოს“.
უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აშშ-ის სვლას უსამართლოს უწოდებს, თვლის, რომ საქართველოს „ერთგულებისა და ნდობის მეტი არაფერი დაუმსახურებია“; გუნდში უკან დახევას არავისგან მოელის, მაგრამ მაინც აინტერესებს - რა პრინციპით შეირჩნენ სანქცირებული პირები და „პარლამენტის ერთი წარმომადგენელი თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი - 83“, მაშინ როცა „ყველა ერთნაირად უჭერდა [მხარს] ამ კანონის მიღებას“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ხუმრობას ცდილობს.
„მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ "მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს" - მდინარაძე სანქციებს ეხმაურებახუმრობა უადგილოდ მიაჩნიათ ექსპერტებს, რადგან თანდათან სულ უფრო მეტი და უფრო მძიმე სანქციების პერსპექტივას ხედავენ. ისინი ვერ იხსენებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები დაედოს სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
„[სანქციების პოლიტიკა] ზოგჯერ ზედაპირულად არის ხოლმე აღქმული, რომ - აი, ვიღაც კონკრეტული ადამიანები ვეღარ იმოგზაურებენ შეერთებულ შტატებში და მორჩა. ისინიც ხალისით ამბობენ - არც ვაპირებ მოგზაურობასო...
მაგრამ ეს გაცილებით უფრო სერიოზული პოლიტიკური თემაა, ვიდრე ვიღაცის მოგზაურობა. სანქციების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ თანდათანობითი გამძაფრებით მიღწეულ იქნას პოლიტიკური შედეგი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, „ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დათო სიხარულიძე და განმარტავს, საქართველოს შემთხვევაში აშშ-სთვის სასურველი შედეგია - ქვეყნის დაბრუნება „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნებით განსაზღვრულ კურსზე“, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს.
ემუქრება თუ არა საფრთხე აშშ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ქარტიით არის დადასტურებული?
დათო სიხარულიძისთვის საყურადღებოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მკაფიო განცხადება თანამშრომლობის საყოველთაო გადახედვის შესახებ, ხედავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების დაკარგვის საფრთხეს, მათ შორის - თავდაცვის სფეროში და შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ საქართველო შესაძლოა „დაუცველად დატოვოს ტრადიციული მტრის - რუსეთის“ წინაშე.
„თუ ჩვენ გადავხედავთ იმ ქვეყნების კლუბს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები აქვთ დაწესებული - არასახარბიელო სურათია. ეს კლუბი რუსეთის მოკავშირე ქვეყნების კლუბია“, - გვეუბნება სიხარულიძე.
რუსეთი, ბელარუსი, ირანი, სირია თუ ჩრდილოეთი კორეა - აშშ-ს სანქციები ავტორიტარული რეჟიმების მიმართ აქვს დაწესებული.
აშშ-ის პრაქტიკაში არაერთი სახის სანქცია მუშაობს:
- შეიარაღებასთან დაკავშირებული ექსპორტის აკრძალვა;
- ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლი;
- ეკონომიკური დახმარების შეზღუდვა;
- საფინანსო შეზღუდვები;
- სავიზო შეზღუდვა - როცა კონკრეტულ პირებს ან კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა.
„სანქციები შესაძლოა იყოს როგორც ყოვლისმომცველი, ასევე შერჩევითი - რაც გულისხმობს აქტივების ბლოკირებასა და ვაჭრობის შეზღუდვას საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად“, - წერია აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ოფიციალურ ვებსაიტზე. OFAC ადმინისტრირებას უწევს სახაზინო სანქციების პოლიტიკას და ახორციელებს კონტროლს. შედგენილია იმ პირთა სია (SDN list), რომლებსაც სანქციები უწესდებათ.
სანქცირებულთა ნუსხაში 2023 წლის შემოდგომაზე მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მას საბანკო ანგარიშები საქართველოს ბანკებშიც გაეყინა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისთვის გარკვეული შეღავათი დაუშვა.
ფარცხალაძის შემთხვევაში სანქციების მიზეზი „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენა“ და ФСБ-ს ოფიცერთან კავშირები იყო. ფარცხალაძე ქართველ-რუს ოლიგარქად იყო მოხსენიებული. მედიაში გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახლახან ფარცხალაძეს პრობლემა შეექმნა გერმანიაში შესვლაზე.
არის მოლოდინი, რომ სავიზო სანქციებით დაწყებული პროცესი საქართველოს შემთხვევაშიც სახაზინო სანქციებით გაგრძელდება.
სენატორი ჯინ შაჰინი მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციებს „დემოკრატიის ძირის გამოთხრასა“ და „მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის“ პასუხისმგებელი პირებისთვის და კიდევ უფრო მეტ შეზღუდვაზე საუბრობს.
„ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივ სახეს მისცემს და ნათელს გახდის, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, - წერს დემოკრატი სენატორი სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].
სენატორ შაჰინის ინიციატივითა და ავტორობით სენატში მაისში წარდგენილ კანონპროექტს ორივე პარტია უჭერს მხარს. პარალელურად, ინიციირებულია ასევე ორპარტიული კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. MEGOBARI - ამ სახელწოდების კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს ეკუთვნის.
ორივე ეს კანონპროექტი სახაზინო სანქციებს ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ ჩინოვნიკების აქტივებს გაყინავენ, შეიძლება ანგარიშები დაუხურონ - ექსპერტებს ვკითხეთ, რანაირი შეიძლება იყო აშშ-ის მთავრობის სანქციები
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი ირაკლი მჭედლიშვილი იმედს იტოვებს, რომ საქმე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განადგურებამდე არ მივა და, საზოგადოების უმრავლესობის სურვილის შესაბამისად, საქართველო პროდასავლური, დემოკრატიული კურსის შენარჩუნებას შეძლებს.
მაგრამ თუკი არაფერი შეიცვლება, ექსპერტი მოელის, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარების პროგრამები შეიზღუდება და ინდივიდუალური სანქცირების პროცესიც გაფართოვდება.
„ვაკვირდებოდი, როგორც რთულდებოდა სანქციები რუსეთის მაგალითზე. ოჯახის წევრების სანქცირება მანამდე არ იყო აშშ-ის პრაქტიკაში, რუსეთზე დააწესეს პირველად - უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მერე სულ უფრო გაფართოვდა სანქციები და თანდათან უფრო მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ“, - ირაკლი მჭედლიშვილი გვეუბნება, რომ დღეს, როცა მსოფლიოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის მკაფიო „ფრონტის ხაზია“ გავლებული, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მიერ „ღალატად არის აღქმული“ და სწორედ ამით არის განპირობებული მკაცრი რეაქციებიც.
„პარტნიორებს უნდა შეუთანხმდე და იმიტომ კი არა, რომ ვასალი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ესენი არიან შენი მეგობრები. იგივეა, ოჯახში მოულოდნელად სულ სხვანაირად რომ დაიწყო მოქმედება - რაღაცეები შემოიტანო, გაიტანო, ვიღაცეები მოიყვანო და ოჯახის წევრებს არაფერი უთხრა. ეგრე ხომ არ არის - ოჯახშიც ხომ უნდა შეათანხმო და ასეა ქვეყნებთან პარტნიორობაც - საერთო ძალისხმევით აშენებთ მომავალს“, - ეუბნება ირაკლი მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებას.
აშშ-ისა და ევროპის სანქციების პრაქტიკის ფარგლებში უკვე გამოკვეთილი გამოცდილების მიხედვით, ექსპერტები მოელიან, რომ:
- აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს ადრე თუ გვიან სანქციებს დაუწესებენ ევროპის ქვეყნებშიც, რადგან აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთთან კოორდინაციით მოქმედებენ;
- აშშ-ის მიერ სახაზინო წესებით სანქცირებულ პირებს გაუჭირდებათ საფინანსო და ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რადგან სანქციები მათთან კავშირში მყოფ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზეც შეიძლება გავრცელდეს;
- მათი სახელით საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები შეუძლებელი გახდება - ანგარიშები დაყადაღება;
- ბუნდოვანი იქნება სანქცირებულთა უძრავი ქონების მომავალი საზღვარგარეთ. თუკი ვერ ჩავლენ და სახლებით ვერ ისარგებლებენ და გადასახადები დაგროვდება - შესაძლოა, უძრავი ქონება გაიყიდოს კიდეც, ამ გადასახადების დასაფარად.
ასევე ნახეთ "გადატვირთვის" ქართული პოლიტიკა - რას მოითხოვს "ოცნება" დასავლეთისგან
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის სანქციებს მალე დაემატება ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები და სანქციები.
Movement-თან ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „აგენტების კანონის“ საბოლოო დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები ყველა შესაძლო ზომას განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ. მესამე და გადამწყვეტი შეხვედრა ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი.
ჟურნალისტის შეკითხვას - შედის თუ არა განსახილველ ზომებში სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება, ელჩმა დადებითი პასუხი გასცა.
„ექვსი თვით შეჩერებას წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ნახევარზე ცოტა მეტის [15 ქვეყანა] და არა ყველა წევრის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ეს [სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება] ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები“, - აღნიშნავს ელჩი ჰერჩინსკი.
ბრიუსელიდან თუ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებიდან არაერთხელ გააფრთხილეს თბილისი, რომ „აგენტების კანონი“ ხელს შეუშლის ევროინტეგრაციას. არავინ გამორიცხავს, რომ ზომები შეეხოს როგორც ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებას, ასევე - გარკვეული პროგრამების შეჩერებას.
ასევე ნახეთ "ბევრი რამ, რაც ითქვა ევროკავშირზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა" - პაველ ჰერჩინსკი