მთავრობამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანიებს 5 მილიონი ლარი აპატია - ვცდილობთ გავერკვიოთ, რატომ? 

ფოტოილუსტრაცია: „ოცნების“ დეპუტატის გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიებს ხუთი მილიონი ლარი ეპატიათ

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახავთ, როგორ ჩამოაწერა საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის კომპანიებს მრავალმილიონიანი დავალიანება. გიამბობთ ამ კომპანიების წინააღმდეგ გადასახადებისთვის თავის არიდების და დოკუმენტაციის გაყალბების მუხლებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შესახებ და არამარტო.

აქვე გაიგებთ, რა კავშირი აქვს ამ დეპუტატის ოჯახს უკრაინაში სანქცირებულ ბიზნესმენებთან, რომლებიც თავის მხრივ „ქართულ ოცნებასთან“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი.

გოდერძი ჩანქსელიანის გზა პოლიციიდან პოლიტიკაში

როგორ აპატიეს “ბევრილი ჯგუფს” 2,6 მილიონი ლარი

როგორ აპატიეს “გრანდე ჯგუფს” 2.8 მილიონი ლარი

დეპუტატი, სავარაუდოდ, კანონსაც არღვევს

გოდერძი ჩანქსელიანის გზა პოლიციიდან პოლიტიკაში, ბიზნესის გავლით - ლოდინი დეპუტატის კაბინეტთან

55 წლის ბიზნესმენი გოდერძი ჩანქსელიანი პოლიტიკაში 2016 წელს გამოჩნდა - თავდაპირველად როგორც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი თეთრიწყაროდან. 2020 წელს ის უკვე “ოცნების” საარჩევნო სიის 54-ე ნომერია და მეორედ ხდება პარლამენტის წევრი.

დეპუტატს თებერვლის დასაწყისში შევხვდით - გვსურდა გაგვეგო, რის სანაცვლოდ ჩამოაწერა სახელმწიფომ მილიონები მის კომპანიებს.

ჩანქსელიანმა თავდაპირველად ინტერვიუზე უარი გვითხრა - დაკავებული ვარო. დავპირდით, რომ დაველოდებოდით.

და სანამ პარლამენტის მარცხენა ფლიგელში, მესამე სართულზე, აგრარული კომიტეტის გვერდით მის კაბინეტთან ველოდებით, მოგიყვებით, რაც დეპუტატთან მისვლამდე გავარკვიეთ:

გოდერძი ჩანქსელიანი ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი და პარტიის გადაწყვეტილებების ერთგული მხარდამჭერია. მაგალითად, წინააღმდეგ მისცა ხმა თავისი ნათესავის საპროკურორო საბჭოში არჩევას, იმიტომ რომ ნათესავი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და “ოცნება” მისი წინააღმდეგი იყო; მხარი დაუჭირა საპროკურორო საბჭოს სხვა ოპოზიციონერ კანდიდატს, რომელზეც “ქართული ოცნება” შეჯერდა. დაეთანხმა “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტს, რომელსაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში აპროტესტებდა,

განათლებით სამართალმცოდნეა, 1994 წელს დაამთავრა პოლიციის აკადემია და ჯამში 14 წელი მუშაობდა პოლიციელად - ამას პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ.

2003-04 წლებში პოლიციის უფროსი იყო ქვემო ქართლში - რეგიონში, რომელიც შევარდნაძის მთავრობის საარჩევნო ხმების ბეღლად იყო ცნობილი. პოსტი ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში დატოვა და ხორბლის და სამშენებლო ბიზნესში გადაინაცვლა.

ჩანქსელიანის და მისი ოჯახის ბიზნესის სოლიდურ ნაწილს დღეს “ბევრილი ჯგუფი” აერთიანებს, 2001 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც დღევანდელი სახელწოდებით 2012 წლიდანაა ცნობილი.

ჩავიხედეთ “ბევრილი ჯგუფის” წლიურ ანგარიშებში და ვნახეთ, რომ დეპუტატის კომპანიებს შემოაქვთ, აწარმოებენ და ყიდიან ხორბალს და პურის ფქვილს. ჩანქსელიანები ასევე ფლობენ საცალო მარკეტების ქსელს და აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს - მთლიანობაში მათი კომპანიების კაპიტალი დაახლოებით 50 მლნ ლარია.

უახლესი ოფიციალური მონაცემებით, “ბევრილი ჯგუფის” შემოსავალი 2021-22 წლებში 160 მილიონი ლარი იყო, საერთო მოგება კი 13 მილიონ ლარზე მეტი.

მოგების ნახევარზე მეტი - თითქმის 8 მილიონი ლარი - 2022 წელზე მოდის.

აქვე გაგვახსენდა, რომ “ბევრილი ჯგუფი” მედიის ყურადღების ცენტრში კოვიდპანდემიის დროს, 2020 წელს მოექცა. მაშინ მთავრობამ პარლამენტარის კომპანიას, ხორბლის შემოსატანად ბიუჯეტიდან 1,5 მლნ ლარზე მეტი მისცა. კორუფციული გარიგება დაარქვა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ.

გარიგება, თან კორუფციული იმიტომ, რომ “ბევრილი ჯგუფის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატ ჩანქსელიანის ძმამ მანამდე ხელისუფლებას საარჩევნოდ ჯამში 33 ათასი ლარი შესწირა.

დღეს “ბევრილი ჯგუფის” 70%-ს დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი ფლობს, დაახლოებით 30%-ს - მისი ძმა ნერუ ჩანქსელიანი.

იმავე თანაფარდობით - 70% ეკუთვნის დეპუტატს “გრანდე ჯგუფში”, 30% კი ძმას, ამ კომპანიის დირექტორია დეპუტატის 23 წლის შვილი ბუბა ჩანქსელიანი.

გოდერძი ჩანქსელიანისა და მისი ოჯახის წევრების წილები კომპანიებში

დეპუტატის ვაჟი ასევე ფლობს კომპანიას, სადაც მისი მთავარი პარტნიორი “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული მსხვილი ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია.

“ინნ დეველოპმენტ+”-ში დეპუტატ ჩანქსელიანის შვილს 25% ეკუთვნის, 50% კი - ვახტანგ კარიჭაშვილს. კომპანია ფლობს თბილისში, დიდ დიღომში 8 მილიონ ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს, სადაც შენდება საცხოვრებელი კომპლექსი “დიდი დიღომი ინნ”.

ვინ არის ვახტანგ კარიჭაშვილი?

ვახტანგ კარიჭაშვილს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის 52 წლისაა და გორის რაიონშია დაბადებული. კარიჭაშვილის კომპანია Bolero & Company უკრაინამ 2023 წელს ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა და სანქციები დაუწესა.

კიევის ინფორმაციით, კარიჭაშვილის კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარის ღვინის პროდუქტი შეიტანა რუსეთში, რითაც ომის დაფინანსებას შეუწყო ხელი.

კარიჭაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მრავალი მილიონი ლარი აქვთ მიღებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ კომპანიებთან დაკავშირებული პირები “ოცნების” მსხვილი დამფინანსებლებიც არიან.

ასევე ნახეთ ვაჭრობა ოკუპანტთან

თავის მხრივ, ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნესპარტნიორია (ერთად ფლობენ კომპანია “მელიქიშვილი ინნ“-ს) უკრაინის მიერ კიდევ ერთი სანქცირებული ქართველი ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია.

ვახტანგ კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილის მოწმე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მამაცაშვილმა “ანტიკორუფციულ მოძრაობას” (ლევან ხაბეიშვილი, ვასო ურუშაძე) 2022 წელს სასამართლო დავა ნაწილობრივ მოუგო.

როგორ აპატიეს “ბევრილი ჯგუფს” 2,6 მილიონი ლარი

“ბევრილი ჯგუფს” ხორბალი და ფქვილი მეტწილად რუსეთიდან შემოაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კომპანიას სახელმწიფო უწყებებთან პრობლემები 2019 წელს დაეწყო - ეჭვი მიიტანეს გადასახადების დამალვაზე.

ამ დროს გოდერძი ჩანქსელიანი პარლამენტში "ოცნების" მაჟორიტარია და “ბევრილი ჯგუფს” მისი ძმა ნერუ ჩანქსელიანი მართავს.

ბევრილი ჯგუფის 2022 წლის ფინანსური ანგარიში

2019 წლის 5 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - იგივე ფინანსურ პოლიციაში, დაიწყო გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის გადახდისგან თავის არიდების ფაქტზე. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ბევრილი ჯგუფის” შემოწმების აქტი 2020 წლის 22 დეკემბერისთვის გამოიცა, კომპანიას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 მლნ 137 ათასი ლარის (ჯარიმა და საურავები) გადახდა და სანამ ამ ჯარიმას არ გადაიხდიდა, ქონების განკარგვა აეკრძალა.

“ბევრილი ჯგუფმა” დაკისრებული გადასახადი არ გადაიხადა და შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივლა.
დავა 3 წელი გაჭიანურდა. კომპანიის ერთ-ერთ შიდა დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ნანახი, ამ დავის სასამართლოში მოგების მხოლოდ 50%-იან შანსზეა საუბარი.

იყო შეცდომა, ხდება მსგავსი შეცდომები, არასწორად იყო დაკისრებული [ჯარიმა] თავის დროზე.
პარლამენტარი გოდერძი ჩანქსელიანი

2023 წლის სექტემბერში მომზადებული დოკუმენტიდან, რომელსაც ხელს დეპუტატის ძმა, კომპანიის დირექტორი ნერუ ჩანქსელიანი აწერს, ვიგებთ, რომ 2023 წლის აპრილში “ბევრილი ჯგუფს” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 3 მლნ 137-ათასლარიანი საბიუჯეტო დავალიანება 50 ათას ლარამდე შემცირებია.

დავალიანების შემცირება კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებით მოხდა.

კანონით საგადასახადო შეთანხმების მიღწევის გზა რთულია და რამდენიმე ეტაპისგან შედეგება:

1. მეწარმე შეთანხმების გაფორმების თხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავს;
2. შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციას ფინანსთა სამინისტროს უგზავნის;
3. ფინანსთა სამინისტროს საკითხი განსახილველად მთავრობასთან მიაქვს;
4. მთავრობა წყვეტს, აპატიოს თუ არა კომპანიას საბიუჯეტო დავალიანება.

რადიო თავისუფლებამ შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წერილობით ჰკითხა, რა პირობებით გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება “ბევრილი ჯგუფთან” და რა სარგებელი მიიღო ამით სახელმწიფო ბიუჯეტმა.

შემოსავლების სამსახურმა და მთავრობამ ერთმანეთის მსგავსი წერილობითი პასუხი გაგვცეს - ეს ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოაო. ფინანსთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების კითხვა უპასუხოდ დატოვა.

შეთანხმების დეტალების დადგენა თავად დეპუტატ ჩანქსელიანთან გვსურდა. კაბინეტთან 20 წუთი ველოდეთ, და საბოლოოდ კითხვებზე პარლამენტის დერეფანში გვიპასუხა, სანამ თავად ელოდებოდა ლიფტს.

გოდერძი ჩანქსელიანმა გვითხრა, რომ მთავრობამ მისი კომპანიისთვის ვალის პატიებით შეცდომა გამოასწორა, იმიტომ რომ “ბევრილი ჯგუფს” სახელმწიფოსთვის გადასახადები არასდროს დაუმალავსო.

„იყო შეცდომა, ხდება მსგავსი შეცდომები, არასწორად იყო დაკისრებული თავის დროზე“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას და კითხვაზე - ხომ არ დაეხმარა დეპუტატი მთავრობას პატიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, უპასუხა:

- არ დაჭირდებოდა ჩემი შეთანხმება, ასეთი რაღაცეები ადრეც ხდებოდა, სანამ მე პარლამენტში არ ვიყავი. ადრეც მომხდარა საგადასახადო შეთანხმება, მე რომ პარლამენტში არ ვიყავი.

- თქვენს კომპანიაზე?

- კი, ბატონო.

- თქვენ არ დახმარებიხართ?

- არა, არ საჭიროებდა ჩემს დახმარებას.

რადიო თავისუფლების სხვა კითხვებზე “ბევრილი ჯგუფის” იურისტი ზურაბ ბენდელიანი პასუხობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “სახელმწიფოს პრეტენზიები აბსურდული იყო”, გარდა 50 ათასი ლარის პირდაპირ გადახდისა, “ბევრილი ჯგუფს” შემოსავლების სამსახურმა ჩამოაჭრა დაახლოებით 450 ათასი ლარი დასაბრუნებელი დღგ და ჯამში “ბევრილი ჯგუფმა” დაკისრებულ ჯარიმაზე 2.6 მლნ ლარით ნაკლები, 500 ათასი ლარი გადაიხადა.

როგორ აპატიეს “გრანდე ჯგუფს” 2.8 მილიონი ლარი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კიდევ უფრო მეტი, 2.8 მილიონი ჩამოაწერეს დეპუტატ ჩანქსელიანის მეორე კომპანიას „გრანდე ჯგუფს“.

ეს ის ბიზნესია, რომლის მფლობელობასაც პარლამენტარი თავის ძმასთან იყოფს, კომპანიის დირექტორი კი მისი შვილი ბუბა ჩანქსელიანია. კომპანია ფლობს 22 მლნ ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს კრწანისში, სადაც საცხოვრებელ კომპლექსს “კრწანისი გრანდეს” აშენებს.
2022 წელს “გრანდე ჯგუფს” 11 მილიონი ლარის შემოსავალი და მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

"გრანდე ჯგუფმა" 2022 წელს, ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ერთი მილიონი ლარის მოგება ნახა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, “გრანდე ჯგუფს” 2021 წლის დეკემბერში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 მლნ 900 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოგვიანებით ამ კომპანიასაც ჩამოაწერეს ეს ვალი, რასაც ადასტურებს გოდერძი ჩანქსელიანი. “გრანდე ჯგუფთან” გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ რადიო თავისუფლებას შემოსავლების სამსახური ინფორმაციას არ აძლევს, დეპუტატი კი ამ კომპანიაზეც იმავეს ამბობს - ეს იყო შეცდომა, რომელიც მთავრობამ გამოასწორა.

Your browser doesn’t support HTML5

დეპუტატი ჩანქსელიანი მილიონების პატიებაზე

“გრანდე ჯგუფისთვის” გადასახადების დაკისრების მიზეზი ასეა აღწერილი დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა:

“დავის საგანს წარმოადგენს განხორციელებული ოპერაციის ფიქტიურად მიჩნევის საკითხი და ანგარიშფაქტურით შეძენილი საქონლის არგათვალისწინების გამო განხორციელებული დარიცხვები”- რაც, მარტივად, ფიქტიურ გარიგებას ან საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას ნიშნავს. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს.

რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ჰკითხა, იძიებს თუ არა “გრანდე ჯგუფის” მხრიდან 3 მილიონამდე ლარით ბიუჯეტის დაზარალების ფაქტს.
მათი პასუხის მიხედვით, ამ საქმეზე გამოძიება დაახლოებით 3 წლის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით დაიწყო, გამოიკვეთა ერთი ადამიანის ბრალეულობა და საქმე სასამართლოშია განსახილველად. საგამოძიებო სამსახური მეტ დეტალს არ ამხელს.

210-ე მუხლი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს და სასჯელად მაქსიმუმ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მისი კომპანიის თანამშრომელს სასამართლო გაამართლებს.

Your browser doesn’t support HTML5

დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას პროგნოზირებს

დეპუტატის კომპანიების იურისტი, ზურაბ ბენდელიანი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ მათი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. მას ოციათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. იურისტი ამ შემთხვევაზეც ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

ბენდელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ”გრანდე ჯგუფისთვის” გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების შედეგად, დაკისრებული 2 მლნ 900 ათასი ლარი შემცირდა და კომპანიამ ბიუჯეტში მხოლოდ 110 ათასი ლარი გადაიხადა.

დეპუტატი, სავარაუდოდ, კანონსაც არღვევს

კომპანიებში, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ მილიონები აპატია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 70-70%-იან წილებს დღესაც დეპუტატი ჩანქსელიანი ფლობს და განკარგავს, რაც, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისგან გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, კანონდარღვევაა. წერილში, რომელიც კომიტეტმა რადიო თავისუფლების შეკითხვებზე პასუხად გამოგზავნა, წერია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი დეპუტატს ავალდებულებს, კომპანიებში კუთვნილი წილები მინდობილობით, სამართავად სხვას გადასცეს.

კანონით, დეპუტატმა ეს დაუყოვნებლივ, პარლამენტში არჩევისთანავე უნდა გააკეთოს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ჩანაწერების მიხედვით, ჩანქსელიანს თავისი კომპანიების წილები სამართავად ამ ჟურნალისტური გამოძიების დაწყებამდე არ გადაუცია.

წინა მოწვევის პარლამენტის წევრობის დროს, მას კომპანიის წილი მართვაში თავისი ძმისთვის ჰქონდა გადაცემული.

დეპუტატმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშიც თქვა, რომ კომპანიების წილებს ფლობს, მაგრამ “მართვაში არ ერევა” - “მე დამფუძნებელი ვარ და მართვაში არ ვარ, არ მაქვს უფლება, რომ ვიყო, არ ვერევი მართვაში, არ უნდა ვერეოდე, იმიტომ რომ დეპუტატი ვარო”.

ჩანქსელიანის კომპანიების წესდებების მიხედვით, დამფუძნებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს ბიზნესის მართვაში, ის წყვეტს ქონების შეძენა-გასხვისებას, სამართლებრივად დატვირთვას, მსხვილი სესხების აღება-გაცემას, ბიუჯეტის, ანგარიშების დამტკიცებას.

კომპანიების იურისტი ზურაბ ბენდელიანი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ დეპუტატს ყველა უფლება ნოტარიუსთან გაფორმებული მინდობილობებით შვილისთვის აქვს გადაცემული, თუმცა ეს ფაქტი საჯარო რეესტრში არ აქვთ ასახული.

"ბევრილი ჯგუფის" ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან

"წილის მართვაში გადაცემა სამართლებრივად გამართული არის იმ მომენტიდან, როცა მართვაში გადაცემა აისახება რეესტრის ამონაწერში. ვიდრე ეს არ იქნება რეესტრში ასახული, წილი მართვაში გადაცემულად არ ჩაითვლება. მინდობილობის შემთხვევაში თქვენ გადასცემთ მინდობილ პირს გარკვეულ უფლებებს, მაგრამ თქვენც ინარჩუნებთ უფლებებს და ეს არ არის მართვაში გადაცემა. წილის მართვაში გადაცემა მოითხოვს საჯარო რეეტრში რეგისტრირებას", - უთხრა იურისტმა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

მანამ, ვიდრე წილის გადაცემა არ იქნება რეესტრში ასახული, წილი მართვაში გადაცემულად არ ჩაითვლება.
ლია მუხაშავრია - იურისტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კორუფციის მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ დეპუტატის მიერ კომპანიის წილის ფლობა შეუთავსებელია მის საქმიანობასთან და ეს შეუთავსებლობა დაუყოვნებლივ უნდა აღმოფხვრილიყო, დეპუტატი ვალდებული იყო, წილი სხვისთვის გადაეცა სამართავად.

“სანქცია წილის მართვის უფლებით არგადაცემის გამო არის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ამას ადგენს კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი”, ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

კანონით, ასეთი შეუთავსებლობის ფაქტის გამოვლენიდან 10 დღეში, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა საკითხი უნდა გამოიკვლიოს და მოამზადოს დასკვნა, რომელსაც პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. “პარლამენტის ბიურომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი”, - ამბობს კორუფციის მკვლევარი რადიო თავისუფლებასთან.

ირაკლი ქადაგიშვილისგან მიღებული წერილობითი პასუხი.

ეს არ არის შესაძლო კანონდარღვევის ერთადერთი ფაქტი - რადიო თავისუფლების მოძიებული მასალებით, გოდერძი ჩანქსელიანმა გასულ წელს უსასყიდლოდ მიიღო მრავალმილიონიანი კომპანიის წილი - ამ მოცულობის საჩუქრის მიღებას დეპუტატს კანონი უკრძალავს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს “გრანდე ჯგუფი” რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე მურთაზ ფერცულიანმა 2018 წელს დააფუძნა, 2023 წელს კი ძმებ ჩანქსელიანებს აჩუქა - 70% დეპუტატს, 30% მის ძმას.

ეს კომპანია კრწანისში ელიტურ კორპუსებს აშენებს, ჩუქებამდე შევსებული ბოლო ანგარიშით, “გრანდე ჯგუფის” შემოსავალი 11 მლნ ლარი იყო, მოგება 1 მილიონი ლარი, კაპიტალი კი 28 მილიონი ლარი. სახელმწიფომ ჩამოაწერა დაახლოებით 2.8 მლნ ლარის გადასახადი.

პარლამენტის კომიტეტიდან რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილი განმარტების მიხედვით, დეპუტატს ეკრძალება მიიღოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც მისი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება. ჩანქსელიანის წლიური ხელფასის 5% დაახლოებით 2500 ლარია, მისთვის საჩუქრად მიცემული კომპანიის წილის ღირებულება, მრავალჯერ აღემატება კანონით დასაშვებს და სულ მცირე რამდენიმე მილიონი ლარია.

დეპუტატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიზნესმენი, რომელმაც კომპანიის წილი აჩუქა, მისი ბიძაშვილია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევარი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ დეპუტატს ამ ღირებულების საჩუქრის მიღებას, თუნდაც ბიძაშვილისგან, კანონი უკრძალავს და ამ საკითხის შესწავლა და რეაგირება საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა.


პარლამენტის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დეპუტატს ნებისმიერი საჩუქრის დეკლარირება ევალება "საჩუქრების რეესტრში", რომლის ღირებულებაც 300 ლარს აღემატება, ამისთვის სპეციალური ფორმა პარლამენტის ბიურომ 2019 წელს დაამტკიცა.

რადიო თავისუფლებას გამოთხოვილი აქვს და ელოდება საჩუქრების რეესტრს, სადაც დეპუტატები ვალდებულნი არიან, საჩუქრის და მჩუქებლის შესახებ ინფორმაცია შეიტანონ.

კონტროლის ეს მექანიზმი 2019 წელს შემოიღეს, მაგრამ, სავარაუდოდ, არც არასდროს უმუშავია.

პარლამენტის რამდენიმე წევრი ზეპირად გვიდასტურებს, რომ საჩუქრების რეესტრი მხოლოდ ფურცელზეა შექმნილი და დეპუტატები მას არ ავსებენ.

კითხვაზე, რატომ აჩუქა ბიძაშვილმა მრავალმილიონიანი ქონება, ჩანქსელიანი განმარტავს, რომ მიწა კრწანისში, რომელსაც დღეს “გრანდე ჯგუფი” ფლობს და სადაც საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, მას და მის ძმას ეკუთვნოდათ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შიშით მრავალი წელი სხვაზე ჰქონდათ გაფორმებული და მხოლოდ 2023 წელს დაიბრუნეს.

დეპუტატის ამ განმარტებაშიც კანონის დარღვევას ხედავს საერთაშორისო გამჭვირვალობის მკვლევარი: “დეპუტატის განმარტებაც კანონდარღვევაა, ის, რომ, როგორც თავად ამბობს, ეს ბიზნესი მისი იყო, მაგრამ არ ქონდა დარეგისტრირებული, დეკლარაციაში არ ასახავდა, არც მიღებულ შემოსავალს უთითებდა, პრობლემაა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სანდრო ქევხიშვილი.

2023 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში გოდერძი ჩანქსელიანმა კი ჩაწერა, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან შპს “გრანდე ჯგუფის” 70%-ის მესაკუთრე გახდა, თუმცა ჩუქების შესახებ არც იქ მიუთითა.

“ოცნების” დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის და მისი ძმის კომპანიებს სახელმწიფომ ბიუჯეტის სასარგებლოდ 6 მილიონზე მეტი ლარი დააკისრა. ეს გამოვლენილი გადასახადებისა და მათზე დამატებული სანქცია-საურავების ჯამია.
შემდეგ, მთავრობის განკარგულებით, ეს თანხა დაახლოებით 10-ჯერ შემცირდა და საბოლოოდ ორივე კომპანიამ 6 მილიონის ნაცვლად 610 ათასი ლარი გადაიხადა.
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ ზოგადად საგადასახადო დავალიანება, რომელზეც შეთანხმება გაფორმდა, მეწარმის მიერ აღიარებულად ითვლება. რა სარგებელი მიიღო საქართველოს ბიუჯეტმა ამ კომპანიების მიერ აღიარებული ვალდებულებების ჩამოწერით, უცნობია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა.