ტელეკომპანიები, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მათგან მოითხოვს უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური“ ბანერების მათ ეთერში გაშვებას.
ტელეარხების თქმით, ისინი ამ ბანერებს ეთერში არ გაუშვებენ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, „დიდძალი ჯარიმები“ დაეკისროთ.
ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებასა და საელჩოებს.
სამი ტელეკომპანიის მიერ 5 ოქტომბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“, - აცხადებენ ტელევიზიები.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რადგან მათ ეთერიდან ამოიღეს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი. კლიპში ჩანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.
„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია „ქართული ოცნების“ ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს“, - მოუწოდებენ ტელეკომპანიები საელჩოებს.
თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.
ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი - თბილისის სამების ტაძარი.
ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთ პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდის“ მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
ასევე ნახეთ ჯობს ნანგრევებში იყო, ვიდრე რუსეთის მონობაში - რას პასუხობენ უკრაინაში "ქართული ოცნების" კამპანიას ასევე ნახეთ რუსეთში "ქართული ოცნების" ბანერები მოეწონათ. გიკვირთ?