ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ პუტინისტი პოლიტიკოსებისა და ბლოგერების სასიხარულო გამოხმაურებებს.
რა უხარიათ ყველაზე მეტად? ის, რომ საქართველომ საკუთარი “სუვერენიტეტი” დასავლეთისგან დაიცვა.
ქათინაურები “ძველი მეგობრებისგან”
“აგენტების კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით, ქართულმა პარლამენტმა ხასიათი და სიმწიფე გამოიჩინა”, - დაწერა რუსმა დეპუტატმა გრიგორი კარასინმა კანონის მიღებიდან რამდენიმე წუთში.
კარასინი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. 2012 წლიდან, ის საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებათა მაგიდასთან უზის ე.წ. პრაღის ფორმატში (იგივე კარასინი-აბაშიძის დიალოგში).
კარასინი თბილისში აგენტების კანონის მიღებას ჯერ კიდევ შარშან ქომაგობდა და წერდა, რომ საქართველო “პოლიტიკური დისციპლინის” გამოცდას გადის.
ცოტა ხნის წინ კი თქვა, ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, “აგენტების კანონი” დასავლეთისთვის უბრალოდ საბაბია, რათა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი" გაახსნევინოსო.
კანონის მიღებას გამოეხმაურა კიდევ ერთი რუსი დეპუტატი, კონსტანტინ კოსაჩოვი. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “კოლოსალურ” წნეხს გაუძლო და დასავლეთი “ცინიზმში” დაადანაშაულა.
საქართველოსთვის ხელის შეშლა ცინიკურია, რადგან სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთმაც მიიღო ანალოგიური კანონი, - გაიმეორა კოსაჩოვმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი გამართლება.
კოსაჩოვიც ხშირად ეხმიანება საქართველოში მიმდინარე ამბებს.
26 მაისს მან დაწერა, რომ რუსეთმა თავის დროზე საქართველოს თხოვნა გაითვალისწინა და ის განადგურებისგან იხსნა, ახლა კი ქართველ ხალხს “ევროატლანტიკურ სივრცეში გაქრობა” ემუქრება.
“ქართველებო, არ შეცდეთ. ახლა “ევროპასა” და რუსეთს შორის კი არ ირჩევთ. თქვენი არჩევანია, ან შეინარჩუნოთ საკუთარი თავი და არ უღალატოთ წინაპრებს. ანდაც უღალატოთ და არ შეინარჩუნოთ” .
საქართველოს სუვერენიტეტს გამოესარჩლა დეპუტატი ლეონიდ სლუცკიც, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა “ღრმა მწუხარებით” უპასუხა კანონის მიღებას.
ბრიუსელი და ვაშინგტონი “არ შეეგუებიან” იმას, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, - დაწერა მან.
სლუცკი საქართველოს დასავლეთისგან ადრეც იცავდა. ცოტა ხნის წინ ის ამტკიცებდა, რომ ”სასწორზე უბრალოდ [აგენტების] კანონის მიღება კი არა, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა” დევს.
ქება პროპაგანდისგან
“სუვერენიტეტზე” ლაპარაკობენ პროკლემლისტი ბლოგერებიც.
“ქართული ოცნება” არ შეუშინდა დასავლეთის მუქარას და საკუთარი სიმართლე გაიტანა, - წერს სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი.
მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია. “თანამედროვე სამყაროში სუვერენიტეტისთვის ბრძოლისას სხვადასხვა სირთულე უნდა დაძლიო”, - დაამატა მან.
ზოგი პროპაგანდისტი უკვე მსჯელობს, თუ რა იქნება კანონის მიღების შემდეგ.
ქვეყნის “მთავარი აგენტი” სალომე ზურაბიშვილი გახდება, - დაწერა ტელეწამყვანმა რუსლან ოსტაშკომ.
“[ქართული] არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად ათეულობით მილიონ დოლარს იღებენ… რას იზამენ ეს არარაობები მას შემდეგ, რაც დაფინანსებას მოუჭრიან?” - წერს პოპულარული პროკრემლისტური ტელეგრამარხი.
კიდევ ერთი პროპაგანდისტი, მიხაილ ზვინჩუკი კი ამტკიცებს, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ გზას არ შეცვლის.
“ყველაფრისდა მიუხედავად, საქართველო კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკურ რუკაზეა. სანამ იგი შეინარჩუნებს ამ პოლიტიკურ კურსს, ქვეყანას ალბათ არაფერი ემუქრება”.
ქება ძლიერდება
პრემიერი კობახიძე და “ქართული ოცნების” სხვა წევრები “აგენტების კანონის" მიღებას ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნიან.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლი საქართველოს ხელისუფლებას სწორედ “ინტერესების” დაცვისთვის აქებს.
„დღეს საქართველოში, პრეზიდენტის გარდა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარებას გზას არ განაგებს… არის ხელისუფლება… რომელიც უპრეცედენტო ზეწოლას, სანქციებისთვის მიერთებასა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნებს პასუხობს: იცით, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, რუსეთთან ვვაჭრობთ, გვაქვს ტურიზმი და ენერგომატარებლებსაც ვიღებთო”, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, უკრაინასთან ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე.
ჯერ კიდევ სექტემბერში ვრცლად მოგიყევით იმაზე, თუ როგორ “შეიყვარა” კრემლის პროპაგანდამ „ქართული ოცნება”.
მას შემდეგ კი, რაც “ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია და პარლამენტში “აგენტების კანონი” შემოაბრუნა, რადიო თავისუფლება გიყვებოდათ, თუ რას ამბობდნენ ამაზე კრემლში.
აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლებისა და კრემლის პროპაგანდის რიტორიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
საქართველოს ჩათრევა რუსეთთან ომში, „ლგბტ პროპაგანდა”, „რადიკალები“, „დასავლეთის ხელით მოწყობილი რევოლუცია“, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, სანქციებით "შანტაჟი", პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა - ეს ტერმინები ორივემ წარმატებით აითვისა და დღეს იმის თქმაც გაჭირდება, პირველმა რომელმა დაიწყო.
შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ და გააკეთოთ ქვიზი#1 და ქვიზი #2...
...ან წაიკითხოთ ეს სტატიები.
ასევე ნახეთ “მეძავებს არ უნდათ, მეძავები ერქვათ” - კრემლის პროპაგანდა თბილისში მიმდინარე პროტესტზე ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლება „აზრზე მოდის“ - კრემლი „ქართული ოცნებით“ კმაყოფილია ასევე ნახეთ „ევროკავშირი კობახიძეს მოკვლით დაემუქრა“ - კრემლი საქართველოს პრემიერს ესარჩლება