ირაკლი კობახიძის 2023 წლის 20 თებერვალს დაწერილი ფეისბუკპოსტი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციას და იმ აღქმებს ეხება, რომ ქვეყნიდან მოსახლებობის გადინება საგრძნობლად არის გაზრდილი.
კობახიძის პირველი არგუმენტი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. „ქართული ოცნების“ ლიდერი წერს, რომ როდესაც „ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს“.
არგუმენტის გასამყარებლად მას ბალტიის 2 ქვეყნის მაგალითი მოჰყავს.
„მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ“.
ამის შემდეგ კობახიძე წერს, რომ „ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს“ და აზუსტებს, რომ „ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა“, ესე იგი 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
შედარებისათვის კობახიძეს მოაქვს წინა ხელისუფლების დროინდელი მონაცემები და წერს, რომ „2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა“.
ამ გათვლებით, 2004-2012 წლებში ქვეყნიდან წლიურად საშუალოდ 24 500 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ხოლო 2018-21 წლებში (აქედან 20-21 კოვიდრეგულაციების წლები იყო) ქვეყნიდან საშუალოდ თითო წელს მხოლოდ 7250 კაცით მეტი გავიდა.
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის მარტიდან დაუშვა.
„რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა“, - განმარტავს კობახიძე.
ამავე დროს, იგი შეერთებული შტატების „საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე“ წერს, რომ სწორედ ეს არის, რაც „ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს“.
ამასთან, იგი შენიშნავს, რომ „მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს“ და „აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა“.
კობახიძის ეს ფეისბუკპოსტი დაემთხვა იმ დღეს, როდესაც საქართველოში შეერთებული შტატების სენატორები იმყოფებოდნენ. ამას, ასევე წინ უძღოდა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა „ოცნების“ მხრიდან. უფრო ადრე კი გამოქვეყნდა კვლევები, რომელთა მიხედვით, ქვეყნიდან წასვლაზე ყოველი მე-5 მოქალაქე და ყოველი მე-3 ახალგაზრდა ფიქრობს.
რატომ არის კობახიძის მსჯელობა მანიპულაციური
ეკონომისტი, ჟურნალ „ფორბსის“ მესვეტე ბესო ნამჩავაძე მიუთითებს, რომ კობახიძის მოსაზრება/მინიშნება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობას შეამცირებს და ამჟამინდელი უარყოფითი მიგრაციული სალდო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ბრალია, მანიპულაციურია და ანტიდასავლური გზავნილის შინაარსი აქვს.
„კობახიძემ შეარჩია ორი ისეთი ქვეყანა - ლატვია და ლიეტუვა, რომელთა მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. არაფერი თქვა მათ მეზობელ ესტონეთზე, რომლის მოსახლეობა უმნიშვნელოდ შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ჩეხეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის მოსახლეობა კი, პირიქით, გაიზარდა ევროკავშირში შესვლის შემდეგ“, - განმარტავს ეკონომისტი.
გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, საჭიროა, განვასხვაოთ მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება და მიგრაციის სალდო. მიგრაციის სალდო ნიშნავს სხვაობას ქვეყნიდან გასულ და ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეებს შორის.
მოსახლეობის ცვლილება, გარდა ემიგრაცია-იმიგრაციის შორის სხვაობისა, დამოკიდებულია ბუნებრივ მატებაზე (ანუ დაბადებისა და გარდაცვალებების მონაცემების სხვაობაზე). სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან გარკვეულ კორელაციაში სწორედ მიგრაციის სალდო შეიძლება იყოს და ნაკლებად - სრული დემოგრაფიული სურათის ცვლილება.
ბესო ნამჩავაძის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერს შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი, როდესაც მსჯელობისას არ ითვალისწინებს, რომ „ევროკავშირთან დაახლოება და საბოლოოდ გაწევრიანება ახალ წევრ ქვეყანაში უამრავ პერსპექტივას აჩენს და ამან, შესაძლოა, პირიქით, შეანელოს მიგრაცია, როგორც ეს მოხდა თუნდაც ლატვიაში და ლიეტუვაში“.
მსოფლიო ბანკის მონაცემები უჩვენებს, რომ მიგრაციული სალდო ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კი არ მცირდებოდა, იზრდებოდა - ანუ ამ ქვეყნებიდან შედარებით ნაკლები ადამიანი გადიოდა, ვიდრე წინა წლებში.
„სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2004 წლამდე ლატვიას და ლიეტუვას გაცილებით მეტი ადამიანი ტოვებდა წლიურად, ვიდრე გაწევრიანების შემდეგ. ევროკავშირმა მიგრაცია კი არ დააჩქარა, პირიქით, შეანელა“, - განმარტავს ეკონომისტი.
როგორია საქართველოს მიგრაციის სალდო
„სიცრუეს“ უწოდებს ბესო ნამჩავაძე ირაკლი კობახიძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც იგი საქართველოს მიგრაციის უარყოფით სალდოს პირდაპირ უკავშირებს ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„1990-იან წლებში საქართველოს უარყოფითი სალდო იყო წელიწადში საშუალოდ 141 ათასი ადამიანი, 2000-იან წლებში წელიწადში საშუალოდ 31 ათასი ადამიანი, 2010-2016 წლებში 16 ათასი ადამიანი. 2017 წლის მარტიდან გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და 2017-2021 წლებში მიგრაციის საშუალო უარყოფითი სალდო იყო 6,300 ადამიანი“, - წერს ბესო ნამჩავაძე.
ამასთან, როგორც ნამჩავაძე ამბობს, 2017 წელს, როდესაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, კობახიძისეული მსჯელობით, ყველაზე მეტი ადამიანი უნდა წასულიყო ქვეყნიდან, თუმცა პირიქით მოხდა: „ბოლო 30 წლის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 2,212 ადამიანი“, - ამბობს ეკონომისტი.
სტატისტიკისთვის განსაკუთრებით საინტერესოა 2020 წელი, როდესაც მიგრაციული სალდო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იყო დადებითი - 15 732. ეს პერიოდი პანდემიის პირველ წელს დაემთხვა.
მომდევნო, 2021 წელს კი კვლავ უარყოფითი სალდო დაფიქსირდა, განსაკუთრებული შემცირებით: -25966. ეს პერიოდი პანდემიის კრიზისის შემდეგ შეზღუდვების მოხსნას, საერთაშორისო ფრენების აღდგენას ემთხვევა.
„მიზეზი არის არა უვიზო მიმოსვლა, არამედ უპერსპექტივობა“
ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის განმარტებით, ზოგადად, მოსახლეობის შემცირებასა და უარყოფით მიგრაციულ სალდოს ბევრი მიზეზი აქვს და მისი, მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიზეზით ახსნა - მანიპულირებაა.
„საქართველოდან ემიგრაციის მთავარი მიზეზი სიღარიბეა და შემდეგ მოდის კანონის უზენაესობის არარსებობა, ძალადობა, უპერსპექტივობა და ა.შ. უამრავი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, ვისაც სამსახური ჰქონდა და ეკონომიკურად არ უჭირდა, მაგრამ დაიღალა უსამართლობითა და უპერსპექტივობით“, - ამბობს ნამჩავაძე.
NDI-ისა და CRRC-ის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული ყოველი მეხუთე მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. 18-დან 34-წლამდე მოქალაქეების დაახლოებით 30% ფიქრობს ემიგრაციაზე.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და პერსპექტივაში ევროკავშირის წევრობა კი არ გაზრდის საქართველოდან ემიგრაციას, პირიქით, შეამცირებს, რადგან ეს იძლევა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის შესაძლებლობას. უკვე წასულ ემიგრანტებს გაუჩნდებათ სურვილი და შესაძლებლობა, უკან დაბრუნდნენ“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ასევე ნახეთ რატომ წავედი საქართველოდან