ოცდაცხრამეტი წელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან

"დინამო" 1981 წლის 13 მაისი

„შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ამბავი“ - ასე შეაფასა ამას წინათ თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოცდაცხრამეტი წლის წინანდელი გამარჯვება. 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში „დინამომ“ იენის „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო და უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

მას შემდეგ არც „დინამოს“ და არც სხვა ქართულ კლუბს ასეთი რანგის შეჯიბრებაზე წარმატებისთვის ერთხელაც არ მიუღწევია და, ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს მხოლოდ 1981 წლის ტრიუმფის გახსენება.

"დინამო" 1981 წლის 13 მაისი

ოცდაათწლიანი ისტორიის მქონე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშები თითქმის ცარიელ სტადიონებზე ტარდება და ფეხბურთისადმი ინტერესი ხალხში მხოლოდ პერიოდულად იღვიძებს, ქართული კლუბებისა და საქართველოს ნაკრების საერთაშორისო მატჩებისას.

ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ქომაგები საოცრად ამბიციურები ხდებიან და წინასწარ გულუხვად ითვლიან ჯერ კიდევ მოსაპოვებელ ქულებს. თუ სტარტი კარგი გამოვიდა და პირველ თამაშში ჩვენმა ნაკრებმა ნორმალურ შედეგს მიაღწია, თავი უკვე ჩემპიონატზე გვგონია. მერე კი იწყება წარუმატებელი მატჩების სერია და...ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე ქრება. ხასიათწამხდარი გულშემატკივრები უკვე შემდეგ შესარჩევ ციკლზე იწყებენ ოცნებას და... მრავალწლიან ტრადიციად ქცეულ იმედგაცრუებებს ბოლო არა და არ უჩანს.

იყო გამონათებებიც. საქართველოს ნაკრებმა 1994-2016 წლებში მოუგო უელსს (ორჯერ), ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუსეთს, ურუგვაის, თურქეთს, შოტლანდიას (ორჯერ) და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, მაგრამ ამ სიხარულებს შორის, შუალედებში, გვარიანი ჩავარდნები აფუჭებდა ხასიათს.

საკლუბო დონეზე ქართული ფეხბურთი კიდევ უფრო უიმედო მდგომარეობაშია. ევროტურნირებზე გამოსვლის ისტორიაც ისეთი სირცხვილით დაიწყო, უარესს რომ ვერავინ იფიქრებდა - 1993 წელს თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიის „ლინფილდის“ ძლევით გახსნა, მაგრამ... რამდენიმე დღეში უეფასგან დისკვალიფიკაციით დაისაჯა. აღმოჩნდა, რომ თბილისური შეხვედრისას მავანმა ქართველმა თურქი მსაჯის მოსყიდვა სცადა, მან კი უეფაში იჩივლა.

ევროპის თასების თასით დაბრუნება თბილისში. 1981 წლის 13 მაისი

ევროტურნირებზე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი მაინც „დინამოს“ ეკუთვნის - 2004-2005 წლების სეზონში უეფას თასზე სამი საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, იქ კი ყველა თამაში წააგო.

უეფას ევროტურნირებზე მთავარი ბრძოლები შემოდგომიდან იწყება ხოლმე ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით, ქართული კლუბები კი ევროსეზონს ზაფხულშივე ასრულებენ, საწყის ეტაპზე, და ამ უსიამოვნო ტრადიციის უახლოეს წლებში გამოსწორების შანსი მინიმალურზე უფრო დაბალია.

2021 წლის 13 მაისს „შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ამბავი“ ორმოცი წლის გახდება. შანსი გვაქვს ერთ წელიწადში მრგვალ თარიღთან ერთად საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ვიზეიმოთ.