"დღეს მე 11 წლის გავხდი და ჩემი შვილის ტოლი ვარ“, - გვეუბნება 44 წლის ლიკა. 24 წლის გიორგის კი თავსატეხი გაუჩნდა 2018 წელს, როცა სრულწლოვანი ხდებოდა და იმ წლის კალენდარში 29 თებერვალი არ იყო.
„იმის ბიუჯეტმა იკითხოს, ვისაც ყოველ წელს აქვს იუბილე, თორემ ჩვენ რა გვიჭირს“, „არჩევნებივით არის ჩემი დაბადების დღე - ოთხ წელიწადში ერთხელ“ - ხუმრობასთან ერთად, 29 თებერვალს, ბევრი შეკითხვაც უკავშირდება.
ზოგი რამ სადავოა იურისტების თვალითაც.
მათი რიცხვი მცირეა
ალბათობა იმისა, რომ ადამიანი 29 თებერვალს დაიბადოს, დაახლოებით 0.00068%-ს შეადგენს. დედამიწაზე მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანიდან, ამ დღეს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანია დაბადებული.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამჟამად საქართველოში, 29 თებერვალს დაბადებული 2480 ადამიანია რეგისტრირებული.
- მათგან 1292 ქალია, 1188 კი - კაცი.
სტატისტიკაში ვერ ხვდებიან ისინი, ვინც, სინამდვილეში, 29 თებერვალს დაიბადა, მაგრამ დაბადების თარიღად, ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში, 28 თებერვალი ან 1 მარტი ჩაუწერეს. მათი ზუსტი რიცხვი არავინ იცის.
როცა შვილის ტოლი ხდები
„ხომ არ ჩავწეროთ 28 თებერვალი?“ - ეს შეკითხვა ლიკა კინწურაშვილის დედასაც დაუსვეს, 44 წლის წინ, როდესაც 29 თებერვლის პირველ წუთებზე დაბადებულ გოგოს ანკეტას უვსებდნენ.
დედამ უარი თქვა და ამას არც თავად ლიკა ნანობს, რადგან დაბადების თარიღს მისთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია. ახსოვს მხოლოდ ერთადერთი გაუგებრობა:
„ერთ-ერთი ქვეყნის საზღვარზე, წლების წინ, მესაზღვრემ, ძალიან გაკვირვებულმა დახედა ჩემს პასპორტს და მითხრა - ყალბიაო, 29 თებერვალი არ არსებობსო... მეც გაკვირვებულმა რომ შევხედე, მეორე მესაზღვრემ ჩაიხედა და ყველაფერს მიხვდა... იმ პირველმა არ იცოდა, ეტყობა“, - ლიკა გვეუბნება, რომ დაბადების დღეს ოთხი წელიწადი არასდროს ელოდება და, როგორც წესი, 28 თებერვალს ან 1 მარტს აღნიშნავს.
გავრცელებული ხუმრობაა, რომ 29 თებერვალს დაბადებულ ადამიანებს ასაკი ოთხ წელიწადში ერთხელ ემატებათ.
ამ არითმეტიკით, ლიკასთვის ეს წელი განსაკუთრებულია - „წელს ჩემი შვილის ასაკში ვარ - 11 წლის გავხდით ორივე. ამაზე ვიცინით“.
როდის გავხდი სრულწლოვანი?
გიორგი ორკოდაშვილი 2000 წლის 29 თებერვალს დაიბადა, წელს 24 წლის გახდა, მაგრამ „ნაკიანი წლებით“ გამოთვლილი მისი ასაკი სულ რაღაც 6 წელია. დაბადების დღეებს ისიც 28 თებერვალს ან 1 მარტს აღნიშნავს. ამბობს, ჩვეულებრივ დღეებში დაბადებულებზე დიდი არჩევანი აქვსო.
პრობლემები შეხვედრია? არა!
თუმცა 2018 წელს, როცა სრულწლოვანი ხდებოდა და იმ წელს 29 თებერვალი კალენდარში არ იყო, დაებადა შეკითხვა - 28 თებერვალს უკვე ითვლებოდა თუ არა სრულწლოვნად, თუ 1 მარტიდან გადავიდა ცხოვრების ახალ ეტაპზე?
ამ შეკითხვაზე პასუხი არც ახლა აქვს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავიანთი შვილების დაბადების მოწმობაში რეალური დაბადების დღის - 29 თებერვლის - ჩაწერას ერიდებიან, გაუგებრობების თავიდან არიდებაა.
ეს კი, თავის მხრივ - ძირითადად იურიდიულ სფეროს უკავშირდება.
ზოგჯერ შესაძლოა ერთმა დღემ ბევრი რამ გადაწყვიტოს.
რა შეკითხვები ჩნდება?
დაეკისრება თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანს, რომელმაც, ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაული 28 თებერვალს ჩაიდინა, ხოლო 14 წლის ხდებოდა 29 თებერვალს, მაგრამ იმ წლის კალენდარში ასეთი დღე არ იყო?
იურისტი ნიკა სიმონიშვილი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში „14 წელს მიღწეულად პირი 1 მარტს უნდა ჩაითვალოს“, რადგან „სამართლებრივად ასე უფრო სწორი იქნება“, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ "შესაძლოა, საკითხი სასამართლოს დონეზე მაინც სადავო გახდეს".
საკუთარ არგუმენტებს სიმონიშვილი იმითაც ამყარებს, რომ ზოგადი კონსტიტუციური და საკანონმდებლო მიდგომით, „ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის - პასუხისგებაში მისაცემი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“.
იურისტის თქმით, 29 თებერვალთან დაკავშირებული მსგავსი შეკითხვები შესაძლოა წარმოიშვას ასევე 18 წლის ასაკთან მიმართებით, როცა „ყველაზე მეტი უფლება და ვალდებულება“ და „სამოქალაქო უფლებებით დამოუკიდებლად სარგებლობის საშუალება ჩნდება“. თუმცა უფრო იოლად არის საქმე 16 წლის ასაკთან მიმართებით - როცა 29 თებერვალი კვლავ იქნება კალენდარში.
იურისტი არჩილ კაიკაციშვილი გვეუბნება, რომ ეს „საკითხი პირდაპირ არ არის მოწესრიგებული [დღეს მოქმედი] კანონმდებლობით“, მაგრამ კალენდარში [ნაკიან წელს] 29 თებერვალი შესაძლოა მხოლოდ „მომდევნო თარიღმა, ანუ 1-მა მარტმა ჩაანაცვლოს, ანუ დღემ, რომელიც 28 თებერვლის ამოწურვის შემდეგ დადგება“ და „29 თებერვალს ვერ ჩაანაცვლებს 28 თებერვალი“.
მაგრამ ეს პირი დაბადებულია თებერვალში და არა მარტში - გაითვალისწინებენ ამ ფაქტს?
კაიკაციშვილს ცალსახა პასუხი არა აქვს.
ის ასევე ფიქრობს, რომ შესაძლოა ყოველი კონკრეტული შემთხვევა, „შემამსუბუქებელი გარემოებების“ გათვალისწინებით, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს სასამართლომ.
იურისტი ამბობს, რომ „ნაკიანმა წელმა“ უხერხულობები და გაუგებრობები შეიძლება შექმნას სხვადასხვა დოკუმენტის მომზადების პროცესში. „თუმცა ოცწლიან პრაქტიკაში ასეთი საკითხი არასდროს მქონია“, - ეუბნება არჩილ კაიკაციშვილი რადიო თავისუფლებას.
რა არის "ნაკიანი წელი"?
ნაკიანია წელიწადი, როცა ის არა 365, არამედ - 366 დღე-ღამეს ითვლის და ეს, მცირე გამონაკლისების გარდა, 4 წელიწადში ერთხელ ხდება - როცა კალენდარს 29 თებერვალი ემატება.
მარტივად რომ ვთქვათ, 366-ე დღის დამატება კალენდარული ბალანსის შესანარჩუნებლად არის საჭირო და ნაკიან წელიწადში ხდება იმ სხვაობის "შესწორება", რომელიც დედამიწის მოძრაობის შედეგად წარმოიშობა.
მზის გარშემო დედამიწის მიერ ერთი სრული წრის დარტყმას 365 დღე და კიდევ დაახლოებით 6 საათი სჭირდება. „ზედმეტი“ საათების ჯამი, ოთხ წელში, 24 საათს, ანუ ერთ დღე-ღამეს შეადგენს და ეს სხვაობა უნდა შესწორდეს.
ნაკიანად ითვლება წელიწადი, რომელიც იყოფა 4-ზე, მაგრამ იმ წლების გარდა, რომელებიც დაბოლოებულია ორი ნულით და არ იყოფა 400-ზე. ამ პრინციპით, ნაკიანი წელი არ ყოფილა - 1700, 1800 და 1900, მაგრამ იყო - 2000.
ნაკიანი წლების გარეშე, გრძელვადიან პერსპექტივაში, წლის სეზონები აირეოდა.