ისტორიკოსები, არქიტექტორები და კულტურის ისტორიის სპეციალისტები "ოქროს ჩარდახის", იმერეთის მეფეთა მე-17 საუკუნის რეზიდენციიდან დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საერო ნაგებობის რესტავრაციის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.
სამ დღეში 900-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი საპროტესტო პეტიციას, რომელიც „ოქროს ჩარდახის“ სახელწოდებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა შეადგინა. ქუთაისის მერიამ რესტავრაციის შეჩერების მოთხოვნით „მემკვიდრეობის პლატფორმის“ წერილიც მიიღო. ამ განცხადებას სამოქალაქო-საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად ხელს აწერენ ICOMOS საქართველო, ICOM საქართველო და საქართველოს ეროვნული ფონდი.
სპეციალისტები ჩივიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციას წინ არ უძღოდა არქეოლოგიური და სიღრმისეული სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, სატენდერო დოკუმენტაცია, რომელსაც უნდა დაეყრდნოს შეკეთების პროცესი, შემაშფოთებელია: პროექტის კონსტრუქციული და რესტავრაციის ნაწილები არ ესადაგება ერთმანეთს, დაგეგმილია ძეგლის აივნების სვეტების რკინა-ბეტონით ამოყვანა და მათი ხით შეფუთვა, თაღოვანი კონსტრუქციის ალუმინის ფანჯრებით შემინვა. არ არის განსაზღვრული ძეგლის სამომავლო ფუნქცია.
სოციოლოგი, კულტურის მკვლევარი, სოფო ზვიადაძე ამბობს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ პროექტი ნაჩქარევად დაიგეგმა: „ამ პროცესში სარისკოა მთლიანი [სატენდერო] დოკუმენტი, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მას წინ უძღოდა კომპლექსური კვლევები, ეს არის ქუთაისის ისტორიული ნაწილი და ძალიან მდიდარია არქეოლოგიით და არ შეიძლება მესამე ეტაპიდან დაიწყოს მუშაობა და არ გაითვალისწინო კონტექსტი. არ არსებობს თანხვედრა არქიტექტურულ და კონსტრუქციულ პროექტებს შორის და შეუთავსებლობა გამოჩნდა უკვე პროცესშიც“.
ქუთაისის ისტორიულ უბანში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდგარი „ოქროს ჩარდახი“ წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, მანამდე იქ ტურისტული ცენტრი მუშაობდა.
ძეგლმა და შემოგარენმა იერსახე არაერთხელ შეიცვალა. წლების წინ ძეგლის ხის ღობე ჯერ დაბალი, ქვით მოპირკეთებული გალავნით და რკინის ჭიშკრით შეიცვალა, 5 წლის წინ კი გალავანს რკინის მესერიც დაადგეს.
ალუმინის ფანჯრები თაღოვან ღიობებში
სოციოლოგი, კულტურის მკვლევარი, სოფო ზვიადაძე ამბობს, რომ ძეგლის რესტავრაციის მიზანი მისი ავთენტიკური სახის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო, თუმცა პროექტის მიხედვით, ორსართულიანი შენობის პირველი სართულის თაღოვანი ღიობები ალუმინის ფანჯრებით უნდა ამოშენდეს, რაც ისტორიულ შენობას პირვანდელ სახეს დაუკარგავს.
„ყველაზე ძვირფასი [ამ] ძეგლში არის პირველი სართული, სადაც ქვის თაღოვანი ნაწილი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი და პროექტით მისი ამოვსებაა გათვალისწინებული, რასაც აკრიტიკებს ყველა ხელოვნებათმცოდნე. ეს არის ძეგლის ის ნაწილი, რასაც არ უნდა შევეხოთ და ავთენტიკური სახით უნდა შევინარჩუნოთ“, - ამბობს სოფო ზვიადაძე.
სპეციალისტის თქმით, ვიტრაჟი ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტი არ არის, ამასთან, „ოქროს ჩარდახის“ პირველი სართულის ფართო, ღია თაღები რიონის კალაპოტს იოლად უბრუნებს წყალს და შენობას წყალდიდობების დროს იცავს.
“პომპეზური სახურავი”
სპეციალისტებისთვის მიუღებელია „ოქროს ჩარდახის“ ის გადახურვაც, რომელიც პროექტშია აღწერილი - შენობის თავზე პარაპეტის ამოყვანა და ორქანობიანი სახურავის შეცვლა.
არქიტექტორ რეზი გვარამაძისთვის სახურავზე ამ ელემენტის დამატება, მისი პომპეზური იერსახის გასაზრდელად ხდება, რაც ხელოვნური პროცესია და ოთხი საუკუნის ნაგებობის პირვანდელ სახესთან საერთო არაფერი აქვს. გარდა ამისა, პროექტში არაა დაზუსტებული სახურავის რეკონსტრუქციის მეთოდოლოგია.
„მეთოდოლოგიაც უცნობია, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობა სჭირდება, მაგალითად, ხელოსანი როგორ ხსნის ნალესს, ყველა სამუშაოს წარმოებას სჭირდება მონიტორინგი და უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ დოკუმენტების მიხედვით“.
„პარაპეტის კედელში რომ წვიმის წყალი ჩადგება, ეს წყალი სახურავზე როგორ გადმოვა, ნახაზებში ახსნილი არ არის და ხელოსანი ვერ გააკეთებს, არასრულყოფილია პროექტის ეს ნაწილი“, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი.
კულტურულ ძეგლთან შეუსაბამო მასალა
ასევე გაურკვევლობას ქმნის ის, რომ სარესტავრაციო და არქიტექტურულ პროექტებში აღწერილ სამშენებლო მასალებს შორის შეუსაბამობაა.
„პროექტის სარესტავრაციო ნაწილი ამბობს, რომ სახურავის და აივნის კოჭები ლითონის კონსტრუქციის არ უნდა იყოს, არქიტექტურულ პროექტში კი მითითებულია, რომ ხის სვეტები გრანიტის ქვის ბაზაში უნდა ჩამაგრდეს, რაც საერთოდ დაუშვებელია“, - ამბობს კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი და მიუთითებს შეუსაბამობებზე „ოქროს ჩარდახის“ ეზოს მოპირკეთების მასალებშიც:
„განმარტებით ბარათში წერია, რომ ეზოს და ყველა კიბის მოპირკეთება ბაზალტის მასალით მოხდება, პროექტის იმ ცხრილებში კი, სადაც სამშენებლო მასალებია ჩამოთვლილი, წერია, რომ ეზო და კიბეები გრანიტით მოპირკეთდება, რაც გაუგებარია“.
რეკონსტრუქციის პროექტი გულისხმობს შენობის ინტერიერის შეცვლასაც. პროექტის მიხედვით, არსებული ბუხარი იმერეთისთვის დამახასიათებელი ავთენტიკური მასალით გაკეთდება, თუმცა პროექტს ბუხრის კონსტრუქციულ-ვიზუალური მასალა არ ახლავს და ისიც უცნობია, როგორი იქნება ჭერი, რომელიც ახლა მუქი ფერის ხის კოჭებითაა შესრულებული.
„ოქროს ჩარდახის“ აღსადგენად თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი. გარდა ამისა, როგორც ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, შენობას ერთი აივანი უნდა ჰქონოდა და არა ოთხივე მხარეს, როგორც ეს ახლაა და, სავარაუდოდ, მოგვიანებითაა მიშენებული.
„პეტრე მილოსაროვს ჩანაწერებში ნახსენები აქვს აივანი, რომელიც სავარაუდოდ მდინარის მხარეს ჰქონდა „ოქროს ჩარდახს“, ოთხივე მხარეს აივანი, ისე როგორც ახლა აქვს, სავარაუდოდ, მოგვიანებითაა მიშენებული, რადგან ფოტოებშიც არ გვხვდება. რესტავრაციას და გამაგრებას ითხოვდა ეს აივნები და სახურავი, შიგნით არის ერთი დიდი ოთახი და ორი მომცრო, ამ ძეგლის ბეტონით და გრანიტით განახლება დაუშვებელია, ის ერთადერთია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემდეა აგებული“.
როგორ დაიგეგმა ძეგლის რეკონსტრუქცია
ქუთაისის მერიაში შესულ საპროტესტო მოთხოვნებს უწყება არ პასუხობს, თუმცა ქალაქის მუნიციპალიტეტმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხსნის, რომ ძეგლს რეკონსტრუქცია სჭირდებოდა და პროექტზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყეს.
მერიის ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა კომპანია „მნ პროექტმა“, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კვლევა კი საწყის ეტაპზე ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა ჩაატარა.
„კვლევამ შესაძლებლობა მოგვცა, ჩამოგვეყალიბებინა ძეგლის რეაბილიტაციის ხედვა, რის საფუძველზეც მომზადდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდა დეტალური პროექტი“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
„ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია, რომელიც მილიონ ლარამდე ჯდება, ქუთაისის მერიამ მარტში დაიწყო და სამუშაოები კომპანია „ივერთმშენს“ დაუკვეთა. მერიის თანახმად, მას 2019 წლიდან შესრულებული აქვს 4 მილიონ 600 ათასი ლარის ანალოგიური ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი.
თუმცა, „ივერთმშენმა“ გასული ორი თვის განმავლობაში პროცესი რამდენჯერმე შეაჩერა და ქუთაისის მერიამ კომპანია სამუშაოების გრაფიკის დარღვევისთვის დააჯარიმა. ბოლოს, 17 მაისს გააფრთხილა სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნელი ტემპის გამო, მათ შორის, სამშენებლო ნაგავის ობიექტზე დაყოვნებისთვის.
წინა გაფრთხილებისას კომპანიამ იმავე დღეს უპასუხა მერიას, რომ პროექტის განხილვის პროცესში წამოიჭრა ათამდე საკითხი, რისი გარკვევის გარეშეც შეუძლებელია რეკონსტრუქციის გაგრძელება
მაგალითად, „ივერთმშენი“ მერიას სთხოვს დაზუსტებას, აივნის ხის ელემენტები კედელში რამდენი სანტიმეტრით და როგორ შევიდეს, როგორ შეერთდეს ხის და ლითონის ელემენტები სახურავის ჭრილში, ასევე დასაზუსტებელია მდინარე რიონის მხარეს აივნის სვეტების საძირკვლის პარამეტრები, რადგან პროექტის მიხედვით ისინი მდინარეში გადადის.
კომპანიის პასუხში ასევე წერია, რომ შენობის კედლის (დაზუსტებული არ არის, რომლის) ნალესის მოხსნისას გაირკვა, რომ მისი დიდი ნაწილი უნდა დაიშალოს და თავიდან აღდგეს, რაც ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული არ არის.
მერიამ კომპანიის პასუხი სანქციებისთვის თავის არიდების მიზეზად მიიჩნია, კომპანია მაინც დააჯარიმა და სამუშაოების გაგრძელება მოსთხოვა. ჯარიმის ოდენობად მერიამ კომპანიას სატენდერო თანხის 0,1% განუსაზღვრა, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 955 ლარია.
Your browser doesn’t support HTML5
პროტესტის მიუხედავად, „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია გრძელდება. 17 მაისს, როდესაც რადიო თავისუფლებამ ძეგლის ფოტო- და ვიდეოკადრები გადაიღო, მუშებს სამშენებლო ნარჩენები გაჰქონდათ. იქვე იყვნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალური კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს.