რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ დაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელების გამო „სახელმწიფო საზღვარი“ დროებით დაიკეტება 11 იანვარს, 20 საათიდან. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის გახსნის თარიღს არ ასახელებს.
Your browser doesn’t support HTML5
იმას, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება საზღვრის დაკეტვას და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევას უწოდებს, საქართველოს ხელისუფლებისთვის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაა.
გუშინ ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში ეგრეთ წოდებული საზღვრისა და და სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმო სანქციები 2 ათასი რუბლიდან (დაახლოებით, 80 ლარი) 20 ათას რუბლამდე გაიზარდა (დაახლოებით, 800 ლარი), დაკავებების სტატისტიკა არ იკლებს, თუმცა ამ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების პროცენტი მინიმალურია. მაგალითად, ოსური უშიშროების ცნობით, „2018 წლის დეკემბერში საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 64 მოქალაქე დააკავეს. აქედან 40-მა საზღვარი დაარღვია, 24-მა კი სასაზღვრო რეჟიმი. 42 მოქალაქე დააჯარიმეს, 4-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს და რესპუბლიკიდან გააძევეს, 4-ც საჯარიმო სანქციის გარეშე გააძევეს“, - ვკითხულობთ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ სტატისტიკიდან ნათელი ხდება, რომ დეკემბერში ეგრეთ წოდებული საზღვარი საქართველოს 8 მოქალაქეს დაურღვევია და მათგან 4 -ს გადაუხდია ჯარიმა, დანარჩენი 56 მოქალქე კი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლისას ან ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონაში შესაბამისი დოკუმენტაციის უქონლობის გამო დასაჯეს. საოკუპაციო რეჟიმს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზონები იმ ოსურ სოფლებში აქვს მოწყობილი, რომლებიც ქართულ სოფლებს ესაზღვრება და იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური დოკუმენტაციით არის შესაძლებელი. ოკუპირებული ტერიტორიიდან ბილიკებით, შემოვლითი გზებით, მავთულხლართებისა და ღობეების გვერდის ავლით ახერხებენ შემოსვლას. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი 2017 და 2018 წლის სტატისტიკასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ეს სტატისტიკა მზარდია.
ამ ეტაპზე მათ არ უშვებს ოსური მთავრობა. ამას რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებდეს, სხვა სიტუაცია იქნებოდა და იტყოდი, რომ ადამიანის უფლებებს ქართველები არღვევენ.თემურ ცხურბათი
2017 წელს ეგრეთ წოდებული საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით 514 მოქალაქე, 2018 წელს კი 607 ადამიანი დააკავეს. წლიდან წლამდე საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა მცირდება, ვისაც საოკუპაციო რეჟიმი აკავებს, გასულ წელს 90-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლისას რუსეთის მესაზღვრეებმა აკავებენ. ასეთია 500-ზე მეტი ადამიანი. დე ფაქტო ხელისუფლება მათ შეჩერებას დაშინებით, საჯარიმო სანქციების გაზრდითა და პატიმრობითაც კი ცდილობს, მაგრამ აქედან არაფერი გამოდის. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დროა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების სურვილი გაითვალისწინოს, გადაადგილებაში დაბრკოლება არ შეუქმნას და მათი უფლებები არ დაარღვიოს. ცხურბათის აზრით, ქართველი და ოსი ნათესავები სასაზღვრო რეჟიმს იმაზე პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ, ვიდრე ნათესაობა და ტრადიციებია, ამიტომ, მისი აზრით, როგორც ცხინვალში, ისე მოსკოვში ეს უნდა ესმოდეთ. ცხურბათის თქმით, 500 დაკავებულზე ათასზე მეტი საზღვრის წარმატებით გადალახვა მოდის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები ამ რისკზე არ წავიდოდნენ. მისი განცხადებით, აუცილებელია საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება, როგორც ეს ახალგორის მიმართულებით არის.
„ამ ეტაპზე მათ არ უშვებს ოსური მთავრობა. ამას რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებდეს, სხვა სიტუაცია იქნებოდა და იტყოდი, რომ ადამიანის უფლებებს ქართველები არღვევენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვაკეთებთ“.
მაგით უხდიან პრემიებს, მაგ ხალხის დაჭერებში. ტარიფის გაზრდით, ალბათ, ამ პრემიების რაოდენობაც გაიზრდება. სტიმული მიეცემათ და უფრო მეტს დაიჭერენ...ზურაბ ბენდიანიშვილი
რატომ ცდილობენ ოსები ქართული სოფლების გავლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას რისკის ფასად? თბილისში ისინი იღებენ უფასო ჯანდაცვის სერვისს. ნაწილი სავაჭრო ურთიერთობების აწყობით არის დაკავებული, ნაწილი დასასვენებლად მოდის. მოხუცები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ოკუპირებული ტერიტორიიდან პენსიის ასაღებად გადმოდიან. ნაწილი ნათესავების სანახავად მოემგზავრება. ყველაზე ხშირად მაინც გასვენებებსა და ქორწილებში გადმოსვლა ფიქსირდება და ამ პროცესს ვერანაირი დაშინება და საჯარიმო სანქცია ვერ აჩერებს.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ ცხინვალში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა, რაც უფრო მეტად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებებს არღვევს. სახელმწიფო მინისტრმა წინასაახალწლოდ ერგნეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმი ცალსახად ადამიანების წინააღმდეგ მუშაობს და სხვადასხვა ბარიერებით მათ იზოლაციაში აქცევს. იგი ოსურ და რუსულ მხარეებს მოუწოდებს მოქალაქეების ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის ბიუჯეტი ამ თანხით დიდ მოგებას ვერ ნახავს. მისი აზრით, ეს უფრო იმაზეა გათვლილი, რომ დამკავებელთა საპრემიო ფონდი გაიზარდოს და მათ მოქალაქეების დაკავების მეტი სტიმული მიეცეთ. ბენდიანაშვილის თქმით, ამით დაკავებების სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება:
„მაგით უხდიან პრემიებს, მაგ ხალხის დაჭერებში. ტარიფის გაზრდით, ალბათ, ამ პრემიების რაოდენობაც გაიზრდება. სტიმული მიეცემათ და უფრო მეტს დაიჭერენ. არანაირი სხვა ფისკალური ეფექტი მაგას არა აქვს. ერთი ჩინოვნიკის ხელფასია, ალბათ, მთელი წელი რომ გადავთვალოთ. ეს არის იმ ხალხზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ დაჭერებში“.
2018 წელს 607 ადამიანის დაკავებისას დაკისრებული ჯარიმებით დე ფაქტო ბიუჯეტმა, ჯამში, 124 ათასი რუბლი მიიღო, რაც, დაახლოებით, 50 ათასამდე ლარია. იანვრის პირველი ათი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქის დაკავების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.