ერგნეთში 22 მარტს გამართული “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მხარეებმა ამ დროის განმავლობაში 11 საკითხი განიხილეს. ჟურნალისტებისთვის ყველაზე საინტერესო ხურვალეთში 15 მარტს განვითარებული მოვლენები იყო. ამ საკითხის მიმართ კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.
15 მარტს სოფელ ხურვალეთიდან ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოქალაქეების ნაკვეთები დაიკავეს. ეს ინფორმაცია მოგვიანებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს და რაიმე ინციდენტის არსებობა საერთოდ უარყვეს, თუმცა 16 მარტის საღამოს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფოტო, რომელზეც შეიარაღებული ნიღბიანი პირები ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოდან ჟურნალისტებს და სოფლისკენ მიმავალ სტუმრებს ამ დრომდე გადაადგილება არ შეუძლიათ. შეზღუდვები 15 მარტის შემდეგ მოქმედებს. ერგნეთის შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა პირველმა დაადასტურა, რომ ხურვალეთის საკითხი შეხვედრის სხვა მონაწილეებთან ერთად განიხილა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ კითხვა-პასუხის იმ ნაწილის ტექსტურ ვერსიას, რომელიც წინა კვირის ხურვალეთის ამბებს უკავშირდებოდა:
ჟურნალისტი: რა მოხდა ხურვალეთში?
ეგორ კოჩიევი: რისი მოსმენა გსურთ ხურვალეთზე?
ჟურნალისტი: იქ ინციდენტი იყო? ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შეიარაღებული პირები შევიდნენ.
ეგორ კოჩიევი: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტებამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა.
ჟურნალისტი: და რა მოხდა იქ?
ეგორ კოჩიევი: საქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ [აქ რამდენიმე სიტყვა ცუდად ისმის - რ. თ.] რუსეთის ძალები იკავებენ ხურვალეთს. სინამდვილეში, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც შერიგების მინისტრს (ზუსტად არ ვიცი, როგორ ჰქვია მის თანამდებობას), ქეთევან ციხელაშვილს, არ დაუდასტურებია, რომ რუსეთის სამხედროები, რომელიმე სხვა სამხედროები ან სამხრეთ ოსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ინციდენტამდე საქმე არ მისულა.
ჟურნალისტი: რას ნიშნავს ინციდენტამდე საქმე არ მისულა?
ეგორ კოჩიევი: ეს ნიშნავს იმას, რომ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ეს არ შეიძლება კიდევ რამეს ნიშნავდეს. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიან ძალებს, რომლებმაც დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ ქართველ პოლიციელებს, შეიძლებოდა ეს ინციდენტით დასრულებულიყო.
ჟურნალისტი: რა სახის ინციდენტით?
ეგორ კოჩიევი: რა ინციდენტი იგულისხმება, ჰკითხეთ ქაცარავას. რის გაკეთებას აპირებდა ის ამ რაიონში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისთვის კითხვის დასმა?
ჟურნალისტი: მან განაცხადა, რომ სურდა ადამიანებს დახმარებოდა მიწის დამუშავებაში.
ეგორ კოჩიევი: მათ მაგივრად უნდა დაებარა მიწა?
ჟურნალისტი: დაეთესა, მოეხნა.
ეგორ კოჩიევი: მოხნას თავის ტერიტორიაზე. რატომ უნდა შეძვრეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კარგად არ მესმის.
ეგორ კოჩიევმა ქართულ მხარეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის შესახებ წაუყენა პრეტენზია. მისი თქმით, დაბა კვაისას თავზე ერთი საათის განმავლობაში 5 დრონი დაფრინავდა.
შეხვედრაზე განსახილველ 11 საკითხს შორის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემის, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეები იყო. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს.სხვათა შორის, მხარეების მიერ წარმოდგენილი დაკავებულ-გატაცებულ ადამიანთა სტატისტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება:ქართული მხარე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11 დაკავებულზე ლაპარაკობს, ოსური კი - 8-ზე.
„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ინციდენტი განვიხილეთ, რაც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა. მთავარი საკითხი იყო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვერ მივიღეთ მათგან პასუხი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და აღსრულდეს მათ მიმართ სამართალი. ასევე ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ჩვენი კითხვები დარჩა კვლავ პასუხგაუცემელი. ყურადღება გავამახვილეთ უკანონო ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
რაც შეეხება სოფელ ხურვალეთში გადაადგილების შეზღუდვას, ანთაძის ინფორმაციით, ეს პრევენციულ ხასიათს ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია და სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
„ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინსინუაცია თუნდაც, არა ინციდენტი, არამედ ინციდენტის ინდიკატორი, რომლისკენაც მიმართულია ღონისძიებები, რომელსაც სამართალდამცავები ატარებენ. ოკუპირებული რეგიონიდან და საოკუპაციო ხაზიდან ყოველთვის არსებობს პოტენციური საფრთხის რისკი“, - განაცხადა ანთაძემ და არ დააკონკრეტა,რამდენ ხანს გაგრძელდება ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოზე შეზღუდვები.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მომდევნო, 93-ე, სამუშაო შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.