„დასჯილ დეპუტატებს“ დაძაბულობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, თავად ისინი კი ახსნას ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობასა და ცხინვალში „პროქართული ლობისტების“ არსებობაში ეძებენ.
ოკუპირებულ რეგიონში მყოფმა წყარომ რადიო თავისუფლებას დაუსახელა ისინი, ვისაც ცხინვალში პროქართულ ლობისტებად თვლიან.
ცხინვალში ღელავენ
„რუსეთის საზღვართან ახლოს მზარდი დაძაბულობის გამომწვევი ქმედებები“ - ამ ფორმულირებას იყენებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) 7 თებერვლით დათარიღებულ განმარტებაში, რომელიც ოსმა „დეპუტატებმა“ გასულ კვირაში მიიღეს. მათ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ. არავინ უხსნის, რა იგულისხმება „მზარდ დაძაბულობაში“ ან მის გამომწვევ „ქმედებებში“.
ასეთი რამ ჯერ არასდროს მომხდარა რუსეთისა და ყოველმხრივ მისი მორჩილი ოკუპირებული ტერიტორიის ურთიერთობებში.
ცხინვალიდან არაერთი წყარო იტყობინება, რომ სამი „დეპუტატისთვის“ რუსეთის პასპორტების ჩამორთმევის საფრთხის გამო, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში ხელმოწერები შეაგროვეს და რიგგარეშე სხდომის მოწვევა სურთ.
ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, რომ სხდომის მოწვევას 12 „დეპუტატი“ ითხოვს.
„ეს "ინიციატივა" [მოქალაქეობის ჩამორთმევა - რ.თ.] არცერთი ჩვენგანისთვის არ არის გასაგები. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე, ეს ყველაფერი მხოლოდ გაოცებას იწვევს“, - ამბობს დავით სანაკოევი - დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ერთ-ერთი მათგანი, ვისაც რუსეთი მოქალაქეობის გაუქმებით ემუქრება.
სანაკოევი მომხდარს ორ ძირითად მიზეზს უკავშირებს:
- რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას;
- სამხრეთ ოსეთში პროქართული ლობის მუშაობას.
სამეულში, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრება, დავით სანაკოევთან ერთად, არიან: გარი მულდაროვი და ძამბოლატ მედოევი.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ "დეპუტატს" რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ
სამივე პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის დადგენის იდეას ემხრობა. მათ შორის - გარი მულდაროვი „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის“ ხელმძღვანელი იყო. ეს კომისია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ცალმხრივად მუშაობდა.
2023 წლის 22 მარტს, მულდაროვმა გამოაცხადა, რომ კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბუთები დე ფაქტო პრეზიდენტს გაუგზავნა. ალან გაგლოევი კი ამბობს, რომ - ასეთი საკითხების ცალმხრივად, რუსეთის გარეშე გადაწყვეტა არ შეიძლება.
ვის თვლიან პროქართულ ლობისტებად
თავად სანაკოევი ლობისტების ვინაობას არ ასახელებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები წყარო კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, თავად დე ფაქტო პრეზიდენტის - ალან გაგლოევის გარდა, პროქართულ ლობისტებად მიჩნეული არიან - ე.წ. იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალან ჯიოევი და საქართველოში დაბადებული, მოსკოვში მცხოვრები - არსენ გაგლოევი.
მათ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ: არსენ გაგლოევი და ალან გაგლოევი, მოგვარეებთან ერთად, ნათესავებიც არიან, ხოლო ალან ჯიოევი არსენ გაგლოევის სიძეა და მას „არსენ გაგლოევის ავატარსაც“ უწოდებენ. ეს ჯიოევს განსაკუთრებულ ძალას სძენს და როგორც იუწყებიან, მას შეუძლია, რომ, მაგალითად - „პრემიერ-მინისტრის“ მოსკოვში ვიზიტიც კი დაბლოკოს.
თბილისში დაბადებულ არსენ გაგლოევს ექსპერტები „რუხ კარდინალად“ მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა პროცესს მოსკოვიდან სწორედ ის აკონტროლებს.
არსენ გაგლოევი ედუარდ კოკოითის „პრეზიდენტობის“ პერიოდში მისი „ადმინისტრაციის უფროსი“ იყო. მოსკოვში სამუშაოდ 2011 წელს გადავიდა და ერთ დროს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი შემოსავალი წელიწადში რამდენიმე ასეულ ათას დოლარს შეადგენს.
"ლობისტების" მიზნები
წყარო ოკუპირებული ტერიტორიიდან რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიზნები წმინდა ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
სხვადასხვა დროს, ოკუპირებული ტერიტორიიდან გავრცელებულ ინფორმაციაში პროქართული ლობისტების როლის შემსრულებლებად - საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ „დამუშავებულ“ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც ასახელებდნენ.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც ოკუპირებულ აფხაზეთში ახლა განიხილავენ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღეს - 2 წელიწადში რუსეთის შემდეგ. „უცხოეთის აგენტად“ ითვლება ყველა ორგანიზაცია თუ ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებენ.
მას შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიზანმიმართულად გუდავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბევრ ადამიანს იცნობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცხინვალის რეგიონში რეალური არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ დარჩა, ხოლო ცალკეული პირები თუ ჯგუფები, რომლებიც საერთაშორისო პროექტებში ამა თუ იმ ფორმით არიან ჩართული - „ამას საკუთარი რისკის ფასად აკეთებენ“.
ასევე ნახეთ "კანონი საყოველთაო და მორჩილი სიჩუმის შესახებ" - სოხუმი მოსკოვის გზას ადგასრუსეთის მიზნები
„ცხინვალში გზის გახსნის მოლოდინი აქვთ. ეს ქუჩაში მოყოლილი ამბავი არ არის - გარკვეულ სტრუქტურებში დასაქმებული წყაროების ინფორმაციაა... იქ ასევე შიშობენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას ცვლილებები მოჰყვება“, - კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ „მოჩვენებითი კეთილგანწყობის“ დემონსტრირება უნდა და ამავე განზრახვას უკავშირებს ე.წ. საზღვრის დემარკაციის მომხრე სამი ოსი „დეპუტატის“ დასჯას.
ბენდიანიშვილი გვეუბნება, რომ რუსეთი უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების გულის მოგებას ცდილობს, ხალხის მხრიდან ევროკავშირის მისამართით მაღალი მხარდაჭერის ფონზე, თუმცა - რუსეთი მნიშვნელოვანს არაფერს დათმობს.
„უბრალოდ ქმნის ილუზიას, რომ თუ ქართველები რუსეთთან იქნებიან - გზებიც გაიხსნება და რაღაცეებს კიდევ მიიღებენ... ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის განცდის ჩამოყალიბება უნდათ.
მესიჯია - თუ ჩვენს მხარეს დაიჭერთ, შესაძლოა ეს საკითხი იმ გზებით მოგვარდეს, რომლებისკენაც ჩვენ მიგანიშნებთ. ოღონდ ყველა ბერკეტი ჩვენს ხელში დარჩებაო - ეს არის განმსაზღვრელი“, - კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამ ბოლო მესიჯის დასტურად განგრძობად ბორდერიზაციას ასახელებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ „რუსები კვლავინდებურად აქტიურობენ“. ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხურვალეთში ერთ-ერთ საგუშაგოზე გამოჩნდნენ და ტრანსპორტიდან ტვირთი ჩამოცალეს, რაც ახალი ტერიტორიების მიტაცებისა და აგრესიის გაგრძელების მანიშნებელია.
ასეთ ცნობებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებებს თითქმის არასოდეს აკეთებენ. ხოლო ჟურნალისტების შეკითხვებს სტანდარტულად პასუხობენ, რომ - ომს ვერ დაუწყებენ რუსეთს.
ასევე ნახეთ „ყველანი აპოლიტიკურები ვართ“ - ვინ ესწრება საქართველოდან პუტინის ახალგაზრდულ ფესტივალსამ დღეებში, სოჭის მახლობლად, ქალაქ „სირიუსში“, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს დროშა ფრიალებდა - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშებთან ერთად.
საქართველოდან ჯგუფი პრორუსული ორგანიზაციის, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჩაიყვანა.
ახალგაზრდული ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ საქართველოს ამ ღონისძიებაზე 35-კაციანი დელეგაცია წარმოადგენს.