ორჯერ დამწვარი “ქალაქის გული”

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 14 თებერვალს მორიგი ხანძარი გაჩნდა. დამწვარია სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ 150-200 კვადრატული მეტრი სასაწყობო ფართი. საწყობებში მეორადი ტანსაცმელი და სათამაშოები ინახებოდა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, არც ხანძრის მიზეზი.

ხანძარი ცენტრის მე-3 სართულზე გაჩნდა. დღის ბოლოს პირველ და მეორე სართულებზე ვაჭრობა ისევ განახლდა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ცენტრი სრულად იყო დაზღვეული და ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. რაც შეეხება უშუალოდ მოვაჭრის დანაკარგს, დაფარავს თუ არა ამ ხარჯს სადაზღვევო კომპანია ჯერ გარკვეული არ არის.

​ეს ამ ტერიტორიაზე რიგით მეორე ხანძარია. ზუსტად ერთი წლის წინ, 27 თებერვალს, „ქალაქის გულსა“ და „თერგს“ცეცხლი წაეკიდა და ხანძარი 3 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

შსს-ს მონაცემებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში სულ ცოტა 11 ხანძარი აღირიცხა. თითოეულ ასეთ ხანძარს გამოსვლები და აქციები მოჰყვა. დაზარალებულებს მთავრობასთან სხვადასხვა მოთხოვნები ჰქონდათ, ზარალის ანაზღაურება ან ბანკებთან შუამდგომლობა მაინც, იმისათვის რომ მოეხერხებინათ იმ ვალების გადავადება, რომელთაც ხანძრის გამო ვეღარ იხდიდნენ. უმეტეს შემთხვევაში მოთხოვნები მოთხოვნებად დარჩა.

„წინა ხანძრის დროსაც დავზარალდი, მაგრამ რა ამინაზღაურდა? სასაცილოა! მხოლოდ ის გააკეთა დირექციამ, რომ გადასახადს არ გვართმევდნენ“, - ამბობს თეა ბეჟუაშვილი, რომელიც „ქალაქის გულში“ ვაჭრობს.

ხანძრების დროს წამოიწია დაზღვევის საკითხმაც. აღმოჩნდა, რომ მოვაჭრეების უმეტესობას ქონება დაზღვეული არ ჰქონდა.

„გვინდოდა და არ დაგვაზღვიეს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთო და „დე-ეს-პეს“ კედლები - ეს გვითხრეს მიზეზად“, - განაცხადა მაშინ ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

Your browser doesn’t support HTML5

მორიგი ხანძარი ბაზრობაზე

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის, თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალი, შესაძლოა, მოვაჭრეების სავალდებულო დაზღვევა იყოს. დაზღვევა უნდა გამოიყოს იმ თანხიდან, რომელსაც მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრების მეპატრონეების სასარგებლოდ ისედაც იხდიან. ამასთან, აუცილებელია შენობის სათანადოდ მოწყობაც.

რადიო თავისუფლებამ მოიკვლია ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში დამწვარი სავაჭრო ცენტების შესახებ, რომელსაც აქვე გთავაზობთ: