ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ენტონი ბერჯესის რომანის, „მექანიკური ფორთოხლისა“ და სტენლი კუბრიკის ამავე დასახელების ფილმის შესახებ, ანუ საუბარია 1962 წელს გამოცემულ კარგ წიგნსა და 1971 წელს გადაღებულ კინოშედევრზე, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად იქცა. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფილმის პოპულარობამ ხელი შეუწყო ლიტერატურული ორიგინალის შემდგომ პოპულარობას. სტენლი კუბრიკს უყვარდა ლიტერატურა და უამრავ ლიტერატურულ წყაროს მიმართა, ნაბოკოვითა („ლოლიტა“) და სტივენ კინგით („ციალი“) დაწყებული, ორი არტურით, კლარკითა („კოსმოსური ოდისეა“) და შნიცლერით („ფართოდ დახურული თვალები“) დამთავრებული. 1961 წელს ცნობილ შექსპიროლოგსა და ჯოისის სპეციალისტს, ენტონი ბერჯესს ექიმებმა თავში სიმსივნე უპოვეს და ერთი წლის სიცოცხლეს დაჰპირდნენ (სხვათა შორის, ექიმები მთელი ოცდაათი წლით შეცდნენ). მოახლოებულმა სიკვდილმა, პრუსტისა არ იყოს, ბერჯესი სამწერლობო ენერგიით დამუხტა, ასე გაჩნდა ანტიუტოპია „მექანიკური ფორთოხალი“. წიგნს ჰქონდა დამამთავრებელი მეოთხე თავი, სადაც ბოროტი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთადერთი ღირსება აქვს (ბეთხოვენი უყვარს, რომელსაც სიყვარულით „ლუდვიგ ვანს“ უწოდებს), გამოსწორების გზას ადგება. ეს თავი ამერიკულ გამოცემაში არ შევიდა და იგი არ გაითვალისწინა კუბრიკის ფილმმაც. რატომ შეაძულეს მთავარ გმირს ბეთხოვენის მეცხრე სიმფონია; რა სჯობია, თავისუფლება და ძალადობა თუ იძულებითი არაძალადობა; რატომ შეასრულა 18 წლის ალექსის როლი 28 წლის მსახიობმა; რა არის „ნადსატი“ და მისი ეგზოტიკური ლექსიკა („კოროვა“, „დრუგი“, „მოლოკო“), – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.