ებრაელმა ბიზნესმენმა „აღმოაჩინა“, რომ მისი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი, წლების წინ ლუგანსკში გაცნობილი აფხაზეთიდან დევნილი ღრმადმორწმუნე ებრაელი, ვის გამოც დღეს მილიონიანი ბიზნესდავა აქვს საქართველოში, სინამდვილეში სააკაშვილის მთავრობის მიერ მსჯავრდებული, ივანიშვილის მთავრობის მიერ ამნისტირებული, შევარდნაძის მთავრობის დროინდელი მაღალჩინოსანია. ეს ჟურნალისტური გამოძიება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ნუშის ბაღების მილიონიან დავას ეხება, მეორე კი - ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის, იგივე ლევ მოგილევსკის ლუგანსკელ სეპარატისტებთან კავშირს.
- დამემუქრა, მოგკლავო”
- “შემხვდა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი” - როგორ გახდა ლევან მამალაძე ლევ მოგილევსკი
- მამალაძის საეჭვო კავშირები ლუგანსკელ სეპარატისტებთან
- წერილი კრემლს
- მამალაძის (მოგილევსკის) უკრაინული ბიზნესი
- მამალაძის (მოგილევსკის) რუსული კომპანიები
- ორი რელიგიის მსახური
- როგორ შეეხო პანდემიით დაზარალებულ პატიმართა ამნისტიის კანონი ლევან მამალაძეს?
- საქართველოში დაბრუნება
- ვინ არის ედუარდ ლოზოვსკი?
- ნუშის ბაღის მილიონიანი ბიზნესი
- ნუშის ბაღიდან გაძევება - დავა რეესტრში
- ნუშის ბაღში დაბრუნება
- ლოზოვსკისა და ძელურის სამართლებრივი დავები
- ვინ არის ქართლოს ძელური - როგორ გახდა მამალაძის დაცვის უფროსი ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი
- მოინდომა ფერმერობა - ალბათ არ დავეხმარებოდი - მამალაძე ძელურის შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
“დამემუქრა, მოგკლავო”
2020 წლის 15 მარტს, თეთრიწყაროს პოლიციაში შეტყობინება შედის. ისრაელის მოქალაქე ჩივის, რომ სოფელ კოდასთან თავს დაესხნენ, სცემეს და დაემუქრნენ.
“დამემუქრა, მოგკლავო”, წერდა ჩვენებაში ებრაელი ბიზნესმენი ედუარდ ლოზოვსკი. ამ ამბავს რამდენიმე თვითმხილველი შეესწრო.
პროკურატურამ ბრალდებები ედუარდ ლოზოვსკის ქართველ ბიზნესპარტნიორს, ქართლოს ძელურს წარუდგინა.
ძელური ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის დაცვის ყოფილი უფროსი და მისი მეგობარია.
რა ვიცით ნუშის ბაღის დავის შესახებ და რატომ არის ეს დავა მნიშვნელოვანი?
ქვემო ქართლში, თბილისი-თეთრიწყაროს გზიდან ახლოს, სოფელ კოდასთან, ფერდობზე თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის, შუშებიანი კოშკურა მოჩანს. კოშკურიდან ყარაული 150-მდე ჰექტარ მიწას აკონტროლებს. ტერიტორია შემოღობილია. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, აქაურობას 2000 წლიდან შპს „გეოსტატი“ ფლობს - „გეოსტატი“ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის დაცვის უფროსისა და მეგობრის, ქართლოს ძელურის კომპანიაა.
კოდის მიწებზე ნუშის ბაღის გაშენება ქართლოს ძელურმა და ედუარდ ლოზოვსკიმ 2017 წელს გადაწყვიტეს.
ედუარდ ლოზოვსკი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ქართლოს ძელური მას ლევ მოგილევსკიმ გააცნო. უთხრა, ძელური წარმატებული ბიზნესმენია, ასეულობით ჰექტარი მიწა აქვს საქართველოში და მასთან ერთობლივი ბიზნესის წამოწყება პერსპექტიული საქმე იქნებაო. ლოზოვსკი ამბობს, რომ მეგობარს ენდო.
ლოზოვსკი და მოგილევსკი 2004 წელს უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში შეხვდნენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ. ლოზოვსკი ჰყვება, რომ მოგილევსკი სოხუმიდან დევნილ ქართველ ებრაელად გაეცნო. ლოზოვსკი მოგილევსკის ბიზნესის დაწყებაში დაეხმარა. წლების შემდეგ მოგილევსკიმ მას საქართველოში დააწყებინა ბიზნესი.
ლოზოვსკი ირწმუნება, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ იცოდა - ლევ მოგილევსკი იგივე ლევან მამალაძეა, საქართველოდან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გაქცეული ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რევოლუციით მოსული ხელისუფლების პოლიტიკური მტერი, რომელსაც სააკაშვილის სასამართლომ კორუფციის ბრალდებით 17 წელი დაუსწრებლად მიუსაჯა.
გამოტოვე და გაიგე : როგორ გახდა ლევან მამალაძე მოგილევსკი
გამოტოვე და გაიგე : მამალაძის კავშირი ლუგანსკელ სეპარატისტებთან
გამოტოვე და გაიგე : ნუშის ბაღის მილიონიანი ბიზნესი
გამოტოვე და გაიგე : როგორ გახდა მამალაძის დაცვის უფროსი ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი
ედუარდ ლოზოვსკიმ მამალაძის დაცვის ყოფილ უფროსთან, ქართლოს ძელურთან ნუშის ბაღის ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად მემორანდუმი 2017 წელს გააფორმა. ლოზოვსკის სულ მცირე 700 ათასი ევრო უნდა დაებანდებინა, მოემზადებინა ბიზნესპროექტი, ჩაეყვანა სპეციალისტები.
ძელურმა საერთო ბიზნესში მიწებისა და შენობების ჩადების ვალდებულება აიღო და საკუთარი წილი იმ დროისთვის 1 მლნ დოლარზე მეტად შეაფასა.
მემორანდუმის მიხედვით, ქართლოს ძელურმა კიდევ ერთი პირობა დადო: უნდა მოეპოვებინა დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს გრანტი სახელმწიფო პროგრამებიდან და მოეზიდა მილიონზე მეტი ევროს შეღავათიანი აგროსესხი, რომლის პროცენტის ნაწილსაც ბიზნესპარტნიორები ასევე სახელმწიფო პროექტებით გადაიხდიდნენ.
2019 წელს, ლოზოვსკი ხვდება, რომ ძელური მას ბიზნესიდან აძევებს. პარტნიორებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
“შემხვდა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი” - როგორ გახდა ლევან მამალაძე ლევ მოგილევსკი
ძელურთან ურთიერთობის მოსაგვარებლად ედუარდ ლოზოვსკი, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, 2022 წლის ზაფხულში ლევ მოგილევსკის, იგივე ლევან მამალაძეს ხვდება. მამალაძე ამ დროისთვის უკვე საქართველოშია დაბრუნებული:
“შემხვდა როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, უწმაწური სიტყვებით მელაპარაკებოდა... ეს არის კრიმინალური ავტორიტეტების სტილი, ეს იყო 90-იანებში უკრაინაში და არ დამვიწყებია”, - ეუბნება ლოზოვსკი რადიო თავისუფლებას.
Your browser doesn’t support HTML5
ლევან მამალაძე (55) 90-იან წლებში საქართველოში პარლამენტის წევრი (1992-1995 წწ.) იყო. მეგობრობდა „მწვანეების“ მაშინდელ ლიდერთან, ზურაბ ჟვანიასთან და საკანონმდებლო ორგანოშიც „საქართველოს მწვანეების“ ბლოკიდან მოხვდა; 1995 წლის შემდეგ ჟვანიას და მამალაძის გზები გაიყარა. ჟვანია ე.წ. რეფორმატორების ჯგუფს იკრებს გარშემო. მამალაძე შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და, იმდროინდელი მედიის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი, პრეზიდენტის რწმუნებული ხდება ქვემო ქართლში.
შევარდნაძის ოპოზიციაში წასული ყოფილი მეგობრები და პრესა მამალაძეს - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონის გუბერნატორს - „ლევან ფაშას“ ეძახიან.
შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთი მეგობრისა და პოლიტიკური მოკავშირის, სააკაშვილის ხელისუფლება, მამალაძეს 2006 წელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ქრთამის აღების ბრალდებით დაუსწრებლად უსჯის 17 წელს.
მას ამ დროისთვის საქართველო უკვე დატოვებული აქვს. არ აღიარებს ბრალდებებს და პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს. 2003-დან 2022 წლამდე ცხოვრობს რუსეთსა და უკრაინაში. ცოტა ხანი აშშ-ში; აქტიურია სოციალურ ქსელებში, აქვს რამდენიმე პროფილი. აქვს საკუთარი იუტუბარხიც, სადაც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აქვეყნებს მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე; აძლევს ინტერვიუებს მედიას, სატელევიზიო ტოქშოუებში ერთვება როგორც მოსკოვიდან, ასევე აშშ-დან. მიუხედავად ამისა, მამალაძეს საჯაროდ არასდროს მოუყოლია დეტალები, სად და როგორ ცხოვრობდა, როდესაც ძებნილი იყო.
2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მან უშედეგოდ მოითხოვა პოლიტდევნილთა სიაში შეყვანა. შემდეგ, ასევე უშედეგოდ, შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტებს - ჯერ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს. ამნისტირებულთა სიაში მოხვედრა ლევან მამალაძემ მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში მოახერხა.
გამოტოვე და გაიგე : როგორ შეეხო პანდემიით დაზარალებულ პატიმართა ამნისტიის კანონი ლევან მამალაძეს?
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, მამალაძე ამბობს, რომ უკრაინაში, 2004-2014 წლებში კონსულტაციებს უწევდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. იყო სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის დამფუძნებელი.
ედუარდ ლოზოვსკი ლუგანსკში მამალაძის პირველი გამოჩენის გახსენებისას ქართველ ებრაელ ლევ მოგილევსკიზე საუბრობს: “ჩამოვიდა ოჯახით, ლევი, ცოლი მარიკა, შვილი, თქვეს, რომ აფხაზეთიდან ლტოლვილები ვართო, კარგი კაცი იყო, განათლებელი“ - იხსენებს ლოზოვსკი.
რადიო თავისუფლებამ შეისწავლა ლევ მოგილევსკის სახელზე გაცემული ორი დოკუმენტის - რუსული პასპორტისა და უკრაინული ბინადრობის მოწმობის ასლები. ორივე დოკუმენტი 2004 წელსაა გაცემული. ორივეზე დატანილია ლევან მამალაძის ფოტო.
ამ საბუთების მიხედვით, ლევან მამალაძე, სოხუმში, 1970 წლის 15 იანვარს დაბადებული ლევ იოსების ძე მოგილევსკია. დოკუმენტები ყალბია. მამალაძე 1968 წლის 17 იანვარს თბილისშია დაბადებული.
უკრაინასა და რუსეთში ლევ მოგილევსკის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტისა და უკრაინული ბინადრობის მოწმობის გამოყენებას ლევან მამალაძე უარყოფს. ამბობს, რომ ეს საბუთები ლოზოვსკის სჭირდებოდა და იმან დაუმზადა, თვითონ კი „რაღაც“ დოკუმენტებს ისე აწერდა ხელს, არც კითხულობდა.
„არ გინდათ ახლა სარკაზმი“, - პასუხობს მამალაძე კითხვას, რომ პროფესიით იურისტი, რომელიც სხვებს უწევდა კონსულტაციას, ბრმად რატომ აწერდა ხელს დოკუმენტებს?
მეგობრები ვიყავით, ვენდობოდი, ამბობს მამალაძე ლოზოვსკიზე.
Your browser doesn’t support HTML5
ლევან მამალაძის ყალბი რუსული პასპორტით, ლევ მოგილევსკის სახელით, რუსეთისა და უკრაინის სამეწარმეო რეესტრში რადიო თავისუფლებამ ათამდე კომპანია იპოვა.
გამოტოვე და გაიგე : მოგილევსკი/მამალაძე ბიზნესები უკრაინაში, რუსეთში
მამალაძის საეჭვო კავშირები ლუგანსკელ სეპარატისტებთან
რუსულ სოციალურ ქსელში (ok.ru) ლევან მამალაძის სახელით და ფოტოთი შექმნილ პროფილზე წერია, რომ ლევან მამალაძეს 2004-14 წლებში უკრაინაში, ლუგანსკში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა, 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლამდე - უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის კონსულტანტი იყო და მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ლევან მამალაძე ამბობს, რომ ეს პროფილი მას არ ეკუთვნის - „ოდნოკლასნიკზე არასდროს ვყოფილვარ“.
მამალაძე ადასტურებს უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - „არც ერთი თანამდებობა არ მქონია, მრჩეველი ვიყავი, ანაზღაურებადი“.
იმ დროს უკრაინის პრეზიდენტი პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩია, რომელმაც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ბოლო მომენტში უარი თქვა უკრაინას ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რამაც ასეულობით ათასი მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. ევრომაიდნის სახელით ცნობილ აქციებს 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩის გადადგომა და რუსეთში გაქცევა მოჰყვა.
კიევში დამარცხების შემდეგ რუსული პოლიტიკა რეგიონებში გააქტიურდა, პუტინის რეჟიმით წახალისებულმა ლუგანსკელმა სეპარატისტებმა 2014 წლის მაისში რეფერენდუმი ჩაატარეს ლუგანსკის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
უკრაინელი ჟურნალისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მამალაძე ლუგანსკში რეფერენდუმის ორგანიზატორებთან თანამშრომლობდა და რუსეთის სპეცსამსახურების წვრილ-წვრილ დავალებებს ასრულებდა.
რადიო თავისუფლება უტყუარად ვერ ასაბუთებს მამალაძის რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობას; დოკუმენტურად დასტურდება მისი კავშირი ლუგანსკის რეფერენდუმის ორგანიზატორებსა და სეპარატისტებთან.
თავად მამალაძე ინტერვიუში ჰყვება, რომ საქართველოდან გაქცევის შემდეგ, 2004 წელს, მას ლუგანსკში, მეგობრები დახვდნენ. მათი ვინაობის გამხელას ერიდება.
Your browser doesn’t support HTML5
მეგობარი, რომელიც მამალაძეს ლუგანსკში დახვდა და დაეხმარა, ზაზა ზუხბაიაა, 2014 წლის ლუგანსკის სეპარატისტული რეფერენდუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ზუხბაია ლუგანსკში 1997 წელს, ლევან მამალაძის ქვემო ქართლში გუბერნატორობის დროს, ჯერ ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლად დაინიშნა, 2002 წელს კი - საქართველოს საპატიო კონსულად.
მამალაძის უკრაინაში ჩასვლიდან მალევე, ზუხბაია ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანია - ლუგანსკის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე და ასევე, ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის წევრი ხდება.
არასამთავრობო კვლევით ცენტრს, МИРОТВОРЕЦЬ-ს, რადიკალურ ჯგუფს, რომელიც აგროვებს ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და პრორუსი სეპარატისტების შესახებ, ზუხბაია 2015 წელს სეპარატისტული რეფერენდუმის ერთ-ერთ ორგანიზატორად ჰყავს დასახელებული, ვებგვერდზე ამის დამადასტურებლად, ზუხბაიას არაერთი განცხადებაა ციტირებული.
რადიო თავისუფლებამ ზაზა ზუხბაიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ვერ დავუსვით კითხვები მისი და ლევან მამალაძის ლუგანსკში საქმიანობის შესახებ.
უკრაინული მედია ლევ მოგილევსკის, იგივე ლევან მამალაძის სეპარატისტებთან თანამშრომლობის შესახებ წერდა.
რადიო თავისუფლებამ მოიძია და შეისწავლა ვიდეო - და ფოტომტკიცებულებები, რაც ადასტურებს ლევან მამალაძის მონაწილეობას რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატისტების შეხვედრებში და სეპარატისტების ლიდერებთან კავშირს.
ეს არის კადრი ვიდეოდან, რომელიც ლუგანსკის საქალაქო საბჭოში სეპარატისტების შეკრებას ასახავს და 2014 წლის უკანონო რეფერენდუმამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.
ვიდეოზე აღბეჭდილია ლუგანსკის საქალაქო საბჭოში შეჭრილი სეპარატისტების უკანონო სხდომა.
კადრებში დამსწრეთა შორის ჩანს ლევან მამალაძე. ის ესაუბრება ლნრ-ის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკების ლიდერს - ვალერი ბოლოტოვს.
ბოლოტოვი ცნობილი გახდა 2014 წლის აპრილში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში საპროტესტო აქციების დროს უკრაინის ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირების მოწოდებებით. 2014 წლის 5 აპრილს მონაწილეობდა უკრაინის სახელმწიფო უწყებების შენობებში შეიარაღებულ შეჭრასა და დაკავებაში.
2014 წლის 21 აპრილიდან იყო “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. გუბერნატორი.
2017 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.
რა აკავშირებდა ბოლოტოვთან, ამ კითხვაზე მამალაძე პასუხობს, რომ ლუგანსკის მერიაში სეპარატისტებთან შეხვედრაზე ედუარდ ლოზოვსკის გაჰყვა. ლოზოვსკი შეხვედრის ამსახველ, თითქმის ხუთწუთიან ვიდეოში არ ჩანს.
Your browser doesn’t support HTML5
მამალაძე, კიდევ ერთ ფოტოზე ლუგანსკში პრორუსი სეპარატისტების მხარდამჭერებსა და მათი პოლიტიკური მოძრაობის სულისჩამდგმელებს შორის დგას. ფოტოზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა - ალექსანდრ ეფრემოვია, რეგიონების პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ეფრემოვი უკრაინის რადის რეგიონების პარტიის ფრაქცია “რეგიონების” ხელმძღვანელი იყო (2010-2014 წლებში), ასევე რეგიონების პარტიის ლუგანსკის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ევრომაიდნის შემდეგ, რასაც ღირსების რევოლუციის შედეგად რეგიონების პარტიის პრორუსი ლიდერის, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენება მოჰყვა, ეფრემოვი მცირე ხნით ლუგანსკში დარჩა და საპროტესტო აქციებზე მაიდანს აპროტესტებდა.
არაერთი მედიასაშუალების ცნობით, ეფრემოვის ბევრი ყოფილი თანაშემწე და მრჩეველი თანამშრომლობდა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერებთან, თუმცა თავად ეფრემოვმა უარყო სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერა.
2014 წლის 16 ივლისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ეფრემოვის წინააღმდეგ, მას ბრალად დასდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და თანამდებობის პირებზე უკანონო ზეწოლა მატერიალური სარგებლის მოპოვების მიზნით.
ასევე, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დონბასში შეამოწმა ეფრემოვისა და მისი მოადგილის ნატალია კოროლევსკაიას მონაწილეობა თვითგამოცხადებული ლნრ-ის შეიარაღებული მხარდამჭერების დაფინანსების ორგანიზებაში.
2015 წლის 14 თებერვალს ეფრემოვი უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა კიევში დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
2016 წლის 30 ივლისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ისევ დააკავა ალექსანდრ ეფრემოვი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ბრალდებით.
2019 წლის 22 ივლისს კიევის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობიდან შინაპატიმრობით შეცვალა.
უკრაინული მედიის ცნობით, ლევ მოგილევსკი ეფრემოვთან მუშაობდა. ეფრემოვთან დაახლოებული პირი იყო მამალაძის მეგობარი ზაზა ზუხბაიაც.
ერთ-ერთ უკრაინულ სტატიაში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს ლევან მამალაძე, რომელიც ფოტოს უღებს ეფრემოვის სახლთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ლევან მამალაძე ალექსანდრ ეფრემოვთან დაკავშირებულ კითხვებს ლოზოვსკისთან ამისამართებს.
Your browser doesn’t support HTML5
წერილი კრემლს
სტატიაში, რომელიც 2020 წელს ვებგვერდზე texty.org.ua გამოქვეყნდა, საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ელექტრონულ მიმოწერაზე, რომელიც ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელთ. მიმოწერაში ლუგანსკელი სეპარატისტების მიერ კრემლის მაღალჩინოსნისთვის გაგზავნილი წერილი და თანდართული დოკუმენტები აღმოაჩინეს.
წერილი კრემლის მაღალჩინოსანმა ბორის რაპაპორტმა ლუგანსკიდან 2014 წლის ივნისში მიიღო. რაპაპორტი ხელძღვანელობდა დეპარტამენტს, რომელსაც სეპარატისტულ წარმონაქმნებთან, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ადმინისტრაციებთან ურთიერთობაც ებარა. იმ დროს უკრაინის სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ლუგანსკელ “ბოევიკებს” დაკავებული ჰქონდათ სამთავრობო შენობების დიდი ნაწილი.
ამ წერილით და დანართებით ლუგანსკის მხარე კრემლს ფინანსებს და ინფრასტრუქტურულ დახმარებას სთხოვს, სთავაზობს ლუგანსკში რუსული რუბლის შემოღებას და იქ არსებული საწარმოების რუსულ ეკონომიკაში ინტეგრირებას. წერილის ავტორი ლევ მოგილევსკი, სამუშაო ჯგუფთან რუსი მაღალჩინოსნების შეხვედრას ითხოვს.
უკრაინულმა წყარომ რადიო თავისუფლებას მოგილევსკის მიერ ამ წერილის გაგზავნის დასტურად სქრინი მიაწოდა, კრემლში წერილის გამგზავნის იმეილის მისამართი იდენტურია ლევან მამალაძის იმეილის, რომელიც რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილ მრავალ დოკუმენტშია მითითებული. ამ იმეილით არის გაგზავნილი - ათეულობით წერილი 2017-18 წლებში ლევან მამალაძეს, ქართლოს ძელურსა და ედუარდ ლოზოვსკის შორის საქართველოში ნუშის ბიზნესთან დაკავშირებულ მიმოწერაში.
კრემლში გზავნილის ბოლოში არის მინაწერი ლეგა ლეგუნა, რომელიც ლევან მამალაძის ფსევდონიმია.
მამალაძე სეპარატისტების სახელით კრემლში გაგზავნილ წერილზე პასუხის დროსაც ლოზოვსკისკენ უთითებს.
Your browser doesn’t support HTML5
მამალაძის (მოგილევსკის) უკრაინული ბიზნესი
ინტერნეტში ამ დრომდე იძებნება განცხადება, სადაც ლევ მოგილევსკი ამ კომპანიის კუთვნილ ლითონის ნაკეთობების მოქმედ ბიზნესს ყიდის. განცხადების მიხედვით საწარმოს გასაყიდი ფასი 720 ათასი დოლარია, შესაძლებელია საწარმოს დაქირავება თვეში 16 ათას დოლარად. ყიდვის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ლევ მოგილევსკის, განცხადების ბოლოში მისი ლუგანსკის მისამართი და უკრაინული და რუსული ნომრები, ასევე მამალაძის იმეილია მითითებული.
უკრაინული სასამართლოს ბაზების მიხედვით, 2012 წელს ამ კომპანიის წინააღმდეგ ლუგანსკის სასამართლომ ორი სარჩელი განიხილა, ორივე შემთხვევაში მოგილევსკის კომპანიას დაახლოებით 2 მლნ გრივნის ვალის დაბრუნებას სთხოვდნენ, მოგილევსკის კომპანია ვალს წლები არ აბრუნებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას მოვალეების გასტუმრება დაევალა.
მამალაძე ამ საწარმოსთან კავშირს უარყოფს, ამბობს, რომ მეტალის ნაკეთობების მილიონდოლარიანი ქარხანა ედუარდ ლოზოვსკის ეკუთვნოდა, თუმცა მის ყალბ პასპორტზე იყო გაფორმებული.
მამალაძის (მოგილევსკის) რუსული კომპანიები
რადიო თავისუფლებამ რუსულ სამეწარმეო რეესტრში, ჯამში, ლევ მოგილევსკის მონაწილეობით 2005-2016 წლებში მოსკოვსა და ტულაში დარეგისტრირებული 6 კომპანია იპოვა. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა, მებაღეობა, კვება და სარესტორნო საქმე, სამკაულებით საბითუმო ვაჭრობა - ესაა ამ კომპანიების საქმიანობის არასრული ჩამონათვალი.
СНТ "ЗАРЕЧЬЕ", რომლის საქმიანობა ბოსტნეულის მოყვანა, მეყვავილეობა, ნერგების, მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაა, 2019 წელს სახელმწიფო უწყებამ დააჯარიმა 70 ათასი კვ.მ მიწის არასასოფლო დანიშნულებით გამოყენების გამო. ეს კომპანია 2007 წელსაა დაფუძნებული, მოგილევსკიმ ის რუსეთის ორ მოქალაქესთან ერთად დააფუძნა.
2009 წელს დაფუძნებულ იდენტური სახელის კიდევ ერთი კომპანიას საქმიანობაში კვება და სარესტორნო საქმე აქვს მითითებული. 90%-ს ლევ მოგილევსკი ფლობს, 10 %-ს სერგო ლეგრის ძე მამალაძე, ლევან მამალაძის ძმა, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.
რადიო თავისუფლებამ რუსულ სამეწარმეო რეესტრში იპოვა ლევან მამალაძის ცოლის მარიკა ქავთარაძის მიერ ყალბი რუსული პასპორტით დაფუძნებული საწარმოც, რომელიც მარიკა ხეველის სახელზეა გაფორმებული. მამალაძე ჩოხატაურის სოფელ ხევიდანაა წარმოშობით. საკუთარ იუტუბარხს ლეგუნა ხეველის ფსევდონიმით მართავს. მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ბოლოს 2003 წელს შეავსო, მისი ერთ-ერთი შვილის გვარად მამალაძესთან ერთად ხეველია მითითებული. მარიკა ხეველის მიერ რუსეთში 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნებული საწარმოს საქმიანობაში სურსათით, თამბაქოთი და სასმელებით ვაჭრობა უწერია.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლევან მამალაძემ რუსეთში კომპანიების დაფუძნებასთან კავშირი უარყო, მოგვიანებით ძმასთან, სერგო მამალაძესთან ერთად კომპანიის დაფუძნება გაიხსენა.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ ლევ მოგილევსკი და მარიკა ხეველი მოსკოვში ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ, ამავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული მათი სამივე შვილი; ამ მისამართზე მითითებული შვილების გვარია ხეველი, დაბადების თარიღები ემთხვევა ლევან მამალაძის მეუღლის და მათი სამი შვილის დაბადების თარიღებს. მამალაძე რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს, რომ რუსეთსა და უკრაინაში ის და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ლევ მოგილევსკის და მარიკა ხეველის სახელებით.
რუსულ წყაროებში რადიო თავისუფლებამ მიაკვლია ლევ მოგილევსკის სახელთან დაკავშირებულ უძრავ ქონებას. დოკუმენტებში მითითებულ საკადასტრო კოდებზე მოსკოვში გერცენის ქუჩაზე 3 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული, ჯამში - 1330 კვ.მ. ამ უძრავი ქონების გამოყენების სახეებში მითითებულია ინდივიდუალური და მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა.
დამატებითი დეტალების ღია წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია - 2023 წლის პირველი მარტიდან რუსეთის საჯარო რეესტრის მონაცემები საჯარო აღარ არის, დაიხურა.
რუსულ წყაროებში მარიკა შოთას ასული ხეველის სახელზეც იძებნება ქონება, მათ შორის ავტომობილები. მოძიებული ინფორმაციით, მარიკა ხეველი 2018 წელს ფლობდა 2014 წლის გამოშვება Mercedes benz GL-350-ს, რომელიც იმ დროს დაახლოებით 20-30 ათასი დოლარი ღირდა. რუსული წყაროების მიხედვით, მარიკა ხეველზე კიდევ ორი ავტომობილი იყო რეგისტრირებული - მაღალი გამავლობის nissan pathfinder-ი 2007 და 2014 წლის გამოშვება.
მეუღლესთან დაკავშირებით დამატებით შეკითხვებზე ლევან მამალაძემ რადიო თავისუფლებას არ უპასუხა.
ორი რელიგიის მსახური
Your browser doesn’t support HTML5
ლევან მამალაძე რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ ლუგანსკში ებრაულ თემთან ლოზოვსკიმ დააკავშირა.
ინტერვიუს დროს მას აღიზიანებს იუდაიზმის ტრადიციულ ლოცვებში მონაწილეობასთან დაკავშირებული კითხვები.
Your browser doesn’t support HTML5
როგორ შეეხო პანდემიით დაზარალებულ პატიმართა ამნისტიის კანონი ლევან მამალაძეს?
მას შემდეგ, რაც არც მარგველაშვილმა შეიწყალა და არც ზურაბიშვილმა, 2021 წლის აპრილიდან ლევან მამალაძე ამნისტირებაზე იწყებს ლაპარაკს. იმ დროს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერი, ნიკა მელია დაპატიმრებულია და საქართველოში ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამნისტიის კანონის მიღებას განიხილავენ, რომელიც ნიკა მელიას და ოპოზიციური მთავარი არხის ერთ-ერთ აქციონერს, გიორგი რურუას საპატიმროს დატოვებაში უნდა დაეხმაროს. ლევან მამალაძე ამბობს, რომ უცხოელი ექსპერტების დახმარებით მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვით, მელიასა და რურუასთვის მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს უნდა დამატებოდა ერთი მუხლი მისი და მსგავსი სამართლებრივი მდგომარეობის პირების ამნისტირებისთვის.
მამალაძის შეთავაზებული პროექტით, ამნისტია უნდა შეხებოდა 2012 წლის 11 ოქტომბრამდე “შეკერილი საქმეებით” - როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს - გასამართლებულ პირებს და მათ უნდა გაქარწყლებოდათ ნასამართლობა.
მამალაძის ინიციატივიდან ერთი წლის შემდეგ - „ოცნებამ“ იდენტური შინაარსის მუხლი მართლაც დაამატა მორიგ, ამჯერად კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონს. მამალაძემ საქართველოში დაბრუნება შეძლო.
2021 წელს უფლებადამცველებმა იმ პატიმრების საპატიმრო სასჯელის შემცირება მოითხოვეს, ვინც კოვიდ-19-ის შეზღუდვების გამო პანდემიის დროს ვერ ისარგებლა ოჯახის წევრებთან შეხვედრებით და სხვა უფლებებით. ამნისტიის კანონის იდეას, რომელიც პანდემიით დაზარალებულ პატიმრებს შეღავათებს დაუწესებდა, პარლამენტში ყველა დაეთანხმა.
კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2021 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ შეიტანა. „ოცნების“ პროექტში საპარლამენტო ოპოზიციის გასაკვირად აღმოჩნდა მე-4 მუხლი, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა პანდემიასთან. ამ მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდნენ მსჯავრდებულები, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი გარკვეული დანაშაულების გამო, მათ შორის ისინიც, ვინც წლების განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას. კანონპროექტით ასეთ პირებს ნასამართლობაც ეხსნებოდათ.
მათ შორის, ვინც უმრავლესობის ინიციატივა გააპროტესტა, იყო დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი („ლელო“). ის ღიად ამბობდა, რომ მე-4 მუხლი ამნისტიის კანონში „ოცნებამ“ სპეციალურად ლევან მამალაძისთვის ჩაწერა.
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კოვიდამნისტიაში მე-4 მუხლი დარჩა. პარლამენტმა კანონი 2022 წლის აპრილში დაამტკიცა. მაისში მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. მოეხსნა 19-წლიანი ძებნილის და ნასამართლევის სტატუსები.
კანონის ინიციატორმა, მიხეილ სარჯველაძემ საპარლამენტო განხილვებისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამნისტია მამალაძის გარდა 2004 წლამდე გასამართლებულ კიდევ 300 ადამიანს შეეხებოდა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით მამალაძის ჩათვლით, კოვიდამნისტიის მე-4 მუხლი 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელისგან 9 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
რადიო თავისუფლებამ მიხეილ სარჯველაძის საპარლამენტო კომიტეტს წერილობით ჰკითხა, რას ეყრდნობოდა თავმჯდომარე როცა ამბობდა, რომ ამნისტია 300 მსჯავრდებულს შეეხებოდა, კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღეთ.
საქართველოში დაბრუნება
დღეს ლევან მამალაძე საკონსულტაციო ფირმას - “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრს” ხელმძღანელობს. Საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააფუძნა პლატფორმა “დაიცავი მშვიდობა” და მთავარ პროკურატურას ამ პლატფორმის სახელით აგვისტოს ომში სააკაშვილის შესაძლო დანაშაულების გამოძიება მოსთხოვა.
სატელევიზიო გამოსვლებისას, იგი პროსახელისუფლებო მედიის საკმაოდ ხშირი სტუმარია, მამალაძის გზავნილები ხშირად სამთავრობო განცხადებების იდენტურია. მოსაზრებები აგვისტოს ომზე, დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილზე, უკრაინის ხელისუფლებაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, “აგენტების კანონზე”.
მამალაძე უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონის საქართველოში მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა 2022 წლის მაისში, გადაცემაში “უცნობის კიდობანი”. იმ დროს ამ კანონზე ოფიციალურად არ ჰქონდათ გაცხადებული, მოგვიანებით ამ კანონის ინიციატორებს.
“ოცნების“ საჯარო მხარდაჭერა მამალაძეს თბილისში დაბრუნების შემდეგ არ დაუწყია. 2020 წელს მან ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ 2012 წელს, არჩევნების წინ კონსპირაციულად ეხმარებოდა რეგიონებში “ქართულ ოცნებას” “სისხლიანი რეჟიმის” დამარცხებაში.
ბოლო, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კი, მაშინ ჯერ კიდევ ძებნილმა მამალაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოუწოდა ამომრჩეველს “ოცნების” საარჩევნო რიცხვის - 41-ის შემოხაზვისკენ.
ძებნილობისას მამალაძემ ყველაზე ხმაურიანი განცხადება 2021 წლის მარტში გააკეთა, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოისმინა ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში სამოქალაქო არეულობის გამოწვევის მიზნით ტვ პირველის წამყვანი ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. იმ დროს სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული.
მამალაძე მაშინ ამბობდა, რომ წყაროსთან მოლაპარაკება ჰქონდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნების უფლების მოსაპოვებლად.
ცნობილი ჟურნალისტების მკვლელობის დაგეგმვის შესაძლო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, ძებნილმა მამალაძემ თქვა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს. ჩანაწერი მამალაძეს დღემდე არ გამოუქვეყნებია. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.
საქართველოში დაბრუნებულ მამალაძეს გამოძიებასთან კიდევ ერთხელ უწევს შეხება, ამჯერად მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის ედუარდ ლოზოვსკისა და მისი მეგობრის, ქართლოს ძელურის დაპირისპირების გამო.
ვინ არის ედუარდ ლოზოვსკი?
ლევან მამალაძე რადიო თავისუფლებასთან ყოფილ მეგობარს, ედუარდ ლოზოვსკის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს.
ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი ედუარდ ლოზოვსკი 1965 წლის 16 ივნისს უკრაინის ქალაქ ლუგანსკში დაიბადა. ის პროფესიით ეკონომისტია. 90-იან წლებამდე მუშაობდა ლუგანსკის სხვადასხვა კოოპერატივისა თუ მაღაზიის ბუღალტრად.
1996 - 2010 წლებში ხდება ლუგანსკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, CB Ukrkommunbank-ის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბანკის საბჭოს აპარატის უფროსი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ლოზოვსკი ლუგანსკის მე-5 მოწვევის საოლქო საბჭოს წევრია. 2010 წლის 23 აპრილს დაინიშნა ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და ამ თანამდებობას 2014 წლამდე იკავებდა. უკრაინულ მედიაში ხშირად არის მოხსენიებული, როგორც რეგიონების პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, იგორ ეფრემოვის “კლანის” წევრი.
2014 წელს, ეფრემოვი და მისი წრე ევრომაიდნის აქციებში მონაწილეებს მწვავედ აკრიტიკებდნენ, მართავდნენ კონტრაქციებს. მათ შორის იყო ედუარდ ლოზოვსკიც, ის სოციალურ ქსელში წერდა: “მაწანწალა გოპნიკების ბანდებმა დაიპყრეს დედაქალაქის ცენტრი და ბანკოვის ქუჩაზე ნაცისტების შტურმიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა: „პოლიციას ჰქონდა სროლის უფლება“. რატომ არ ისროლეს? ან იქნებ ეს აუცილებელი იყო - როგორც ჟუკოვმა გააკეთა ოდესაში 1945 წელს?”.
დღეს ედუარდ ლოზოვსკი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 2014 წელს იძულებული გახდა, დაეტოვებინა უკრაინა. ლუგანსკში ბიზნესი სეპარატისტებმა წაართვეს, ქონების ნაწილი გაუნადგურეს. ის ჯერ ისრაელში გადადის, 2017 წლიდან კი, ძირითადად საქართველოში ცხოვრობს.
ნუშის ბაღის მილიონიანი ბიზნესი
სწორედ ამ დროს აფორმებს ლოზოვსკი მემორანდუმს, მამალაძის დაცვის ყოფილ უფროსთან, ქართლოს ძელურთან ნუშის ბაღის ერთობლივი ბიზნესის დასაწყებად. საერთო საქმეში სულ მცირე 700 ათასი ევროს დაბანდების ბიზნესპროექტის მომზადებისა და სპეციალისტების ჩაყვანის ვალდებულებას იღებს.
ძელური საერთო ბიზნესში მიწებით და შენობებით შედის.
მემორანდუმის მიხედვით, ქართლოს ძელურმა კიდევ ერთი პირობა დადო: უნდა მოეპოვებინა დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს გრანტი სახელმწიფო პროგრამებიდან და მოეზიდა მილიონზე მეტი ევროს შეღავათიანი აგროსესხი, რომლის პროცენტსაც ასევე სახელმწიფო პროექტებით გადაიხდიდნენ.
აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ქართლოს ძელურმა კოდაში, გეოსტატის კუთვნილი, 144 ჰექტარი მიწა ფორმალურად 7 სხვადასხვა კომპანიაზე გაანაწილა - სახელმწიფო ფინანსური დახმარების მიღება მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომელთა მიწები 20 ჰექტარს არ აღემატება.
ახალი კომპანიები ძელურის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დააფუძნეს.
ედუარდ ლოზოვსკის კომპანია “ოლ აგრომ” 2017 წლის მარტში დადებული ხელშეკრულებით სწორედ ძელურის ახლობლების ახალი კომპანიები და მათი უძრავ-მოძრავი ქონება გადაიბარა 5-წლიანი მართვის უფლებით. შეთანხმებით, მოგების 60% ედუარდ ლოზოვსკის დარჩებოდა, 40% კი - ქართლოს ძელურს. ლოზოვსკის ხუთი წლით კომპანიების ერთპიროვნული მართვის უფლება მიეცა - მას მხოლოდ მიწის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა.
ლოზოვსკიმ შვიდივე კომპანიაში დირექტორად სანდო ადამიანი დანიშნა, ესპანეთიდან 412 ათასი ევროს ღირებულების ნუშის ნერგები ჩამოიტანა, კოდაში ტერიტორია შემოღობა, მოაწყო დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების თანამედროვე სარწყავი სისტემა და 90 ჰექტარზე 60 ათასი ძირი ნუშის ხე დარგო.
რამდენიმე თვეში დაინახა, რომ ძელური თავის წილ ვალდებულებას არ ასრულებდა. “მან ვერც სახელმწიფო გრანტები მოიპოვა და ვერც შეღავათიანი სესხები”, - იხსენებს ლოზოვსკი და რადიო თავისუფლებას აჩვენებს 2017-18 წლებით დათარიღებულ წერილებს, სადაც ის ძელურს პირობების შესრულებას სთხოვდა, წერდა, რომ ნერგები ნისიად ჰქონდა აღებული და მომწოდებლები საფასურის გადახდას ითხოვდნენ.
ნუშის ბაღიდან გაძევება - დავა რეესტრში
ებრაელი ბიზნესმენი ამბობს, რომ 2019 წლის გაზაფხულზე დარწმუნდა - ქართველი პარტნიორი ბიზნესიდან მის ჩამოშორებას აპირებდა.
2019 წლის 2 აპრილს ძელურმა, როგორც მიწის მფლობელი კომპანიების დამფუძნებელმა, საჯარო რეესტრს მიმართა, ლოზოვსკი და მისი ნდობით აღჭურვილი უკრაინელი დირექტორი თანამდებობიდან გადააყენა და კომპანიების დირექტორად საკუთარი თავი დაინიშნა.
ძელურმა ყოფილ პარტნიორს და მის ხალხს ნუშის ბაღის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ეს გადაწყვეტილება ლოზოვსკიმ რეესტრში გაასაჩივრა, ის ძელურის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ბიზნესის მართვის უფლების აღდგენას ითხოვს. ებრაელმა ბიზნესმენმა დახმარებისთვის მიმართა ისრაელის მთავრობასაც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან უშუამდგომლა - საქმეში ჩაერთო ბიზნესომბუდსმენი, მან საჯარო რეესტრში ლოზოვსკის დაუჭირა მხარი და თქვა, რომ ქართლოს ძელურს არ ჰქონდა დირექტორად 5 წლით დანიშნული ედუარდ ლოზოვსკის გადაყენების უფლება.
4-თვიანი სამართლებრივი დავის შემდეგ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ შეცდომა აღიარა, აპრილში მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და გააბათილა - ძელურს კომპანიის მართვის უფლება გაუუქმეს და ლოზოვსკის აღუდგინეს.
ნუშის ბაღში დაბრუნება
ედუარდ ლოზოვსკი ირწმუნება, რომ იმ 4 თვის განმავლობაში, ძელურის მმართველობის დროს, როდესაც ნუშის ბაღთან წვდომა მას შეზღუდული ჰქონდა, ნუშის ნარგავების დიდი ნაწილი განადგურდა.
Your browser doesn’t support HTML5
იმავე ოთხ თვეში, ვიდრე რეესტრი შეცდომას აღიარებდა, ძელურმა ასევე მოასწრო კომპანია გეოსტატის კუთვნილი 450 ჰექტარი მიწის ფიქტიურად გაყიდვა. ეს მიწა, შეთანხმების თანახმად, ებრაელი ბიზნესმენის ინვესტიციების გარანტი უნდა ყოფილიყო. ძელურმა გეოსტატის მიწა ჯერ იმავე სახელწოდების საკუთარ კომპანიაზე გადააფორმა და შემდეგ ნათესავს, სიძის (ქალიშვილის ქმრის) ბიძაშვილს - გიორგი მერეკლიშვილს საბაზრო ფასზე ბევრად იაფად მიჰყიდა - მერეკლიშვილმა ძელურს სამ ნაკვეთში, - ჯამში 450 ჰექტარში, დამატებით თელეთში 4000 კვ.მ ფართის შენობით, - 139 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს... 2025 წელს.
კერძო აუდიტის დასკვნით, რომელიც ლოზოვკის მოთხოვნით მომზადდა, ამ ქონების საბაზრო ფასი 2019 წელს თითქმის 3 მლნ ლარი (2 930 500 ლარი) იყო.
იგივე უძრავი ქონება, რომელშიც ქართლოს ძელურმა 2025 წელს მისი ნათესავისგან 139 ათასი ლარი უნდა მიიღოს, გაყიდვამდე 2 წლით ადრე, თავად დაახლოებით 450 ათას დოლარად შეაფასა.
ლოზოვსკიმ ძელურს სასამართლოში უჩივლა. მისი იურისტები ფიქტიური გადაყიდვის ხელშეკრულებების გაუქმებას და მიწის ნაკვეთის გეოსტატისთვის დაბრუნებას ითხოვენ. საპასუხო სარჩელში ძელური მერეკლიშვილისთვის ქონების ფიქტიურად მიყიდვას უარყოფს და ლოზოვსკის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ამ დროისთვის მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.
დღეს კოდაში, დაახლოებით 30 ჰექტარზე კარგად გამართული ნუშის ბაღი, იურიდიულად ქართლოს ძელურის კომპანიებს ეკუთვნის, მაგრამ მათ ედუარდ ლოზოვსკი უვლის. ლოზოვსკი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 2017-22 წლებში ჯამში 1.8 მლნ ევროს ინვესტიცია ჩადო კოდის ნუშის ბაღის გაშენებასა და მოვლაში.
რადიო თავისუფლების მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, დაახლოებით 90 ჰექტარზე ნუშის ბაღის გაშენებისთვის (ნერგების ყიდვა და ჩარგვა, სარწყავი სისტემა, შემოღობვა), სულ მცირე, 2 მლნ ლარია დახარჯული.
ლოზოვსკისა და ძელურის სამართლებრივი დავები
ცემა/მუქარა:
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ედუარდ ლოზოვსკის ცემის გამო ქართლოს ძელურს სასჯელად 3000 ლარის გადახდა დააკისრეს. ძელური მუქარის ნაწილში ორივე ინსტანციამ გაამართლა. პროკურატურამ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
თაღლითობა:
კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს - ძელურის შესაძლო თაღლითობაზე, ქვემო ქართლის პოლიცია ედუარდ ლოზოვსკის საჩივრის საფუძველზე იძიებდა. ლოზოვსკიმ ქართლოს ძელურს უჩივლა, ლევ მოგილევსკისთან ერთად ჩემს ინვესტიციებს ისაკუთრებენო. ებრაელი ბიზნესმენი ამბობს, რომ გამოკითხეს, მტკიცებულებები მიატანინეს, მაგრამ გამოძიება თაროზე შემოდეს.
რადიო თავისუფლება მთავარმა პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა, ამ სამსახურში ამბობენ, რომ ლოზოვსკის საჩივარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
თანხის დაბრუნება:
ლოზოვსკი საქალაქო სასამართლოში ითხოვს, გაუქმდეს ძელურსა და მისი სიძის ნათესავს შორის მიწების გადაცემის ხელშეკრულებები. ებრაელი ბიზნესმენი ასევე ითხოვს გეოსტატისთვის ხელშეკრულებით სესხად გადაცემული 391 ათასი ევროს დაბრუნებას.
სტოკჰოლმის არბიტრაჟი:
ლოზოვსკიმ 2022 წლის ბოლოს ძელურის და მისი კომპანიებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის სტოკჰოლმის არბიტრაჟსაც მიმართა.
სტოკჰოლმში დავის დასრულებამდე სარჩელის ფინანსური დოკუმენტები მიუწვდომელია.
ვინ არის ქართლოს ძელური - როგორ გახდა მამალაძის დაცვის უფროსი ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი
ქართლოს ძელურის კუთვნილ მიწაზე ქვემო ქართლში 900-მდე საფეხბურთო მოედანი დაეტევა.
როგორ შეიძინა მან 600 ჰექტარი მიწა ქვემო ქართლში, რეგიონში, სადაც ის 1994-დან 2003 წლამდე გუბერნატორის და თავისი ბავშვობის მეგობრის, ლევან მამალაძის პირად მცველად მუშაობდა?
ქართლოს ძელური, 2007 წლამდე ქართლოს მძელური, პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. საჯარო რეესტრში მის სახელზე რამდენიმე კომპანია იძებნება, სადაც ძელური დამფუძნებელია.
ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, ძელურმა მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა ქვემო ქართლში 2000 წელს მიიღო, მაშინ, როდესაც ლევან მამალაძის პირადი მცველი იყო.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, 2000 წლის 5 მაისს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ქართლოს ძელურმა დაარეგისტრირა შპს გეოსტატი, რომლის დირექტორიც და 100%-ის მფლობელიც თავად გახდა.
გეოსტატის საწესდებო კაპიტალი 1989 წელს გამოშვებული საბჭოთა წარმოების მტვირთავი, ე.წ. პაგრუშიკი გახდა, რომელიც აუდიტმა მაშინ 2000 ლარად შეაფასა.
2000 წლის 25 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონის გამგებელმა, რეგიონის გუბერნატორის დაცვის უფროსის კომპანიას 603 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 49 წლით გადასცა.
ბორბალოს, მარაბდისა და მანგლისის საკრებულოების ტერიტორიაზე გადაჭიმულ სახნავ-სათეს, საძოვარ და სათიბ მიწებსა და ტბაში, ძელურს წელიწადში 5427 ლარი უნდა გადაეხადა - ეს 1 კვ.მ-ზე წელიწადში თეთრის მეათედზე ნაკლებია.
შევარდნაძის ეპოქის სახელმწიფომ ძელურს მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის 49-წლიანი იჯარის სანაცვლოდ დამატებითი ვალდებულებები - მაგალითად, ინვესტიციების ჩადება, ანდა ხალხის დასაქმება არ დააკისრა.
2005 წელს, ხელისუფლებაში სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ, ახალი კანონით, გრძელვადიანი იჯარით აღებული მიწის მეპატრონეებს, მიწის გამოსყიდვის უპირატესი უფლება მიენიჭათ.
ქართლოს ძელურმა მამალაძის დროს იჯარით აღებული მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან გამოისყიდა. 5 მლნ 800 ათასი კვ.მ - ანუ 580 ჰექტარში 56 ათასი ლარი გადაიხადა. 1 ჰექტარში 96 ლარი 1კვ.მ-ში, 0.009 ლარი ანუ 1 თეთრზე ნაკლები.
მოინდომა ფერმერობა - ალბათ არ დავეხმარებოდი - მამალაძე ძელურის შესახებ
ქართლოს ძელურმა რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
ძელურის მეგობარი და მისი დაცვის ყოფილი ობიექტი, რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ არაფერი იცოდა თავისი დაცვის უფროსის მიწათმფლობელობის შესახებ და მხოლოდ საქართველოდან წასვლის შემდეგ გაიგო - „შეიძლება, რომ ეთქვა ჩემთვის და ეკითხა, მეთქვა უარი, 5 შვილის მამაა და მოინდომა ფერმერობა, მაგრამ ალბათ არ დავეხმარებოდი, შეიძლება უარი მეთქვა“, - ეუბნება მამალაძე რადიო თავისუფლებას.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ქვემო ქართლში ლევან მამალაძის გუბერნატორობის დროს მამალაძის დაცვის უფროსის კომპანია გეოსტატმა 2,5 მლნ კვადრატული მეტრი (249 ჰექტარი) მიწა ქვემო ქართლის რეგიონის წალკის რაიონშიც აიღო იჯარით.
2009 წელს HumanRights.ge-მ გამოაქვეყნა სტატია - “წალკაში მამალაძის ხალხი ბატონობს” და აღწერა ადგილობრივების პროტესტი სოფელ იმერაში, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ წლიურად გათიბვისთვის ჰექტარზე 60-90 ქირას უხდიდნენ ქართლოს ძელურს. ძელური ბრალდებებს უარყოფდა - წალკელებს მიწა ჯერ კიდევ 2007 წელს დავუბრუნეო.
რადიო თავისუფლებამ საჯარო რეესტრში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ძელურმა წალკის მიწები - 246,15ჰა 17 ნაკვეთი მართლაც დაუბრუნა სახელმწიფოს, ოღონდ ეს 2011 წელს მოხდა და არა 2007 ში, როგორც ძელური 2009 წელს ირწმუნებოდა.
ლევან მამალაძის გუბერნატორობის დროს ძელურის კომპანიას თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ თელეთში და კოდაში სახელმწიფოს კუთვნილი ორი შენობაც გადაეცა - კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი ბიოკომბინატის 3533 კვ.მ 20-ოთახიანი ნაგებობა 8075 კვ.მ მიწით ქართლოს ძელურმა 2002 წელს ს.ს. კოდისგან 2000 ლარად შეიძინა.
4-სართულიანი შენობა სოფელ თელეთში, 4100 კვ.მ მიწით, ერთ-ერთი სამინისტროს ყოფილი პროფესიული სასწავლებელი, 2001 წელს ძელურს თავდაპირველად ხელშეკრულებით გადაეცა, მისი საკუთრება კი 2004 წლის თებერვალში გახდა. შენობის შესყიდვის ფასის ამსახველი დოკუმენტი საჯარო რეესტრში დაცული არ არის.
ეს შენობა თავად ძელურმა 2017 წელს 250 000 დოლარად, კოდის ყოფილი ბიოკომბინატი კი 170 000 დოლარად შეაფასა.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დაცვის ყოფილი უფროსი საერთო ჯამში რეგიონში დაახლოებით 4 მლნ ლარის უძრავ ქონებას ფლობს.
ებრაელი ბიზნესმენი ნუშის ბაღის მოვლას და სამართლებრივ დავას განაგრძობს.
ედუარდ ლოზოვსკიმ ქართველ სამართალდამცავებს რამდენიმე წერილი მისწერა, სადაც ამბობს, რომ ქართლოს ძელური და ლევ მოგილევსკი თაღლითურად ცდილობენ მისი ინვესტიციების მითვისებას და ბიზნესიდან გაგდებას. მისი საქმის ირგვლივ გამოძიება 2019 წელს დაიწყო.
ლოზოვსკი რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ სწორედ პროკურატურაში გამოკითხვისას შეიტყო, რომ პიროვნება, რომელსაც ის ლევ მოგილევსკიდ იცნობდა, ლევან მამალაძე იყო, რომელიც იმ დროს იძებნებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
მამალაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ედუარდ ლოზოვსკიმ მთავარ პროკურორს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს გაუგზავნა წერილები და მის საქმეში მოგილევსკი-მამალაძის ბრალეულობის გამოძიება მოითხოვა.
გამოკითხეს თუ არა მამალაძე ამ საქმეზე, უცნობია, მთავარმა პროკურატურამ ფინანსურ პოლიციაში გადაგვამისამართა, სადაც რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
ედუარდ ლოზოვსკიმ ქართველ ბიზნესპარტნიორს, ქართლოს ძელურს სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა, ამას ითვალისწინებდა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტი 1917 წელს დაარსდა და ნდობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით. ლოზოვსკი არბიტრაჟში ძელურის კომპანიაში ჩადებული ინვესტიციებისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
საქართველო მიერთებულია ნიუ-იორკის კონვენციას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოგების შემთხვევაში ძელურს მოუწევს, საკუთარი კომპანიის ქონებით აგოს პასუხი ებრაელი ბიზნესმენის ჩადებული ინვესტიციების სანაცვლოდ.
ნახეთ რადიო თავისუფლების ინტერვიუ ლევან მამალაძესთან სრულად: