„სამშვიდობო მისია გრძელდება. შემდეგ გაჩერება - მოსკოვი“, - დაწერა უნგრეთის ლიდერმა სოციალურ ქსელ X-ში მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა.
მაგრამ მოსკოვში გაჩერებამ და პრეზიდენტ პუტინთან დახურულ კარს მიღმა გამართულმა საუბარმა ვიქტორ ორბანი ნათლად დაარწმუნა ასეთი მისიის დიდ სირთულეში.
ასევე ნახეთ
ვიქტორ ორბანი: მოსკოვი და კიევი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან„ვიგრძენი, რომ [კიევის და მოსკოვის] პოზიციები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მშვიდობის დასამყარებლად ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მაგრამ დიალოგისკენ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ სურს განაგრძოს თავისი „სამშვიდობო“ მისია.
თუ როგორ, ვიქტორ ორბანს არ დაუკონკრეტებია.
თანაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირსა და განსაკუთრებით უკრაინაში, რომელთაც, როგორც გაირკვა, ორბანმა არც კი შეუთანხმა მოსკოვში ჩასვლა.
"ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია"
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყნის მთავრობის ლიდერია, ვინც უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს გაჩაღებული ომის განმავლობაშიც ინარჩუნებს კრემლთან მჭიდრო კავშირს.
ამასთან, მოსკოვში ჩასვლა ორბანმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უნგრეთი 1 ივლისს, ექვსი თვით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
„ვიზიტი ექსკლუზიურად, უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში გაიმართა“, - ორბანის ვიზიტს ბლოკის სახელით გაემიჯნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაური ჟოზეპ ბორელი.
ხოლო ურზულა ფონ დერ ლაიენს ორბანის მოსკოვში ჩასვლამ გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩენილი ტერმინი - „აგრესორის დაშოშმინება“ გაახსენა.
„დაშოშმინების პოლიტიკა ვერ შეაჩერებს პუტინს,
მხოლოდ ჩვენი სიმტკიცე და ერთობა გაუკაფავს გზას ყოვლისმომცველ, სამართლიან და ურყევ მშვიდობას უკრაინაში“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტით ყველაზე მეტად უკმაყოფილო დარჩა უკრაინა, ქვეყანა, რომელიც მესამე წელია იმყოფება ომის მდგომარეობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო მანქანასთან.
მიუხედავად ომით მიყენებული უდიდესი ზარალისა, უკრაინა მტკიცედ იცავს თავის პოზიციას, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი დათანხმდება ყველა შენაერთის გაყვანას მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყველა ტერიტორიიდან.
ეს პრინციპული პოზიცია უკრაინის პრეზიდენტმა 2 ივლისს გაუმეორა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ჩავიდა ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში.
ასევე ნახეთ
ვიქტორ ორბანმა კიევში ჩაიტანა წინადადება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე“ - ვიზიტის დეტალები2 ივლისს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გაირკვა, რომ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა იფიქრობს იმაზე, „თუ რამდენად შესაძლებელია პაუზის აღება, რომ შეწყდეს სროლები, და შემდეგ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც „დედლაინი“ ექნება, ორბანის თქმით, გააჩენს შანსს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაჩქარდეს.
ვიქტორ ორბანის ამ წინადადებაზე უკრაინის ლიდერს, იქ და იმ მომენტში, ნაჩქარევი პასუხი არ მიუცია.
მაგრამ მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა გადაჭრით განაცხადა, რომ არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რადგან არ ენდობა ვლადიმირ პუტინს.
„ჩვენ პრინციპულად ვერ ვენდობით პუტინს, რადგან ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია“, - განაცხადა ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ დაიწუნა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საფრანგეთში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარალელურად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
„მოდით, გულწრფელად ვთქვათ, ემანუელ, მე არ მჯერა [ამ ინიციატივის]“, - განაცხადა ზელენსკიმ. „ვინ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთი ამ დროს თავისი ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოსაყვანად არ გამოიყენებს?“
კიევის ასეთი უნდობლობის მიუხედავად, ვიქტორ ორბანი, 5 ივლისს, საკუთარი ინიციატივით, მოსკოვში ჩავიდა და დახურულ კარს მიღმა შეხვდა ვლადიმირ პუტინს.
მოსკოვი ორბანის ასეთი სამშვიდობო მისიით კმაყოფილებას ვერ მალავდა.
„რუსეთი უაღრესად აფასებს პრემიერ-მინისტრ ორბანის მტკიცე, გასაგებ, თანმიმდევრულ სურვილს, შეადაროს ერთმანეთთან მოსკოვისა და კიევის პოზიციები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.
პუტინმა ორბანთან მოლაპარაკებები ულტიმატუმით დაიწყო
უკრიანულ მედიას ყურადღებიდან არ გამორჩენია ის, რომ ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან 5 ივლისს, შეხვედრის დროს წარმოთქმულ მისალმებაში, უკრაინის მისამართით ადრე გამოთქმული ულტიმატუმიც ახსენა.
„თქვენ ალბათ იცით, ცოტა ხნის წინ მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე ჩემი გამოსვლის შესახებ. იქ მე წარმოვადგინე ჩვენი პოზიცია [უკრაინაში] შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. და, რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენთან ერთად განვიხილო ნიუანსები“, - მიმართა ვიქტორ ორბანს შეხვედრის დაწყების წინ ვლადიმირ პუტინმა.
ასევე ნახეთ
ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა14 ივნისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს შეწყვეტს და მზად იქნება, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, როგორც კი უკრაინა მთლიანად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან და უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე.
თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, რუსეთი „დაუყოვნებლივ“ შეწყვეტს ცეცხლს, განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
ამასთან, მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხსნან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია.
პუტინის ეს ხედვა საფუძველშივე ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიან „სამშვიდობო ფორმულას“, რომელიც სხვა საკითხებს შორის მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ურყევია პრინციპი: "არანაირი შეთანხმება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე!" და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვან იგი“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს.
კიევი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის და დასავლელი მოკავშირეების მიერ შემუშავებული „მშვიდობის ფორმულა“ რჩება სამართლიანი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ერთადერთ რეალისტურ გზად.
- უკრაინის სამშვიდობო გეგმა, „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წელს წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებას, ითვალისწინებს რუსეთის ფაქტობრივ კაპიტულაციას, ჯარების გაყვანას, ზიანის ანაზღაურებასა და სასამართლო პროცესს ომის დამნაშავეებზე.