„სამშვიდობო გეგმა“ კონფლიქტის მხარეებს მნიშვნელოვანი განსხვავებებით ესახებათ:
- მოსკოვისეული გეგმა კვლავ უკრაინის მხრიდან სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებს.
- კიევი ამ დათმობებზე წასვლას არ გეგმავს, მას კაპიტულაციად მიიჩნევს და „სამართლიანი მშვიდობის“ დასამყარებლად იბრძვის. თუმცა აშშ-ის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა კიევს მიუღებელი დათმობებისკენ უბიძგოს.
- უცნობია, ორბანმა კონკრეტული გეგმა ჩაიტანა თუ მხოლოდ ზოგადი შეთავაზებები, - მაგრამ კიევმა მის საჯაროდ გამოცხადებულ „გეგმაზე“ უკვე უარი განაცხადა.
- ამავე დროს გაჩნდა არაოფიციალური ცნობები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და 2024-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტთან, რომელიც ასევე კიევის დათმობებს ითვალისწინებს და ნატოს და საქართველოსაც ეხება.
ორბანის ვიზიტი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპასა და შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს, სამშაბათს, 2 ივლისს ჩავიდა კიევში.
ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში არათუ 2022 წლიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ამასთან, ეს არის ორბანის პირველი საგარეო ვიზიტი მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტი ქვეყანა ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლება.
როდესაც ორბანმა პრეზიდენტობა გადაიბარა, სლოგანად აირჩია: „გახადეთ ევროპა კვლავ ძლიერი“, - Make Europe Great Again, რაც აშშ-ის დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო.
გარდა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისა, კიევში ორბანის მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც შეეხო.
ორბანმა განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გაუმჯობესდეს ბუდაპეშტისა და კიევის ურთიერთობები.
უნგრეთის პრემიერი, რომელიც ამავე დროს ევროპაში კრემლის პოზიციების დამცველად მიიჩნევა, ხშირად ბლოკავს ევროკავშირის ინიციატივებს, რაც კიევისადმი სამხედრო თუ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს და აფერხებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთისადმი.
„გვინდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გავაუმჯობესოთ. გვინდა, ფართო ორმხრივი შეთანხმება გავაფორმოთ უკრაინასთან, - ისეთი, როგორიც წარსულში უკვე გვქონია. და მოხარულნი ვიქნებით, თუ უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციაში მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ორბანმა კიევში.
გამოცემების, The Guardian-ისა და Financial Times-ის თანახმად, ორბანის ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები უკრაინის უნგრულ ენაზე მოსაუბრე უმცირესობასთან დაკავშირებით.
„პაუზა და მოლაპარაკებები“
მედიისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მაინც რუსეთ-უკრაინის ომზე ორბანის წინადადება აღმოჩნდა.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკის გვერდით მდგარმა ორბანმა განაცხადა, რომ მას ასეთი წინადადება შესთავაზა:
„პრეზიდენტს ვთხოვე, რომ იფიქრობს, რამდენად შესაძლებელია პაუზის აღება, რომ შეწყდეს სროლები, და შემდეგ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“.
შემდეგ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - რომელსაც „დედლაინი“ ექნება, - გააჩენს შანსს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაჩქარდეს.
„სწორედ ეს შესაძლებლობები განვიხილე პრეზიდენტთან და მადლიერი ვარ მისი გულწრფელი პასუხებისა და მოლაპარაკებებისათვის“, - თქვა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერს არ დაუზუსტებია, შეთავაზებას სხვა, უფრო ზუსტი პირობები თუ ჰქონდა. ამაზე არც პრეზიდენტ ზელენსკის უსაუბრია.
ზელენსკის ორბანის შეთავაზებაზე იმ დღეს გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს.
მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ უკრაინა უარს ამბობს ასეთ იდეაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ მართალია, ორბანს „მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი აზრები“, ზელენსკის პოზიცია ამ საკითხზე „ცხადია, გასაგები და ცნობილია“.
„სამშვიდობო გეგმები“
უკრაინის პოზიციით, ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა სამართლიანი უნდა იყოს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უნდა ეფუძნებოდეს. კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პრინციპს, - რასაც შვეიცარიაში მშვიდობის სამიტზე 80-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ინიციატივით გამოვიდა.
რამდენიმე თვის წინ ზელენსკიმ დაიწუნა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საფრანგეთში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პარალელურად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ეს ინიციატივა მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას გამოაცხადა 2024 წლის 6 მაისს. იდეა დაიწუნა პრეზიდენტმა პუტინმაც. უკრაინამ უარის საფუძვლად დაასახელა შესაძლებლობა, რომ ეს ბრძოლის ველზე რუსეთის ინტერესებს შეუწყობს ხელს.
„მოდით, გულწრფელად ვთქვათ. ემანუელ, მე არ მჯერა [ამ ინიციატივის]“, - განაცხადა ზელენსკიმ. „ვინ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთი ამ დროს თავისი ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოსაყვანად არ გამოიყენებს?“
სამშვიდობო სამიტები
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, იჰორ ჟოვკვას თანახმად, კიევის უპირველესი იარაღი საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად არის სამშვიდობო სამიტი, - მეორე ასეთი სამიტი, რომლისთვისაც უკრაინა, მისი თქმით, უკვე ემზადება.
პირველი სამშვიდობო სამიტი 2024 წლის 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში. უკრაინის ინიციირებული სამიტის მიზანი იყო დიპლომატიური ფრონტის შექმნა, რომელიც აიძულებს რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას გაეროს ქარტიაზე დაყრდნობით.
სამიტზე რუსეთი მიწვეული არ ყოფილა. მხარეთა დისბალანსის გამო არ მივიდა არც ჩინეთი, რომელიც ზელენსკიმ სამიტის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს უკრაინა რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებსმეორე სამიტის ჩატარების თარიღი და ადგილი ჯერ უცნობია. ამასთან დაკავშირებით იჰორ ჟოვკვა აცხადებს:
„ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა შეიმუშავებს სამშვიდობო გეგმის სამუშაო ვერსიას, საგზაო რუკას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ეს გეგმა შემუშავდება ყველა სახელმწიფოსთან ერთად, ვინც მზად არის. უნგრეთიც მზად არის. შემდეგ, თუკი აგრესორი ქვეყანა მზად იქნა, რომ მოუსმინოს ამ გეგმას, მზად იქნა, ილაპარაკოს ამ გეგმაზე, და ულტიმატუმის ენით არ ისაუბროს, მაშინ დიახ, მეორე სამშვიდობო სამიტზე შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები შეიძლება დაესწრონ ამ სამიტს“.
რუსეთსა და უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე არ ჰქონიათ ფორმალური სამშვიდობო მოლაპარაკებები.
ივლისში არაერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ღონისძიებაა დაგეგმილი, რამაც, შესაძლოა, უფრო ცხადი გახადოს, რამდენად რეალური შეიძლება იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა.
9-დან 11 ივლისამდე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 75-ე წლისთავს იზეიმებს და ვაშინგტონის სამიტზე შეიკრიბება, რომლის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი სწორედ უკრაინის ომი იქნება.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვია - წავა თუ არა ვინმე ვაშინგტონში ან რას ჩამოიტანს?
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოება“, რომელიც 47 ქვეყანას აერთიანებს, 18 ივლისს იკრიბება გაერთიანებულ სამეფოში. უნგრეთიც და უკრაინაც მისი წევრები არიან. შესაძლოა, პრეზიდენტი ზელენსკიც დაესწროს ამ შეხვედრას.
არაფორმალური ცნობები
ბოლო კვირებში დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან პოტენციურ შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთის გარკვეული მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს.
ივნისში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ომი შეწყვიტოს, - თუკი კიევი გარკვეულ დათმობებზე წავა. კერძოდ, უარს იტყვის ნატოში გაწევრების ამბიციაზე და რუსეთს დაუთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
კიევი ამ პირობების შესრულებაზე უარს აცხადებს, აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს კაპიტულაციას ნიშნავს.
ბევრი რამ არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშია.
ორბანის კიევში ვიზიტის პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ვაშინგტონში იმყოფებოდა.
იმ დღეს, როდესაც ორბანი კიევში ჩავიდა, უმეროვი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მიიღო და დაჰპირდა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში $2,3 მილიარდის გამოყოფას.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერსაა დანიშნული.
მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისაგან. პირველი სატელევიზიო დებატების შედეგებმა, - სადაც არც ტრამპი ბრწყინავდა, - ბაიდენისთვის უფრო ცუდად იმუშავა.
ასევე ნახეთ ბაიდენი vs ტრამპი: რა არ უნდა გამოგრჩეთ დებატებიდან3 ივლისს გამოცემა „პოლიტიკომ“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპი ამზადებს ნატოსთან აშშ-ის მომავალი ურთიერთობის გეგმას; კერძოდ, ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებასა და ახალ წევრებად უკრაინის და საქართველოს მიღებაზე.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ტრამპს, - რომელიც ამჟამად ფორმალურ თანამდებობას არ ფლობს, - რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის თავისთვის დატოვება შეუძლია მოსკოვს.