ოპოზიციური ველის განლაგება წინასაარჩევნოდ - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ივნისს

ზოგი ათანხმებს, ზოგი აფუძნებს, ზოგი გადადის, ზოგიც ჯერ ფიქრობს - ოპოზიცია არჩევნებისთვის

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციური სპექტრი სხვადასხვა სახისა და სირთულის ამოცანებს ეჭიდება: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაჟორიტარების საკითხზე მსჯელობას განაგრძობს ოპოზიციური ერთობის დარჩენილი ნაწილი, იქმნება ახალი პარტიები და მიმდინარეობს გადაჯგუფების პროცესიც.

მას შემდეგ, რაც თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციური ერთობის სხვა ძალებს დაუთმო, ნაციონალური მოძრაობადაანონსებულ საარჩევნო კამპანიაში ჩაება და რეგიონებში აქტიურად გასვლაც დაიწყო.

როგორც ნიკა მელიას მიერ წინასწარ ითქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეთიშა მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესს და ახლა შორიდან აკვირდება - თუ რამდენად ფართო კონსენსუსს მიაღწევენ „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდის გარშემო შეკრებილი სხვა პოლიტიკური ძალები. შემდგომი ნაბიჯებიც ამის მიხედვით გადაიდგმება.

  • თუკი ფართო კონსენსუსი შედგება, წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა 20 ივნისს, .. გავრილოვის ღამის წლისთავისთვის დაგეგმილ აქციაზე უნდა გამოცხადდეს;

  • თუკი ფართო კონსენსუსი ვერ შედგება და მხოლოდ 3-4 პარტიის შეთანხმება მოხერხდება, „ნაციონალური მოძრაობაამას ფართო კონსენსუსად არ ჩათვლის და სხვა ოლქებშიც საკუთარი კანდიდატურების დასახელებაზე იზრუნებს - ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებენ პარტიის ლიდერები;

  • ასეთ შემთხვევაში, პარტიის ზოგიერთი ლიდერის განცხადებით, დღის წესრიგში დადგება უკვე მეორე ტურთან დაკავშირებული შეთანხმება - ოპოზიციამ ერთიანი ძალებით დაუჭიროს მხარი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს.

პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს აუხსნას ამომრჩევლების განაწყენებულ ნაწილს, რომ - ოლქების დათმობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებისთვის აუცილებელი სტრატეგიის ნაწილია და ერთიანობისთვის ყველამ რაღაც უნდა დათმოს.

რა კონტურები იკვეთება ოპოზიციურ ველზე, როცა ჯერ ისევ არ არის გარანტირებულად გადაწყვეტილი ახალი საარჩევნო სისტემისა და 1%-იანი ბარიერის ბედი, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში?

დადასტურებული შემთხვევა - 818

გარდაცვლილი - 13

გამოჯანმრთელებული - 686

კარანტინში - 2902

სტაციონარში - 249

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს შესთავაზებს პირბადეებს, ან მათ თავად უნდა მიიტანონ ის. მაგიდებს შორის დაცილება სიგანეში იქნება 2-2 მეტრი, აბიტურიენტების ზურგებს შორის დისტანცია კი - 1 მეტრი.

გამოცდაზე ყოფნის სავალდებულო წესები:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.

თითოეულ საგამოცდო ცენტრში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტი ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვას დაიწყებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეიდან დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტი პარლამენტის რეგლამენტიდან და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე გადაეგზავნება ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტს.

„ხვალიდან პარლამენტში გრაფიკის მიხედვით კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა. რეალურად ეს გახლავთ ახალი ბიუჯეტი, რადგან ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შეცვლილი. ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2.5 %-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა თავდაპირველ ვერსიაში, იქნება ახლა 8.5% დეფიციტი. ჩვენ ვგეგმავდით მშპ-ის ზრდას 4.5% -ით, მაგრამ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი. აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ქვეყანა იქნება რეცესიაში და იქნება -4%. გარდა ამისა, ჩვენ შემოსავლების ნაწილში დაგვაკლდება 1.8 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი გათვლილი იყო 14 მილიარდ 430 მილიონ ლარზე. ახლა კი ბიუჯეტის ასიგნებები ანუ ხარჯვითი ნაწილი მიაღწევს 15. 923 მილიარდ ლარს ანუ 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. ხვალიდან დაიწყება პარლამენტში განხილვები, შემაჯამებელი სხდომა იქნება ერთ-ერთი პირველი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და დავასრულებთ თვის ბოლოს“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ცხინვალთან ახლოს აღმოჩენილი ნეშტები და წითელი ჯვრის ინტერესი იდენტიფიკაციის პროცესში

სააგენტო „რესის“ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ტბეთის მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს სამი ნეშტი იპოვა - მიწის დამუშავებისას ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. ადგილზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ და სამარხიდან უცნობ პირთა ნეშტები ამოიღეს.

სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ დაღუპულთა ვინაობა და მათი დაღუპვის გარემოებები. სააგენტო „რესი“ ადგილიდან ფოტოებსაც ავრცელებს. ერთ-ერთ ფოტოზე პროკურატურის თანამშრომელს ხელში თავის ქალას ფრაგმენტი უჭირავს. გამოძიების პირველ ეტაპზე დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი, კონსტანტინ ჯიოევი, მხოლოდ იმას ამბობს, რომ სამარხი დიდი ხნის წინაა გაკეთებული. ამ ინფორმაციის გავრცელებამ დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ადამიანებში, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. წაიკითხე და ნახე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

საერთაშორისო პრესა ანტირასისტულ გამოსვლებზე: უნდა დავიცვათ კოლონიური ძალაუფლების სიმბოლოები?

რასიზმისა და საპოლიციო სისასტიკის წინააღმდეგ მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის, ძეგლი და ის მდინარე ევონში ჩააგდეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა, ეს აქტი დაგმო, თუმცა მას ევროპულ პრესაში ყველა კომენტატორი არ ეთანხმება. ევროპულ პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა კოლონიური ძალაუფლების სიმბოლოები ხელუხლებელი და რას ნიშნავს მათი ჩამოგდების აქტები, ისტორიისა და მისი გაგრძელების პერსპექტივიდან.

ედვარდ კოლსტონის ძეგლის ჩამოგდება ისტორიაზე თავდასხმა კი არ არის, თავად არის ისტორიაო, წერს ისტორიკოსი დევიდ ოლუსოგა ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ The Guardian-ში 8 ივნისს: „1895 წლის შემდეგ დღეს პირველი დღეა, როცა მასობრივი მკვლელის ძეგლის ჩრდილი აღარ ეცემა ბრისტოლის ცენტრს. მათ, ვინც ამ დღის მოსვლას განიცდის და კვირას მომხდარით შოკირებულია, საკუთარ თავს რამდენიმე რთული შეკითხვა უნდა დაუსვან. ნუთუ მართლა სჯერათ, რომ ბრისტოლი გუშინ უკეთესი ადგილი იყო იმის გამო, რომ მის ცენტრში მონებით მოვაჭრის ძეგლი იდგა? ნუთუ მართლა არ ესმით, - დღემდე, - თუ რატომ მიიჩნევდნენ კოლსტონის მსხვერპლთა შთამომავლები მის ძეგლს შეურაცხყოფად და რატომ ითხოვდნენ მის აღებას ათწლეულების განმავლობაში? ... რაც უნდა ითქვას მომავალი დღეების განმავლობაში, ძეგლის ჩამოგდება არ ყოფილა ისტორიაზე თავდასხმა. ეს აქტი თავად არის ისტორია, ერთ-ერთი იშვიათი მომენტი ისტორიაში, რომლის დადგომაც ნიშნავს, რომ ვითარება აღარასოდეს დაუბრუნდება უწინდელ სურათს“.

წაიკითხე მეტი.