გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა 16 დეკემბერს - არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაციის დღეს - იწურება. ოპოზიცია სწორედ ამ დროისთვის მოითხოვს ხელისუფლებისგან სამუშაო ჯგუფების შექმნას და დიალოგის დაწყებას მთავარ მოთხოვნაზე - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და სწორედ ამ პირობებში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.გიგი უგულავა
ეს მოთხოვნა 2 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც გაისმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძისგან. ოპოზიციამ მაშინ „პოლიტიკური კრიზისიდან“ გამოსვლის გზად საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და საარჩევნო გარემოს გარდაქმნაც დაასახელა - კონკრეტულად კი, არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლა მოითხოვა.
სამი დღის შემდეგ „ძალა ერთობაშიას“, „ახალი მემარჯვენეების“, „დემოკრატიული მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ლეიბორისტების ოფისში შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს:
- საარჩევნო სისტემის ცვლილება
- და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „თავისუფალი დემოკრატების“, „გირჩისა“ და „შენების მოძრაობის“ ლიდერებს, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაცაა.
დღეს ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ:
- საპრეზიდენტო არჩევნები საარჩევნო კოდექსის, სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევით ჩატარდა.
- ხელისუფლებამ უკანონოდ და მასშტაბურად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და მასობრივად მოისყიდა ამომრჩეველი.
- იყო მათზე ზეწოლისა და შანტაჟის არაერთი ფაქტი, დაირღვა ხმის ფარულად მიცემის წესი
- და რომ ამ და სხვა დარღვევებმა პირდაპირი და თვისებრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიების ნაწილს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასეთია გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ამავე მოთხოვნას იზიარებს ლეიბორისტული პარტია.
„უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და სწორედ ამ პირობებში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება ექნება, ჩემი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2019 წლის შემოდგომაზეც შეიძლება მოესწროს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის - ვითხოვთ უკეთესს და ვემზადებით უარესისთვის.დავით უსუფაშვილი
ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, მაგალითად, „გირჩი“, მიიჩნევს, რომ დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების ინტერესებში შედის, ის ისევ მისი გამარჯვებით დასრულდება და „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას, სიტყვებით რომ ვთქვათ, „ივანიშვილი ისევ დახარჯავს ფულს ამ არჩევნებში“.
თუმცა „გირჩი“ ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი გზაა მახინჯი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად:
„დღეს არჩევნებში ადამიანები ირჩევენ არა იმას, ვინც მათ მოსწონთ, არამედ იმას, ვინც ხელს შეუშლის სხვა კანდიდატს ხელისუფლებაში მოსვლაში. თუ ჩვენ გვინდა ეს დასრულდეს, მაშინ გვჭირდება პროპორციული საარჩევნო სისტემა ბარიერის გარეშე. თუმცა „გირჩი“ არ ემხრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დღეს ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა“, - თქვა 6 დეკემბერს იაგო ხვიჩიამ.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ის პროპორციული სისტემით ჩატარდება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის - ვითხოვთ უკეთესს და ვემზადებით უარესისთვის“ - ეს განცხადება უსუფაშვილმა პირველ დეკემბერს გააკეთა. მისი აზრით, ამ საკითხზე ხელისუფლებასთან შეთანხმების ალბათობა არ გაზრდილა და ფუჭი ილუზიაა ისიც, რომ თუ ოპოზიცია ერთად დადგება, საარჩევნო სისტემა მაშინვე პროპორციულ სისტემაზე გადავა.
თავისუფალ დემოკრატებს აქვთ იდეა, მოაგროვონ 200 000 ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. ამ პარტიის წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით დანარჩენ ოპოზიციასთან მისი პარტიაც მზადაა გაერთიანდეს, თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას თავისუფალი დემოკრატები დღეს ვერ ხედავენ.
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხთან, მის შეფასებასა და გაერთიანებული ოპოზიციის 16 დეკემბრის ულტიმატუმთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია, თანხმობა და თანამშრომლობა არა აქვთ ახალ მემარჯვენეებს. მამუკა კაციტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ ეს ნაციონალების საქმეა და ახალი მემარჯვენეები ამ მიზეზით ლეიბორისტების ოფისში სათათბიროდ არ მისულან.
„საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლაზე კი ოპოზიციურ პარტიებს სრული თანხმობა გვაქვს“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
ლეიბორისტების ოფისში არ მისულან არც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთაველზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მხარდასაჭერი მიტინგი მოაწყვეს. ამ პარტიის წევრის, გიორგი ლომიას, განცხადებით, მის პარტიას არ ეშინია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, რადგან, მისი სიტყვებით, „’პატრიოტთა ალიანსს’ თავისი ნიშა უკავია ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში და აქვს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა“.