ონკოლოგია: ოპერაციების დაფინანსების სირთულე

რუსთავში ყოველწლიურად ონკოლოგიურ დაავადებათა ათობით ახალ შემთხვევას აფიქსირებენ. ზოგი ამას ჰაერის დაბინძურებით ხსნის, ზოგიც საკვები პროდუქტების უხარისხობით. მართალია, რუსთავის თვითმმართველობა ამ მძიმე დაავადების მქონე ადამიანების გადაუდებელ ოპერაციებს აფინანსებს, მაგრამ მომართვიანობა იმდენად არის გაზრდილი, რომ ადგილობრივი კანონმდებლები იძულებულნი ხდებიან, სპეციალური პროგრამის დაფინანსება თვიდან თვემდე გაზარდონ ხოლმე.

Your browser doesn’t support HTML5

ონკოლოგია: ოპერაციების დაფინანსების სირთულე

„პროგრამის ბიუჯეტი 465 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 400 ათასი უკვე გავეცით ძირითადად ოპერაციებზე, გადაუდებელ ონკოლოგიურ და კარდიოლოგიურ ოპერაციებზე. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ონკოლოგიური და გულის დაავადებებით“

რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის განმარტებით, 2015 წლიდან დაიხვეწა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა რეგისტრაციისა და მათი მონაცემების ერთიან ბაზაში შეყვანის მეთოდოლოგია, ამოქმედდა ავთვისებიანი სიმსივნის პოპულაციის ერთიანი რეგისტრი. ჯანდაცვის სამინისტროს და, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრებსაც მიეწოდებათ ზუსტი მონაცემები ამ ვერაგი დაავადების ცვლადი სტატისტიკის შესახებ. დავით ბეგაშვილის თქმით, რუსთავში ბოლო წლებში ონკოლოგიური დაავადების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა 2015 წელს გამოვლინდა. მისი თქმით, 2014 წელს გამოვლინდა ავთვისებიანი სიმსივნის 67 ახალი შემთხვევა, მაგრამ 2015 წელს, რეგისტრის შექმნის შემდეგ, -111, ესე იგი, გაიზარდა დაფიქსირებულ დაავადებათა რაოდენობა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 81-მდე დაეცა, მაგრამ 2017 წელს ავთვისებიანი სიმსივნის ახალმა შემთხვევებმა, წინა წელთა შედარებით, 5-ით მოიმატა.
დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავი ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების მხრივ ქვეყნის სხვა ქალაქების შესაბამის სტატისტიკას, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, არ აჭარბებს და საშუალო მაჩვენებელია.

რუსთაველი გარემოს დამცველი აქტივისტი ნიკოლოზ მუსერიძე ამბობს, რომ ონკოლოგიურ დაავადებათა სტატისტიკა ჰაერის დაბინძურების შედეგია. ჰაერს კი, პირველ რიგში, ქარხნები აბინძურებენ:

„რა თქმა უნდა, რუსთავში არის ავტომობილების გამონაბოლქვი, მაგრამ ქალაქში იმდენად ცოტა მანქანა დადის, რომ [ჰაერის დაბინძურებას] უფრო იწვევს ქარხნები. გადავხედოთ 10 წლის სტატისტიკას, რამდენი ავტომანქანა მოძრაობდა მაშინ რუსთავში და რამდენი ახლა. 10 წლის წინ ეს ქარხნები ისედაც იყვნენ და დღესაც არიან. ეს პროცესი [ჰაერის დაბინძურება] არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ეს დაიწყო დიდი ხნის წინ. მაღაზიაში დახლზე პროდუქტი რომ დევს, იმასაც ეხება [დაბინძურებული ჰაერი]. სარეცხი საშუალებებით ხომ არ გავრეცხავთ საჭმელს?“

ნიკოლოზ მუსერიძის თქმით, დაბინძურებული ჰაერის დანალექი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მის ამ აზრს ამყარებს რუსთავში, 9 მაისის ქუჩაზე მცხოვრები თაკო ბარაბაძე, რომელსაც რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ მაისში გაესაუბრა.

„შემოდიხარ ეზოში და ბავშვებს ადგას ეს უზარმაზარი ღრუბელი, შავი, ყვითელი, თუ, არ ვიცი, რაც არის. პირდაპირ არის სუნი, სუნთქვა არის შეუძლებელი და მტვერი, რომ გაუსვათ, არის ყვითელი, ისევე როგორც მანქანებზე, სახლებზე“, ჩიოდა თაკო ბარაბაძე.

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი კი ამბობს, რომ ონკოლოგიურ დაავადებათა ზრდა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში დაგროვდა:

„არაჯანმრთელი კვება, ზოგადად, ჩვენი გარემო - ეს ბოლო 25 წელი რაც დაუდევრობა ხდებოდა, დღეს ვიმკით მაგის შედეგებს. კონტროლი რომ არ იყო კვების პროდუქტებზე, ყველაფერი იყრიდა თავს, ახლა უკვე გამოაჩინა თავისი თავი“.

რუსთავის თვითმმართველობა წლიდან წლამდე ახორციელებს „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას“ გადაუდებელი მკურნალობისა თუ ოპერაციების დასაფინანსებლად, მაგრამ, როგორც წესი, პროგრამის თავდაპირველად განსაზღვრული დაფინანსება წლის განმავლობაში იზრდება ხოლმე, დიდი რაოდენობით მომართვიანობის გამო.

ასე მოხდა წელსაც. გასულ თვეში საკრებულოს ბოლოსწინა სხდომაზე პროგრამის დაფინანსება 100 ათასი ლარით გაზარდეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძე ამბობს, რომ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვითმმართველობას გადაუდებელი ონკოლოგიური და კარდიოლოგიური ოპერაციის საჭიროებით მიმართავენ:​

„პროგრამის ბიუჯეტი 465 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 400 ათასი უკვე გავეცით ძირითადად ოპერაციებზე, გადაუდებელ ონკოლოგიურ და კარდიოლოგიურ ოპერაციებზე. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ონკოლოგიური და გულის დაავადებებით“.

გიგა ვეფხვაძის თქმით, გამოსანახი იქნება დამატებითი თანხები, რათა 2018 წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის“ დაფინანსება.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი კი ამბობს, რომ გადასახედია, ზოგადად, ონკოლოგიურ ავადმყოფთა დახმარების პროგრამა, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი ყველა დაავადებულის გადაუდებელ ოპერაციას ფიზიკურად ვერ დააფინანსებს:​

„მეოთხე სტადიის [ონკოლოგიურად დაავადებულს] შეიძლება ოპერაცია გაუკეთონ, მაგრამ ვერ გადარჩეს, ან რამდენიმე კვირით, თვით გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. ვართ ასეთ სიტუაციაში: არ დააფინანსო არ გამოდის, დააფინანსო ოპერაცია და შედეგი როგორი იქნება, ეგეც არ იცი. ამიტომ თანხები ძალიან ისე მიდის...თავად ჯანდაცვის სისტემაში უნდა მოიფიქრონ რაღაც ისეთი, რაღაც მარეგულირებელი...პალიატიური მკურნალობა უნდა გაძლიერდეს“.

დავით იშხნელი აქვე დასძენს, რომ საჭიროა დაფინანსების დიფერენცირებაც - ზოგს ისედაც აქვს საოპერაციო ფული, ზოგს კი ძალიან უჭირს.