“ვაიმე შვილო...” - ომში წასული იუნკრის დედის დღიური

Your browser doesn’t support HTML5

მინიატურული წიგნაკი ტყავის ყდით, მეტალის ოქროსფერი ორნამენტებით და გაყვითლებული ფურცლებით, ერთდროულად ერთი ქალის ოჯახური ქრონიკაცაა და საქართველოს გასაბჭოების პირველი დღეების არტეფაქტიც.

საუკუნის წინ გაკეთებული მოკლე ჩანაწერები ჰყვება ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელმაც 1921 წელს ერთდროულად ქმარი და ორი შვილი გაგზავნა ორ სხვადასხვა ფრონტზე ბოლშევიკებთან საბრძოლველად.

ამ წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, წიგნაკის პატრონმა, სოფიო ქობულაშვილმა 19 წლის შვილი. ოსიკო, იგივე იოსებ ჯანდიერი, რომელსაც დედა თვეების განმავლობაში ეძებდა ხან ცოცხლებსა და ხან მკვდრებს შორის, ერთ-ერთია იმ 9 იუნკერს შორის, რომლებიც კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

“ბებიაჩემის ბებიის დღიურს ჩვენი ოჯახი უკვე ას წელზე მეტია რაც ვინახავთ. სულ მიყვებოდა ბებიაჩემი თავის გმირი ბიძის ამბავს და ბავშვობიდან ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა ფაქტობრივად ბავშვი, 19 წლის იუნკერი”, - ჰყვება ირინა საყვარელიძე, ვის სახლშიც ახლა ინახება ძველი დღიური და სოფიო ქობულაშვილის ოჯახის ფოტოები.

დღიური

სოფიოს დღიური მისი და ივანე ჯანდიერის ჯვრისწერის აღწერით იწყება და შვილების გაჩენისა და ნათლობების ამბით გრძელდება. 8 ბავშვიდან მხოლოდ 4-ის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები გაჩენიდან მალევე დაიღუპნენ. ოსიკოს, უფროს გადარჩენილ შვილს, რომელიც მკათათვეში დაიბადა, სოფიოს მამის სახელი დაარქვეს და მარიამობის თვეში მონათლეს.

“ოსიკო შევიდა სამხედრო სასწავლებელში იუნკრად, 1920 წელს, 15 სექტემბერს, ქალაქ თბილისში”, - წერს სოფიო თავის უკვე გაზრდილ შვილზე. ქართულმა სამხედრო სკოლამ, რომელიც იმდროინდელ პლეხანოვის, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე იყო განთავსებული, პირველი მსმენელები 1919 წლის სექტემბრის დასაწყისში მიიღო. სამხედრო სკოლის ხელმძღვანელი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო. სკოლაში მოხვედრა ძალიან ძნელი იყო, რადგან მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა სკოლის შესაძლებლობას.

სოფიოს დღიურის შემდეგ გვერდზე ოსიკო უკვე ბრძოლის ველზე მიდის, კოჯრის მთებზე, ტაბახმელაში. სამხედრო სკოლამ 1921 წლის 17 თებერვალს დილის 5 საათზე მიიღო ბრძანება ტაბახმელაში პოზიციების დაკავების შესახებ. 12 საათზე სკოლა დაიძრა და 17 საათზე ტაბახმელაში იყო.

“ბოლშევიკებთან (ბოლშევიკები გადახაზულია) ომობენ ქართველები, მამაცად, ომობენ საშინელ ომს, ნამეტნავად იუნკრები”, - ეს ჩანაწერი 17 თებერვლითაა დათარიღებული.

იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. 1921 წლის თებერვალში თბილისს მთლიანობაში რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა, რომელთა შორის იყო იუნკერთა სამხედრო სკოლის 166 კურსანტიც.

“ოსიკას მამაცობის ხმა მოდის, ძალიან მამაცად თურმე ეომება და დაჭრილი ამხანაგები გამოჰყავს თავისი ზურგით ბრძოლის ველიდან და ისევ ბრძოლაში შედის. ამას დაჭრილი ამხანაგები ამტკიცებენ”, - სოფიოს ესეც 17 თებერვალს დაუწერია.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ, მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.

25 თებერვალს ბათუმში საომრად მიდიან მისი ქმარი და უმცროსი 17 წლის შვილი. ამ დღეს თბილისში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას”.

წითელი არმია თბილისში. 1921 წლის 25 თებერვალი.

სოფიოს დღიურში შემდეგი ჩანაწერი დაუთარიღებელია - “ოსიკო აღარ ჩანს”, - წერს დედა.

კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაიღუპა 9 და დაიჭრა 43 იუნკერი. დაღუპულებს შორის, იოსებ ჯანდიერთან ერთად, იყვნენ ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა და ილია ჯანდიერი. სოფიოს დღიურიდან ირკვევა, რომ დაღუპულების ოჯახის წევრებს თვეები დასჭირდათ ომში წასულების საპოვნელად.

“24 მარტი, 1921 წელი

ვანო, გოგია და დათიკო ბათუმიდან ჩამოვიდნენ. ვანოს ეგონა, რომ ოსიკა ჩემთან არის. ვაიმე შვილო, მგონი უბედური დედა გავხდი. ზოგი მეუბნება, რომ მომიკლეს, ზოგი მეუბნება, ბაქოშია დაჭრილი ტყვედო”.

შემდეგ გვერდზე ახალი ჩანაწერია, დედა თარიღს აღარ უთითებს, უბრალოდ წერს, რომ მის შვილს ბაქოში ვერც ცოცხლებში პოულობენ და ვერც მიცვალებულებში.

“ალბათ მომიკლეს შვილი.

ალექსანდრეს ბაღში შეიძლება იყოს დამარხული, ან ვაენნი საბორში. ვაი შენ დედას შვილო, რატომ არ მოვკვდები. საცოდავი მამაჩემი, არა იცის რა”.

ოჯახმა მხოლოდ 10 აპრილს მიიღო უტყუარი ცნობა იმის შესახებ, რომ ოსიკო ცოცხალი აღარ არის - მოიძებნა თვითმხილველიც, რომელსაც ნანახი ჰყავდა ოსიკოს ცხედარი 9 ნატყვიარით გულში და ერთი “შტიკის” იარით.

“ვაი, ჩემო უბედურო თავო! დღეს, 10 აპრილს, 1921 წელს დავრწმუნდით, რომ უბედურება მოგვივიდა მე და ვანოს. ოსიკა აღარ გვყავს. ლალა ვაჩნაძე დარწმუნებით ამბობს, რომ მიხეილის საავადმყოფოში ნახა მიცვალებული ჩემი ოსიკა.

მარიამ ვახვახოვს არ მოუშვია ჩემთან და დამღუპა. უკანასკნელად ჩემი შვილი ვერ ვნახე და ჩემი ხელით ვერ დავასაფლავე.

9 ტყვია ჰქონდა თურმე მოხვედრილი და მკერდში ერთი შტიკი. ვაი შენს დედას შვილო, რატომ არ მოვკვდი შენს მაგივრად, რომ შენ დაგეყარა ჩემთვის მიწა”, - სოფიო ამ სიტყვებს კი წერს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის სად არის მისი შვილის საფლავი.

ოჯახის წევრები და ნათესავები 1921 წლის 17 აპრილს ოსიკოს პირველ პანაშვიდს უხდიან ქაშუეთის ეკლესიაში.

“16 მაისი, 1921 წელი, თბილისი

დღეს ვიპოვე ჩემი გმირი 19 წლის ვაჟკაცის საფლავი, ვაენნი საბორში არის ჩემი ოსიკა ბევრ სხვა ამხანაგებთან ერთად დამარხული. ოსიკას საფლავი მიპოვნა დიმიტრი სულაძემ, რომელმაც დამარხა ოსიკასთან ერთად 36 სხვა”, - ასე მთავრდება ოსიკოს ძებნა და სოფიოს დღიური, რომლის უკანა ყდასაც ამ დრომდე აქვს შემორჩენილი ნახევრად ჩამწვარი სანთლის კვალი.

ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი ბოლშევიკებზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, სხვა ოჯახების დანაკარგებზე. 19 წლის შვილის კვალის ძებნით მოცული ქალი არც იმას წერს, რომ ქმარი ბათუმიდან დაჭრილი და დასახიჩრებული, ცალი ფეხით დაბრუნდა.

სოფიომ და ივანე ჯანდიერმა შვილის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე ათეული წელი იცოცხლეს - ბოლშევიკებმა ოჯახის მთელი ქონება ჩამოართვეს. 40-იან წლებში ზურგში ნასროლი ტყვიით მოკვდა ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე მათი მეორე შვილი, ილია, შვეიცარიაში განათლებამიღებული ინჟინერი - ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ მეორე შვილიც ბოლშევიკებმა მოუკლეს. ილია ბაკურიანი-თბილისის სარკინიგზო გზის გაყვანაზე მუშაობდა.

თუ თქვენს ოჯახშიც ინახება ნივთი (ფოტოალბომი, დღიური, ნახატი, პლაკატი, საბჭოთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტი, საზღვარგარეთ მოგზაურობიდან ჩამოტანილი ნივთი ან სულაც სპეცტანსაცმელი), რომელიც ეპოქის ამბებს ჰყვება, მოგვწერეთ. ჩვენ ვეცდებით ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორ ირეკლავს ოჯახების ამბები ქვეყნის ბედს და პირიქით.