რუსეთის ხელისუფლება ასევე მნიშვნელოვან ძალისხმევასა და თანხებს ახმარს „პატრიოტულ აღზრდას“, რომელიც კრემლში იდეოლოგიური ბრძოლის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა.
2024 წელს „რუსეთის მოქალაქეების პატრიოტული განათლებისათვის" რუსეთის ბიუჯეტის პროექტში 45,85 მილიარდი რუბლია (460 მლნ $) გათვალისწინებული. ამის შესახებ წერს გამოცემა rbc.ru, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეტანილი ბიუჯეტის კანონის თანახმად, თანხის მნიშვნელოვან ნაწილს - 20,9 მლრდ რუბლს მიიღებს 2022 წელს შექმნილი „პირველების მოძრაობა“.
„თანხა მოხმარდება როგორც „ბავშვებისა და ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის სისტემაში“ მოქალაქეების ჩართვას, ასევე სხვა პროექტებს, რომელთა შერჩევა-დაფინანსებას თვითონ ორგანიზაცია გადაწყვეტს. კიდევ 1,3 მილიარდი რუბლი (13 მლნ $) გამოიყოფა კონკურსის, „დიდი ცვლილების“ ჩასატარებლად, 270 მილიონი რუბლი - იუნარმიისთვის („საყმაწვილო არმია“), 170 მილიონი კი - „რუსეთის მართვეებისთვის“. გარდა ამისა, 2 მილიარდი რუბლი გამოიყოფა ისეთი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ „ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდას, განვითარებასა და თვითრეალიზაციას“, - წერს გამოცემა.
2023 წლის რუსეთის ბიუჯეტის პროექტში „პატრიოტული აღზრდისთვის“ 39,7 მილიარდი რუბლი (397 მლნ $) იყო გამოყოფილი, 2022 წლის ბიუჯეტში კი, რომელიც უკრაინაში შეჭრამდე დაიგეგმა, სულ რაღაც 5 მილიარდი რუბლი (50 მლნ $).
რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის გარდა, მნიშვნელოვან თანხას გამოყოფს რუსეთის პრეზიდენტის კულტურული ინიციატივების ფონდი: დამატებით 1,6 მლრდ რუბლი მოხმარდება პატრიოტული სერიალების, ფილმებისა და კომიქსების შექმნას. შარშან პატრიოტიზმის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის ფონდიდან დაფინანსება მიიღეს მოციგურავე ევგენი პლუშჩენკომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ, მომღერალმა დენის მაიდანოვმა, მსახიობმა ვლადიმირ მაშკოვმა და სხვებმა.
ომის დამნაშავეები სკოლის პედაგოგებად?!
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება „პატრიოტული აღზრდისთვის“ ფინანსების გარდა, ასევე ხარჯავს ადმინისტრაციულ რესურსებსაც.
„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას სურს სკოლებში გაკვეთილები ჩაატარონ უკრაინის ომის მონაწილეებმა. ამორალური და კრიმინალური იდეაა ამ ადამიანების სკოლებში შეშვება“, - ამბობს დანიილ კენი, დამოუკიდებელი პროფკავშირის „მასწავლებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს პროპაგანდის სახიფათო დოზის შეტანას სკოლებში:
„ვიცით, რომ ფაშიზმი და ბოროტება შეიძლება ძალიან ბანალური იყოს. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ჩვენსავით გამოიყურებიან, ჩვენსავით აცვიათ, იღიმებიან, ყოველდღიურ ყოფაში შესაძლოა კეთილებადაც კი გამოჩნდნენ... აი, ასეთი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ სკოლებში. ეს ქმნის დიდ საფრთხეს, რადგან ისინი შესაძლოა იყვნენ ომის ყველაზე ეფექტიანი პროპაგანდისტები“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი მირონოვის თქმით, რუსეთში ყველა ყმაწვილს უნდა შეეძლოს იარაღის ხმარება და ყველას უნდა ესმოდეს, რა არის დაწყებითი სამხედრო მომზადება. მის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საშუალო სკოლის ბოლო ორ კლასში (X და XI კლასები) სამხედრო-პატრიოტულ მეცადინეობას 140 სასწავლო საათი (ანუ კვირაში 2 საათი) უნდა დაეთმოს, პედაგოგებად კი ფრონტიდან დაბრუნებული სამხედროები უნდა მიიწვიონ.
„2022 წელს რუსეთში სკოლა დაამთავრა 700 ათასმა ახალგაზრდამ, მეათეკლასელების ჩათვლით, საუბარია 1,4 მლნ მოსწავლის ფსიქიკის დაზიანებაზე“, - ამბობს დანიილ კენი, მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელი.
მეხსიერებასთან ბრძოლა ქუჩებსა და მოედნებზე
რუსეთში სკოლის მოსწავლეების ფსიქიკისა და მსოფლმხედველობის შეცვლაზე ოფიციალურად ზრუნავს განათლების სამინისტრო, რომელმაც ახალი საგნის დამატების გარდა ასევე შეცვალა ისტორიის სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები, რომლებშიც რადიკალურადაა შეცვლილი საბჭოთა წარსულისადმი დამოკიდებულება.
საბჭოთა კავშირის გაკეთილშობილებისა და საბჭოთა ისტორიის გათეთრების მცდელობები თვალშისაცემია საკლასო ოთახებს მიღმაც.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დაახლოებით ორი ათასი ძეგლი დაიდგა, მათ შორის დაიდგა როგორც დასახლებულ პუნქტებში, ასევე დახვრეტილთა საერთო საფლავებსა და საპატიმრო ბანაკების სასაფლაოებზე, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში ერთმანეთის მიყოლებით ქრება და ნადგურდება მემორიალური ნიშნები, ძეგლები და კომპლექსები, რომლებიც სტალინური რეპრესიების სიმხეცეს ამხელდნენ.
გაუჩინარებული ძეგლები ყველაზე ხშირად ეძღვნება რეპრესირებულ პოლონელებს, ლიტველებსა და უკრაინელებს. „უცნობი პირები“ ანადგურებენ ძეგლებს ან იპარავენ ძეგლებზე მიმაგრებულ აბრებს, რუსეთის ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს და არანაირად არ რეაგირებს. ბოლო 1,5 წლის განმავლობაში სულ მცირე 15 ძეგლი დააზიანეს, დაამახინჯეს ან საერთოდ აიღეს.
2023 წლის სექტემბერში, იაკუტსკში, გაიტაცეს 2002 წელს დადგმული გადასახლებაში დაღუპულ პოლონელთა და ლიტველთა ძეგლი. გატაცებამდე ცოტა ხნის წინ მემორიალი ფირნიშებისა და გრანიტის ფილებისგან განძარცვეს. ქალაქის მერიამ პირობა დადო, რომ ვითარებაში გაერკვეოდა, თუმცა მემორიალის ადგილზე დღესაც ცარიელი მოედანია დარჩენილი.
2023 წლის მარტში, პერმის მხარეში დაიკარგა ლიტველებისა და პოლონელების მემორიალი - სვეტი კათოლიკური ჯვრითა და 89 სპეცგადასახლებულის გვარებით. მემორიალი თავის დროზე სასაფლაოს მახლობლად აღიმართა. თავდაპირველად პოლიციამ უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობის შემდეგ პოლიციამ დაიწყო მემორიალის განადგურების ფაქტის მოკვლევა.
პეტერბურგში, ლევაშოვოს სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა დააზიანეს ორი მემორიალი - უკრაინელებისა და პოლონელების. 2023 წლის თებერვალში, რეპრესირებულ უკრაინელთა მემორიალიდან რამდენიმე სიტყვა მოხსნეს. „მარადიული ხსოვნა უდანაშაულოდ დაღუპულ უკრაინელებს“ - ამ წარწერის ნაცვლად, ახლა იკითხება: „მარადიული ხსოვნა უკრაინელებს“. 2023 წლის ივნისში კი სასაფლაოდან გაუჩინარდა რეპრესირებული პოლონელების ძეგლი.
2022 წლის ნოემბერში, ტომსკის ოლქში დააზიანეს სამი მემორიალი. პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, 11 ნოემბერს, ვიღაცამ მოხსნა აბრა სტალინის დროს რეპრესირებულ პოლონელთა ძეგლიდან. ამავე დღეს დააზიანეს მემორიალური დაფა და ჯვარი როგორც პოლონელ ბავშვთა სახლის კედელზე სოფელ ბიალისტოკში, ასევე ტომსკის ოლქის ყოფილ პოლონურ სოფელ პოლოზოვში.
2023 წლის ივნისში, სვერდლოვსკის ოლქის სოფლებში კოსტუსოვოვკსა და ოზერნოიეში დაარბიეს გადასახლებულ პოლონელთა საფლავები. ბურიატიაში, ბაიკალის ტბის სოფელ რეჩკა მიშიხაში უცნობმა პირებმა მოჭრეს ჯვარი და გადასახლებული პოლონელების მემორიალიდან მოიპარეს აბრა.
ირკუტსკის ოლქში „უცნობმა პირებმა“ გაანადგურეს კერძო პირების მიერ დადგმული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი.
ვორკუტაში, სოფელ რუდნიკში, 2023 წლის ზაფხულში, წააქციეს ბეტონის ჯვარი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმართეს პოლონელი პატიმრების ხსოვნის ნიშნად. ადგილობრივმა დეპუტატებმა მოითხოვეს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ გაანადგურა ცხრა მეტრი სიმაღლის ბეტონის ძეგლი. პასუხად ვორკუტის შსს-ს განყოფილებაში განაცხადეს, რომ ჯვარი წაიქცა „ადამიანის მონაწილეობის გარეშე კლიმატური ფაქტორების გავლენით“.
ძეგლების გარდა, ასევე იკარგება პროექტის „უკანასკნელი მისამართის“ აბრები, რომლებიც დამაგრებულია იმ სახლების კედლებზე, საიდანაც დიდი ტერორისა და შემდგომი რეპრესიების წლებში გაყვანილი ხალხი უკან აღარ დაბრუნებულა. პროექტის კოორდინატორის, ოქსანა მატვიევსკაიას თქმით, პეტერბურგში ე.წ. სპეციალისტთა სახლის კედლებიდან 34 აბრა მოხსნეს.
რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებს ძარცვვავენ და ანადგურებენ და ახალ ძეგლებს უდგამენ არა რეპრესირებულებს, არამედ საბჭოთა ლიდერებს. მაგალითად, ტვერის ოლქში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალურ კომპლექს "მედნოეში", სადაც დაკრძალულია ექვსი ათასზე მეტი დახვრეტილი პოლონელი ოფიცერი და ჯარისკაცი, დაიდგა იოსებ სტალინის ბიუსტი. იქვე დამონტაჟებულია ლენინის, კალინინის, ძერჟინსკისა და სვერდლოვის ქანდაკებები. „მედნოეს“ დირექტორმა ალექსანდრ ჩუნოსოვმა ამ ფაქტს „ლოგიკური და გასაგები“ უწოდა: „პირველ რიგში კიროვი მოდის, რომლის მკვლელობით დაიწყო მასობრივი რეპრესიები. შემდეგ სტალინი, შემდეგ ყველა დანარჩენი. ეს ხომ ეპოქაა. მათ რა, არაფერი აკავშირებდათ რეპრესიებთან? რა არის აქ შეუსაბამო? ყველაფერი ლოგიკურია, ყველაფერი გასაგებია“, - ამბობს ჩუნოსოვი.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „მემორიალის“ დირექტორის ირინა ფლიგეს თქმით, თანამედროვე რუსეთში მემორიალური ძეგლები მეხსიერებისათვის ბრძოლის ველად იქცა.
„სწორედ ამიტომ ანგრევენ ძეგლებს, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ“, - ამბობს მკვლევარი, რომლის თქმით, როგორც წესი, ძეგლების უმრავლესობის დანგრევას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება ხოლმე. ხელისუფლება არ აწარმოებს გამოძიებას ვანდალიზმის ან ძეგლების (მემორიალური დაფების) ქურდობის ფაქტებზე. არცერთ ფაქტზე არ დადგინდა, ვინ და რატომ გაანადგურა ძეგლი.
ასევე ნახეთ დაბრუნება უკანასკნელ მისამართზე„15-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, რაზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია. რეგიონული ხელისუფლება არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს, ზოგი მიუთითებს ცუდ კლიმატურ პირობებზე (ვორკუტა), ზოგი ადანაშაულებს უცნობ ვანდალებს ან მიუთითებს რესტავრაციის აუცილებლობაზე (სანქტ-პეტერბურგი)... რაც შეეხება სანქტ-პეტერბურგში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის, „ლევაშოვოს მემორიალური სასაფლაოს“ ტერიტორიიდან დემონტირებულ ძეგლს, რომელიც 30 წლის წინ, 1993 წელს დაიდგა და ეძღვნებოდა რეპრესიებს შეწირული საბჭოთა კავშირის პოლონელი მოქალაქეების ხსოვნას. ძეგლის დემონტაჟიდან სამი თვე გავიდა, თუმცა ვერც „მემორიალმა“ და ვერც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვერ მიიღეს პასუხები მარტივ კითხვებზე: რომელმა სამთავრობო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ? სად იმყოფება ძეგლი ამჟამად? რომელი ორგანიზაცია ეწევა მის რესტავრაციას და როდის იგეგმება მისი თავდაპირველ ადგილზე დაბრუნება?“, - ამბობს „მემორიალის“ წარმომადგენელი.