ომის ეკონომიკა. ხუთი შემაძრწუნებელი პროგნოზი რუსეთისთვის

წლის პირველი დღეები საუკეთესო დროა იმაზე დასაფიქრებლად, თუ რა იქნება წინ. დანიის Saxo Bank-ის ანალიტიკოსების მიერ მოფიქრებული „შემაძრწუნებელი პროგნოზების“ ჟანრი, პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ზოგიერთმა „ნაკლებად სავარაუდო ან არაჯეროვნად შეფასებულმა“ სცენარმა ახდენა დაიწყო.

თანაც ბოლო წლებში, რუსეთში ისეთი მოვლენები ხდება, რომლებსაც 2000-იანების ყველაზე დახვეწილი ფანტაზიის მქონე ანტიუტოპიის ავტორებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ამ სტატიაში წაიკითხავთ შემაძრწუნებელ ეკონომიკურ წინასწარმეტყველებებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისგან, რომლებიც, ერთ, სამწუხაროდ, არცთუ მთლად დაუჯერებელ სცენარში ნამდვილად ეწერება.

ომი არ დასრულდება

მიუხედავად იმისა, რომ ომში ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს რაიმე სერიოზულ წარმატებას, წელს არც ზავი დაიდება და არც კონფლიქტი „გაიყინება“. და ვინაიდან ომი იქცა რუსეთის ეკონომიკის თვისობრივი ცვლილებების განმსაზღვრელ ფაქტორად, თანმდევი ნეგატიური ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.

უკვე დღეისათვის რუსეთის არმიამ ეკონომიკიდან „ამოიღო“ თითქმის მილიონი ადამიანი (300 ათასამდე მობილიზებული და კიდევ 640 ათასი კონტრაქტით დაქირავებული).

მობილიზაცია რუსეთში. საილუსტრაციო ფოტო


2024 წელს ეს პროცესიც გაგრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ საჭიროა ომში დაღუპულებისა და დაჭრილების ჩანაცვლება.

გაგრძელდება სამხედრო საწარმოების გაჯერება საბიუჯეტო თანხებით. გაიზრდება რუსეთის მთლიან ეკონომიკაში სამხედრო-სამრეწველო სექტორის წილი, რომელიც კვლავ თავისკენ გადაქაჩავს შრომით, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.

სამუშაო ძალის დეფიციტი და კრედიტების მხრივ არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები თავდაპირველად ეკონომიკის სამოქალაქო სექტორში გამოიწვევს სტაგნაციას, შემდგომ კი მას სამომხმარებლო საქონლის გამოშვებაც მოჰყვება.

ბარელი ნავთობი 40 დოლარად

2024 წელს ბარელ ნავთობზე საშუალო წლიური ფასი 60 დოლარზე ნაკლები იქნება. ამის მიზეზი გახდება მსოფლიო (პირველ ყოვლისა, ჩინეთის) ეკონომიკის შენელება.

მნიშვნელობით მეორე ფაქტორი იქნება ბენზინისა და დიზელის საწვავის მოხმარების შემცირება და ელექტროტრანსპორტის განვითარება.

ამასთან, განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში უკვე აღმოიფხვრა ძირითადი შეზღუდვა - აკუმულატორების დამუხტვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა. და პრაქტიკულად ყველა მსოფლიო დონის ავტოკონცერნი ბაზრებს ელექტრომობილების საკუთარ ვერსიებს სთავაზობს.

ნავთობის მოპოვება რუსეთში, თათრეთში. 2023 წლის ნოემბერი


საწვავზე მოთხოვნის შემცირება აიძულებს ოპეკ+ის ჯგუფს (აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბრუნეი, ბრაზილია, ყაზახეთი, მალაიზია, მექსიკა, ომანი, რუსეთი, სუდანი და სამხრეთი სუდანი), შემოიღოს ახალ-ახალი „ნებაყოფლობითი შეზღუდვა“. თუმცა ორგანიზაციის წევრები რეგულარულად დაარღვევენ კვოტებს. გარდა ამისა, მათ ადგილებს დაიკავებენ სხვა მსხვილი ექსპორტიორები (პირველ ყოვლისა, აშშ, სადაც 2023 წელს ნავთობის მოპოვებამ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა). შედეგად, საუდის არაბეთი კიდევ ერთხელ შეეცდება დამოუკიდებელი მწარმოებლების გზიდან ჩამოშორებას და დაიწყებს „ფასების ომს“ ენერგომატარებლების ბაზარზე საკუთარი წილის დასაბრუნებლად. ყოველივე ეს გამოიწვევს რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის გზით მიღებული შემოსავლის შემცირებას და რეალურს გახდის მომდევნო, მესამე პროგნოზს.

დოლარის კურსი "გაუქმდება"

სამომხმარებლო საქონლის წარმოების სტაგნაციის პირობებში, საბიუჯეტო თანხის უხვი ინექციებით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნა, შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმპორტის საშუალებით. საექსპორტო შემოსავლების ვარდნა რუბლის დევალვაციის ახალ რაუნდს გამოიწვევს. ვალუტის რეგულირების გამკაცრება შედეგს ვერ გამოიღებს და მას შემდეგ, რაც დოლარი კვლავ ასცდება 100 რუბლის ნიშნულს, რუსეთის ბანკი გადაწყვეტს შეწყვიტოს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „არამეგობრული“ ქვეყნების ვალუტებით ვაჭრობა.

რუსეთის ოფიციალური პირები კრემლს ანგარიშს ჩააბარებენ რუსეთის ეკონომიკის სრული და საბოლოო დედოლარიზაციის შესახებ და ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად წარმატებით გადადის რუსეთი პარტნიორებთან ეროვნული ვალუტებით ვაჭრობაზე.

მთავარი სავალუტო წყვილი იქნება იუან-რუბლი. დოლარი და ევრო დარჩება მხოლოდ „შავ ბაზარზე“ და იქ გაცვლითი კურსი ერთ დოლარზე 150 რუბლს გადააჭარბებს.

25 პროცენტზე მაღალი ინფლაცია

რუბლის მსყიდველობითი უნარი დაეცემა არამხოლოდ სავალუტო ბაზარზე. მათ შორის ეს მოხდება ფინანსთა სამინისტროს მიზეზითაც. უკვე 2023 წლის დეკემბერში ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები მიუახლოვდა 5,5 ტრილიონ რუბლს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ფინანსთა სამინისტრო წლის დასაწყისიდან საშუალოდ თვეში ხარჯავდა.

2024 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ფულის დაჩქარებული ტემპით დახარჯვას, სამხედრო შეკვეთების ავანსად დასაფინანსებლად.

ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე

რუსეთის ცენტრალური ბანკის მცდელობა, განაკვეთების გაზრდით ებრძოლოს ფასების მკვეთრ ზრდას, დამატებით დარტყმას მიაყენებს საკვებისა და სამომხმარებლო საქონლის წარმოებას, ხოლო სოციალური შეღავათების გულუხვი ინდექსაცია (საპრეზიდენტო არჩევნებამდე) და სამხედრო შეკვეთა, გააგრძელებს გადახდისუნარიანი მოთხოვნის მხარდაჭერას, რომლის დაკმაყოფილებაც სულ უფრო რთული გახდება. სასაქონლო ფასების ვარდნის გამო წარმოქმნილი ვალუტის დეფიციტი კიდევ უფრო გაართულებს იმპორტის გზით გადახდისუნარიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მთავრობის ძალისხმევას, რომ ადმინისტრაციული ზომებით შეეცადოს სიტუაციის სტაბილიზაციას (მწარმოებლებსა და საცალოდ მოვაჭრეებზე ზეწოლა, სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის აკრძალვა, სავალუტო კანონმდებლობის გამკაცრება) - მოკლევადიანი ეფექტი ექნება; თანაც მცირე და საშუალო მწარმოებლებისა და ექსპორტიორების გაკოტრების გამო, წლის მეორე ნახევრისთვის ეს კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას როგორც სავალუტო, ასევე სამომხმარებლო ბაზრებზე.

სასურსათო ბარათები ("ტალონები") რეგიონებისთვის

ფასების ზრდის წინააღმდეგ მოჭარბებული ადმინისტრაციული ენთუზიაზმით ბრძოლა, რუსეთში საქონლის დეფიციტს გამოიწვევს. შედეგად, რეგიონულ ხელისუფლებებს სახელმწიფო განაწილების სისტემის შექმნა მოუწევთ. წლის მეორე ნახევარში, რუსეთის რიგი რეგიონები, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის, სოციალურად „მყარ“ ფასებში მნიშვნელოვანი საქონლის ნორმირებული განაწილების სისტემას შემოიღებენ.

მოხუცი ქალი დიმიტროვოს სუპერმარკეტში. საილუსტრაციო ფოტო

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ცხოვრებაში დაბრუნდება სასურსათო ბარათები, რომელთა დასაქონლებაც შესაძლებელი იქნება სპეციალურ მაღაზიებში.

დადგენილი ნორმის მიღმა საქონლის შეძენა შესაძლებელი იქნება „კომერციულ“ მაღაზიებში და „კომერციულ“ ფასებში, რაც მნიშვნელოვნად (ან დიდწილად) იქნება განსხვავებული გარანტირებული სახელმწიფო ფასებისგან.