კონფლიქტის გამღვივებელი ტერმინები „სამხრეთი ოსეთი“ და „ჩრდილოეთი ოსეთი“ რუსი მოხელეების ლექსიკონებში კიდევ უფრო ადრე, XIX საუკუნეში გაჩნდა, თუმცა 1917 წლამდე ამ ტერმინებს იშვიათად იყენებდნენ. ყველაფერი შეიცვალა 1917 წლის დეკემბერში, როცა „თებერვლის რევოლუციის“ შემდეგ ქართველმა და რუსმა ბოლშევიკებმა საქართველოში ეთნიკური უმცირესობის საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება გადაწყვიტეს.
სეპარატიზმის დაბადება
1917 წლის 15-17 დეკემბერს ცხინვალში, რომლის მოსახლეობა 4 ათასს არ აღემატებოდა, გაიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგატთა ყრილობა, რომელმაც აირჩია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ეროვნული საბჭო და მოსთხოვა საქართველოს მთავრობას სამაზრო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა.
1918 წლის 2-8 მარტს ცხინვალში შეიკრიბა დეკემბერში უკანონოდ შექმნილი სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ ერთეულთან ერთად ასევე მოითხოვა დამოუკიდებელი ოსური პოლკის შექმნაც. 1918 წლის 18-20 მარტისთვის საქმე სისხლისღვრამდე მივიდა: სეპარატისტებმა მოკლეს გორის მაზრის კომისარი გიორგი მაჩაბელი და მასთან ერთად მოკლეს და დაჭრეს 50-ზე მეტი გვარდიელი.
საქართველოს პირველი რესპუბლიკა ცნობდა ე.წ. ავტონომიურ მმართველობას. კონსტიტუციის 107-ე მუხლით, „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი)“ [აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა 1921 წლის ივლისის შეთანხმებით], მინიჭებული ჰქონდათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა, ოსებს კი იმდროინდელ საქართველოში უყურებდნენ, როგორც ეროვნულ უმცირესობას, კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მაგრამ ტერიტორიული თუ სხვა სახის ავტონომიის უფლების გარეშე.
შიდა ქართლის ოსების ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანების მოძრაობასა და ტერმინ „სამხრეთი ოსეთის“ დამკვიდრების ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა განიხილავდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბოლშევიკების (ამიერკავკასიის კომისარიატის) ბრძოლის ნაწილად.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში შიდა ქართლში მცხოვრებმა ოსებმა სამჯერ მოაწყვეს აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით. სამივეჯერ წამოაყენეს საკითხი საქართველოსგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოცილებისა და საბჭოთა რუსეთთან შეერთების შესახებ. ისტორიკოს ლევან თოიძის მიხედვით, სამივე ეს აჯანყება საბჭოთა რუსეთისა და მისი ბოლშევიკური პარტიის მიერ იყო ინსპირირებული და დაფინანსებული.
„ცხინვალიდან ცუდი ცნობები მოდის. მგონი, ის უკვე დაიკავეს ოსურმა ბანდებმა. ჩვენ სასწრაფოდ გადავისვრით იქ ძალებს და მალე ვასწავლით ჭკუას ამ არამზადებს, - წერდა 1920 წლის 9 ივნისს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, - ოსი ნაციონალისტები - ჩვენი უბოროტესი და დაუძინებელი მტრები არიან. ისინი ყოველთვის სარგებლობენ ჩვენი პრობლემებით და აჯანყებებს გვიწყობენ... რამდენიმე წლის წინ, თავისი აჯანყებით თურქებს ბათუმის აღება გაუადვილეს. გასულ წელს დენიკინს ეხმარებოდნენ, ახლა კი ბოლშევიკებთან შეთანხმებით გვიჯანყდებიან! ჩვენც მოგვბეზრდა ეს დაუსრულებელი აჯანყებები. მალე წავართმევთ სამხრეთ-ოსურ ბანდებს შეიარაღებული გამოსვლების ყოველგვარ ხალისს!“
სამი დღის შემდეგ, 12 ივნისს სახალხო გვარდია ცხინვალში შევიდა. „ახლა ღამეა და ირგვლივ ყველგან ცეცხლი ჩანს!.. აჯანყებულთა სახლები იწვისო“, - წერს ვალიკო ჯუღელი თავის დღიურში, რომლის მიხედვითაც, 15 ივნისს გვარდიის სარდალი უკვე ჯავაში იმყოფებოდა:
„ჯავა – სამხრეთ ოსეთის დედაქალაქია. ის ძალიან მდიდარი და თვალწარმტაცი სოფელია და სამხრეთ ოსეთის გულს წარმოადგენს. ჯავაა ყველა ინტრიგისა და ყველა აჯანყების წამომწყები. და ეს გული უნდა ამოიგლიჯოს!“
ჯუღელი „სამხრეთ ოსეთს“ ქართული დემოკრატიის მტრად მიიჩნევდა, იქ დაწყებულ აჯანყებას კი რესპუბლიკისათვის სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამდა, რითაც ამართლებდა გამოჩენილ სისასტიკეს:
„ჩვენს გარშემო ყველგან იწვის ოსური სოფლები. საშინელი ანგარიშსწორებაა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიპოვეთ სხვა გზა. და არც არავის შეეძლო მისი პოვნა! აუცილებელი იყო, ან ჩაგვეხშო აჯანყება და გადაგვერჩინა ჩვენი დემოკრატია, ან კიდევ დაგვეღუპა ჩვენი დემოკრატია და სისხლიანი ვანდეისათვის მიგვეცა ზეიმის საშუალება. და ჩვენც, ყოყმანის გარეშე, გავაკეთეთ არჩევანი! დავიღალეთ სიტყვების, შეგონებებისა და თხოვნებისაგან. ჩვენ უკვე ორჯერ გამოვიჩინეთ ლმობიერება, ჰუმანურობა და მოწყალება. ჩვენ ზედმეტად გულმოწყალენიც ვიყავით და მაშინ არ მიგვიმართავს სისასტიკისთვის, თითქმის არავინ დაგვიხვრიტავს. არცერთი სახლი არ გადაგვიწვავს! ...მაგრამ ჩვენი გულმოწყალება, ჩვენი სიკეთე აღქმული იქნა, როგორც ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება, ჩვენი სისულელე. დიახ, სწორედ რომ სისულელე! და ჩვენ მოგვიწყვეს ახალი, კიდევ უფრო ძლიერი აჯანყება. ვანდეამ ისევ წამოჰყო თავი და ჩვენი განადგურება მოინდომა. და ჩვენც მივხვდით, რომ საჭიროა ქვეყნის გადარჩენა, რომ დადგა მომენტი, როცა გული უნდა ამოვიგლიჯოთ და სასტიკნი გავხდეთ“.
თუმცა „სამხრეთოსურ ვანდეას“, როგორც ჯუღელი უწოდებს „სამხრეთ ოსეთს“, ზეიმის საშუალება მაინც მიეცა. საქართველოს დაპყრობიდან რამდენიმე თვის თავზე ნაჩქარევად შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელსაც ბევრი მკვლევარი მიიჩნევს ერთგვარ მადლობად გადახდილს ოსი ბოლშევიკებისათვის, რომლებიც წლების განმავლობაში უთხრიდნენ ძირს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა და მასში შევიდა 40 ქართული სოფელი და ერთი ქალაქი - ცხინვალი.
ავტონომიური ოლქის შექმნის საბოლოო გადაწყვეტილებაც მოსკოვში იქნა მიღებული, რასაც წინააღმდეგობა არ გაუწია ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
„ოსების მიერ დასახლებული რაიონები მოკლებული არიან გეოგრაფიულ მთლიანობას და შეადგენენ გეოგრაფიულად და ეკონომიურად სხვადასხვა პროვინციების ნაწილებს. ასეთი ჩამონაჭრებიდან ხელოვნურად შემდგარი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა განუხორციელებლად უნდა ჩაითვალოს ტოპოგრაფიული პირობების გამო“, - წერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი მდივანი ბესარიონ კვირკველია.
1922 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია უკვე მოიხსენიებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა იმთავითვე იცოდნენ, რა და რატომ გააკეთა მოსკოვმა. გრიგოლ ლორთქიფანიძე, პირველი რესპუბლიკის მთავრობის მოადგილე წერდა:
„ჩამოჭრილი ტერიტორიების გარეშე დარჩენილი საქართველო ფორმალურად გამოცხადებული იქნა საქართველოს საბჭოთა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, მაგრამ თვით ეს საქართველოც ძლიერ დასერა და დასჭრა რუსეთმა პოლიტიკურად და ტერიტორიულად. ამ მიზნით მან გამოაცხადა აფხაზეთის ჯერ დამოუკიდებელი, შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკა. ასეთივე რესპუბლიკა აჭარაში და ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთისა. ყველა ამ ე.წ. რესპუბლიკების შექმნა და მათი საქართველოსადმი დაპირისპირება და მისგან მაქსიმალურად გამოთიშვა ძველი რუსიფიკატორული პოლიტიკის ახალ ფორმაში გაგრძელებაა“.
სეპარატიზმის გამოღვიძება
„ახალ ფორმაში მოქცეული ძველი რუსიფიკატორული პოლიტიკა“, როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინ ამოქმედდა, როცა რუსეთის იმპერია დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა 1925-1927 წლებშიც განიხილებოდა, მაგრამ ამ საკითხმა მთელი სიმძაფრით მხოლოდ მაშინ იჩინა თავი, როცა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის გზას დაადგა.
- 1990 წლის 20 სექტემბერს ცხინვალის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად სსრკ-ს შემადგენლობაში
- 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის ავტონომიური სტატუსი
1990 წლის 11 დეკემბერს ანუ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის გაუქმებას ბევრი მკვლევარი მიიჩნევს ცხინვალსა და თბილისს შორის კონფრონტაციის ათვლის წერტილად, თუმცა სინამდვილეში „სამხრეთოსურმა ვანდეამ“, სულ ცოტა, ერთი წლით ადრე გაიღვიძა.
1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ქართული ენა გამოცხადდა რესპუბლიკის ყველა სახის პარტიულ, საბჭოთა, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო-სასწავლო, კულტურულ, სამეურნეო დაწესებულებებსა და საწარმოებში გამოყენების ერთადერთ სახელმწიფო ენად.
15 აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტს მოჰყვა გულისწყრომის მნიშვნელოვანი ტალღა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც ძალას იკრებდა ახლად დაარსებული მოძრაობა „ადამონ ნიხასი“ („სახალხო კრება“). გაიმართა პირველი ხალხმრავალი მიტინგები, რომელთა სათავეშიც სწორედ „ადამონ ნიხასის" წევრები იდგნენ. ისტორიკოს დიმიტრი შველიძის ვარაუდით, „ადამონ ნიხასი“ ასრულებდა მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მითითებებს.
„1989 წლის მაისში ოსმა ნაციონალ-ექსპანსიონისტებმა სკკპ ცენტრალურ კომიტეტს წერილი გაუგზავნეს, სადაც ქართულ მხარეს ბრალად ედებოდა ოსი ხალხის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ შევიწროებაში; ოსური ტოპონიმიკის სურათის შეცვლაში, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. წერილის ავტორები მოითხოვდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას და მის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას. ამგვარ აგრესიულ პრეტენზიას მოსკოვში ჰყავდა მფარველ ინიციატორები, თორემ მხოლოდ ადგილობრივი ოსები ამგვარ უკანონობას ვერ მოითხოვდნენ“, - წერს დიმიტრი შველიძე მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნში.
1989 წლის 4 სექტემბერს ცხინვალში მიიღეს დადგენილება „ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ თაობაზე, რომელიც გაეგზავნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმსა და მინისტრთა საბჭოს. „ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ძირითადი მოთხოვნა ოსური ენისათვის ოლქის ტერიტორიაზე კონსტიტუციური სტატუსის მინიჭებაში გამოიხატებოდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენებად ოსური, ქართული და რუსული ცხადდებოდა.
1989 წლის 26 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ თბილისის წინაშე დასვა საკითხი, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა“.
1989 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გივი გუმბარიძე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჭითანავა ცხინვალში შეხვდნენ ოლქის საზოგადოებასა და პარტიულ ნომენკლატურას. ამ შეხვედრამ ვერაფერი შეცვალა.
1989 წლის ოქტომბრიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიტინგების ტალღა აგორდა. ფართომასშტაბიანი გამოსვლების ჩასახშობად ცხინვალში ქართული მილიციის დამატებითი რაზმები შეიყვანეს.
1989 წლის 10 ნოემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოების მე-12 საგანგებო სესია, რომელმაც:
- გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
- გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა
პასუხად 1989 წლის 16 ნოემბერს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „იმის გამო, რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატება”, გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო.
1989 წლის 23 ნოემბერს, პროტესტის გამოსახატად და მიტინგის ჩასატარებლად თბილისიდან ცხინვალისკენ დაიძრა 400 ავტობუსი (15 ათასამდე ადამიანი) - ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები. პასუხად ოსურმა მხარემ, საბჭოთა არმიის ჯარისკაცებთან და მილიციელებთან ერთად გადაკეტეს ქალაქში შესასვლელი გზა. შეტაკებას მოჰყვა მსხვერპლი: დაიღუპა 6 ადამიანი, 27-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, 140 მოათავსეს საავადმყოფოში.
ამ მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ ცხინვალში მცხოვრებმა სკოლის მასწავლებელმა ლირა ცხოვრებოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სწორედ 1989 წლის 23 ნოემბერი იქცა მისთვის ქართველებისა და ოსების ურთიერთობების დასასრულის დასაწყისად. მისი თქმით, მაშინ დამოუკიდებლობის მოთხოვნით კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტით გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან ადგილობრივი ქართველები მათ „სტუმრებს“ ეძახდნენ და როკის გვირაბს იქით გარეკვით ემუქრებოდნენ.
1989 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ფაქტობრივად წაიშალა განსხვავება რადიკალურ „ადამონ ნიხასისა“ და ზომიერ „სამხრეთ ოსეთის“ უმაღლესი პარტიული ნომენკლატურის პოზიციებს შორის.
ცხინვალსა და თბილისს შორის უკიდურესი დაძაბულობის ფონზე 1990 წლის 3 აპრილს მოსკოვმა ცეცხლზე ნავთი დაასხა: მიიღო კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის წესის შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო ავტონომიურ წარმონაქმნებში სეპარატისტული განწყობის შემდგომ გაძლიერებას.
„მოკავშირე რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაში არიან ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქები, ავტონომიური ოკრუგები, რეფერენდუმი ეწყობა ცალკე თითოეულ ავტონომიაში. ავტონომიური რესპუბლიკების და ავტონომიური ფორმირებების ხალხებს უნარჩუნდებათ სსრ კავშირში ან გამავალ მოკავშირე რესპუბლიკაში ყოფნის საკითხის დამოუკიდებელი გადაჭრის, აგრეთვე თავისი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსის საკითხის დაყენების უფლება“, - ეწერა კანონში, რომელსაც თბილისმა უპასუხა „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“ დადგენილებით, ხოლო ცხინვალმა მიიღო დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „ოსი ხალხის შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა”. ცხინვალმა ასევე დაადგინა:
- სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად
- ეთხოვოს სსრკ უმაღლეს საბჭოს სამხრეთ ოსეთის მიღება სსრკ-ში ფედერაციის დამოუკიდებელ სუბიექტად
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ცხინვალის მიერ ცალმხრივად და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული დადგენილება საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, მალევე, 1990 წლის 21 სექტემბერს გააუქმა.
ავტონომიის გაუქმება
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებულმა პოლიტიკური პარტიების ბლოკმა („მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“) გაიმარჯვა.
1990 წლის 22 ნოემბერს ახლად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის ე. წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ. შედეგად ასევე გაუქმდა ცხინვალის ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებაც, თუმცა 1990 წლის 9 დეკემბერს ცხინვალის რეგიონში მაინც ჩატარდა ე.წ. არჩევნები. პასუხად 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლითაც გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები. გარდა ამისა, ბათილად იქნა ცნობილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და მისი შედეგები. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების მიზეზებად დასახელდა შემდეგი არგუმენტები:
- 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და საქართველოს ინტერესთა საზიანოდ
- ოს ხალხს აქვს საკუთარი სახელმწიფოებრიობა სსრკ-ს ტერიტორიაზე
- ოლქში საქართველოში მცხოვრებ ოსთა მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს
11 დეკემბერსავე საქართველოს უზენაესმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და მიიღო კანონი „საგანგებო წესების შესახებ“. თბილისმა მეამბოხე რეგიონის ძალით გაკონტროლება სცადა. 1991 წლის იანვარში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ.
ომი
1991 წლის 4 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სცემეს ქართველ პოლიციელს, ხოლო პოლიციის განყოფილებას მოსთხოვეს იარაღის ჩაბარება. 5 იანვარს საღამოს თბილისიდან ცხინვალში შევიდა 3000-კაციანი ჯგუფი, რომელმაც სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებებს მისცა 24-საათიანი ვადა იარაღის დასაყრელად.
„სამხრეთ ოსეთში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ სრულიად სხვადასხვა წარსულის, პოლიტიკური ორიენტაციისა და მიზნების მქონე შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა უმრავლესობასაც კრიმინალური კავშირები და ინტერესები აერთიანებდა. შესაბამისად, არ არსებობდა ბრძოლის რაიმე ერთიანი გეგმა, სტრატეგია ან ტაქტიკა. ომის დროს ჩადენილი სისასტიკე და დანაშაული მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკის ობიექტი იყოს, თუმცა ამ ომის გამო არასოდეს არავინ დასჯილა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ ოსურ-ქართული კონფლიქტის ანგარიშის ისტორიულ ნაწილში.
1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ ზვიად გამსახურდია და რუსეთის უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ბორის ელცინი. შეხვედრისას ხელი მოეწერა ოქმს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის მხარეებმა დათქვეს, რომ „რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 აპრილამდე შექმნიან მილიციის ერთობლივ რაზმს, რომელიც განაიარაღებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირებას“.
თუმცა რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენა მოსთხოვა. ყრილობის სახელით ბორის ელცინი მიმართავდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც, მიეღო ზომები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნორმალური ვითარების აღსადგენად.
საქართველოს ოფიციალური პრესა ძირითადად ცალმხრივ ინფორმაციას აქვეყნებდა. რუბრიკაში „ვითარება სამაჩაბლოში“ 20 მაისის „საქართველოს რესპუბლიკა“ იუწყებოდა, რომ დღის სამ საათზე ტყვია და ნურსის ტიპის რაკეტები დაუშინეს სოფელ დისევს და ა.შ. მაგრამ გაზეთი არაფერს ამბობს იმაზე, რომ 1991 წლის 20 მაისს, ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სოფელ ძარის გზაზე მოხდა ტრაგედია, რომლის დროსაც „სატვირთო ავტომობილში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ჩაცხრილეს ჩრდილოეთ ოსეთში მიმავალი ეთნიკური ოსები“. თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, 16 დაიჭრა. ჯამში 1991-1992 წლებში ცხინვალის რეგიონში 600-მდე ადამიანი დაიღუპა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, 65 ათასი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი.
კონფლიქტის აქტიური ფაზის (1991 წ. იანვარი - 1992 წ. ივნისი) განმავლობაში საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, „სამხრეთმა ოსეთმა“ ჯერ ჩაატარა რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების მოთხოვნის თაობაზე, შემდეგ კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა; საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ტორეზ კულუმბეგოვი, ხოლო ზვიად გამსახურდია დაამხვეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. გამსახურდიას შემდეგ მოსულმა სამხედრო საბჭომ გაათავისუფლა კულუმბეგოვი, თუმცა „სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით თბილისში პოზიცია არსებითად არ შეცვლილა.
შეიარაღებული კონფლიქტის ე.წ. ცხელი ფაზა 1992 წლის ივნისში დასრულდა, როცა თბილისში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ და რუსეთის ლიდერმა ბორის ელცინმა 24 ივნისს სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას („დაგომისის შეთანხმება“) ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ. შეთანხმებას შედეგად მოჰყვა:
- ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში
- კონფლიქტის ზონის დაყოფა, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, სამხრეთ ოსეთის კონტროლის ზონებად
- შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) შექმნა, ოთხმხრივი ორგანო, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობითა და ეუთოს პატრონაჟით
- საკონტროლო კომისიის ფორმატის განსაზღვრა. ამავე დოკუმენტით შეიქმნა გაერთიანებულ სამშვიდობო ძალთა სამმხრივი კონტინგენტი - საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ სრულდებოდა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებები და მძიმე იყო კრიმინოგენური ვითარება ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ომის ხანძარი ნელ-ნელა მაინც მინავლდა. 1996 წლის 17 აპრილს პარაფირებული იქნა მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების შესახებ. კონფლიქტის გადაჭრის დადებით დინამიკაზე მეტყველებდა ედუარდ შევარდნაძისა და ლუდვიგ ჩიბიროვის გახშირებული შეხვედრები: ვლადიკავკაზში (1996), ჯავაში (1997), ბორჯომში (1998), სადაც მხარეები საუბრობდნენ დევნილთა დაბრუნების, რეგიონის ეკონომიკური განვითარების, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთობლივი დაცვისა და სხვა საკითხების შესახებ.
ერგნეთის ბაზრობა
1996 წელს გაიხსნა ერგნეთის ბაზრობა, რომელმაც საყოფაცხოვრებო დონეზე განმუხტა კონფლიქტი. როგორც კონფლიქტის მკვლევრები შენიშნავენ, ბაზრის მეშვეობით მოხდა ერთგვარი შერიგება, მანამდე ერთმანეთთან დაპირისპირებულ ადამიანებს გაუჩნდათ საერთო ინტერესები, შესაძლებელი გახდა (როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის) ცხინვალის და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილება, თუმცა ერგნეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით ხვდებოდა კონტრაბანდული საქონელი, რითაც ზარალობდა საქართველოს ბიუჯეტი და დიდ სარგებელს ნახულობდა დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი ლიდერის, ედუარდ კოკოითის გუნდი.
კოკოითის ე.წ. პრეზიდენტად არჩევას უკავშირდება ქართულ-ოსური ურთიერთობების ნეგატიური შემობრუნება. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ოფიციალურმა განცხადებამ ნატოში გაწევრიანების თაობაზე: 2002 წლის 22 ნოემბერს, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად განაცხადა ოფიციალურად, რომ საქართველოს სურს გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. პასუხად რუსეთმა დაიწყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობისათვის საბჭოთა პასპორტებში სპეციალური შტამპების ჩარტყმა, ხოლო 2003 წლიდან - გამარტივებული წესით რუსული საზღვარგარეთის პასპორტების მასობრივი დარიგება.
ასევე ნახეთ ნატოს კარზე კაკუნის 20-წლიანი ისტორია2004 წელს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დახურა ერგნეთის ბაზრობა, როგორც საქართველოს ეკონომიკის „შავი ხვრელი“ და სეპარატისტული რეჟიმის მასაზრდოებელი. პარალელურად თბილისმა სცადა „ჰუმანიტარული შტურმით“ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის გულის მოგება და ლოიალობის მოპოვება, თუმცა, აჭარისაგან განსხვავებით, სადაც "ვარდების რევოლუციიდან" მალევე შეიცვალა ხელისუფლება, შიდა ქართლში, სადაც ოსური მოსახლეობა 90-იანი წლების კონფლიქტის გამო გაუცხოებული იყო თბილისის მიმართ, მოვლენები სულ სხვა სცენარით წარიმართა.
კონფლიქტის ხელახლა გაღვივებაში დიდი როლი ითამაშა რუსეთმა, რომელიც არ მალავდა გაღიზიანებას საქართველოში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციისა და ნატოს წევრობაზე გაკეთებული განაცხადის გამო.
საქართველოს შს სამინისტროს მიერ შავი ბაზრის დახურვას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ოსური მხარისაგან. 2004 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო დაპირისპირება ქართულ სამშვიდობო ძალებსა და ოს პოლიციელებს შორის, რომელთაც ასევე ეხმარებოდნენ ე.წ. შტატგარეშე სამხედროები რუსეთიდან. ვითარება უკიდურესად დაიძაბა 10-11 აგვისტოს, როდესაც ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, ქართულ და ოსურ სოფლებში გაიხსნა ცეცხლი და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. კონფლიქტში ასევე ჩართული აღმოჩნდნენ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შემადგენელი ქართული და ოსური ნაწილები.
ვითარება შედარებით განიმუხტა 13 აგვისტოს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. 17-18 აგვისტოს შერეული სამშვიდობო კომისიის საგანგებო სხდომებზე აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და დემილიტარიზაციის პროექტებზე. 19 აგვისტოს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა იმდროინდელი ქართული პრესის მიხედვით, აგვისტოს ბოლომდე მიმდინარეობდა "პოზიციური ომი".
კონფლიქტის გადაჭრის ახალი გზები
2004 წლის 22 სექტემბერს გაეროს 59-ე გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა კონფლიქტების გადაწყვეტის გეგმა, რომელიც ნდობის აღდგენის პარალელურად მოიცავდა რეგიონის დეკრიმინალიზაციას, დემილიტარიზაციას, უსაფრთხოების ფართო გარანტიებს და ა.შ.
2004 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კიდევ ერთხელ შეხვდა (სოჭში) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის. ამჯერად ხელი მოეწერა დემილიტარიზაციის შეთანხმებას, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების საჭიროებაზეც.
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის უფრო ვრცელი და კონკრეტული ვერსია გამოქვეყნდა 2005 წლის დეკემბერში ეუთოს ლიუბლიანის მინისტერიალზე, სადაც საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა წარმოადგინა კონფლიქტის მოგვარების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით გამოიკვეთა მოქმედებათა სამი ეტაპი:
- კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია
- სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია
- სამხრეთ ოსეთის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა
თუმცა 2006 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში გაიმართა სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც კვლავ დაადასტურა 90-იან წლებში გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“ საქართველოსგან. ასევე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 96%-ით გაიმარჯვა ედუარდ კოკოითიმ.
დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად ქართულ და ოსურ სოფლებში ჩატარდა „ალტერნატიული არჩევნები”, რომელიც სამხრეთ ოსეთის „ხსნის კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული და, რომელშიც ხმების 80% თბილისის მიერ მხარდაჭერილმა დიმიტრი სანაკოევმა მიიღო. დიმიტრი სანაკოევმა მალევე შექმნა მთავრობა, რომელიც სოფელ ქურთაში განთავსდა.
2007 წლის 10 მაისს სანაკოევი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. სანაკოევმა ოსურად მიმართა საქართველოს პარლამენტს და კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარუდგინა. ცხინვალმა სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას ქართულ სოფლებში სატრანსპორტო გზების ბლოკირებით უპასუხა.
2008 წლის აგვისტომდე...
2006 და 2007 წლებში კონფლიქტის გაღვივების ტემპი კიდევ უფრო აჩქარდა.
2008 წლის დადგომისთანავე:
2008 წლის 21 მარტს რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევდა რეკომენდაციას, ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა.
2008 წლის 16 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირებისა და ურთიერთობების შესახებ. ამავე დეკრეტის შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნა ცხინვალსა და სოხუმში.
2008 წლის 20 აპრილს 10:00 საათზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შემოფრენილმა გამანადგურებელმა გალის რაიონის სოფელ გაგიდის თავზე ჩამოაგდო ქართული უპილოტო საფრენი აპარატი „ჰერმეს-450“.
2008 წლის 31 მაისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში შეიყვანა სარკინიგზო ჯარების ვოლგოგრადის 76-ე შენაერთი 400 სამხედროს შემადგენლობით. მოტივაცია ამჯერადაც ჰუმანიტარული იყო - ომის შედეგად განადგურებული რკინიგზის რეაბილიტაცია სოხუმიდან ოჩამჩირემდე.
2008 წლის ივლისში კიდევ უფრო იძაბება ვითარება ცხინვალის რეგიონში, სადაც აფეთქებებსა და შეიარაღებულ თავდასხმებს ლამის ყოველდღე ეწირებიან დაპირისპირებული მხარეები.
2008 წლის 15 ივლისს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“, რომლის ძირითადი ნაწილი ტარდებოდა როკისა და მამისონის უღელტეხილებთან, უშუალოდ რუსეთ-საქართველოს საზღვართან.
წვრთნებში, რომელიც 3 აგვისტომდე გაგრძელდა, მონაწილეობა მიიღო 8000-მა ჯარისკაცმა და 700-მა ერთეულმა ჯავშანტექნიკამ, ძირითადად ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქიდან, მათ შორის - სადესანტო, საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო ნაწილებმა, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ფლოტებმა, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა.