ნაპოლეონს მიაწერენ ფრაზას, ომში საბრძოლო სულისკვეთება სამჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტყვია-წამალიო. თუ მათემატიკოსებს დავუჯერებთ, XXI საუკუნეში ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი.
შესაძლებელია თუ არა უკრაინის ომის შედეგის პროგნოზირება მათემატიკური ანალიზის გამოყენებით?
მათემატიკოსმა ვლად ბერნშტეინმა, თეზისზე დაყრდნობით, რომ ომი დაპირისპირებული მხარეების სამხედრო რესურსების განადგურების პროცესია, სცადა ომში მყოფი უკრაინისა და რუსეთის შანსების შეფასება. შედეგად მან მიიღო განტოლება, რომელსაც მათემატიკოსმა „ომის განტოლება“ უწოდა. ბერნშტეინს მიაჩნია, რომ თანამედროვე ომში ცოცხალი ძალა აღარ თამაშობს გადამწყვეტ როლს. ომში გაიმარჯვებს ის, ვინც შეძლებს მტრის ტექნიკის, ბაზებისა და ჯარისკაცების დისტანციურად განადგურებას, თავის სამხედრო პოტენციალს კი შეინარჩუნებს და გაზრდის. უკრაინისა და რუსეთის შანსები მათემატიკოსმა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე გააანალიზა.
„თანამედროვე ომი დაპირისპირებულ მხარეთა რესურსების ურთიერთგანადგურების პროცესია, - ამბობს ვლად ბერნშტეინი, - ომის განტოლება, ჩემი წარმოდგენით, ესაა კავშირი ოთხ ცვლადს შორის. გამომავალი ცვლადი - ესაა სამხედრო რესურსი დროის ნებისმიერ მომენტში. გვაქვს სამი ძირითადი ცვლადი - აქტიური სამხედრო რესურსების მოცულობა კამპანიის დაწყებისას, სამხედრო წარმოების მოცულობა და მატერიალური დანაკარგების მოცულობა დროის ერთეულში. პირველი ორი ცვლადი წარმოადგენს ერთი მხარის მთლიან სამხედრო ძალას, ხოლო მესამე დამოკიდებულია მეორე მხარის სამხედრო შესაძლებლობებზე. ამ ბალანსს, ფაქტობრივად, საბოლოო ჯამში მივყავართ ამა თუ იმ მხარის გამარჯვებამდე. ამასთან, გამოვრიცხავთ პოლიტიკურ ფაქტორს, რომლის შედეგადაც მიმდინარე პროცესებს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაესვას ხაზი“.
R - აქტიური სამხედრო რესურსების მოცულობა კომპანიის დაწყების მომენტში
P - სამხედრო წარმოების მოცულობა დროის ერთეულში
L - მატერიალური დანაკარგების მოცულობა დროის ერთეულში
T - დრო კომპანიის დაწყებიდან აღებულ მომენტამდე
ამ განტოლებაში ცვლადები R და P წარმოადგენენ ერთი მხარის ჯამურ სამხედრო სიმძლავრეს, ხოლო L დამოკიდებულია მეორე მხარის სამხედრო შესაძლებლობებზე. სამივე ცვლადი დამოკიდებულია მონაწილეთა ეკონომიკურ პოტენციალსა და მისი გამოყენების პოლიტიკურ ნებაზე. შესაბამისად, კვლევაში ძირითადი ცვლადებია ეკონომიკის ზომა და სამხედრო ხარჯები.
„ომის განტოლებაში“ არაა გათვალისწინებული საბრძოლო სულისკვეთების ფაქტორი, რომელზეც სამხედრო ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ, როგორც გამარჯვების მნიშვნელოვან ფაქტორზე. ვლად ბერნშტეინის თქმით, საბრძოლო სულისკვეთების როლი სულ უფრო მცირდება საომარ მოქმედებებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზრდის პარალელურად:
„მარტივი მაგალითი: ადამიანი, რომელიც მართავს დრონს, შესაძლოა იჯდეს საბრძოლო მოქმედებებიდან ძალიან შორს, თან სვამდეს ყავას და თან ანადგურებდეს წარმოუდგენელი რაოდენობის ცოცხალ ძალას“.
რას გვეუბნება „ომის განტოლება“ - ვის რა პერსპექტივა აქვს?
მათემატიკოსი ამბობს, რომ ძალიან რთულია საწყისი მონაცემების მოპოვება ყველა შესაძლო ცვლადისთვის, ამიტომ მან აიღო შეიარაღების კონკრეტული ტიპი - ტანკები და მის მაგალითზე აჩვენა, თუ როგორ მუშაობს განტოლება.
„ომის დაწყებისას რუსეთში ტანკების საერთო რაოდენობა 12 ათასს აღწევდა, საიდანაც აქტიური, გამოსაყენებლად ვარგისი იყო 6 ათასი, კიდევ 6 ათასი (აღდგენის პოტენციალით) საცავში ინახებოდა. ახალი ტანკების წარმოება გაიზარდა და მიაღწია წელიწადში დაახლოებით 200-240 ცალს. ჩემი გამოთვლებისთვის ავიღე თვეში 20 ტანკი და ასევე დავამატე წარმოების 10%-იანი ზრდა წელიწადში. რეზერვებიდანაც თვეში 90 ტანკის აღდგენა ხდება. თუმცა ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომ ამის გათვალისწინებით თვეში 5%-იან ზრდას ვვარაუდობ. და ბოლოს, საკმაოდ კარგადაა ცნობილი რუსული ტანკების საშუალო დანაკარგი ამ ორი წლის განმავლობაში. არსებობს ორი ძირითადი წყარო: ერთი Oryx, ხოლო მეორე სანდო მედიების პუბლიკაციები. საშუალო თვიური დანაკარგი 120-დან 150 ტანკამდე მერყეობს. გაანგარიშების შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთის არმიაში აქტიური ტანკების რაოდენობა განუხრელად მცირდება. ომის ორი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 6000-5500-ით შემცირდა. სტატუს-კვოს შენარჩუნების შემთხვევაში, 2028 წლის ბოლოსთვის რუსეთს მხოლოდ 2 ათასი ტანკი ეყოლება, ანუ იმის მესამედი, რაც ომის დაწყებისას ჰყავდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგია“, - ამბობს მათემატიკოსი.
მისი გათვლებით, გაჭიანურებული ომი რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს, რადგან რუსეთის სამხედრო პოტენციალი მცირდება. თუმცა ეს გათვლა ეფუძნება სტატუს-კვოს შენარჩუნებას, მაგრამ რა მოხდება, თუ კრემლი გადაწყვეტს დამატებითი თანხების დახარჯვას ტანკების წარმოებაზე?
„წარმოებული ტანკების რაოდენობა განისაზღვრება იმ ფინანსური რესურსებით, რომლებიც მრეწველობის ამ დარგში იდება, - ამბობს ვლად ბერნშტეინი, რომლის თქმითაც, ეს რესურსები ამ ეტაპზე იზრდება, თუმცა არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც თანამედროვე რუსეთში მშენებლობისა და წარმოების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. ასე მაგალითად, ტანკებს აწარმოებს „ურალვაგონზავოდი“, მაგრამ ამ ერთ ქარხანას არ შეუძლია ტანკების ავტონომიური წარმოება, მასზე მუშაობს ათზე მეტი, შესაძლოა ოცი სხვა ქარხანა. იმისათვის, რომ გაორმაგდეს წარმოება, უნდა აეწყოს მთელი ეს ციკლი კიდევ ერთ ეგზემპლარად. რუსეთს არ აქვს ასეთი შესაძლებლობები, მას არც მასალები გააჩნია და არც რესურსები. საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამჟამად არაა ხელმისაწვდომი. ასეთი ქარხნების აშენებას რამდენიმე წელი მაინც სჭირდება.
„რუსეთი გაზრდის ტანკების წარმოებას, მაგრამ არა იმდენად, რომ დანაკარგების სრულფასოვნად შევსება შეძლოს. 2 წელიწადში რუსეთის დანაკარგებმა 2,5 ათასი ტანკი შეადგინა. ეს არის საშუალოდ 120-150 ტანკი თვეში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ეს მონაცემები შემცირდეს, თუ, ცხადია, არ მოხდება საომარი მოქმედებების ხელოვნური დეესკალაცია“, - ამბობს მათემატიკოსი.
რა შეღავათია, თუ შემცირდება ტანკების წარმოება, მაგრამ გაიზრდება სხვა ტიპის შეიარაღების - უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების წარმოება, რომელიც, როგორც ჩანს, მართლა იზრდება. ეს ხომ გამოიწვევს რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდას? - ამ კითხვის პასუხად ვლად ბერნშტეინი ამბობს:
„რა არის სამხედრო პოტენციალი? თუ ეს ტანკებია, მაშინ მათი რაოდენობა მკვეთრად ეცემა. თუ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ გაშვებულ რაკეტებსა ან დრონებზე, მათი რაოდენობა იზრდება. ამ საკითხს ცალკე ანალიზი სჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ არ გავიჭედოთ, შევადაროთ ერთმანეთს მხარეთა ეკონომიკური რესურსები. მთავარია არმიის დაფინანსებისა და მომარაგების დიდი სურათი, რომელიც მიბმულია თითოეული მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან და განსაზღვრავს იმ შეიარაღების რაოდენობას, რომელიც მიეწოდება ფრონტს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ომის ხარჯების ზედა ზღვარზე, რომლის გაწევაც შეუძლია რუსეთს“.
მათემატიკოსის თქმით, არმიის დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებულია ეკონომიკის მოცულობაზე და შეადგენს მშვიდობიან პერიოდში მშპ-ს 2-5 პროცენტს. ომის დროს ეს მაჩვენებელი შეიძლება 10-12 პროცენტამდე გაიზარდოს.
„ასეა მოწყობილი ნებისმიერი ეკონომიკა. მეტის წარმოდგენა ძალიან რთულია, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი საბჭოთა კავშირი სამხედრო ხარჯებზე თავისი მშპ-ს 10-20 პროცენტს ხარჯავდა, - ამბობს ვლად ბერნშტეინი, რომლის თქმითაც, 2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი, 2024 წელს კი დაგეგმილია 115 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6-7 პროცენტს შეადგენს:
ასევე ნახეთ "რუსეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს გაჭიანურებული ომი"„რუსეთის ეკონომიკის სისუსტისა და ომის არატოტალური ხასიათის გათვალისწინებით, რუსეთის სამხედრო დანახარჯების მაქსიმალური წილი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 10%-ს ანუ 160 მილიარდ დოლარს, რაც წარმოადგენს რუსეთის სამხედრო ხარჯების ზედა ზღვარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული რესურსი სამხედრო ხარჯების გასაზრდელად, მაგრამ ეს რესურსი მცირეა. რუსეთის მშპ დამოკიდებულია ნავთობის ფასებზე, რომელიც, სავარაუდოდ, კვლავ შემცირდება. შესაბამისად, რუსეთს ომის დაფინანსების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და ეს შესაძლებლობები, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. რუსეთის მშპ-ს ნავთობზე დამოკიდებულება პრაქტიკითაც დადასტურებულია. მარტივი მაგალითი: 2007 წლიდან 2022 წლამდე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი მერყეობდა 30-დან 110 დოლარამდე. დროის ამ მონაკვეთში, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მშპ-ც პროპორციულად გაიზარდა თითქმის ორჯერ - 1,1 ტრილიონი დოლარიდან 2,3 ტრილიონ დოლარამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნავთობის ფასი 30-35 დოლარამდე დაეცემა, რუსეთის სამხედრო ხარჯების ზედა ზღვარიც დაეცემა 160 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდ დოლარამდე, ეს კი დაახლოებით ის თანხაა, რომელიც ახლა იხარჯება ომის დაფინანსებაზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ომის ესკალაციის არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნება“.
უკრაინა ომის ფორმულაში
ომის ფორმულაში მნიშვნელოვანი ცვლადია უკრაინის სამხედრო ხარჯები, რომლებიც დასავლეთის დახმარების მიუხედავად, საგრძნობლად ნაკლებია რუსეთისაზე: ომის დაწყებისას უკრაინის მშპ 200 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მარტო ეწევა ომის მთელ ფინანსურ ტვირთს, უკრაინა იღებს მნიშვნელოვან საგარეო დახმარებას დასავლეთის კოალიციისგან, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ ქვეყანას. 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის უკრაინისათვის გაწეულმა მთლიანმა საგარეო დახმარებამ შეადგინა 241 მილიარდი დოლარი, საიდანაც 98 მილიარდი სამხედრო ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა. ამჟამად რეალური უცხოური სამხედრო დახმარება, თვეში დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელთან ერთადაც უკრაინის ერთი თვის სამხედრო ბიუჯეტი 4,6 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც რუსეთის ყოველთვიური სამხედრო ბიუჯეტის (8,3 მლრდ დოლარი) თითქმის ნახევარია.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის ბიუჯეტი ორჯერ ნაკლებია, სახეზეა ძალთა სტრატეგიული წონასწორობა. ამასთან, რუსეთს თითქმის სამჯერ მეტი დანაკარგი აქვს, ეს კი მიუთითებს უკრაინის არმიის უფრო მაღალეფექტიანობაზე, რაც ტექნოლოგიური აღჭურვილობის უფრო მაღალი დონით და მოტივაციით აიხსნება. იარაღი, რომელსაც უკრაინელები იყენებენ, უბრალოდ ბევრად უკეთესია, ვიდრე რუსების იარაღი. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია, რომ უკრაინისათვის გადაცემული ეს დასავლური ჰაუბიცა, რაკეტა და სხვა ყველაფერი, 1,5-ჯერ მეტ მანძილზე ანადგურებენ სამიზნეებს. აქვთ HIMARS-ები (High Mobility Artillery Rocket System - მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა), რომელთა ანალოგი რუსეთს საერთოდ არ გააჩნია. შედეგად, თუ ეფექტიანობის კოეფიციენტს გამოვთვლით მხოლოდ ხარჯების შეფარდებით, ანუ არმიების დაფინანსებიდან გამომდინარე, რუსეთის არმიას 55%-იანი მაჩვენებელი აქვს, და თუ ამას დავუმატებთ გაზრდილ დანაკარგებს, გამოვა საერთოდ 20%. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ერთეული შეიარაღების განადგურებაზე რუსეთი უკრაინაზე ხუთჯერ მეტს ხარჯავს“, - ამბობს ვლად ბერნშტეინი.
უკრაინა დასავლეთიდან ყოველთვიური სამხედრო დახმარების სახით თვეში საშუალოდ 1 მილიარდ დოლარს იღებს, რაც საჯაროდ დაპირებული თანხის მხოლოდ 20%-ია.
„ფული, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლელი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, ძალიან მცირეა მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან შედარებით, - ამბობს „ომის ფორმულის“ ავტორი, - მოკავშირეების ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 50 ტრილიონი დოლარია. ბუნებრივია, მთლიანი თანხა, რომელიც საბოლოო ჯამში თვეში 1 მილიარდს შეადგენს, ძალიან მსუბუქი ტვირთია ასეთი გიგანტური ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, რომ უკრაინის დახმარება გაიზრდება, მიუხედავად ყველა უსიამოვნებისა, რაც ახლაა შექმნილი. თუმცა, დახმარება იმავე დონეზეც რომ დარჩეს, უკრაინის არმია კვლავ გააგრძელებს დასავლეთიდან უფრო თანამედროვე და მძლავრი იარაღის მიღებას. მომავალი წლის დასაწყისში, დაგეგმილი F-16-ების გარდა, როგორც ჩანს, უკრაინა ასევე მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც GLSDB-ების გადაცემაა. GLSDB - ეს არის Hymars-ის მართვადი ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სამხედრო სამიზნეები 150 კილომეტრამდე მანძილზე, ერთი მეტრის სიზუსტით და 90%-ზე მეტი ეფექტიანობით. საუბარია 2,17 მლრდ დოლარის ღირებულების ათობით ათასი ასეთი ჭურვის შეძენაზე (ერთის ფასი 40 ათასი $), რაც დაახლოებით შეესაბამება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის სამხედრო სამიზნეების საერთო რაოდენობას. მეტიც, მათემატიკური გათვლების თანახმად, უკრაინის შეიარაღებაში არსებულმა 50-მდე „ჰაიმარსმა“ რომ ყოველდღიურად „იმუშაოს“, GLSDB-ის დახმარებით სულ რაღაც 6-10 დღეში გაანადგურებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე რუსული სამხედრო სამიზნეების უმრავლესობას“.
„ესაა ახალი, 21-ე საუკუნის იარაღი, რომელიც უკრაინის არმიას ჯერ არ ჰქონია. ყველა დარწმუნდა რუსეთზე დასავლეთის ტექნოლოგიურ უპირატესობაში. საჭიროა ამ უპირატესობის რეალიზება - უკრაინის არმიამ მიიღოს 21-ე საუკუნის იარაღი. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში კონგრესი გამოყოფს დაგეგმილ 100 მილიარდს, საიდანაც უკრაინა 60 მლრდ-ს მიიღებს“, - ამბობს ვლად ბერნშტეინი.
რა შეუძლია ცოცხალ ძალას?
ბევრი ავტორიტეტიანი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცოცხალი ძალის რაოდენობა კვლავაც დიდ როლს თამაშობს ბრძოლის ველზე. მათი აზრით, ზოგჯერ რაოდენობამ შეიძლება ხარისხიც კი გადაწონოს.
„ვისურვებდი მენახა იმის მტკიცებულება, თუ როგორ შეუძლია გამარჯვების მოპოვება საზარბაზნე ხორცს. ჯერჯერობით საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ, როგორ ერეკება რუსეთი ათასობით და ათიათასობით თავის მოქალაქეს სასაკლაოზე, ფრონტის ხაზი კი ან უძრავია, ან უმნიშვნელოდ იცვლება, არადა, დანაკარგები უკვე 3/1-თან კი არა, 10/1-ზეა. ავდეევკაში ყოველდღიურად, სულ ცოტა, ათასი რუსი ჯარისკაცი მაინც ნადგურდება“, - ამბობს მათემატიკოსი, რომლის ომის განტოლებას და მათემატიკური ანალიზის გამოყენებით პროგნოზირების მცდელობას, ბევრი სკეპტიკურად უყურებს თუნდაც იმიტომ, რომ ომი რთული პროცესია, რომელშიც ბევრი ცვლადი მონაწილეობს და შეუძლებელია ყველაფრის გათვალისწინება.
„სკეპტიკოსების პასუხად, პირველ რიგში, შემიძლია მოვიყვანო მეორე მსოფლიო ომის მონაცემები და დავსვა კითხვა: რატომ დამარცხდა გერმანიის არმია, რომელსაც საბრძოლო სულისკვეთების მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონდა? - ამბობს ვლად ბერნშტეინი, - იმიტომ რომ მოკავშირეთა რესურსი ჯერ 1,5-ჯერ, შემდეგ კი 3-ჯერ აჭარბებდა ნაცისტური ბლოკის (გერმანია, იტალია, იაპონია) რესურსებს. სანამ შეერთებული შტატები ჩაერთვებოდა ამ ომში, უპირატესობა გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხარეს იყო“.
ასევე ნახეთ რუსეთი ახალი „საზარბაზნე ხორცის“ მოლოდინშიომის განტოლების ავტორის თქმით, მათემატიკა უკრაინის მხარესაა, თუმცა აქედან სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ რომელიმე პოლიტიკოსს არ შეუძლია მოულოდნელად ადგეს და დაასრულოს ეს ომი.
„ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ეს დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი დაავადებაა. უპირატესობა, რომელსაც ის ფლობს, ანუ დეცენტრალიზაცია, გიგანტური მინუსიცაა კრიზისის დროს, რადგან არავინაა გადაწყვეტილების მიმღები. მეორე მსოფლიო ომის დროს იყვნენ ასეთი ადამიანები, მათ შორის იყო ჩერჩილი. როგორც კი ომი დასრულდა, ჩერჩილი ხელისუფლებას ჩამოაშორეს“, - ამბობს ვლად ბერნშტეინი.