ფრანგი მსახიობი და მომღერალი - ჯეინ ბირკინი, 77 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბირკინი აქტიურად ეხმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს და სიმღერაც კი ჩაწერა ჩეჩნურ ენაზე, რომელსაც შემდეგ თავის კონცერტებზე ასრულებდა. ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა ჯეინ ბირკინი ყურადღების მიპყრობას ჩეჩნეთის ომსა და ჩეჩნების ცხოვრებაზე.
პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა 16 ივლისს გარდაცვლილ ჯეინ ბირკინს „საფრანგეთის სიმბოლო“ უწოდა და ეს ის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მას ბევრი თანამოქალაქე დაეთანხმება. ვიღაც მას იცნობდა, როგორც ცნობილი ბრენდის Hermes-ის სახეს, ვიღაც იცნობდა, როგორც დიდებული სერჟ გენსბურის მუზას. თუმცა ცოტამ თუ იცის ბირკინის ჩეჩნებთან თბილი და ამაღელვებელი ურთიერთობების შესახებ. ჩვენ გვახსოვს ის არა როგორც ცნობილი ადამიანი, არამედ როგორც უბრალო ქალი, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა.
2000 წლის ბოლოს, როდესაც ჩეჩნეთის რესპუბლიკას რუსული ჭურვები ანადგურებდა, მე საფრანგეთში ჩამოვედი და აღმოვჩნდი პირველ მასობრივ აქციაზე პარიზის ცენტრში. მიტინგი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნების მხარდასაჭერად იმართებოდა. მახსოვს, მაშინ როგორ გამაოცა აქციაზე პოლიტიკოსების, კინოს ხალხისა და მუსიკოსების სიმრავლემ.
იმპროვიზებულ ტრიბუნაზე მიკროფონი ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანისგან კინოვარსკვლავ კეტრინ დენევს გადაეცა, შემდეგ ბერნარ-ანრი ლევის, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის დეპუტატი ოლივიე დიუპუი და სხვები.
აქციის ორგანიზატორი - Amnesty International-ი აკავებდა წამყვანი ფრანგული მედიასაშუალებებიდან ჟურნალისტების იერიშს. ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური თუ კულტურული შეხედულებების მქონე ადამიანებით, თუმცა ყველა ერთიანად გმობდა სასტიკ ომს ჩეჩნეთში.
„ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც გინათებდა გზას ახალ ცხოვრებაში - ჯეინ ბირკინი იყო“
როდესაც მიკროფონი დაუთმეს პატარა, გამხდარ ქალს, რომელმაც შეკრებილებს დაბალი ხმით მიმართა, მითხრეს: „ეს ჯეინ ბირკინია“. მე არ შევიმჩნიე, თითქოს ვიცნობდი მას, თუმცა რეალურად, გლუქსმანისა და დენევის გარდა, არავინ ვიცოდი იმ ათასობით ადამიანს შორის, ვინც შეკრებილი იყო ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის წინ, ბანერებით: „არა ომს ჩეჩნეთში“, „პუტინი - მკვლელია“.
მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ფრნაგების უდიდესი ნაწილი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ახალი პრეზიდენტის მიერ პატარა ჩეჩნეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს. იმდროინდელი ფრანგი ინტელექტუალი, რომელიც ჩეჩნეთს მხარდაჭერას არ უცხადებდა, პრაქტიკულად განწირული იყო საზოგადოებრივი დაგმობისთვის. ეს იყო საფრანგეთის მთავარი განმასხვავებელი სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისგან, რეგიონში ომთან დაკავშირებით.
2000 - 2005 წლების განმავლობაში ომის საწინააღმდეგო აქციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საფრანგეთის დედაქალაქისთვის. პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებსა თუ შოუბიზნესის წარმომადგენლებთან, არავისთან იყო მოლაპარაკებები საჭირო იმისთვის, რომ მხარი დაეჭირათ ჩეჩნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის. საკმარისი იყო გაეგოთ, რომ კონკრეტულ რიცხვში კონკრეტულ ადგილას იქნება ჩეჩნების მხარდასაჭერი აქცია და მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანები თავისით მიდიოდნენ და მორიდებულად იდგნენ აქციებზე, ზოგჯერ მათ ვერც კი ცნობდნენ და ხელს ჰკრავდნენ აქციის სხვა მონაწილეები.
ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც გინათებდა გზას ახალ ცხოვრებაში, ჯეინ ბირკინი იყო.
2002 წელს მეც კი მოვახერხე გაკვრით, თუმცა მაინც მასთან გასაუბრება. მაშინ ფრანგმა ჟურნალისტმა მილენ სალოიმ საფრანგეთში ჩეჩნური ცეკვის საბავშვო ანსამბლის „დაიმოხკის“ ჩამოყვანა დააორგანიზა. ამ ღონისძიებას მეც ვესწრებოდი. ბირკინთან წარმადგინეს, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი გენერალური წარმომადგენელი რუსეთში - დაკავების გამო იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა. ის დეტალურად მეკითხებოდა ჩეჩნეთზე. ბირკინს აინტერესებდა, თუ როგორ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა ჩეჩნეთმა ქვეყანასათან, რომლისაც მსოფლიოში ყველას ეშინოდა. აინტერესებდა ჩეჩნების ოჯახური სტრუქტურა და რა ადგილი ეკავა ქალს. ნათელი იყო, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია პირველწყაროდან და ბევრ შეკითხვას სვამდა, თუმცა, ამავდროულად, ასწრებდა ბავშვებზე თვალყურის მიდევნებასაც: ფიქრობდა, რომ ბავშვები ცუდად ჭამდნენ, ჯეინი ძალიან ღელავდა ანსამბლის წევრებზე.
რესპუბლიკის სოფლებში შეკრებილი ორი ათეული ბავშვი, შესაბამისი მომზადების გარეშე ჩამოიყვანეს პარიზში - ომის პირობებში შეუძლებელი იყო გროზნოში რეპეტიციების ჩატარება. საფრანგეთის დედაქალაქში, ახალგაზრდა ჩეჩენი მოცეკვავეები, ფაქტობრივად ომს გამოქცეულები, მთელი საზოგადოების მზრუნველობითა და მხარდაჭერით, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
გავიგეთ, რომ ბავშვები შორეულ მოგზაურობაში მომზადებული საკვებით გამოემგზავრნენ - კონსერვების და სასმელების იმ რაოდენობით, რაც საფრანგეთში ჩასვლამდე უნდა ჰყოფნოდათ. და როგორც ბავშვების შემთხვევაში ხდება, ყველაფერი, რაც ერთი კვირისთვის იყო განკუთვნილი, ორ-სამ დღეში შეჭამეს.
პარიზში ყველა ცდილობდა ბავშვების გამასპინძლებას. ფრანგები საკუთარ შვილებს ხედავდნენ ამ ბავშვებში, ასე რომ, კვების პრობლემა მყისიერად მოიხსნა. ჯეინმა, როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მაშინვე გადაწყვიტა ახალგაზრდა სტუმრებისთვის სადილი მოეწყო. ჯეინის დედა, რომელიც ერთი შეხედვით მკაცრი ინგლისელი ქალი ჩანდა, სინამდვილეში წარმოუდგენლად საყვარელი ქალი აღმოჩნდა. ის ფუსფუსებდა, დარდობდა, რომ ყველასთვის საკმარისი საჭმელი არ იქნებოდა და დაიწყო ახალი სენდვიჩების მომზადება, უკვე მზა მაგიდასთან. თავად ჯეინი მიდიოდა ყველა პატარა სტუმართან, ამოწმებდა, თუ ჭამდნენ და მათ სასმელს უსხამდა. ბავშვებმა, რომლებიც ანსამბლის ხელმძღვანელმა წინასწარ გააფრთხილა, რომ „სათანადოდ მოქცეულიყვნენ“, დაივიწყეს მკაცრი გაფრთხილება და ისეთები გახდნენ, როგორებიც იყვნენ - ბავშვები.
ჯეინი მათ, როგორც თანატოლებს, ისე ეთამაშებოდა და ბავშვებმაც დაივიწყეს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე ცდილობდნენ თავი ზრდასრულებად მოეჩვენებინათ. ისინი ერთად დარბოდნენ, ერთობოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ამ საღამოს მათ დაივიწყეს, რომ ომიდან მოდიოდნენ.
ჯეინმა ისიც კი სცადა, ჩეჩნურად ემღერა. მილენის დახმარებით ჰქონდა ნასწავლი და მომზადებული ჩეჩნურად სიმღერა. ჯეინის სასაცილო ბრიტანულ-ფრანგულ აქცენტზე ბიჭებს ეცინებოდათ. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს მხიარული შესრულება სტუდიურ ჩანაწერად გადაიქცეოდა და ჩეჩნური სიმღერების კრებულად გამოსცემდა ფრანგული ორგანიზაცია Marcho dogila. ამ სიმღერას რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჯეინ ბირკინი ასრულებდა.
სანამ ჯეინი ბავშვებთან ერთად ატარებდა დროს, დედა უკვე მერამდენედ ამზადებდა სენდვიჩებს: ამჯერად იმისთვის, რომ ბავშვებს თან წაეღოთ. უნდა დაგენახათ მისი თვალები, თანაგრძნობითა და თანაგანცდით სავსე…
„ბევრი იხსენებს მას, როგორც სიფრიფანა ქალს, თუმცაღა ძლიერი ხასიათით“
ორგანიზატორების წინადადებით გადაწყდა, რომ ბავშვები პროფესიონალურ დარბაზში გამართავდნენ კონცერტს. არავინ ითხოვდა ფულს დარბაზისთვის, ან ინსტრუმენტებისთვის: თთქოს მთელი ფრანგული სამყარო მებრძოლი ჩეჩნეთიდან ჩამოსული ბიჭების ირგვლივ დატრიალდა. ერთ-ერთ დარბაზში მოცეკვავეების გამოსვლა აცრემლებული დიდების წინაშე გაიმართა. ჯეინ ბირკინი, გლუქსმანების წყვილი და სხვები მალულად იწმენდნენ ცრემლებს.
ახალგაზრდა მთიელთა მიერ შესრულებული ყოველი ცეკვა მებრძოლი ჩეჩნების ეროვნული ხასიათისა და სიმტკიცის დემონსტრირებად იქცა. ანსამბლის ყველაზე პატარა, 5 წლის მოცეკვავემ ბევრი მაყურებელი აატირა. ამ ბავშვის ყოველ მოძრაობაში ისეთი ექსპრესია იყო, თანაც იმდენად არაბავშვურად გამოხატავდა ცეკვით თავისუფლებისა და ღირსების ურღვევ სულისკვეთებას, რომ მაყურებელი მოაჯადოვა და აღაფრთოვანა. მათ იკითხეს: „და პუტინს ამ ბიჭის დაპყრობა სურს?“
მილენ სალოიმ და ჯეინ ბირკინმა ერთად მრავალი ღონისძიება გამართეს ჩეჩენთა დასახმარებლად. 2003 წელს ჯეინი ანსამბლ „დაიმოხკის“ წევრებთან ერთად, რომლებიც მილენის ინიციატივით ისევ სტუმრობდნენ პარიზს, კონცერტებს აწყობდა პარიზის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში - Cabaret Sauvage.
მილენი მადლიერებით იხსენებს, რომ იმ წლებში მას ეხმარებოდნენ ჯეინ ბირკინი, ანდრე გლუქსმანი და კინორეჟისორი რომელ გუპელი და ბევრი სხვა. ჯეინი ჩეჩენი ბავშვებით იყო აღფრთოვანებული და მან მილენს გააცნო არიანა მნუშკინა, რომელმაც თავის მხრივ დააორგანიზა 40 ახალგაზრდა მოცეკვავისთვის, 5 მუსიკოსისა და 2 ქორეოგრაფისთვის მოგზაურობა და ასევე რამდენიმე წარმოდგენა საფრანგეთში. ჯეინმა ყველას ცეკვის ჩუსტები მოუტანა და ასევე თითოეული ბავშვისთვის დედასთან ერთად ნახატები დახატა მათი სახელებით. სწორედ ამ ვიზიტის დროს ჯეინმა, არიანამ, გლუქსმანმა და მილენმა დააფუძნეს ასოციაცია „Марша Догiийла“ (რაც ითარგმნება როგორც - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“).
2007 წელს ჯეინმა მხარი დაუჭირა მილენის იდეას „სოლიდარობის კულტურის ქარავნის“ შექმნაში და გახდა ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი პროექტისა Babel Caucasus. პროექტმა სამი ქვეყანა მოიცვა: საქართველო, აზერბაიჯანი და პოლონეთი. მოგზაურობის დროს მათ ისაუბრეს ჩეჩნეთის ომზე. ბირკინს არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ სურდა გროზნოში წასვლა, იქ გამოსვლა და მათთვის ჩეჩნურ ენაზე სიმღერა.
„ჯეინი პირადად და ღრმად განიცდიდა ჩეჩნების ტანჯვასა და ტრაგედიას“
და მოგვიანებით, ნებისმიერ საკითხზე, რაც ეხებოდა ჩეჩნების დახმარებას, პირველ რიგში ჯეინს უკავშირდებოდნენ. ჯეინის ხელმოწერა აქვს წერილსაც რუსეთის ხელმძღვანელობისადმი. ის მიმართავდა თხოვნით, დახმარებოდნენ მომღერალ ზელიმხან ბაკაევის მოძებნაში, რომელიც 2017 წელს გაუჩინარდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.
ბევრი იხსენებს მას, როგორც სიფრიფანა ქალს, თუმცაღა ძლიერი ხასიათით. ის დაუღალავად და დაჟინებით იცავდა სამართლიანობას, ეწინააღმდეგებოდა რა ძლიერთა ნებას.
ბელგიის ღია უნივერსიტეტის პროფესორ ოდ მერლინისთვის ჯეინი ბრძოლის სიმბოლო იყო. ოდი იხსენებს, თუ როგორ მოხვდა ჯეინი შემთხვევით ქალაქ კლერმონ ფერანში, სადაც იმ დღეებში ჩეჩნეთის ომის შესახებ გამოფენა იმართებოდა. „ყველასთვის მოულოდნელად, ის მოვიდა კონცერტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, დაუკავშირდა მის თითოეულ ორგანიზატორსა და სტუმარს, გულწრფელად თანაუგრძნობდა მათ ტკივილს“, - იხსენებს ოდი. „ჯეინმა თავისი კონცერტის პირველი ნაწილი მიუძღვნა ჩეჩნეთს და ჩეჩნებს. კვლავ იმღერა სიმღერა ჩეჩნურ ენაზე“.
ოდი იხსენებს, რამდენად ღრმად და პირადად განიცადა ჯეინმა ჩეჩნების ტანჯვა და ტრაგედია. „ის ავად იყო ამით“, - ამბობს ოდი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის - „მემორიალის“, გამგეობის წევრმა ალექსანდრ ჩერკასოვმა მოკლედ ისაუბრა ბირკინის შესახებ: „ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც ებრძოდა ბოროტებას მაშინაც კი, როცა ეს არ იყო მეინსტრიმი“. ალექსანდრი დარწმუნებულია, რომ ჯეინი იაზრებდა თავის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რაც დამახასიათებელია საფრანგეთის არტისტთა წრისთვის. ბირკინი ცდილობდა ყურადღების მიპყრობას იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩეჩნეთში: ის პირველი იყო ფრანგ ინტელექტუალთა სიაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს 1999 წელს. წერილი ანდრე გლუქსმანმა შეადგინა და ამან ის, მრავალი წლის განმავლობაში - რუსეთის მიერ ჩეჩნეთში გაჩაღებულ ომში ჩეჩნების უფლებების დაცვის მოძრაობის წევრად აქცია, იხსენებს ალექსანდრი.
როგორც ჩერკასოვი იხსენებს, პირველად ჯეინს მაშინ შეხვდა, როდესაც ის პარიზში ჩავიდა პრესკონფერენციაზე, სადაც ცდილობდა მსოფლიოსთვის მოეყოლა 2000 წლის თებერვალში ნოვიე ალდიში მომხდარი ტრაგედიის საშინელება. ალექსანდრი აღნიშნავს, რომ ამ ღონისძიებაში ჯეინის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„მან თავის თავზე აიღო ფრანგულ საზოგადოებაში სიმართლის გამავრცელებლის როლი ნოვიე ალდიში მომხდარის შესახებ“, - ამბობს უფლებადამცველი.
როგორც ჩერკასოვი იხსენებს, მოგვიანებით კი, 2005 წელს, როცა ის მოსკოვში ჯეინ ბირკინს შეხვდა, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს იგი მთლიანად იყო ჩართული ჩეჩნურ ტრაგედიაში. „ჯეინს არ ჰქონდა ამ საკითხის ზოგადი ცოდნა, მას შეეძლო ღრმად განეხილა ეს თემა, როგორც ადამიანს, რომელიც ამას დიდი ხანია მეტია აკეთებს“, - ამბობს ალექსანდრი.
„ის არ იყო მხოლოდ თავისუფლების სიმბოლო, - ამბობს ჩერკასოვი, - ის ავრცელებდა სიმართლეს ჩეჩნეთის შესახებ, გრძნობდა თავის პასუხისმგებლობას - ეს იშვიათი ფენომენია, ასეთი დონის ვარსკვლავისთვის“.
საფრანგეთის ცაზე ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან, მაგრამ მათი ნათელი შუქი სამუდამოდ დარჩება. და უსაზღვრო მადლიერება მათ იმათგან, ვისაც დახმარების ხელი გაუწოდეს, სიცოცხლის რთულ მომენტებში მხურვალე გულების სითბო აჩუქეს. ჯეინ ბირკინი კი ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავია.