„ომეგა“ - ურჩი გადამხდელი თუ შევიწროებული?

„ომეგა ჯგუფი“ „მიზანმიმართულ დისკრედიტაციად“ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებულ ურჩ გადამხდელად მოიხსენიებს, მაშინ როცა კომპანია თავად ითხოვდა დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაციას. კომპანიისთვის აშკარაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დატოვა და ამას უწყებიდან 2018 წლის 30 მაისს მიღებული წერილიც ადასტურებს. „ომეგა ჯგუფს“ ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი აქვს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. „ომეგა ჯგუფის“ განმარტებით, „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დავალიანების ამოღებას უკანონო გზებით ცდილობდნენ და რესტრუქტურიზაციის მოთხოვნასაც სწორედ ამიტომ უგულებელყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები აუდიოჩანაწერებს პოლიტიკურ ინტრიგად მიიჩნევენ და არასერიოზულად აღიქვამენ.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი რადიო თავისუფლებასთან კიდევ ერთხელ ადასტურებს, საურავების ჩათვლით, 52-მილიონლარიანი დავალიანების არსებობას და ამბობს ასევე, რომ კომპანიამ 2017 წლის აპრილის შემდეგ ვერაფრით შეძლო ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისიის ყურადღების მიპყრობა, დავალიანება თანდათან რომ გადაეხადა. შედეგად „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოება (OGT) ივლისიდან გაჩერებულია, ხოლო მუშაობის შეწყვეტის რეალური საფრთხის წინაშე დგას „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია“.

  • დავალიანების დაგროვებას „ომეგა ჯგუფი“ თამბაქოს პროდუქციაზე დემპინგური ფასებით წარმოქმნილ არაკონკურენტულ ბიზნესგარემოს უკავშირებს, რის შედეგადაც კომპანია დაზარალდა და გადასახადების გადახდა ვეღარ შეძლო.
  • „ომეგა ჯგუფის“ განცხადებით, 2014 წლიდან დაგროვილი დეკლარირებული 138-მილიონიანი დავალიანებიდან თანდათან გადაიხადა100 მილიონი ლარი, ხოლო ვეღარ მოახერხა დარჩენილი 38 მილიონის გადახდა, რასაც შემდეგ საურავები დაემატა.

რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით „ომეგა ჯგუფმა“ ფინანსთა სამინისტროს (დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობისას) ოფიციალურად 2017 წლის აპრილში მიმართა, რადგან 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე საკანონმდებლო ბაზა ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომისიამ (დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელმა კომისიამ) ვერც ამის შემდეგ მოიცალა. ეს ფაქტი ფინანსთა სამინისტრომ „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოებას (OGT-ს) წერილობით მაისში შეატყობინა.

​ფინანსთა სამინისტრო არ უარყოფს, რომ რესტრუქტურიზაცია მართლაც მოთხოვნილი იყო, მაგრამ 2 ოქტომბრის განცხადებაში ამ პროცედურისთვის თავის არიდების მიზეზად არა კომისიის არშეკრებასა და ამ საკითხის არგანხილვას, არამედ სულ სხვა მიზეზს ასახელებს. „კომპანიამ, როდესაც მოითხოვა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მისი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 29,7 მლნ ლარს, საიდანაც 26,4 მლნ ლარი იყო ძირი თანხა, ხოლო დანარჩენი - ჯარიმა-საურავები. მას ამ პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ რესტრუქტურიზაციის პროცედურების გარეშეც გაცილებით მარტივი და მოქნილი მექანიზმით (როგორც კომპანიისთვის, ისე ჩვენთვის) მისცა მუშაობის საშუალება (მიუხედავად მათი მხრიდან პირობის არაერთგზის დარღვევისა) და შანსი ეჩვენებინა ჯანსაღი დინამიკა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

იმ მიზნით, რომ ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისიას აპრილში წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა დაავალდებულოს, „ომეგა ჯგუფის“ OGT-მ ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. პარალელურად, მზადდება სარჩელი ლონდონის სასამართლოში განსახილველად.

„სამხრეთამერიკული სერიალი“ თუ განგაშის საფუძველი?

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს იმთავითვე სრულიად არასერიოზულად აღიქვამენ. ეს პროცესი „სამხრეთამერიკულ სერიალებს“ შეადარა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მამუკა ბახტაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე

მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ „ომეგა ჯგუფი“ პოლიტიკურ ინტრიგაში ჩაება და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობდა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, მაქსიმალურად უფრთხილდება ყველა კომპანიას და „ომეგა ჯგუფსაც“ არაერთხელ გადაუვადა დავალიანების გადახდა. ამასვე ირწმუნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიც.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ასახული საგანგაშო კორუფციული ნიშნების გათვალისწინებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მაღალჩინოსნების პარლამენტში დაბარებას ითხოვს, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. თბილისის პროკურატურა მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ ფაქტებს 12 სექტემბრიდან იძიებს. 3 ოქტომბერს სასამართლოში გამოიკითხა ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.