ომბუდსმენი: ზვიად დევდარიანის საქმეზე სექსუალური შევიწროების ფაქტები დადგინდა

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში იქნა მხილებული. როგორც ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 2018 წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ განცხადებების განხილვა, რომლებიც სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს შეეხებოდა. განხილული 5 განცხადებიდან, 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა და სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა, ხოლო 2 შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდა, საკმარისი მტკიცებულებებს არარსებობის გამო.

„ზვიად დევდარიანის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროების დადგენის მოთხოვნით, სახალხო დამცველს 2018 წლის აპრილსა და მაისში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხუთმა ქალმა მიმართა. აღნიშნულ საქმეებზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ მხარეებს, აწარმოეს მიმოწერა, გაესაუბრნენ და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია მესამე პირებისგან. მხარეებს შორის ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი კომუნიკაციის გაცვლა 2018 წლის 10 ოქტომბერს დასრულდა.

სამ განმცხადებელთან ზვიად დევდარიანის მხრიდან ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აღნიშნული განცხადებების განხილვისას სახალხო დამცველმა იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სტანდარტით, რომლის თანახმადაც, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვერპლისთვის“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევატყობინოთ, რომ ის, რაზეც ქალები ლაპარაკობდნენ რამდენიმე თვის წინ, დღეს სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ სახეზე იყო სექსუალური შევიწროება

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა აბაშიძის თქმით, ის, რაზეც ქალები თვეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ, სახალხო დამცველმა დაადასტურა: „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, ისევე როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იცავდა სექსუალურ შევიწროების მსხვერპლ ქალებს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი ღირსების აღდგენისთვის. უნდა ითქვას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი არაეთიკური, უკანონო მცდელობა იყო მოპასუხეს მხრიდან, რათა ქალებს უარი ეთქვათ საჩივრებზე. ცხადია, ჩვენ მათ არ გამოვეხმაურეთ. და დღეს, ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევატყობინოთ, რომ ის, რაზეც ქალები ლაპარაკობდნენ რამდენიმე თვის წინ, დღეს სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ სახეზე იყო სექსუალური შევიწროება“, - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

ქალთა უფლებების დამცველებმა ზვიად დევდარიანი, ორგანიზაცია CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში მიმდინარე წლის მარტში ამხილა. სპეციალურ განცხადებაში „ქალთა მოძრაობა“ მიუთითებდა, რომ 16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა, „ქალთა მოძრაობის“ სამუშაო ჯგუფში „მოძრაობის“ წევრები მისი მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ. ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო გამოძიება ადევნების მუხლით.

ასევე ნახეთ უფლებადამცველს ადანაშაულებენ სექსუალურ შევიწროებაში

11 ივნისს ზვიად დევდარიანმა თავად იჩივლა სასამართლოში ღირსებისა და პატივის შელახვის გამო. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის და ერთი ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. დევდარიანმა და მისმა ადვოკატმა ღიად მხოლოდ მხოლოდ სარჩელის 8 ადრესატი დაასახელეს. დასახელებულებს შორის იყვნენ თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და ინტერნეტ გამოცემა "ტაბულა"​.

ასევე ნახეთ ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი საზოგადოებას „სკანდალურ პროცესს“ ჰპირდებიან

მიმდინარე წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ადევნების ფაქტზე დაწყებული გამოძიების საქმეზე ჩატარდა 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა და დაიკითხა 21 პირი. სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებდნენ. გამოძიება კი გრძელდება.