„ტოკიო – 2020“-ის ოფიციალურ საიტზე ოთხი წლის წინ ჩართული ტაიმერი ისევ მუშაობს. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დარჩენილი დრო (დღეები, საათები, წუთები, წამები) თვალსა და ხელს შუა ილევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ოთხი თვით ადრე (07.24.2020) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ჯერ ისევ იმედოვნებს, რომ არ განმეორდება 80 წლის წინანდელი ისტორია და, ტოკიოს XII ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიური თამაშები არ ჩაიშლება.
ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები აჩერებდნენ ომებს, თანამედროვე მსოფლიოში კი პირიქითაა: ომები აჩერებენ ოლიმპიურ თამაშებს! ასე იყო 80 წლის წინ, როცა ჯერ ჩინეთ-იაპონიის, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ გაიმართა ტოკიოს XII ოლიმპიური თამაშები. რა მოხდება ახლა, 2020 წელს? კაცობრიობა ხომ ახლაც ომშია ჩართული, პანდემიასთან ომში!
როგორ ჩაიშალა „ტოკიო – 1940“
1940 წელს ზაფხულის XII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ტოკიო უნდა ყოფილიყო, იაპონიის დედაქალაქს მთავარი სპორტული ღონისძიებისთვის 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უნდა ემასპინძლა, მაგრამ ყველაფერი არია 1937 წლის 7 ივლისს დაწყებულმა ჩინეთ-იაპონიის მეორე ომმა. არადა, 1940 წლის თამაშებისთვის ქალაქის შერჩევის კამპანია ჯერ კიდევ 1932 წელს დაიწყო ბარსელონის, რომის, ჰელსინკისა და ტოკიოს მონაწილეობით. ბევრისთვის მოულოდნელად არჩევანი ტოკიოზე შეჩერდა. მოულოდნელად იმიტომ, რომ იაპონიას ერგო პატივი ყოფილიყო ოლიმპიური თამაშების პირველი არაევროპელი (და არაამერიკელი) მასპინძელი ქვეყანა. მანამდე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლეს საბერძნეთმა, საფრანგეთმა, აშშ-მ, იტალიამ, ინგლისმა, შვედეთმა, გერმანიამ და ჰოლანდიამ.
იაპონიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უკვე განსაზღვრული ჰქონდა, რომ ოლიმპიური თამაშების მთავარი სტადიონი იქნებოდა Meiji Jingu Stadium-ი, ხოლო ოლიმპიური სოფელი აშენდებოდა ტოკიოში, სეტაგაიას რაიონში მდებარე ერთ-ერთი პარკის ტერიტორიაზე. გაკეთდა გრაფიკი, დაიბეჭდა ცნობარები ოთხ ენაზე; გამოვიდა და გავრცელდა ყოველთვიური ჟურნალები და პლაკატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით; დაიწყო შესაბამისი სპორტული და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა; გაფორმდა ხელშეკრულებები სასტუმროებთან, ავიაკომპანიებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, თუმცა ჩინეთ-იაპონიის ომის დაწყებისთანავე (1937 წლის 7 ივლისი), იაპონიის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა, მოითხოვეს ოლიმპიური თამაშების დაუყოვნებლივ გადადება. გაუქმდა 1938 წლისათვის დანიშნული შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების თამაშებიც.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იაპონელი დელეგატები მაინც იმედოვნებდნენ, რომ ომი მალე დასრულდებოდა და მათი ქვეყნა შეძლებდა ზაფხულის ოლიამპიადის მასპინძლობას, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა სხვა ქვეყნების დელეგატთა სკეპტიციზმი; სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმოდა ოლიმპიური თამაშებისთვის სხვა ქვეყნის შერჩევის წინადადებაც. ასევე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ თამაშები მაინც იაპონიაში ჩატარდებოდა, ზოგიერთი ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებდა ოლიმპიადას.
1938 წლის მარტში კაიროში გამართულ კონფერენციაზე იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრები ჯერ ისევ ირწმუნებოდნენ, რომ ტოკიო შესძლებდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას, არადა, იაპონელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი უკვე ღიად ეწინააღმდეგებოდა ომის პირობებში ოლიმპიური თამაშების გამართვას, სამხედროები პირდაპირ მოითხოვდნენ სპორტული თამაშებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისათვის მხოლოდ ხის მასალის გამოყენებას, რადგან, მათი თქმით, ლითონი ფრონტზე სჭირდებოდა ომში ჩაბმულ ქვეყანას.
საბოლოო ჯამში, ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარის თქმის გადაწვეტილება 1938 წლის 16 ივლისს მიიღეს. იაპონიის განათლების მინისტრი და გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე, კოიჩი კიდო იძულებული გახდა ეთქვა:
„როცა შორეულ აღმოსავლეთში კვლავ გამეფდება მშვიდობა, ჩვენ ისევ მოვიწვევთ ოლიმპიურ თამაშებს ტოკიოში, ვისარგებლებთ შემთხვევით და ვაჩვენებთ მთელი მსოფლიოს ხალხებს, როგორია ჭეშმარიტად იაპონური სული“.
„ჰელსინკი – 1940“ – ოლიმპიური თამაშების გადარჩენის ფუჭი მცდელობა
ტოკიოს შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 1940 წლის ოლიმპიადის მასპინძლად ფინეთის დედაქალაქი დაასახელა როგორც შერჩევისას მეორე ადგილზე გასული ქალაქი. IOC-ის გეგმის მიხედვით, ჰელსინკიში ოლიმპიური თამაშები 1940 წლის 20 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში უნდა გამართულიყო, მაგრამ ოლიმპიელებს აქაც უმტყუნა ბედმა. 1939 წელს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის გამო, ოლიმპიური თამაშები გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა ამის მიუხედავად, ისევე როგორც 1916 წელს I მსოფლიო ომის გამო ვერგამართულ ბერლინის VI ოლიმპიურ თამაშებს, ტოკიოსა და ჰელსინკის თამაშებს მაინც მიენიჭათ რიგითი ნომრები. შესაბამისად XII ოლიმპიადის გასწვრივ - ტოკიო, XIII-ის გასწვრივ კი ჰელსინკი წერია.
ოლიმპიური თამაშები ვერც მომდევნო ციკლში, 1944 წელს ჩატარდა. ლონდონს ამის საშუალება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, 1948 წელს მიეცა, თუმცა 1948 წლის ლონდონის თამაშებზე II მსოფლიო ომში დამარცხებული იაპონია არ მიიწვიეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, იაპონიას მხოლოდ 1951 წელს მიეცა მონაწილეობის უფლება.
„ტოკიო – 1964“ – მეორე და წარმატებული ცდა
1952 წლის ჰელსინკის თამაშებში იაპონიამ 72 ათლეტისგან შემდგარი ჯგუფი გაგზავნა, თუმცა 1952 წელი მხოლოდ ამის გამო არ იყო მნიშვნელოვანი იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის: 1952 წელს დასრულდა სამხედრო ოკუპაციის პერიოდი და იაპონიამ 1960 წლისათვის დაგეგმილი მეჩვიდმეტე ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (IOC); 1964 წელს კი თვითონ უმასპინძლა XVIII ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა ოლიმპიადების ისტორიაში: დაფიქსირდა 47 მსოფლიო და 111 ოლიმპიური რეკორდი, მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენებმა კი 16 ოქროს მედალი, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო მოიპოვეს, რაც საუკეთესო შედეგი იყო იაპონიის ოლიმპიურ ისტორიაში (მოპოვებული მედლების საერთო რაოდენობით იაპონია მესამე ადგილზე აღმოჩნდა).
როდის ჩაქრება ოლიმპიური ცეცხლი?
იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ახლაც დარწმუნებულია, რომ ტოკიოს XXXII-ე საზაფხულო ოლიმპიური თამაშები ყველა წინა ოლიმპიადაზე წარმატებული იქნება, თუ, რა საკვირველია, COVID-19-ის პანდემიამ ნაადრევად (გეგმ. 9 აგვისტოა) არ ჩააქრო ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც 12 მარტს აანთეს მზის სხივებით ძველ ოლიმპოში, ჰერას ანტიკური ტაძრის ნანგრევებში და, რომელიც 19 მარტს გადაეცა იაპონიის წარმომადგენლებს, თუმცა ნიშანდობლივია ის, რომ ცეცხლი ჩაიბარა არა იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, არამედ საბერძნეთში მცხოვრებმა იაპონელმა ნაოკო იმოტომ, ათენში იუნისეფის ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, რადგანაც იაპონიამ, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ათენში დამატებით დელეგაციის გამგზავრებისგან თავი შეიკავა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გეგმები შეიძლება შეიცვალოს?
IOC-ის პრეზიდენტი, თომას ბახი იმედოვნებს, რომ არ მოუწევთ ტოკიოს საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გადადება, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციაზე.
საქმე ის არის, რომ 13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, ოფიციალურმა პირებმა უნდა განიხილონ ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადების საკითხი.
„ჩვენ ვიმოქმედებთ WHO-ს რჩევების შესაბამისად, სწორედ მათი ექსპერტების ჯგუფის კომპეტენციაა მსგავსი საკითხები. ჯერჯერობით თამაშების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რა თქმა უნდა, განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს “, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO), 19 მარტისთვის იაპონიაში COVID-19-ით ინფიცირების 926 შემთხვევა იყო გამოვლენილი, ამათგან უკვე გამოჯანმრთელდა - 191 პაციენტი, გარდაიცვალა - 32.
ქართველ სპორტსმენებს ტოკიო - 2020-სთვის უკვე მოპოვებული აქვთ 4 ლიცენზია ჭიდაობაში და თითო - ფარიკაობაში, კრივსა და სროლაში. ცხადია, თუ სპორტული შეჯიბრებები არ გადაიდება, ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ არაერთი ქართველი სპორტსმენი შეძლებს ლიცენზიის მოპოვებას. სპორტის სპეციალისტები ასევე არ გამორიცხავენ, ოლიმპიური ლიცენზიების გაცემას რეიტინგების მიხედვით.
ასევე ნახეთ შვიდი ოლიმპიური მედალი რიო-დე-ჟანეიროდან2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს XXXI ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 40-მა სპორტსმენმა, რომლებიც გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობაში და მოიპოვეს ოქროს 2, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი. საერთო ჩათვლაში საქართველომ, 207 ქვეყანას შორის, 38-ე გუნდური ადგილი აიღო.
უკვე ცნობილია, რომ იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 26 მარტს, ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყება და 121 დღეს გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას და დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, თუ რა საკვირველია, COVID-19-მა არ შეცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გეგმები.