ოლიგარქია, ანუ ოკუპირებული საქართველოს 80%

საქართველო ოკუპირებულია! საქართველოს გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიების 20%-ს რუსეთი აკონტროლებს. პერიოდულად საზღვრის აღმნიშვნელ მავთულხლართებს თვითნებურად გადმოწევს და საოკუპაციო ზონის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს სამიწათმოქმედო ნაკვეთებს ართმევს, ულუკმაპუროდ ტოვებს გლეხებს, რომლებსაც მიწიდან აღებული მოსავლის გარდა, სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნიათ. სოფლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი XXI საუკუნეშიც ნატურალური მეურნეობით არსებობს. იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურ ქართველებს უკან დაბრუნების იმედი აღარ აქვთ და ერთადერთი გამოსავალი გაქცევაა, ვისაც სად შეუძლია: ვისაც გაუმართლა, საქართველოდან გარბის, უარეს შემთხვევაში კი საქართველოს ქალაქებში ეძებს მინიმალურზე მინიმალურ საარსებო საშუალებას. „რუსეთი ოკუპანტია!“, „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ!“ - ამას სკანდირებენ პარლამენტის წინ, ქუჩებში, ფაქტობრივად ყველგან და ყველა. რუსეთის ოკუპანტობა ეროვნული კონსენსუსია. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რუსეთის დაუფარავი რეზიდენტები - ნეოფაშისტური გაერთიანებები და სამღვდელოების ნაწილი, რომლებსაც „ერთმორწმუნე“ დიდი იმპერია ესახებათ საქართველოს მფარველად, „გადაგვარებული“ დასავლეთისა თუ „ურჯულო“ აღმოსავლეთისგან დამცველად. „20%“ თანამედროვე ქართული იდენტობის სიმბოლოა.

მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენ 80%-ს? ვის ხელშია საქართველოს მიერ კონტროლირებადი 80%? ვინ ფლობს მას და ვის მიერაა ის მიტაცებული? ვინ ეუფლება 1 ლარად საუკეთესო ადგილებს თბილისის ცენტრში თუ მის შემოგარენში? ან ზღვისპირა თუ მთიან რეგიონებში?

საქართველო ოკუპირებულია, მაგრამ ეს კიდევ სხვა ოკუპაციაა: საქართველოს 80% ოკუპირებულია ოლიგარქიული სისტემის მიერ. ოლიგარქიას - ერთ მუჭა, საეჭვო ვითარებებში გამდიდრებულ, ხან ბიზნესმენებად, ხან დეველოპერებად, ხან ბანკირებად წოდებულ კასტას ხელთ უპყრია მთელი ეროვნული უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომელსაც ის საკუთარი სურვილისამებრ ასხვისებს, ყიდის, ან უბრალოდ საკუთარ მფლობელობაში იფორმებს და იტაცებს ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება. მევახშეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ, მოტყუებით მიიტაცა მათი ქონება, ქვეყნის ბატონ-პატრონები არიან. მათი ოკუპაცია ქვეყნის შიგნიდან ხორციელდება და ის საქართველოს 80%-ს მოიცავს.

ოლიგარქია ძველი ბერძნული ტერმინია და „ცოტას მბრძანებლობას“ ნიშნავს. ამ ცოტაში არა ხალხის რჩეულები, ან გვაროვნული არისტოკრატია იგულისხმება, არამედ გამდიდრებული უმცირესობა, რომელიც საკუთარი ქონების ძალით ეუფლება ძალაუფლებას. ამდენად, ოლიგარქია „მდიდართა ძალაუფლებას“ ნიშნავს და ის არათავისუფალი მმართველობის ყველაზე მანკიერი და რთულად მოსაცილებელი ფორმაა. ჰეგელი ოლიგარქიას ტირანიასთან და ოხლოკრატიასთან (ბრბოს ძალაუფლება) ერთად ხელისუფლების ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევდა. იმპერიები იშლება, დიქტატურები ემხობა, მაგრამ ოლიგარქია, რომელიც მთელი ეროვნული ქონების ერთი მუჭა ადამიანების მიერ მიტაცებას და მისაკუთრებას ეფუძნება, დაკანონებული უკანონობაა, რომლის შეცვლა, ფაქტობრივად, რევოლუციური ცვლილებებითღა თუა შესაძლებელი.

2012 წლიდან საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა ყალიბდება. საქმე ეხება არა ერთ მეგა-ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მისი მეთაურობით შექმნილ სისტემას. ივანიშვილი ოლიგარქიული პირამიდის გვირგვინია და როგორც გვირგვინოსანი ისე მართავს მას. 2013 წლიდან, როდესაც ივანიშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა, ანუ პასუხისმგებლობა მოიხსნა, შეუდგა არაფორმალური ხელისუფლების დამყარებას, რომელიც თანდათანობით აუქმებს და შთანთქავს პოლიტიკურ სფეროს და მას მთლიანად კაპიტალს უქვემდებარებს. თუკი 2016 წლამდე „ქართული ოცნება“ კოალიცია იყო და მრავალპარტიული მართვის ელემენტებს შეიცავდა, პოლიტიკურ ხელისუფლებასაც მეტ-ნაკლები სუვერენულობა ჯერ კიდევ შემორჩენოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობა დამყარდა. აქედან მოყოლებული, ქართული ოცნება სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. არაფორმალურმა მმართველობამ და ოლიგარქიამ საქართველოში გააქრო პოლიტიკური სუვერენულობა. არც მთავრობა, არც პარლამენტი აღარაა პოლიტიკური ძალაუფლების ორგანოები, პრემიერ-მინისტრიც და მთელი მინისტრთა კაბინეტიც ჰგვანან ყოველგვარ პოლიტიკურ წონას მოკლებულ სათამაშო ფიგურებს, რომლებითაც უმაღლესი ოლიგარქი სახელმწიფოებრიობანას თამაშობს. მათი უმეტესობა ივანიშვილის კერძო ბიზნესის ხელქვეითია, ყველა სახელმწიფო ორგანო ერთი ადამიანის ახირებებისა და ნება-სურვილის გამხმოვანებელია. მმართველი პარტიის დეპუტატები, რომელთა ნაწილი ბიზნესმენია და საკუთარი გამდიდრების მეტი არანაირი სხვა ინსტინქტი არ გააჩნია, წარმოადგენს აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას, რომელსაც უტიფრად შეუძლია იცრუოს და შავზე თეთრი თქვას. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ოლიგარქიის კანონმდებელია, მის კეთილდღეობას და უსაზღვროდ გამდიდრებას საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფს. კანონმდებლობა არა ქვეყანას და მის ხალხს, არამედ კერძო ინტერესებს ემსახურება.

ქართულმა ოცნებამ ჯერ დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუცია, შემდეგ კი, ოდიოზური სალომე ზურაბიშვილის დასმით, კარიკატურად აქცია იგი. სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი მხოლოდ იუმორისტული ტელეგადაცემებისთვის ვარგისი ტიტულებიღაა.

ოლიგარქია ყლაპავს სახელმწიფოს და მისგან მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს ტოვებს, იმათაც მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, რომ მათ ბიზნესს, ანუ ქვეყნის და მოსახლეობის ძარცვას, არავინ შეეწინააღმდეგოს (ამის მაგალითები არაერთხელ ვნახეთ პანკისში, მაღაროებში, საყდრისში).

სასამართლო ხელისუფლება მიტაცებული აქვს დაჯგუფებას, რომელიც კრიმინალურ ბანდას უფრო ჰგავს, ვიდრე მართლმსაჯულების აღმასრულებელ სახელმწიფო ორგანოს.

ქართულმა ოცნებამ შექმნა და სრულყო ნაწილობრივ ნამემკვიდრევი მანკიერი ეკონომიკური სისტემა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ძარცვავს და ყვლეფს. ოლიგარქიული სისტემა, რომელსაც არც არანაირი სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ინტერესები არ გააჩნია და მოგების და გამდიდრების გარდა არაფერი იცის, ახორციელებს ქვეყნის თვითკოლონიზაციას. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უფრო მეტად კოლონიურ მდგომარეობაშია, ვიდრე საბჭოთა თუ რუსეთი იმპერიის გუბერნიობის დროს. საქართველო იქცა დიდ კაზინოდ და ბორდელად, რომელიც სიამოვნების სერვისს სთავაზობს უმეტესწილად საქართველოს უძრავი ქონების შესაძენად ჩამოსულ მდიდარ „ტურისტებს“. ქართველი დეველოპერები, რომლებიც ანადგურებენ ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობას და ბუნებას, მუშაობენ უცხოელ, ძირითადად რუს მყიდველებზე. გაყიდული უძრავი ქონების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია.

ოლიგარქიის ინტერესებშია სიღარიბის შენარჩუნება, რათა იაფი მუშახელი ჰყავდეს, რომელსაც ნებისმიერ დაბალანაზღაურებად სამუშაო პირობებზე დაითანხმებს, ხოლო არჩევნებზე 20-30 ლარად გაჭირვებულთა ხმებს იყიდის. ოლიგარქიისთვის უცხოა ბუნებრივი გარემოს დაცვა, ისტორიული ძეგლების შენარჩუნება, საერთოდ, ყველანაირი არაკომერციული საჯარო სივრცეები. პირიქით, ის მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერ არამომგებიანის მოსპობას და განადგურებას. ოლიგარქიისთვის არ არსებობს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები, - ასეთი რამ მისთვის უცნობი და გაუგებარი ცნებებია, რამდენადაც მას მხოლოდ ფული და მოგება აინტერესებს. არც განათლება და განათლებული ადამიანები სჭირდება ოლიგარქიას, რომლებიც მისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. შესაბამისად, მოშლილი და გადაგვარებულია საგანმანათლებლო სისტემა, უმაღლეს სასწავლებელთა დიდი ნაწილი ფულის გამოძალვის მექანიზმებია, რომლებიც არანაირ ცოდნას არ იძლევიან. ოლიგარქიას სჭირდება ვერნასწავლი და განათლებავერმიღებული ახალგაზრდები, რომლებიც 200-300 ლარად, ყოველგვარი შრომითი უფლებების გარეშე, დათანხმდებიან დამამცირებელ სამუშაოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდობაა. ეს ის თაობაა, რომელიც აცნობიერებს, რომ ამ კორუმპირებულ და სვავების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში მათ ცხოვრებას არანაირი ნათელი პერსპექტივა არ აქვს! ოლიგარქიულ სისტემაში მათ უმუშევრობა, უკეთეს შემთხვევაში, ოლიგარქების და კორუმპირებული მოხელეების გასართობ „პანორამებსა“ და კაზინოებში მომსახურე პერსონალად მუშაობა ელით იაფ მუშახელად, ღირსეული შრომის პირობების, ანაზღაურებისა და მინიმალური კეთილდღეობის გარეშე.

ერთადერთი, რაც ოლიგარქიას შეუძლია, კორუფციაა - ახალგაზრდების, რომლებიც მზად არიან სინდისზე უარი თქვან, გათხვრა და მათი ინტეგრაცია ქვეყნის ძარცვის ფერხულში, მათი საკუთარ ნასუფრალზე მიპატიჟება, სუფრაზე მიწვევის პერსპექტივით.

ოლიგარქია - ესაა საკუთარი მოსახლეობის კოლონიზაცია, მთელი ქვეყნის, უფრო სწორად, ოლიგარქიის მიერ კონტროლირებადი საქართველოს 80%-ის შინაგანი ოკუპაცია და ყვლეფა. ამდენად, თუ ვერ მივხვდებით და მთელ რისხვას ამ სისტემის წინააღმდეგ არ მივმართავთ, უაზრობა იქნება 20%-ზე ლაპარაკი. როცა სახელმწიფო მოშლილი და შეჭმულია კორუფციის მიერ, ის ვერც გამთლიანდება და რაც შერჩენია, იმასაც დაკარგავს. დროა სწორი აქცენტები დავსვათ!

უპირველესი ამოცანა, რაც დღეს საქართველოში დგას და რის გარეშეც რუსეთსა და 20%-ზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ოლიგარქიის მიერ ოკუპირებული საქართველოს 80%-ის დეოკუპაციაა. ოლიგარქიისგან გათავისუფლება საქართველოს გამთლიანების და სუვერენულ ქვეყნად ქცევის ერთადერთი და უალტერნატივო გზაა.