9 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოლესია ვართანიანი, "კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის" (International Crisis Group) ანალიტიკოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში. საუბრის დასაწყისში ერევნიდან ტელეფონით ჩართვისას რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გიორგი გოგუამ აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მოსახლეობის მთავარი მოლოდინი კორუფციის დაძლევაა. ოლესია ვართანიანი თვლის, რომ კორუფციის დაძლევა ძალიან რთული იქნება. მოსახლეობის იმედგაცრუებამ კი შეიძლება მოიტანოს ის, რაც თავის დროზე უკრაინაში მოხდა. რაც შეეხება ფაშინიანის მომავალ გუნდს, ანალიტიკოსი თვლის, რომ ახალი კაბინეტის შექმნისთვის რესურსი არის, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ლიდერებში. ოლესია ვართანიანის თქმით, სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ორი რამ განასხვავებს "ვარდების რევოლუციისგან". ერთი ის, რომ აქ არ არის ლიდერების ჯგუფი და მეორე ის, რომ 2003 წლის მოვლენებში თვალსაჩინო იყო რეგიონში დასავლეთის ჩართულობა და რუსეთი არ იყო ისეთი აგრესიული. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს სომხეთისთვის, ოლესია ვართანიანი ამბობს, რომსამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სომხეთი ყველაზე მეტად დამოკიდებულია რუსეთზე და სომხეთის ვერც ერთი ლიდერი ვერ აუვლის გვერდს რუსეთთან ურთიერთობას. "თუკი ისინი მართლაც დაიწყებენ რეფორმების გატარებას სომხეთში, უამრავი საკითხი წამოიჭრება. შეუძლებელია სომხეთში რეფორმების გატარება შედარებით დაბალ დონეზე რუსეთთან შეჯახებისა და პრობლემების შექმნის გარეშე. თუმცა, ეს ერთ დღეში არ მოხდება", - ამბობს ოლესია ვართანიანი "დილის საუბრებში". ანალიტიკოსთან საუბარი შეეხებოდა მთიანი ყარაბაღის საკითხსაც, სიმბოლურად სწორედ იმ დროს, როცა ნიკოლ ფაშინიანი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად მთიანი ყარაბაღისკენ მიემართებოდა. სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრს გამოკვეთილი პოზიცია აქვს ყარაბაღზე. ოლესია ვართანიანი ამბობს, რომ თუკი ფაშინიანის მთავრობა "ვერ გამონახავს კომპრომისის გზას ბაქოსთან სტატუსისა და მიწების დაბრუნების საკითხზე, შესაძლებელია დაძაბულობა გაიზარდოს მთიან ყარაბაღში". რა შეიძლება შეიცვალოს საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში? "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის" ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და შენიშნავს, რომ ფაშინიანი ბოლო პერიოდში შეხვდა ოთხ ელჩს: აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოსი. ნიკოლ ფაშინიანი აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არ წავა თავისი სტრატეგიული პარტნიორების - თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აქ ნიკოლ ფაშინიანზე დამოკიდებული - როგორ მოახერხებს ის ურთიერთობის მოგვარებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ფაშინიანი აქამდე ძალიან ახლოს არის თავის მხარდამჭერებთან. გუშინაც მან ფეისბუკ-ლაივით აჩვენა აუდიტორიას თავისი ახალი კაბინეტი. ოლესია ვართანიანი თვლის, რომ საინტერესო იქნება ფაშინიანზე დაკვირვება - როგორ გაივლის ის უახლოესი პერიოდის პოლიტიკურ პროცესს და როგორ ლიდერად ჩამოყალიბდება.
Your browser doesn’t support HTML5