ცხინვალი ბელარუსს აღიარებას სთხოვს - მოსკოვს თბილისთან ახალი სავაჭრო თემა ექნება?

ცხინვალი. 2023 წლის მაისი

ცხინვალის ე.წ. პარლამენტში მუშაობა დაიწყეს მიმართვაზე, რომელითაც ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ.

დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასეთი წინადადება ოთხშაბათს ე.წ. პარლამენტის სესიაზე ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ტეხოვმა წამოაყენა.

თუ ადრე გარკვეული პოლიტიკური ვითარება, მათ შორის სანქციები, უარყოფითად მოქმედებდა, დღეს უკვე აღარ არსებობს ეს ხელშემშლელი ფაქტორები. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე საკუთარი ხაზით უნდა იმუშაოს“, - თქვა ე.წ. დეპუტატმა.

ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა ამ საკითხის შესწავლისა და მომზადების მიზნით, საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა დრიაევს მიმართა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებას არაერთხელ უცდია, ბელარუსის რესპუბლიკისგან ე.წ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება მიეღო, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, აქამდე, ამ საკითხის განხილვაზე უარს ამბობდა.

2021 წელს, ლუკაშენკამ ახსნა კიდეც, რატომ არ აღიარა ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. მისი სიტყვებით, დასავლეთი მინსკს დამატებითი სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი უარი თქვა ეკონომიკური ზარალის კომპენსაციაზე.

ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ პირადად სთხოვეს ბელარუსის ავტორიტარ მმართველს აღიარება, თუმცა მაშინაც უარი მიიღეს.

ცხინვალში ჩათვალეს, რომ ახლა რეალობა შეცვლილია. ეს დასკვნა კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკა ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც თვითაღიარებული აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ასევე ნახეთ რუსეთის ახალი სატყუარა აფხაზეთისთვის?

მიმდინარე წლის თებერვალში ლუკაშენკამ ბჟანია მინსკშიც მიიღო.

არის თუ არა ეს ვიზიტები საკმარისი იმისთვის, რომ ბელარუსმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს?

ცხინვალელი ბლოგერის ალიკ ფუხათის აზრით, აქ მთავარი ის არის, ვისგან მოდის ინიციატივა. თვითონ გადაწყვიტეს თუ მოსკოვიდან უკარნახეს? ოსი ბლოგერის აზრით, ეს მნიშვნელოვანი მომენტია:

„ახლა აქ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ან არ შეუძლიათ, ან არ სურთ რაიმე ინიციატივის წამოყენება. ამ თვალსაზრისით, დასკვნა თავისთავად მიგვითითებს იმაზე, რომ მათ მოსკოვიდან მოსთხოვეს მიმართონ ბელარუსის პარლამენტს“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ ალიკ ფუხათიმ.

ნიკოლაი სილაევi

პროგრამა „ეხო კავკაზა“ რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევსაც დაუკავშირდა. მისი აზრით, ახლა რუსეთს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საგარეო პრობლემები აქვს, ვიდრე ცხინვალის და სოხუმის ბელარუსის მიერ აღიარებაა.

ახლა ლუკაშენკაც და პუტინიც სხვა საქმეებით არიან დაკავებული. რატომ ახლა? რუსეთის ფედერაციის ან ბელარუსის რომელ პრობლემას წყვეტს დღეს ეს აღიარება? ... თუ წარმოვიდგენთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანების დღევანდელ ჩამონათვალს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მიზანი [დამოუკიდებლობის აღიარება] სიის ბოლოში იქნება...მიჭირს წარმოვიდგინო სიტუაცია, როდესაც ბელარუსისგან სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების აღიარება პრიორიტეტული გახდება“.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთისგან დამოუკიდებელ ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ცხინვალს დამოუკიდებლობის აღიარება, როცა თვითონვე უარს ამბობს მასზე და რუსეთთან სრული ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.

ყოფილ ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, გასულ წელს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება კიდევ ერთხელ უნდოდა, თუმცა მაშინ რუსეთმა გააჩერა. ბენდიანიშვილის აზრით, ეს კიდევ ერთი უნაყოფო მცდელობა იქნება.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი

იგი იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობების გამო რუსეთი არ დაუშვებს, რომ ბელარუსმა ცხინვალის თხოვნა შეასრულოს, თუმცა, ცხინვალის ეს სურვილი, შესაძლოა, მოსკოვმა თბილისთან კონკრეტულ თემებზე სავაჭროდ გამოიყენოს.

„ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს აღიარება შედგეს, იმიტომ რომ [საქართველოს] დღევანდელი ხელისუფლება, რუსეთისთვის აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა, მეორე მხრივ, სავარაუდოდ, ეს გარკვეული სავაჭრო თემა იქნება. შესაბამისი მინიშნება იქნება ალბათ ეს დე ფაქტო პარლამენტის დადგენილება და შესაძლოა ეს ვაჭრობა უკავშირდებოდეს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, ან ისეთ საკითხებს, რომლებიც ჯერ არ არის ზედაპირზე“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა 26 აგვისტოს აღიარა, ამის შემდეგ არაღიარებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ბოლოს სირიამ, 2018 წლის 29 მაისს. ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღეს ვანუატუმ და ტუვალუმ.