ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე ,,10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება”. დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ერთად იმსჯელეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და ტრაგედიიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებზე.

პირველ ეტაპზე იყო შეყოვნება - შეისწავლებოდა ვითარება, რასაც მართებულად მიიჩნევს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ა/ო ,,მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი. ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, პროცესები გარემოს დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსთან ინტეგრირებამ და შემდეგ უკვე 2017 წელს გაჩენილმა ხანძარმა შეაფერხა.

2008 წლის აგვისტოს ომმა ქვეყანა ეკოციდის წინაშე დააყენა, რის გამოც მიყენებული ზარალი არის ორმაგი. საქართველომ, ერთი მხრივ, მიიღო დამწვარი ტყე, განადგურებული ფლორა და ფაუნა, შეცვლილი კლიმატი, ხოლო, მეორე მხრივ, ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შედეგად ზღვაში 50 ტონამდე ჩაღვრილმა ნავთობპროდუქტმა თევზები და წყალში მცხოვრები ძუძუმწოვრები გაანადგურა. ზოოლოგი ზურაბ გურიელიძე ფიქრობს, რომ ცხოველების გარემოში შექმნილი ხელოვნური კატასტროფების შედეგი გამოუკვლეველია.


ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გორის რაიონის სოფელ სკრაში რუსულ ნაღმებზე რკინიგზის შემადგენლობა აფეთქდა და ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი ჩაიღვარა. ჩამოთვლილი ფაქტების გამო ეროვნულ სატყეო სააგენტოში მიაჩნიათ, რომ 2008 წლის ხანძარმა არა მხოლოდ უდიდესი გარემოსდაცვითი ზიანი მიაყენა, არამედ ეკონომიკურადაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყანა. სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანაშვილი ნახანძრალი ტყის აღდგენით პროცესებზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ 2017 წელს დაბაში გაჩენილმა ხანძარმა უდიდესი ზიანი მიაყენა ნარგავებს.

ღონისძიების მიზანი აგვისტოს ომის დროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო. ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი ათი წლის წინ მედიის საქმიანობას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ქართულმა და უცხოურმა მედიამ გაარღვია რუსული კიბერშეტევა და მსოფლიოში გაიტანა ის ამბავი, რაც სინამდვილეში ხდებოდა საქართველოში.

ადამიანის უცოდინრობის, არამდგრადი გამოყენებისა და უდიერად მოქცევის გამო საქართველო თითქმის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი განმარტავს, რომ ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული გარემოს აღსადგენად ათეული წლებია საჭირო.

ტყის ხანძრების გარდა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით, საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა.