ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები გააქტიურდა

სწავლებაში მონაწილეობენ რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელი შენაერთები და სამხედრო ნაწილები, რომლებიც დისლოცირებული არიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები. სროლისა და აფეთქების ხმები ესმით საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ქართულ სოფლებში. ადგილობრივ მცხოვრებთა დაკვირვებით, ისვრიან როგორც მსუბუქი იარაღიდან, ისე მძიმე არტილერიიდან.

რუსული და ოსური საინფორმაციო საშუალებები ჩრდილოეთ კავკასიასა "სამხრეთ ოსეთში" საბრძოლო წვრთნების შესახებ უკვე რამდენიმე დღეა იუწყებიან. 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ტაქტიკური წვრთნები დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქში. სწავლებაში მონაწილეობენ რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელი შენაერთები და სამხედრო ნაწილები, რომლებიც დისლოცირებული არიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

თუ აქამდე ჯავშანტექნიკიდან და წვრილი ტექნიკიდან ჰქონდათ სწავლებები, ამ ბოლო დღეებში, საარტილერიო დანადგარები აქვთ ჩართული...
გიორგი კასრაძე


რუსული მედია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნებში ჩართულია 1700-მდე სამხედრო, 300 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები. ტაქტიკური სწავლების დროს ჯგუფებად დაყოფილი სამხედროები ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ, მეთაურებმა კი უნდა აჩვენონ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარი და გამოიყენონ თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება. სამხედრო წვრთნები 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ საბრძოლო სასროლეთებზე დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული შენაერთების საბრძოლო ტაქტიკური მომზადებაც მიმდინარეობს. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად რეპეტიციას გადიან, სამხედრო მომზადებისა და საბრძოლო სროლების დემონსტრაცია კი 20 თებერვალს გაიმართება. ეს ყველაფერი "სამშობლოს დამცველთა დღის" და "სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების დღის" აღნიშვნას უკავშირდება. რუსეთის მსგავსად, 23 თებერვალს ოკუპირებულ რეგიონშიც აღნიშნავენ და ეს თარიღი კომუნისტების მმართველობის დროიდან - საბჭოთა წითელი არმიის დღიდან - სახეცვლილებით გადმოიტანეს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონში მცხოვრები მოქალაქეები სროლისა და აფეთქების დროს თავად ხვდებიან, რომ ცხინვალში სამხედრო წვრთნებია.

ერგნეთელი გიორგი კასრაძე გვეუბნება, რომ სროლის ხმები ყველაზე მეტად ბავშვებს აშინებთ. ერგნეთის სკოლა სოფლის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

უფრო ინტენსიური რომ ხდება, ვხვდებით, რომ სწავლება აქვთ. უფროსებისთვის ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ პატარებისთვის არის რთულად გასაგები...
ნინო მინდიაშვილი

„თუ აქამდე ჯავშანტექნიკიდან და წვრილი ტექნიკიდან ჰქონდათ სწავლებები, ამ ბოლო დღეებში, საარტილერიო დანადგარები აქვთ ჩართული", - აცხადებს გიორგი კასრაძე.

ნიქოზელი სამოქალაქო აქტივისტი ნინო მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცხინვალიდან სროლისა და აფეთქების ხმა მკაფიოდ ისმის და იმ სახლებში, რომლებიც უშუალოდ ცხინვალს ესაზღვრება, რეზონანსისგან ფანჯრები ზანზარებს: „პირველი ორი გასროლიდან არის ხოლმე დისკომფორტი. მერე, უფრო ინტენსიური რომ ხდება, ვხვდებით, რომ სწავლება აქვთ. უფროსებისთვის ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ პატარებისთვის არის რთულად გასაგები. წეღანაც რომ გაისროლეს, შუშები ზანზარებდა. ადრეც იყო, მაგრამ ავტომატის ხმა ისმოდა ხოლმე უფრო ხშირად, მაგრამ ახლა უფრო მასობრივად არის და ყოველი მეორე გასროლა უფრო დიდი აფეთქებისაა აშკარად, სახლი ზანზარებს“.

ტრადიციულად, სწავლებების დაწყების წინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დროს მხარეები ერთმანეთს საქმის კურსში აყენებდნენ, თუმცა ახლა ეს ფორმატი ჩაშლილია და საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციის მიღება მხოლოდ ევროკავშირის "ცხელი ხაზის" მეშვეობით შეუძლია. ეს ხაზი 14 თებერვალსაც ამოქმედდა, როცა ქართველმა პოლიციელებმა ოკუპირებული ორჭოსანის სამხედრო ბაზიდან მანათობელი მაშხალების გაშვება და პირადი შემადგენლობის გადაადგილება შენიშნეს.