ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საგანგებო ზომები მკაცრდება

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი. ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ გამოაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, მთავრობის სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა, ღონისძიებების გამკაცრების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. 28 მარტიდან ყველა კაფე, რესტორანი და სასადილო დაიკეტება. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კვების ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ მიტანის სერვისით.

დაიხურა ფიტნესცენტრები, სილამაზის სალონები, საცურაო აუზები, სპორტული კომპლექსები და სავაჭრო ცენტრები, გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა. ბიბილოვის განკარგულებით, აიკრძალა სპორტსმენთა შეჯიბრებები და სხვა სპორტული ღონისძიებები.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ რუსეთიდან მიიღეს COVID-19-ის დასადგენი ტესტები

აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. მხოლოდ შიდა საქალაქო გადაადგილებაა ნებადართული. მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, არ გადაიხდიან კარანტინის პერიოდში.

მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ 12 აპრილამდე საქორწილო ღონისძიებების ჩატარებისაგან თავი შეიკავონ; ასევე, მიცვალებულთა დაკრძალვისას და სულის მოსახსენიებელ პერიოდში სტუმრების რაოდენობა შეზღუდონ.

საკარანტინო პერიოდში საზოგადოებრივი სერვისებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დატოვონ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია.

„რესპუბლიკიდან გამგზავრება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისა და მივლინების შემთხვევაში“, - განმარტეს ე.წ. მთავრობის სხდომაზე.

65 წელს მიღწეულ და მის ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებისთვის თვითიზოლაციაში ყოფნა სავალდებულო გახდა. თვითიზოლაციაში დარჩებიან ორსულებიც.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა მთავრობას მოუწოდებს, განგაში გამოაცხადოს, რადგან რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული მოქალაქეები არ რეკავენ ცხელ ხაზზე და არავინ იცის, იცავენ თუ არა ისინი თვითიზოლაციის წესებს.

„უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 50 სტუდენტი შემოვიდა რუსეთიდან. ჩვენ ცალკე დავარეგისტრირეთ ის სტუდენტები, რომლებმაც დარეკეს და მხოლოდ 26 გამოგვეხმაურა. სხვა წყაროების ინფორმაციით კი, სულ 69 სტუდენტი შემოვიდა“.

ასევე ნახეთ ცხინვალის უშიშროება რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს ეძებს

მარინა კოჩიევა ამ სტუდენტების სასწრაფოდ მოძებნას და მათ კარანტინში განთავსებას მოითხოვს.

ოსური მედიის ცნობით, ადგილობრივი მილიცია მუდმივად შეამოწმებს კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული ზომების დარღვევის შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევების ზრდით შეშფოთებულია. ყველაზე მეტად კი მათ ახლა რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოსამსახურეების აქეთ-იქით მიმოსვლა აშფოთებთ.

„რუსეთის მეოთხე ბაზაზე დასაქმებულები და სამხედრო პირები მუდამ გადაადგილდებიან რუსეთის ფედერაციაში და მერე უკან ბრუნდებიან. არ ვიცით, მათ საერთოდ ვინმე ამოწმებს თუ არა. გასაგებია, რომ ეს შეზღუდვები ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ, მაგრამ ვინმე აკონტროლებს რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში და სოფლებშიც მრავლად არიან? არ ვიცით, ისინი, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებს იცავენ თუ არა. მოკლედ, ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან უკვე ჩაიტანეს ტესტ-სისტემები, რომელიც 200 ანალიზს ეყოფა. ამის შესახებ ცხინვალში შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე ითქვა. მარინა კოჩიევას თქმით, კვირის ბოლოს კიდევ 500 ანალიზის ტესტ-სისტემას მიიღებენ. მისი ინფორმაციით, ამჟამად კარანტინში 31 მოქალაქე იმყოფება, აქედან 9 - ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი - ახალგორის სამედიცინო დაწესებულებაში და 22 - თვითიზოლაციაში.

ასევე ნახეთ დახმარებაზე ცხინვალის უარი საერთაშორისო ორგანიზაციებს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, ინფორმაციით, რაიონში კარანტინში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მისი თქმით, ყველას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ ნათესავებთან ჰქონდა შეხება, ამიტომ ისინი კარანტინში განათავსეს, თუმცა, მეარაყიშვილის განმარტებით, მათთვის შესაბამისი პირობები შექმნილი არ არის:

„კარანტინში ადამიანები ცალ-ცალკე პალატებში, სადაც ინდივიდუალური სველი წერტილებია, ასე უნდა იმყოფებოდნენ, მაგრამ ჩვენთან სამი ქალი - ერთი ორჭოსნელი და ორი ძეგლეველი მოქალაქე - ერთ პალატაში მოათავსეს, მეორე პალატაში კი ხუთი პირი შეიყვანეს. ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან და ორჭოსანში ცხოვრობენ. ისინი ერთი სველი წერტილით სარგებლობენ. ეს ხომ დაუშვებელია?“

თამარ მეარაყიშვილის თქმით, ახალგორის საავადმყოფოში არსებული საკარანტინო ზონა მხოლოდ ფორმალობაა. მისი აზრით, თუ ასე გაგრძელდა, ცხინვალში ჩატანილი ტესტ-სისტემები სულ მალე საკმარისი აღარ იქნება. გარდა ამისა, მეარაყიშვილის დაკვირვებით, ექიმები, ექთნები და სანიტრები შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე ემსახურებიან კარანტინში მყოფ პირებს.