დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კარანტინის გამოცხადების და საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შესახებ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღეს. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.
ოკუპირებული რეგიონის სკოლებსა და ბაღებში კარანტინის გამოცხადება გასული კვირიდან დაიწყო. ამჟამად ცხინვალში არსებული ათი სკოლიდან რვა დახურულია. რთული ვითარებაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც.
მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ აღნიშნა, რომ სოფლებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისეთი დაძაბული არ არის, როგორც ცხინვალში: „დაავადებული ბავშვების რაოდენა ცხინვალში უფრო დიდია, ვიდრე რაიონებში, მაგრამ შემთხვევების ზრდა იქაც გვაქვს.” განაცხადა კოჩიევამ და ჟურნალისტებს ეპიდემიური მდგომარეობის ბოლო თვეების სტატისტიკაც გააცნო. მაგალითად, 21 ნოემბერს ცხინვალზე ინფიცირებული ბავშვების 96 პროცენტი მოდიოდა, ხოლო რაიონებზე მხოლოდ 4 პროცენტი. 19 დეკემბრიდან კი ეს თანაფარდობა იცვლება. ცხინვალში ბავშვების 79 პროცენტი იყო ავად, ხოლო სოფლებში 21 პროცენტი. კოჩიევას თქმით, ეპიდემიური ზღვარი გადალახულია, ამიტომ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, როგორც ცხინვალში ისე რაიონებში იხურება.
საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოც. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა აგუნდა პლიევამ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვებში ავადობის მაჩვენებელი არ ეცემა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემას საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„ბავშვთა საავადმყოფოში ყველა საწოლი დაკავებულია. გასული კვირის დასაწყისიდან პაციენტების ნაკადი იგზავნება ინფექციურ განყოფილებაში. ამ შენობის მეორე სართულზე არის ინფექციების განყოფილება, სადაც ბავშვები მკურნალობენ. ისინი კვლავაც იმყოფებიან ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა მან.
პლიევამ დასძინა, რომ ერთ-ერთი პატარა პაციენტი სამკურნალოდ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც გაგზავნეს.
„ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა ბავშვთა საავადმყოფოში, მაგრამ მისი ასაკი ძალიან მცირეა. ის მხოლოდ ერთი თვისაა და ამ ასაკში უმცირესი ვირუსული ინფექციაც კი უფრო რთულად გადასატანია. ბავშვს ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს და ახალშობილის ასაკის გათვალისწინებით, ის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაგზავნეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა. ყველა დანარჩენი ბავშვი ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საბედნიეროდ, პაციენტებს არანაირი გართულება არ აღენიშნებათ“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ცხინვალის რეგიონში სკოლების და ბაღების უმრავლესობა იხურებადე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა პაციენტების საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბრობენ, როგორც წესი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს გულისხმობენ ხოლმე. როცა ჩრდილოეთ ოსეთში მიჰყავთ, იმ შემთხვევაში უპრობლემოდ ამბობენ ვლადიკავკაზს. საქართველოში პაციენტების გადმოყვანაში, ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეხმარება.
პლიევამ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მიმდინარეობს და რა სიმპტომებით ხასიათდება ვირუსული ინფექციები
„სიმპტომებს შორის არის მაღალი, გახანგრძლივებული ცხელება, ძნელად ემორჩილება დაწევას. ეფექტურია მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალებების ინტრავენური შეყვანა. დაავადება მიმდინარეობს ფარინგიტის, ლარინგიტის, ბრონქიტის, ასევე ბრონქოსპაზმის ტიპის მიხედვით. ყველა პაციენტს კორონავირუსის ინფექციაზე სწრაფ ტესტს უკეთებენ და ამ დროისთვის არცერთ ბავშვში არ გამოვლენილა“, - აღნიშნა პლიევამ.
ვირუსული ინფექციების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ბავშვთა კლინიკების მუშაობაშიც ცვლილებები შევიდა.
„ბავშვთა პოლიკლინიკის განყოფილებაში არის სპეციალური ოთახი, სადაც ავადმყოფ ბავშვებს იღებენ. შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად ჯანმრთელი ბავშვებს ცალკე იღებენ. ადრე ამ კაბინეტში ერთი პედიატრი მუშაობდა, ახლა ორი ექიმი მუშაობს, რათა სწრაფად მოხდეს გასინჯვა და მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკი“, - განმარტა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა.
დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრ პლიევმა, რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ განუმარტა, რა კლინიკური ნიშნები აქვს ამ სეზონურ გრიპს და რატომ არის დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები კონკრეტულად სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებზე:
”სხვა სეზონურ ინფექციებთან შედარებით, ეს უფრო რთულად მიმდინარეობს. მას „სამდღიან გრიპს“ უწოდებენ, რადგან მწვავე ფაზა სამი დღე გრძელდება, სხეულის ტემპერატურა 39,5 გრადუსამდე ადის. ბავშვებში გრიპი იწვევს ცხვირიდან სისხლდენას, ის თითქმის ყოველ მეორე ავადმყოფ ბავშვში აღინიშნება. ამ ვირუსის თვისებაა ძალიან მაღალი გავრცელება ბავშვთა გარემოში. არ ვიცი, არც ერთი ოჯახი, სადაც ბავშვები არ ავადდებიან. ზრდასრულ მოსახლეობაში ასეთი აფეთქება არ არის. თუ ბავშვებში სიხშირე არის დაახლოებით 90%, მოზრდილებში ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 25-30%. ინკუბაციური პერიოდი ჯერ არ არის გამოვლენილი, ამ გრიპის აფეთქება ძალიან სწრაფად მოხდა. მაგრამ, თუ ტემპერატურა დაეცა, ადამიანი აღარ არის გადამდები”,- განაცხადა ალექსანდრ პლიევმა.
ახლა ცხინვალელი პედიატრები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმის იმედად არიან, რომ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული კარანტინი და ამით ბავშვთა მობილობის შემცირება შედეგს გამოიღებს და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.