რალსკო, ჩეხეთის რესპუბლიკა: ობის სუნი, კედლებიდან ჩამოცვენილი ბეტონი და დაობებული სადენები. - ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გაპარტახებული ბუნკერი, რომელიც პრაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი საათის სავალზე მდებარეობს, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ გლობალური სამხედრო დაპირისპირების ფრონტის ხაზზე მდებარეობდა.
იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირისა და ნატოს ბირთვული შეიარაღებული ძალები ევროპის კონტინენტზე განლაგდნენ, ეს ბაზა ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ და მკაცრად გასაიდუმლოებულ ობიექტად ითვლებოდა.
ვარშავის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა 1966 წელს მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის სამხრეთ ნაწილში სამხედრო სწავლება „ვლტავა“ ჩაატარეს. სწავლების ლეგენდის თანახმად, პირობითმა მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს მიაყენეს 252 ბირთვული დარტყმა, რომლის საერთო სიმძლავრე შეადგენდა 59 მეგატონს. სწავლების დასრულების შემდეგ გაკეთებული თეორიული გაანგარიშებით, ასეთი მასშტაბის კონფლიქტის შედეგად დაიღუპებოდა 57 ათასი ჯარისკაცი და 2,5 მილიონი სამოქალაქო პირი, ანუ ერთი ჯარისკაცი ყველა დახოცილ 48 სამოქალაქო პირზე.
„ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებული სამხედრო ქმედებები ჩეხოსლოვაკიაში დიდწილად დღესაც საიდუმლოების წყვდიადშია, ვინაიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტების უმრავლესობა რუსეთის დახურულ არქივებში ინახება. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბირთვული ქობინების საცავებისა და რაკეტების გამშვები სისტემების არსებობა, გაუგებარია, შეჰქონდათ თუ არა ბირთვული ქობინები ქვეყანაში.
„ჩეხოსლოვაკიას არ ჰქონდა არავითარი შესაძლებლობა უშუალოდ დარწმუნებულიყო, ინახება თუ არა საცავებში ბირთვული ქობინები. იმის დამტკიცება, რომ აქ ნამდვილად ინახებოდა ბირთვული ქობინები, შეიძლება მხოლოდ საბჭოთა კავშირის, ახლანდელი რუსეთის ფედერაციის, არქივების შესწავლის შემდეგ“, - ამბობს პრაღის სამხედრო-ისტორიული არქივის თანამშრომელი პროკოფ ტომეკი.
ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა
თავის მხრივ, ჩეხოსლოვაკიის სახალხო არმია 200 ათასი ჯარისკაცით ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი იყო აღმოსავლეთ ბლოკში შემავალ ქვეყნებს შორის. "დღეს მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები იმაზე, თუ რამდენი თანხა უნდა გამოიყოს არმიის საჭიროებისათვის“, - ამბობს ჩეხი ჟურნალისტი და ჩეხოსლოვაკიის არმიის ყოფილი ჯარისკაცი იან გაზდიკი. „ჩვენ გვევალება თავდაცვის ბიუჯეტზე დავხარჯოთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % (ნატოს თავდაცვით დანახარჯებთან შეთანხმებით), მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკა ამ მოთხოვნებს არ ასრულებს და, ღმერთმა იცის, თუ როდის შეასრულებს. მაგრამ იმ დროს თავდაცვაზე იხარჯებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 17,5 %. სამხედროებს მაშინ ესმოდათ, რომ ეს ანადგურებს ეკონომიკას“.
1961-62 წლებში ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერა პირველ შეთანხმებას ბირთვული ქობინების გადამტანი რაკეტების შეძენის თაობაზე. ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსდა სამი სარაკეტო (ოფიციალურად მძიმე არტილერიის) ბრიგადა.
გეგმის თანახმად, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული Р-11М (ნატოს კლასიფიკაციით, SS-1 Scud-A) რაკეტები და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ლუნა“, საჭიროების შემთხვევაში, 22 საათის განმავლობაში უნდა განთავსებულიყო ჩეხოსლოვაკიაში. Р-11М კლასის რაკეტებს შეეძლოთ გადაეტანათ 10-დან 40 კილოტონამდე სიმძლავრის ქობინები, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე ბირთვული მუხტის ზემოქმედებით 150 კილომეტრს აღწევდა. ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ლუნას“ ასევე შეეძლო გადაეტანა ბირთვული ქობინა, ხოლო რაკეტების ფრენის სიშორე იყო 32 კილომეტრი. Р-11М (ნატოს კლასიფიკაციით, SS-1 Scud-A) ტიპის რაკეტების სიმძლავრე მოდიფიკაციის შემდეგ 10-დან 500 კილოტონამდე მერყეობდა, მაქსიმალური სროლის სიშორე კი 300 კილომეტრამდე გაიზარდა.
თუმცა 1964 წელს დასავლეთ პოლონეთში, ლეგნიცეს პოლიგონზე ჩატარებული სამხედრო სწავლების შემდეგ გაირკვა, რომ რეალობას არ შეესაბამებოდა ბირთვული ქობინების ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ ვადაში, 22 საათში, გადატანის ოპტიმისტური გეგმები. ძალიან დიდი იყო რისკი ტრანსპორტის განადგურებისა. ამიტომ მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ქობინებისათვის საცავების აშენება სატელიტ ქვეყნებში: გდრ-ში, პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და ჩეხოსლოვაკიაში.
ბირთვული ომის პირველ ეშელონში
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ანტონინ ნოვოტნიმ 1965 წელს ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას საბჭოთა კავშირთან. დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა კავშირი ვალდებულებას იღებდა განეთავსებინა ჩეხოსლოვაკიაში ბირთვული იარაღი. პრაღა ვალდებულებას კისრულობდა 1967 წლის პირველი ნახევრისათვის საკუთარი სახსრებით აეგო სამი საცავი. ობიექტებზე ბირთვული მასალების დაყენებას, მათ დაცვას და საბრძოლო მორიგეობის რეჟიმს მთლიანად უზრუნველყოფდნენ საბჭოთა სამხედროები, ვინაიდან იმ პერიოდში ჩეხოსლოვაკია იყო ვარშავის ბლოკში შემავალი ერთადერთი ქვეყანა, სადაც საბჭოთა ჯარი არ იყო განთავსებული.
სამი ობიექტი, რომელთა კოდური სახელწოდება იყო „იავორი“,1996-69 წლებში ააშენეს პრაღიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მილოვიცეში, რალსკოსა და მიშოვში.
ამ მიწისქვეშა ბუნკერებს 3 მეგატონის სიმძლავრის ბირთვული ბომბის პირდაპირ დარტყმისათვის უნდა გაეძლოთ.
ოფიციალურად ითვლებოდა, რომ საცავებში განთავსებულია სპეცკავშირის კვანძი. ამ ვერსიას უყვებოდნენ მუშებს, რომლებიც ბუნკერებს აშენებდნენ, და ჩეხოსლოვაკ სამხედროებს, რომლებიც მოგვიანებით ამ ნაგებობების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
საიდუმლო ბირთვული საცავების არსებობის შესახებ ჩეხოსლოვაკიაში იცოდა მხოლოდ 12 ადამიანმა: ქვეყნის პრეზიდენტმა, კომპარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერმა.
ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო გეგმები დღემდე დიდწილად გასაიდუმლოებულია, მაგრამ 1989 წლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის სამხედრო დოქტრინა, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ შეტევით ხასიათსაც ატარებდა, საჯარო გახდა, აცხადებს ისტორიკოსი ტომეკი.
„სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, პირველ ეშელონში იქნებოდა ჩეხოსლოვაკიის არმია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართულებით“, - უთხრა ისტორიკოსმა რუსულენოვან ტელარხ „ნამდვილ დროს“. - „მათ დიდი დანაკარგი ექნებოდათ... დასავლეთის სამხედრო ატაშეები, რომლებიც ჩვენი და საბჭოთა კავშირის არმიების შესაძლებლობებს იცნობდნენ, მიიჩნევდნენ, რომ საბჭოთა ჯარი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის არმიის შემდეგ მეორე ეშელონში იქნებოდა, უფრო კარგად იყო გაწვრთნილი, უფრო ამტანი, ხოლო მისი ჯარისკაცები უფრო კარგი მებრძოლები იყვნენ, ვინაიდან ისინი მიჩვეული იყვნენ ბოლომდე ბრძოლას. ჩეხოსლოვაკიის არმიას კი სამხედრო დიპლომატები დაბალ შეფასებას აძლევდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენი ჯარისკაცების დისციპლინა ბევრად უფრო დაბალი იყო, ისევე როგორც მათი საბრძოლო სულისკვეთება. ჩეხოსლოვაკ ჯარისკაცებს ესმოდათ, რომ მათი ქვეყანა ოკუპირებული იყო“, - ამბობს პროკოფ ტომეკი.
„მემორანდუმი - 68“
1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ დროს ჩეხოსლოვაკიის არმიაში აღმოჩნდნენ ოფიცრები, რომლებიც ვარშავის ხელშეკრულებიდან დისტანცირებასა და ეროვნული ინტერესების შესაბამისი სამხედრო სტრატეგიის შექმნას ისახავდნენ მიზნად. პრაღის სამხედრო-პოლიტიკური აკადემიის მსმენელებმა შეიმუშავეს „მემორანდუმი - 68“, რომელსაც ხელს აწერდა 42 კაცი, მათ შორის აკადემიის რექტორი.
„ესეც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ საბჭოთა მარშლებს განრისხებისაგან გონება დაეკარგათ“, - ამბობს ჟურნალისტი იან გაზდიკი. - „გენერალი ვაცლავ პრლიხი, რომელიც სათავეში ედგა სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიას, უმალვე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, როგორც კი საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ. იგი დაახლოებით სამი წელიწადი იჯდა ციხეში … „მემორანდუმ 68“-ის ყველა დანარჩენი ავტორი და ხელმომწერი არმიიდან გაყარეს. შემდგომში მათ ვერასდროს ვეღარ იშოვეს სამუშაო. ამიტომ, საუკეთესო სამხედრო თეორეტიკოსები მთარგმნელებად, ქვის მთლელებად და მიწის მთხრელებად მუშაობდნენ“.
1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში გაჩნდა ახალი სარაკეტო კომპლექსი РСД-10 «Пионер“, დასავლეთში ცნობილი SS-20. მობილურ დანადგარს რაკეტის გადატანა შეეძლო 5 ათას კილომეტრზე, რაც საჭირო იყო იმისათვის, რომ დაეფარა ნებისმიერი სამიზნე ევროპაში. შესაბამისად, აღარ იყო საჭირო საიდუმლო დანადგარების განთავსება სატელიტ ქვეყნებში. პასუხად ნატომ დასავლეთ გერმანიასა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში განათავსა „პერშინგ 2“ და მიწისზედა „ტომაჰავკები“.
იმ დროს გავრცელებული ერთი ლექსის ტაეპები მე-20 საუკუნის ჩეხური სახალხო ფოლკლორის წიგნში შევიდა:
«Maminko, tatínku,
Já se bojím Pershingů.
Jen se neboj, milé dítě —
SS20 ochrání tě!»
„დედიკო, მამიკო, მეშინია პერშინგის.
ნუ გეშინია, შვილო. SS-20 დაგიცავს შენ“.
ღიად დარჩენილი შეკითხვა
საბჭოთა კავშირის სარაკეტო ბრიგადამ პირველმა დატოვა ჩეხოსლოვაკია, ჯერ კიდევ 1988 წელს. ის გაყვანილი იქნა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიდკვიდაციის შესახებ წარმატებული მოლაპარაკებების (INF) შემდეგ.
მიტოვებული ბუნკერები უპატრონოდ დარჩა. ელექტრომოწყობილობა და აღჭურვილობა გაიძარცვა. ობიექტ „იავორ 52“-ის გარშემო არსებული სამხედრო ქალაქი ცოტა ხნის წინ არალეგალ მიგრანტთა სადეპორტაციო ცენტრად გადაკეთდა.
ობიექტ „იავორ 51“-ის ერთ-ერთი ობიექტი შემთხვევით გადარჩა. თავდაპირველად მიწისქვეშეთს იყენებდნენ ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ვალუტის - ჩეხეთისა და სლოვაკეთის „ხავერდოვანი გაყრის“ შემდეგ მიმოქცევიდან გამოსული კრონის ძველი კუპიურებისა და მონეტების - შესანახად. მოგვიანებით ბირთვულ საცავში დროებით დაიდო ბინა ჩეხეთის ტერიტორიაზე დაღუპული გერმანიის ვერმახტის ჯარისკაცთა ნეშტებმა. ახლა იქ მდებარეობს მუზუემი „ატომი“, რომელსაც რამდენიმე ენთუზიასტი პატრონობს.
„როგორც ჟურნალისტი, საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ინფორმაციას, მაგრამ ვერ შევძელი იმის დადგენა, ვერავინ ვერ მითხრა ზუსტად, ინახებოდა თუ არა იქ ბირთვული ქობინები“, - ამბობს იან გაზდიკი, - „მაგრამ ვფიქრობ,იქ იყო ბირთვული იარაღი“.
ამ მოსაზრებას ეთანხმება ჩეხი ისტორიკოსი პროკოფ ტომეკიც.მისიაზრით, ჩეხოსლოვაკიაში იყო განლაგებული ბირთვული იარაღი, რომელიც იქ 1970-წლების ბოლოს ან 80-იანი წლების დასაწყისში შეიტანეს, დასავლეთსა და საბჭოთა ბანაკს შორის დაპირისპირების პიკზე.
“პირადად მე ვფიქრობ, რომ 80-იანი წლების ბოლოს, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს და განიარაღების შესახებ დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, აქ უკვე აღარ იყო ბირთვული ქობინები. მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელიც მაშინდელი საბჭოთა კავშირის პოლიტიკას ეფუძნება“, - ამბობს პროკოფ ტომეკი.